ნიკა მელია - ივანიშვილმა თუ ვინმე დაამცირა, თუ ვინმეს აგრძნობინა, რომ არაფერს წარმოადგენენ, ეს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და ამომრჩევლები არიან
Blinken after G7 meeting: support for Ukraine must remain strong
ირანის საგარეო უწყება - მივესალმებით ლიბანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის დასრულებას
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება ლიბანში
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ133-კმ158 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
მიხეილ ყაველაშვილი - მადლობა ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“
პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება
გიორგი გახარია - ჩვენი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტის უკანონო არჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს

ბიბლია, ყურანი და საქართველოს ისტორიის გასაღები

23.10.2020 ნახვები: 1342

ბექა ჭიჭინაძე, მკვლევარი

ახ. წ. მეორე-მეოთხე საუკუნეების ლათინურ მწერლობაში გვხვდება ერთი მრავალმხრივ საგულისხმო შინაარსის ნაწარმოები - იბერთა მეფე ფარსმანის წერილი ადრიანეს მიმართ, სადაც იგი იმპერატორს მოუთხრობს ევროპელთათვის უცნობ ინდოეთის, არაბეთის და მათ გარშემო არსებულ საკვირველებთა შესახებ, რაც უნახავს და შეუსწავლია იბერთა მეფეს. ძეგლი შესაძლოა, ფარსმანის რეალურად არსებულ წერილსაც ემყარებოდეს, დიონის ცნობით ფარსმანმა ადრიანეს წერილობითი ჩვენება გაუგზავნა.
იბერია სამიწათმოქმედო და ნომადური ცივილიზაციების გასაყარზე მდებარე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიჯნა იყო, რაც შეუმჩნეველი არც იბერებსა და არც უცხო თვალს არ რჩებოდა. პლინიუსი მოგვითხრობს, რომ დარიალის კართან სამყარო ორ ნაწილადაა გაყოფილი, ხორენაცის მიხედვით ,,და არს ქართლი კიდე დედამიწისა'', (შეადარე საბანისძეს - ქართლი - ,,კიდე ქუეყანისაიჲ"), ქართველები კი კავკასიონის ქედის სალოცავებს ,,ხმელთშუა დაარსებულსაც'' უწოდებდნენ.
პრომეთეც სწორედ ამიტომ გადმოისროლეს უკვდავმა ღმერთებმა კავკასიონში, ვითარცა სამყაროს დასალიერში, თუ ,,დედამიწის უშორეს საზღვარზე'' (ესქილე).
ბერძნულ-რომაული სამყაროსათვის ამ რეგიონის მიუწვდომლობა კარგად გამოხატა ლუკულუსმაც: ,,...კავკასიონი მრავალი მაღალი მთით, რომელთაც სულ ადვილად შეუძლიათ შეიფარონ და დაიცვან ბრძოლის ამრიდებელი ათი ათასობით მეფე''.
მიუხედავად ჯერ ბერძნული, შემდეგ კი რომაული ისტორიოგრაფიისა და გეოგრაფიული ლიტერატურის არნახული მონაპოვრებისა ფართო მასების შეგნებაში წარმოდგენები სხვა კონტინენტების ქვეყნებზე მაინც ბუნდოვანი იყო. ამიტომ კასტორიუსის რუკაზე იბერია ინდოეთის მახლობელ ქვეყნადაა წარმოდგენილი. ნაცნობი სამხრეთისგან განსხვავებით მწირი იყო ცოდნა იდუმალი ,,ჩრდილოეთის'' შესახებ, ყველაფერ ამან საინტერესო გამოვლენა იპოვა დემოკრიტეს კოსმოგონიაში - დედამიწის ღერძი დახრილია, რადგან სამხრეთი უფრო ვრცელი, მძიმეა (სავლე წერეთელი - ,,ანტიკური ფილოსოფიის ისტორია'' - გვ.189).
