ოპოზიციის შემყურეს, ყოველი არჩევნების შემდეგ, ერთი კახური ანეგდოტი მახსენდება: სასამართლო დარბაზში ორი გაუპატიურებული ქალია, მოსამართლე მათ მიმართავს - დაზარალებულებს გთხოვთ, წინ გადმოსხდეთ. ქალები სხედან მყარად და არ იძვრიან. მოსამართლე თხოვნას რამდენჯერმე გაიმეორებს, ქალები ისევ სხედან. შემდეგ, დარბაზში მყოფთანაგნ ერთ-ერთი ქალებს უჯიკებს, თქვენ გეუბნებიანო. ქალები მიუბრუნდებიან და პასუხობენ: „ჩვენ დაზარებულები კი არა, მო@@@@ბი ვართო"...
ამას პირველად არ ვწერ - ჩვენ არ ვიცით სოციოლოგია და მისი ანა-ბანაც კი. მოგვწონს და მისაღებია გამოქვეყნებული პროცენტები - ვიწყებთ ბაქიბუქს, არ მოგვწონს - „ვიკიდებთ", რადგან პროცენტები ჩვენს განწყობებს არ ემთხვევა.
რამდენად რეალურია დღეს „ქართული ოცნების" 46%? „ოცნებას" სჯერა, რომ რეალურია, სხვებს - არა.
ვისაც არ სჯერა, მათი რაოდენობა ბევრად მეტია და რეალურად, არც უნდა ჰქონდეს მმართველ პარტიას ასეთი მაჩვენებელი, თუმცა აქვს და ეს არის ფაქტი. რის საფუძველზე? გააყალბეს? თავს იტყუებენ? არა, თავს არ იტყუებენ, ჰა, ჰა 2 პროცენტი წაუმატეს საკუთარ თავს და 3-4 მოაკლეს ან მიუმატეს (!) სხვებს, შერჩევით, მაგრამ ეს რეალობას არ ცვლის. ხვალ რომ არჩევნები გაიმართოს, მართლაც, „ოცნება" მოიგებს. რატომ? 54% ან 56% ხომ ბევრად მეტია, ვიდრე „ოცნების" 46%?.. არადა, არ არის მეტი და ეს ჩვენ უკვე ვნახეთ საპარლამენტო არჩევნების შედეგად, რომ 48% მეტია 52%-ზე. და ამის გააზრებას, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მართლა სჭირდება სოციოლოგიის ანა-ბანას ცოდნა.
ის, რომ „უკმაყოფილო" - ხელისუფლებაზე გაბრაზებული, განაწყენებული ამომრჩევლების რაოდენობა ლამის 65-70%-ს აღწევს, არაფერს ნიშნავს. კი, აღწევს, მაგრამ ბევრად ჩამოუვარდება არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას.
ოპოზიცია თავს სწორედ განწყობების შეფასებით იმშვიდებს და ეს, იმის მიუხედავდ, უკმაყოფილოების უმეტესობა არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ აძლევს ხმას. უბრალოდ, არ აძლევს და ზის სახლში. ეს „სახლში ჯდომა" კარგია თუ ცუდი, ახლა ამას სულაც არ აქვს მნიშვნელობა. ფაქტია, რომ ისინი უკვე ცხრა წელია - მეშვიდე არჩევნებია მყარად სხედან ერთ ადგილზე.
სხვათა შორის, სახლში მყოფნი არიან სწორედ „ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენის გარანტორები...
რისი იმედი აქვს ოპოზიციას? - იმის, რომ ეს ადამიანები, კეთილს ინებებენ და საკუთარ დუხჭირ ყოფას საარჩევნო ყუთებთან გააპროტესტებენ. და ამას ფიქრობენ იმ პირობებში, როდესაც „ეს" ადამიანები ამ ცხრა წლის განმავლობაში სულ „იმალებიან" - პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური, სამართლებლივი კრიზისის პირობებში და ერთი საათითაც „ვერ ახერხებენ" დაიცვან საკუთარი ინტერესები...
რეალურად, ყველაფერ ამის მიღმა ხომ სხვა, უფრო ღრმა მიზეზია. აი, დაახლოებით, იგივე, რასაც წლებია, ვაკვირდებით, მაგრამ არ ვაღიარებთ - არ უნდათ ამათ „ნაცები" და არც მათი ანასხლეტები - „ძალა ერთობაშია", რომელიც ასევე, ოფიციალურად განქორწინებული და სიტუაციურად შეკოწიწებული „სანაცეთი" იყო და არც ის, რაც ახლა ხდება - „ოთხი პარტიის" (ენმ, გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა", ევროპული საქართველო") კოალიცია, რეალურად, ისევ ენმ.
თავის მხრივ ენმ-მ უნდა აღიაროს, რომ „ძალა ერთობაშია" და საპარლამენტო სია იყო ფიასკო. ახლა? ეს კოალიცია? ჰო, რა ვიცი... ენმ-ში ვერ ხვდებიან, რომ მისი ამომრჩეველი, რომელმაც უამრავ პრობლემას გაუძლო ბრაზდება და მწარდება „მოღალატეებისთვის" წარმატების გაყოფის შესაძლებლობით. არ უნდათ ამ ადამიანებს საკუთარი წარმატების სხვისთვის განაწილება, არა!
სხვა, მცირე პარტიები? ვინ არიან ისინი, ხაზარაძის, ნათელაშვილის, ბურჯანაძის და „პარტიატთა ალიანის" გარდა? ფრაგმენტირებული ენმ ხომ არა?
სხვა თუ არაფერი, გიორგი ვაშაძის მიერ სამ წელიწადში პარტიისთის სახელის სამჯერ შეცვლა რად ღირს - „ახალი საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „მესამე ძალა"... მინიმუმ, ახალი საქართველოს იდეის, აღმაშენებლის სიდიადის და საზოგადოებისგან „მოწყურებული" მესამე ძალის დისკრედიტაციაა - ვერ „ქაჩავს" ამდენს და ამიტომ. ანუ აქ მთავარი თავსატეხი მაინც ენმ-ს აქვს მარტივი კითხვის სახით - რაში მჭირდება ბალასტი?.. თუმცა, აგერ, შემოდგომაზეც ვნახავთ ამ კოალიციური ერთობის თუ ფრაგმენტაციის წარმატება- წარუმატებლობის შედეგებს.
ამ ფონზე გიორგი გახარიას „საქართველოსთვის" 10% საიდან? ცოტა „ოცნებისგან" და ნუ იქნებით თავდაჯერებულები იმაში, თითქოს ყოფილი პრემიერი „ოცნებას" გააღარიბებს ამომრჩევლებით, ცოტაზე მეტი (ესეც ნუ გაგიკვირდებათ) საკუთარ პოლიტიკურ მაზოხისტურ ვნებებში მყოფი ენმ-სგან, ძალიან ცოტა სხვა წვრილფეხობისგან და მეტი წილი აი, იმ ტიპებისგან, ვინც სახლში იჯდა მყარად. აქ „ოცნებამ" უნდა აღიაროს, რომ ჯაფარას უკან გახარიას დასმა რეალობა კი არა, პოლიტიკური შურისძიებაა და აქ სოციოლოგია არაფერ შუაშია. თუმცა გახარიას გასააზრებელი აქვს - ეს „კუხნაში" დაბეტონებული და ახლა მის მიმართ იმედით მომზირალი ამომრჩეველი პასიონერი არ არის - ზარმაცი, ზანტი, ტლანქია და „კლავიატურის ლომები" საარჩევნო ყუთთან უნდა მიიტყუოს.
და ბოლოს, ერთი რიტორიკული კითხვაც: ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნები 2 ოქტომბერს იმართება? რასაც ვხედავთ, ჯერჯერობით ამ სიმპტომს მხოლოდ „ოცნება" და „საქართველოსთვის" ავლენს. სხვები? სხვები, ალბათ, ირუჯებიან? ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საარჩევნო პროგრამების, რეალური შეთავაზებების გარეშე მყოფი ოპოზიცია ამორჩევლის მოხიბვლას „რაზნიცით" აპირებს, მაგრამ შესძლებს? უნდა ამომრჩეველს ათას პარტიას გადამხტარი, ცელულიტით გაჯერებული „პოლიტნაშა", როდესაც უკვე მიეჩვია სარფიან, შეიძლება მახინჯ, მაგრამ სტაბილურ საყვარელს „ოცნების" სახით? ქართველი ამომრჩეველი ხომ იმ ალფონსს ჰგავს, საკუთარი კომფორტისთვის ნეკროფილობასაც რომ იკადრებს...
ოპოზიცია კი არჩევნებიდან არჩევნებამდე იმას ფიქრობს, რომ ეს ალფონსები თუნდაც ერთხელ ჟიგოლოს მანტიას მოისხამენ და მათ სარეცელშიც აღმოჩნდებიან. უბრალოდ, ავიწყდებათ, რომ ამ ტიპებს „ბებერი ოცნება" ისედაც აძლევს მათთან „გულავის" უფლებას...
ჰო, და... სოციაოლოგიის ანა-ბანა გვაიძულებს, ბევრი რამე სწორად გავიაზროთ - „ოცნების" ეს 46% დღეს (!) რეალურია... რა იქნება ხვალ? „რაზნიცის" გამო ხმას რომ არავინ მოგცემთ, ეს ვიცი და სხვა, დაველოდოთ მოვლენებს.... გარემოებებმა თუ არ შეცვალა ვითარება, შემოდგომაზე არჩევნები დიდად არაფერს შეცვლის...
გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი