დაბეჯითებით ვაცხადებ: 5-6 ივლისს როგორც ხელისუფლების ნაწილი, ვსაუბრობ უშუალოდ პრემიერზე, ასევე, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა გარიგებული იყო საპატრიარქოსთან და მათ ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებზე ნებისმიერი ძალადობა აძლევდათ ხელს.
მათი, ოპოზიციის განსაკუთრებით, პოლიტიკური ვნებები და ჟინი უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, მარბიელების დამოკიდებულება მედიის მიმართ. პროცესების განვითარება თვალნათლივ ცხადყოფს, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად მისაღები იყო, რადგან ხდებოდა ხელისუფლების დისკრედიტაცია. ხელისუფლების ქმედებები და მიზანიც ნათელი იყო - „დააჩმორე“, შეაშინე, დაადუმე.
მოდით, მხოლოდ ფაქტებით ვისაუბროთ: იმ პირობებში, როდესაც უმცირესობის წარმომადგენლებზე შესაძლო და ჟურნალისტებზე იერიში და ძალადობა - არც მეტი, არც ნაკლები - პრემიერ-მინისტრმა აკურთხა, ოპოზიციიდან პირველი განცხადება გააკეთა და პროცესი დაგმო ხათუნა სამნიძემ (12:10 საათი). ამ პირობებში ხელისუფლება თავისი განცხადებებით ცდილობს, წაახალისოს მოძალადეები და მოსალოდნელი შედეგებით დააშინოს ლგბტქ+ თემი და ნებისმიერი აქტივსტი თუ მედია, ერთი სიტყვით, „ლიბერალი“, რომელიც აღმოჩნდება უმცირესობის მხარდამჭერი (მათ შორის, დიპლომატები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ნარატივით - ჩვენ, ჩვენი ტრადიციები გვაქვს) თუ პროცესების გამშუქებელი (ი. ქადაგიშვილი 12:02, გ. მაჭარაშვილი 12:13, ფინანსთა მინისტრი 12:26, შსს 12:35).
როდესაც თვალნათელი ხდება, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული ძალადობა, პოლიტიკური პარტიები(!) დუმან და განცხადებებს აკეთებენ „კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის“ (13: 04) და სახლხო დამცველი (13:20). მხოლოდ ამის შემდეგ ჩნდებიან პუბლიკის წინ თ. ბოკუჩვა - 13:34, და ა. წითლიძე - 13:56, გ. უგულავა - 14:11, „თავისუფალი დემოკრატები“ - 15:01.
განსაკუთრებით საყურადღებოა ენმ-ს, როგორც პარტიის დუმილი, თუმცა ამ დუმილის ანატომია მოგვიანებით „ახსნა“ მიხეილ სააკაშვილმა, ორივე ძალა რუსეთის მართული იყოო და პროცესის შეტენვა სუს-ისთვის გადაწყვიტა, ანუ განზე დატოვა საპატრიარქო, არაფერი თქვა თავის პარტიაზე, რომელმაც სხვა 14-თან ერთად, პრაიდს დაუჭირა მხარი.
ახლა, არაფერს დავწერ თავად საპატრიარქოს წყაროებზე და რომ არსებობენ ეგ მაინც უტყუარია ჩემს შემთხვევაში, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარედან პოლიტიკური ლიდერების მიერ საპატრიაროქოსა და პირადად „მომავალი პატრიარქისთვის“ შეთვლილ ლოიალობაზე და მოქმედებების კარტბლანშზე, მათი მხრიდან კი პროცესის დასრულებამდე დუმილზე.
ახლა არ დავწერ და ზუსტად ვიცი, რომ ეს ადამიანები (რეგალიებსაც არ ჩამოვწერ), მალე თავად წამოაძახებენ ამ ლიდერებს ყველაფერს.
დიახ, ოპოზიციის ნაწილი არათუ ეფლირტავებოდა საპატრიარქოს, როგორც 5-6 ივლისის დარბევის იდეოლოგს, არამედ, პირდაპირ კავშირზე იყო - აქეზებდა, ამხნევებდა და საკუთარი აქტივი გადამალული ჰყავდა. თავად ლიდერები კი, არ მომერიდება ამის თქმა, „სიკვდილს“ ელოდნენ! „სიკვდილს“ ელოდებოდა საპატრიარქო და მარბიელთა ლიდერების უმეტესობა. „სიკვდილს“ ელოდებოდა ხელისუფლებაც. დიახ, სიკვდილი ყველას აწყობდა, მაგრამ არა ისეთი, როგორც მერე მოხდა, არამედ იქ, აქციაზე.
ერთ შემთხვევაში, „სიკვდილი“, თუ უფრო მძიმე პროცესებს გამოვრიცხავთ, შესაძლოა, გამხდარიყო ხელისუფლების გადაყენების და ვადამდელი არჩევნების მიზეზი, მეორე შემთხვევაში - „ლიბერალების“ პოლიტიკური და მორალური განადგურების და შედეგად სრული ავტოკტარიული რეჟიმის დამყარების, მესამესთვის (პირველები ვგონებ მაინც ესენი არიან) კი - ძალაუფლების მოხვეჭის, ანუ თეოკრატიული მმართველობის დამყარების.
რატომ ვამბობ ყველაფერ ამას? ვვარაუდობ? - არა! ასე იყო 2018 წელსაც! უბრალოდ, მაშინ ის „ომი“ ლგბტქ+ თემმა მოიგო.
დიახ, ახლა გაბრაზებული იმითი ვარ, რომ იმ დღეს, ხელისუფლება გამოიყურებოდა, როგორც მონოლითიური მოძალადე და 15 პოლიტიკური პარტია, როგორც „ლიბერალური“ პროცესის მხარდამჭერი, რეალურად დაიმალა და ჟურნალისტებზე ნადირობით ტკბებოდა სამომავლო დივიდენდების მისაღებად. კიდევ ერთხელ დავაზუსტებ - აქ საუბრია პარტიებზე და არა - ინდივიდუალოურ წევრებზე, ან ლიდერებზე, რომლებსაც შესაძლოა, ჰქონოდათ აქტიური პოზიცია მიმდინარე პროცესზე.
მაგრამ, მგონი ახლა მეც ვცდები - ამ 15 პოლიტიკურ პარტიას, პრინციპში, რას ვერჩი. მათ ხომ არც უთქვამთ, ჟურნალისტებს დავიცავთო, თქვეს, ლგბტქ+-ს დავიცავთო და რადგან ამ თემმა საკუთარი აქტოვობის „გამოფენის“ ტერიტორიაზე გამართვაზე უარი თქვა (აქაც საკმაოდ დიდი ვირეშმაკობა იმალება), ლიდერებმა პასუხისმგებლობა მოიხსნეს. ყველაზე ცუდ ვითარებაში, ანუ იმაში, რაც ახლა მათთვის დგას, მაინც მოგებულები რჩებოდნენ და ყოველთვის ექნებოდათ წამოსაძახებელი ხელისუფლებისთვის, რომ ის არის სისხლიანი. თითქოს ამ სისხლზე პასუხისმგებლობა თავად არ ეკისრებათ.
ისიც მესმის, რომ ამ 15 პოლიტიკური პარტიიდან რამდენიმეს, მართლაც, ჰქონდა მკვეთრი და განსასხვავებული პოზიცია, მაგრამ ეს არ იყო კონსოლიდირებული პოზიცია თუნდაც ადამიანის, გამოხატვის უფლებების დასაცავად.
მედიასაც ნუ დავტოვებთ უყურადღებოდ... რა რეაქცია ჰქონდა მედიას რბევაზე? აქაც ვერ ვნახეთ კონსოლიდირებული პოზიცია. რატომ? - იმიტომ, რომ არც ჰქონდა! რა იქნებოდა კონსოლიდირებული პოზიცია? - მხოლოდ და მხოლოდ მედიის ერთიანი პროტესტი, სიკვდილის დალოდების გარეშე და თან მყისიერი გაფიცვა. ამაზე ადრე დავწერე. ახლა კი რა პროცესებიც მიდის და რაც მესმის, ეს უკვე გულისრევის შეგრძნებას იწვევს.
ახლა, ერთ ამბავს მოვყვები... ზუსტად აქ... 6 ივლისს, აქციაზე ვიყავი... დიახ, იქ, აქციაზე. ასეთი წესი მაქვს: დავდგები ხოლმე ერთ ამოჩემებულ ადგილას და ვუყურებ, რა ხდება... მარტო არ ვიყავი - ახლობლები და, რა თქმა უნდა, ჟურნალისტებიც, ანუ ბავშვები, როგორც მათ ვეძახი. ვაკვირდები პროცესს და ვხვდები, რაც ხდება - პოლიცია „ვერ აკავებს“ მოძალადეებს და მოიწევს შიგნით... ავიწროვებს აქციის მონაწილეებს. ზუსტად ვიცი, რაც მოხდება - დატოვებენ ერთ „გასაქცევს“ და როგორც კი აქციის მონაწილეები განერიდებიან პარლამენტრის წინა ტერიტიორიას, ეს ადგილი მოძალადეებს დაეთმობათ, როკვისთის, რითაც კიდევ ერთხელ „გაპრავდება“ პრემიერის განცხადება, რომლიც მიხედვითაც, ქვეყანაში კანონი კი არა, ტრადიციაა მთავარი და კიდევ ერთხელ ჩამოიგლიჯება ევროკავშირის დროშა - ურჯულოებმა აქ „ლიბერალიზმის“ კულტივირებას თავი დაანებონ.
ცხადი იყო, რომ რიგითი პოლიციელები "ვერც ხვდებოდნენ" ამ გეგმას და მათი კეთილგანწყობა და ლოიალობა აქციის მონაწილეების მიმართ წინა დღეს მომხდარის გასანეიტალებელი პიარის ნაწილი იყო. მათ, უბრალოდ, არ ჰქონდათ ნეგატიური დავალება. პოსტიც დავწერე მანდვე, რომ ხაფანგი მზადდებოდა, ერთ-ერთი ტელევიზიის წამყვანსაც მივწერე, რომელიც საგანგებოდ მოწყობილი „სტუდიიდან“ აკვირდებოდა პროცესებს, თუმცა ეს მესიჯი დღემდე არ წაუკითხავს. მთელი შინაგანი არსებით ვგრძნობდი, რომ ამ მოედანზე, სადაც იმ წამს ვიდექი, მალე მოძალდეები დადგებოდნენ და ამას ისევ ხელისუფლება აკეთებდა. ეს უკვე მეტისმეტი იყო. დავურეკე ბავშვებს - ჩიტაძის ასასვლელში შევკრიბე და ბუზღუნ-ბიზღუნით გამოვიყვანე რუსთაველიდან. ზუსტად ვიცოდი, რას ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთეს ჩემზე, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, სხვის და ჩემს შვილს არ დავტოვებდი იქ, სადაც სახელმწიფო და ხელისუფლება, პოლიტიკური კლასი და საპატრიარქო სისხლით ვაჭრობდა და „სიკვდილს“ უხმობდა.
სხვისი შვილების სისხლით არც ხელისუფლების შენარჩუნება ღირს და არც - ხელისუფლებაში მოსვლა. ჰო, ქრისტეს სისხლზე არაფერს ვიტყვი, მაინც ვერ გაიგებს საპატრიარქოს და ეკლესიას დაპატრონებული სექტა.
ამჯერად დავასრულე ამ თემაზე წერა... ვიცი, თქვენთვის ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ მარჯვნივ და მარცხნივ ყველა პოლიტიკური ჯგუფი ცოცხლად მკვდრები ხართ. ეს რეალურ სიკვდილზე უარესია. რატომ უნდა ჰქონდეს ან ხელისუფლების, ან ოპოზიციის, ან ეკლესიის იმედი ვინმეს, როდესაც საკუარი თვალით ნახა ძალადობაც და ღირებულებების, პირობის, სიტყვის, კანონის ღალატი? ხელისუფლბა ზუტად ისეთია, როგორც ოპოზიცია და ისიც ზუსტად ვიცი, რომ თქვენი ყველასი გარიგება საპატრიარქოსთან - არც მეტი, არც ნაკლები - ქრისტეს ღალატია, თუმცა თქვენ ხომ კერპებს აღიარებთ, ყველანი.
მოკლედ, სამარცხვინო „სასტავი“ ხართ!
გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი
P.S. ქვემოთ მომყავს 5 ივლისს გაკეთებული მნიშვნელოვანი განცხადებების ნაწილი ქრონოლოგიურად IPN-დან და დავძენ, რომ სააგენტოს შემთხვევაში, დროში ცდომილება არ შეიძლება იყოს 15 წუთზე მეტი.
1. ი. ქადაგიშვილი - 12:02
2. ხ. სამნიძე 12:10
3. გ. მაჭარაშვილი 12:13
4. ფინანსთა მინისტრი - 12:26
5. შსს - 12:35
6. კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის - 13:04
7. ნინო ლომჯარია - 13:20
8. თინა ბოკუჩავა - 13:34
9. ანი წითლიძე - 13:56
10. გიგი უგულავა - 14:11
11. თურნავა - 14:24
12. პალიტრანიუსის განცხადება - 14:36
13. ტელეკომპანიების საგანგებო მიმართვა - მთავარი, ფორმულა, ტვ პირველი - 14:47
14. ვარლამ გოლეთიანი - 14:47
15. პრაიდის განცხადება - 14:54
https://www.interpressnews.ge/ka/article/664198-tbilisi-praidis-girsebis-marshi-dges-agar-shedgeba
16. თავისუფალი დემოკრატები - 15:01
17. შსს - 15:20
18. ლომჯარია - 15:43
19. კობახიძე -15:47
20. საპატრიარქო - 15:53
21. ლომჯარია - 16:01
22. ნაცვლიშვილი - 16:07
23. ლომჯარია - 16:07
24. ვაშაძე გიორგი - 16:54
25. სამართლიანი არჩევნები - 17:25
26. საია - 17:41
27. მრავალენოვანი საქართელო - 18:08
28. გაერო - 19:34
29. შსს - 21:00
30. აგნეს კალამარდი - 21:01
31. ჯაღმაიძე - პალიტრას ინტერვიუ - 22:27
32. საპატრიარქო - 22:49
33. პრაიდი - 23:02