ბნელი ჩრდილოეთის სახით გააზრებული ამ მითიური სივრცის ერთი ნიადაგთაგანი ჩრდილოეთ კავკასიის უკონტროლო ზონა იყო. სამხრეთ რუსეთის სტეპებში მობინადრე ნაირგვარი მომთაბარეები, იმდენად ღრმა იყო შიში მათდამი, რომ ბიბლიაში აპოკალიფსური ფინალი სწორედ მათთანაა დაკავშირებული. ეს ღრმად დასაფუძვლებული შიში მწარე გამოცდილებით იყო ნაკვები. კავკასიონის ქედიდან გადმოსულმა სკვითებმა და კიმერიელებმა საფუძვლიანად შეცვალეს იმდროინდელი მსოფლიო წესრიგი. აქედან მოყოლებული კავკასიის ქედს გადაღმა დაუსრულებლად მობოგინე ველურები ცეცხლითა და მახვილით ახსენებდნენ თავს სამხრეთის კულტურულ ხალხებს. სწორედ ამ სიბნელის, სიცივისა და უბედურების მხარეზეა საუბარი ას მეცხრამეტე ფსალმუნში (მესხის ხიზანზე), როგორც მხარეზე, სადაც სძულთ მშვიდობა. ამავე სამყაროდან გადმოტყორცნილი მომთაბარეთა სკვითური ტალღა იგივენაირად აშფოთებდა ოვიდიუს ნაზონსაც, რამაც წარმოშვა მისი ,,სევდიანი სიმღერები'', მებრძოლ ბარბაროსებში ხიზნად მყოფი ოვიდიუსი მოთქვამდა, რომ ,,ომის მოყვარულ ტომებით გარშემორტყმულ ქალაქში შიშით ძრწოდა''.
იბერია სწორედ ამ საშინელებათა საუფლოსა და ბერძნულ-რომაულ ოიკუმენას შუა იდო. დარიალანის კარი, ჩრდილოეთთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავარი არხი საიმედოდ ჰქონდა ჩაკეტილი, ცროლის სასაზღვრო ხაზთან კი ქართველთა საზღვრების მცველი ღვთაება - სისხლიან ხმალ შემართული სანე მომთაბარეებს აუწყებდა, რომ გავლებული ხაზის გადალახვა ქართველებისადმი მტრული განზრახვით მათ ძალიან ძვირი დაუჯდებოდათ.
,,თუ ქართული და უცხოური წერილობით წყაროების ცნობებს ჩავუკვირდებით, შევამჩნდევთ, რომ ჩრდილოეთის ველებზე მცხოვრებთა შემოსევები გაცილებით უფრო იშვიათად ხორციელდებოდა ცენტრალული კავკასიონის გადასასვლელთა მეშვეობით, ყოველ შემთხვევაში უცხოური თუ ადგილობრივი წყაროები ველის ურდოების კავკასიისა თუ მახლობელი აღმოსავლეთისაკენ მოძრაობის უმთავრეს გზებად სახავენ კავკასიონის მთიანეთის ფლანგებს შავი და კასპიის ზღვების გასწვრივ''((პიოტროვსკი) რ. რამიშვილის სტატიიდან ,,ზოგიერთი მოსაზრება საქართველოში ფეოდალიზმის გენეზისის საკითხისათვის''-მაცნე - ისტ.არქ. ...1989.4.გვ.146).
ამრიგად, მძლავრ ქართულ სახელმწიფოს შეეძლო ჩრდილოეთიდან მომდინარე წამლეკავი ნიაღვარი ორად გაეპო და ფლანგებისაკენ გაესხლიტა, ანაც, თავისთვის უსაფრთხოდ გამოეტარებინა მათი ტალღა და სასიკვდილო ლახვრად გაეტყორცნა მოწინააღმდეგისადმი. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, თუ სომეხთა რამდენი მეფე და უფლისწული შეეწირა მათთან ბრძოლას, ან უკეთეს შემთხვევაში დატყვევებულ იქნა, (უკეთეს შემთხვევაში გაიქცა - იულონ გაგოშიძის ხუმრობა-შენიშვნა), მაგრამ ამ ეფექტური საშუალების უსაფრთხოდ გამოყენება ცხადია მხოლოდ ძლიერ სახელმწიფოს შეეძლო.
ყურანის თანახმად - ზუ ლ-კარნაინმა (ალექსანდრე მაკედონელი) კავკასიელი მთიელების, ანუ იაჯუჯ-მაჯუჯის (გოგ-მაგოგის) ხალხის ჩასაკეტად კედელი ააგო, ხოლო მთათა დამსკდარი ნაპრალები გამლღვარი ლითონით ამოგლისა. ისლამური გადმოცემით იაჯუჯი და მაჯუჯი ყოველ ღამე ძირს უთხრიან ამ კედელს, რათა საბოლოოდ მოსპონ ცივილიზაცია. მაგრამ დილაობით ალაჰი მათ ნამოქმედარს აქარწყლებს, მიზანს ისინი მხოლოდ ბოლო ჟამს მიაღწევენ (,,ისლამი'' - ენციკლოპედიური ცნობანი -,,იაჯუჯი და მაჯუჯი'').
(სხვათაშორის ხალიფა ალ ვასიკის მმართველობისას სალამ ათ თარჯუმანმა თბილისზე გავლით ამ კედლის სანახავად იმოგზაურა კიდეც).
როგორც ვხედავთ, კავკასიონის კარის ეპოქალური მნიშვნელობა ყურანსა და ისლამურ გადმოცემებშიც აისახა.
შუა საუკუნეების ევროპულ რუკებზე კი (მაგ. გენოზეს) დარიალის აპოკალიპტურ კარიბჭესთან მოთავსებული წარწერა გვაუწყებს, რომ ამ კარიბჭეს იცავს პრესვიტერი იოანე - აღმოსავლეთის სუპერქრისტიანული სახელმწიფოს დიადი მმართველი. კარიბჭის მცველის ნამდვილ ვინაობას მე-12-საუკუნის ავტორი - კათოლიკე ბერი ანსელუსი გვამცნობს, ეს დავითია, რომელიც ამ კარიბჭეს დარაჯობდა, ისევე როგორც მისი წინაპრები.
ქართული სახელმწიფოს ეს ისტორიული მისია ჯერაც სენეკასთან აისახა, იბერთა მეფის შესახებ იგი წერს: ,,კავკასიის მთიან გზებს უკეტავს მამაც სარმატებს".
სტრაბონი გადმოგვცემს, რომ ჩრდილო კავკასიელი აორსები იძენდნენ ინდურ და ბაბილონურ საქონელს არმენებისა და მიდებისაგან. ამ სავაჭრო ოპერაციების სარფი მათთვის დიდძალი ყოფილა, მაქსიმე ბერძენიშვილმა დამაჯერებლად აჩვენა, რომ მთიელებს ამ შემთხვევაშიც იბერიაზე უნდა გაევლოთ, იბერიის, ანუ დარიალის კარით უნდა ესარგებლათ, ვინაიდან ამაზე მოსახერხებელ გზას სომხებთან სავაჭროდ ისინი ნაკლებად იპოვიდნენ (მაქსიმე ბერძენიშვილი - ,,ქალაქ ფაზისის ისტორიისათვის''-გვ.118).
,,უაღრესად საინტერესოა ის ფაქტი, რომ ,,ალექსანდრიანის'' როგორც სირიული, ისე ეთიოპური ვერსიით დიდ მთას (კავკასიონს) ძირში მიუყვება დიდი საქარავნო სავაჭრო გზა, რომელიც მას აკავშირებს ,,ადარბაიჯანის'' გავლით სპარსეთის განაპირა მხარეებთან და ინდოეთთან. შეუძლებელია აქ არ გაგვახსენდეს სტრაბონის ცნობილი ინფორმაცია, რომ ,,მდ.ოქსოსი საზღვრავს ბაქტრიანას სოგდიანასაგან და კარგია სანაოსნოდ, ისე რომ ინდური საქონელი მიაქვთ მასზე და ადვილად შემოაქვთ ჰირკანიაში და მის მეზობლად მდებარე ადგილებში, ვიდრე პონტომდე მდინარეების მეშვეობით''(სტრაბონი, 1; 1,15), სხვაგან სტრაბონი კიდევ წერს, რომ ოქსოსი ,,სანაოსნოა და (ამ მდინარით) ბევრი ინდური საქონელი შემოაქვთ ჰირკანიის ზღვაში(=კასპიის, ნ.ნ.), ხოლო აქედან ალბანიაში(=ადარბაიჯანი,ნ.ნ.) გადააქვთ და მტკვრისა და მის მომდევნო ადგილებით ევქსინის (ზღვაში) ჩააქვთ''(სტრაბ. 11; 7,3). (ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი - ,,ქართლი ელინიზმისა და ქრისტიანობის სათავეებთან'').
ამდენად, ეს მითსა და რეალობას შუა მდებარე სახელმწიფო, რომელშიც ,,სიბნელის მთების (კანგარის) გადალახვის შემდეგ ხვდებოდნენ (იხ.ალექსანდრეს ცხოვრების ებრაული ვერსია) მტკვარ-რიონის, ანუ კირ-ფაზისის განხილული მაგისტრალით დაკავშირებული იყო ევროპელთათვის მეორე მითიურ ზონასთან - შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებთან. ერთი სიტყვით, იბერია მჭიდროდ იყო დაკავშირებული იმ კულტურებთან, რომელთა შესახებ ევროპელთა რომანტიკულ წარმოდგენებს საგრძნობი შევსება სჭირდებოდათ, ერთის მხრივ სარმატიასთან, რომლის ჩაკეტვა რომისთვის აუცილებელია. შესაძლოა, არა იმდენად რამდენადაც ზოგიერთი ქართველი მკვლევარი წარმოაჩენს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ასევე სარმატია სასიცოცხლოდ აუცილებელია მისთვის, როგორც მონობის უმსხვილესი წყარო. მონების გარეშე კი რომი ვერ იარსებებს. იბერია კირ-ფაზისის მაგისტრალით ასევე მეტად მოხერხებულად უკავშირდება ინდოეთს, რომლის პროდუქციაზეც რომი ყველაზე მეტს ხარჯავდა. ამიტომაც რომის კულტურულ რუქაზე ქართული სახელმწიფო სწორედ ამ ფუნქციით უნდა მოხაზულიყო, როგორც რომისთვის ესდენ საჭირო აღმოსავლური რესურსების ერთ-ერთი ექსპორტიორი ქვეყნისა.
რომაელთა კომუნიკაციები აღნიშნული მიმართულებებით არ იყო მყარი და მას მტრულად განწყობილი ხალხები აბრკოლებდნენ, იბერიის სახით ხსენებული მიმართულებებით ახალი არხი კი რომისთვის უდავოდ საინტერესო იყო. მნიშვნელოვანია, რომ განხილული წყარო (,,ფარსმანის წერილი ადრიანეს'') ფარსმანს ათქმევინეს, რომ სხვადასხვა ხალხები მას რომთან დაკავშირებას სთხოვდნენ.
რაც უფრო წინაურდებოდა საქართველო პოლიტიკურ-ეკონომიკურად და შესაბამისად კულტურულად, მისი ისტორიული ფუნქცია - წარედგინა დასავლეთი აღმოსავლეთისთვის და აღმოსავლეთი დასავლეთისთვის უფრო და უფრო იკვეთებოდა. ამიტომაც ქართული წარმართული კულტი და თეურგიული კულტურა გამსჭვალული იყო დასავლურ-აღმოსავლური სახეებით, კულტის ამგვარი გაორება საუკეთესოდ იკითხება დედოფლისგორაშიც, სადაც ზოროასტრიზმისა და კერპთაყვანისმცემლობის საოცარ შერწყმას ვხვდებით, აქ ფებუსის, დიანასა და ლეტოს მცირე ქანდაკებები საცეცხლე საკურთხეველზეა მოთავსებული, ამგვარად, ეს მონაპოვარი თითქო პრდაპირი ილუსტრაციაა ,,ქართლის ცხოვრების'' ერთი ცნობისა, რომელიც წარმართული ქართლის სამეფო სახლში როგორც ცეცხლმსახურებას, ისე მეკერპეობას ადასტურებს.
ქართლის მრავალფეროვან კულტურულ ცხოვრებას კარგად ახასიათებს ხუროთმოძღვარ და მხატვართუხუცეს ავრელიუს აქოლისის მეორე წარწერა, რომელიც თავის მეუღლეს -ბევრაზურიასაც ახსენებს. აქ მარტოდენ ცოლ-ქმრის სახელებსაც კი კარგად ეტყობა, თუ როგორ ხვდებოდა ქართლში ერთმანეთს და ერწყმოდა დასავლეთი და აღმოსავლეთი.
დასავლეთისა და აღმოსავლეთის მიჯნაზე მდგომი იბერთა მეფე მეფედ იწოდებოდა როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური წესის თანახმად. შარაგასის მონოლინგვაში ის იხსენიება არამხოლოდ - მელექად - ,,მლკ''-ად, არამედ ,,ბასილეოს''-ადაც (- იხ. გრ. გიორგაძე - ,,ტოპონიმები არმაზის ერთენოვან წარწერებში)''. სიმპტომატურია, რომ ამ შემთხვევას მოგვიანო ხანაში პარალელი აღმოაჩნდება საქართველოს უმაღლესი სასულიერო ხელისუფლის - ,,კათალიკოს-პატრეაქის" წოდებაში. კათალიკოსი ენობრივად დასავლური, არსობრივად კი სწორედ აღმოსავლური, სირო-სპარსული წოდებაა უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლისა. ქართული ეკლესიის მეთაურის ამ ტიტულს შემდგომში ელინურ-დასავლურის მიხედვით ემატება - ,,პატრეაქ-პატრიარქი'', როგორც შარაგასის წარწერაში იბერთა მეფეს - მელექს - ბასილეოსი. ამდენად, აღმოსავლურ-დასავლური კულტურების შერწყმის მაღალი ხარისხი საქართველოში პირველყოვლისა მის უმაღლეს საერო და სასულიერო ხელისუფალთა ტიტულატურაში აისახა.
იბერიას საკუთარი მდიდარი კულტურული გამოცდილების საფუძველზე დასავლეთისათვის ნამდვილად შეეძლო ეამბნა ,,ესე ამბავნი უცხონი, უცხოთა ხელმწიფეთანი'' აღმოსავლეთის რომანტიკული ბურუსით მოცული მონაკვეთებიდან. სწორედ ამგვარ კულტურულ კონტექსტში უნდა ინტერპრეტირდეს ფარსმანის წერილი ადრიანეს მიმართ, მისი გენეზისი ორგანულად ჩანს დაკავშირებული საანალიზო მონაკვეთის ქართლის პოზიციებთან მსოფლიო კულტურულ რუქაზე.
ფარსმანის წერილის შინაარს თითქოს ნივთიერად გადმოსცემს სამეფო ტახტის ფერხთა ვერცხლის ბრწყინვალე გარსაკრავები ბაგინეთის სამეფო სარკოფაგიდან, სადაც გვხდება ქართულ ნიადაგზე გადამუშავებული აღმოსავლურ-დასავლური მითოლოგიური ელემენტები - ,,ბაგინეთის კლდეკარის სამეფო საგვარეულოს ერთ-ერთ სარკოფაგში ვერცხლის ოთხი ერთნაირი სკულპტურული ფეხი აღმოჩნდა. ისინი ზომითაც განსხვავდებიან არმაზისხევის ფეხებისაგან (სიმაღლე 34 სმ.). თავისი მონუმენტურობით, რთული პლასტიკური სახეებით, კონსტრუქციის თავისებურებით ესენი სამეფო ტახტის ფეხებს უნდა წარმოადგენდნენ. განსაცვიფრებელია ბაგინეთის სკულპტურულ ფეხთა მხატვრული სახის სირთულე.
...აქ არის არწივის, ლომის, სპილოს ნაწილები (თვალები, წარბები, ნისკარტი - არწივისა, ფაფარი - ლომისა, ზედაპირი სპილოს ტყავის მსგავსად არის დამუშავებული. სპილოს ხორთუმი ჩნდება კომპოზიციის ქვედა ნაწილშიც). (კიტი მაჩაბელი - ,,არმაზის საგანძური'').
ვფიქრობ, ამ სკულპტურაში მეტის და ამავე დროს უფრო კონკრეტული შინაარსის წაკითხვაა შესაძლებელია, მასში შერწყმული ლომი და არწივიც, ფართოდ გავრცელებული სამეფო სიმბოლოებია. მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ აზიისა და აფრიკის რიგ ქვეყნებში სპილოს ეჭირა ის ადგილი, რაც სხვაგან, ჩვეულებრივ, ლომსა და არწივს უკავია. აქ ის სამეფო ძალაუფლებას განასახიერებდა. მაშასადამე, იბერთა მეფის ტახტის სკულპტურაზე ერთმანეთთანაა შერწყმული აღმოსავლური (სპილო) და დასავლური (ლომი, არწივი) სამეფო თეოლოგიის სიმბოლოები, რაც იბერიის სამეფოს აღმოსავლურ-დასავლური კულტურების გზაჯვარედინზე მდებარეობის პირობებში მკვეთრად ნიშანდობლივ მოვლენას წარმოადგენს. შეიძლება ითქვას, რომ ის იბერიის კულტურული არსის გამოხატულებაა, სადაც რელიეფურადაა მოცემული მისი ეს გამორჩეული თავისებურება - აღმოსავლურ-დასავლური კულტურების მაღალმხატვრული შეხამება და ეროვნულ ნიადაგზე გარდაქმნა.
იბერია ქართველ ტომთა კულტურული ტრადიციების გამგრძელებელი მთავარი პოლიტიკური ერთეული იყო. ამ ტრადიციებს შორის პირველყოვლისა მეტალურგიული ტრადიციები უნდა დასახელდეს. მეტალების ცნობილი მკვლევარი ეიჩისონი თვლიდა, რომ ფოლადი პირველად ხალიბთა ქართულმა ტომმა გამოწურა. წინასწარმეტყველი მოსე მეტალურგიის პატრიარქად ქართველთა ეთნარქს - თუბალ-კაენს ასახელებს. წინასწარმეტყველი ეზეკიელი წერს, რომ მესხებს სპილენძის ნაკეთობები სავაჭროდ ხმელთაშუაზღვისპირეთშიც კი მიჰქონდათ, ხოლო წინასწარმეტყველი იერემია მკვლევართა აზრით სწორედ განთქმულ ქართულ ფოლადს უნდა გულისხმობდეს, როდესაც გადმოგვცემს ღვთის სიტყვებს: ,,რას დააკლებს რკინა ჩრდილოეთის რკინას და სპილენძი ჩრდილოეთის სპილენძს? (იერ.15;12).
იქნებ მნიშვნელოვანწილად ეგევე განაპირობებდა ქართული სახელმწიფოს საკვირველ გამძლეობასაც მსოფლიო ისტორიული ქარტეხილებისადმი, უმაღლესი ღირსების ქართული ფოლადი ქართული სახელმწიფოს საერთო აბჯარი იყო. თითქო ქართულ ლითონზე თქმული შემოქმედის სიტყვები იერემიას წინასწარმეტყველებათა წიგნში: ,,რას დააკლებს რკინა ჩრდილოეთის რკინას?'' წინასწარვე მოასწავებდა ამ ფოლადზე მიბმული ქართული სახელმწიფოებრიობის უძლეველობასაც.
დაბოლოს, ორიოდ სიტყვა ფარნავაზიანთა დინასტიაზეც.
იბერთა ეთნიკური იდენტობის ფორმირებაში ფარნავაზიანთა სამეფო სახლს დიდი წვლილი უნდა ჰქონდეს შეტანილი. ფარნავაზიანთა სამეფო სახლის სახით საქმე უნდა გვქონდეს იმ ცენტრალურ ელემენტთან, რომლის გარშემოც იბერიული ეთნიკური იდენტობის ფორმირება წარმოებდა. ამიერკავკასიურ პოლიტიკურ ერთეულებში, ჩანს, დინასტიური მონარქია საკმაოდ მკვიდრად ფესვგადგმული იყო, კოლხეთში აიეტიდების, სომხეთში არტაშესიდების, ქართლში კი ფარნავაზიანების მოთავეობით. ამ გარემოებას ითვალისწინებდნენ რომაელებიც, ტახტის თავიანთ პრეტენდენტებს სომხეთში ისინი სწორედ აღნიშნული საგვარეულოდან არჩევდნენ, რომლებიც სომეხმა ხალხმა მიიღო და მისი არაერთი წარმომადგენელი საკუთარი ზეპირსიტყვიერების კეთილ გმირადაც აქცია. ასევე უნდა ყოფილიყო ქართლშიც, სადაც ლეონტის სიტყვით ქართველებს ,,არა ნებავდათ სხვის ნათესავისა მეფობა, რომელსამცა არა შესდგმიდა ფარნავაზიანობა''.
რომაული წყაროების მიხედვით მეფე ფარსმანი ამაყად მიმართავდა თავის ლაშქარს, რომ ქართველები არასოდეს ყოფილან მეზობელი იმპერიის მონები, საკუთარი თავისუფლების შეგნება და დაფასება იკითხება ფარსმან ქველის შეუდრეკელობაში იმპერატორ ადრიანესთან. ასეთივე სახელი ჰქონდა ქართველ ხალხს სამეზობლოში, ერმიას სოზომენესთვის იბერები მხოლოდ ,,დიდად მებრძოლები'' კი არა, ,,ღირსეულებიც'' არიან. ქართველი ხალხი საკუთარი სამეფო სახლის ირგვლივ მჭიდროდ კონსოლიდირებული იყო, უყვარდა საკუთარი მეფეები, მათზე თხზავდა ლეგენდებს და მათ ხსოვნას საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა