განათლების ტრიუმფის უმაღლესი ეტაპი და შეუძლებლის შეძლება სტუდენტებისთვის – რა შესაძლო ცვლილებს უნდა ველოდოთ ერთხელ ბოდიში რომ მოვახდევინეთ პარლამენტარს, ახლა რომ განათლების მინისტრი გახდა, მისგან?!
ბატონო მინისტრო, ვეფხისტყაოსნის ქვეყნის განათლების მინისტრობა ურთულესი ფაქტია. თქვენსავით ადვილი ეგონათ რეფორმებისთვის კი არა, რეპრესიებისთვის მინისტრებად აღზევებულ სხვა პერსონებსაც, რომ სხვადასხვა სისტემაში აუცილებლად მოახდენდნენ ცვლილებას და შეუძლებელს შეძლებდნენ.
ჩხენკელი უკვე მეორედ დაისაჯა სტუდენტების თავისუფლებისთვის და ვერ მართული (!) საუნივერსიტეტო სისტემის გამო. უკვე მეორედ მიაბრძანეს სახლში, უკაცრავად მინისტრების თავშესაფრად ქცეულ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რომელიც ვერც ერთ საერთაშორისო რეიტინგში ვერ მოხვდა... სამაგიეროდ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, პრემიერის მიერ „გაბუნძულებული“მინისტრებისთვის თავშესაფრად იქცა.
ვრცელი ციტატა მინისტრის თვითწარდგენისას, მის მიერ გაკეთებული განცხადებიდან. : დღეიდან დავიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან – ბავშვებთან, მათ მშობლებთან, ჩვენს დამსახურებულ და ღირსეულ მასწავლებლებთან, სკოლების ადმინისტრაციებთან, პროფესორებთან, ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან და ჩვენს მეცნიერებთან იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე სამსჯელოდ, რაც დღეს დარგში გვაქვს და მიღებული უკუკავშირის შედეგად მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს ყველა ამ პრობლემაზე საპასუხოდ.
რამდენჯერმე შეგიძლიათ წაიკითხოთ. აქ ხომ არაფერია ნათქვამი განათლებაზე, როგორც სფეროზე და უმთავრეს გამოწვევაზე - განათლების სისტემის მანკიერებებზე, მის დეპოლიტიზირებაზე, მასწავლებელთა კოორდინატორებად დაუსაქმებლობაზე, პარტიული დავალებების აკრძალვაზე და ყველაზე მთავარი - განათლების სისტემაში არსებულ სავალალო ვითარებაზე. რას ვგულისხმობ? ათასობით მასწავლებლებს, რომლებიც ტესტირებას ვერ გადიან. სასწავლო პროცესზე, რომელიც საბჭოთა სკოლის სულისკვეთებით არის გამსჭვალული. სახელმძღვანელოებზე, რომლებიც მეტწილად არაკვალიფიციური ადამიანების მიერ არის შედგენილი. იმაზე, რომ დიპლომირებული მაგრამ გაუნათლებელი ადამიანებით მსოფლიოში მოწინავე რიგებში ვართ. იმაზეც, რომ განათლების სისტემა სოციალურ და ეკონომიკურ სიმახინჯედ იქცა და პროფესიების სელექციაც კი არ ხდება იმის მიხედვით, რა სჭირდება არა თუ ქვეყანას, რა გამოწვევებიცაა მსოფლიოში. მოკლედ განათლების ახალი მინისტრის პრიორიტეტი „უკუკავშირია“. არანაირი ნოვაცია.
მოდით, გადავავლოთ თვალი დამოუკიდებელი საქართველოს მე-17 განათლების მინისტრის ბიოგრაფიას, რომელმაც ძალიან ცუდად დაამახსოვრა თავი საქართველოს მოსახლეობას. გახსოვთ, ხო, 15 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტი მშობლების უყურადღებობას მიაწერა და თბილისის მერი, რომლის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო 2018 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს, ისე „გააპრავა“, ფაქტში გაურკვეველმა, რომ წარმოუდგენელი იყო ასეთი ქცევა ადამიანისგან, მერე კაცისგან და შემდეგ პარლამენტარისგან. ჰო, ისე, „ბავშვთა მეთვალყურეობის სტანდარტი“ მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებში განსაკუთრებულ ხარისხშია აყვანილი, მაგრამ ამილახვარმა ნამდვილად არ იცის სავარაუდოდ, რომ ეს ყველაფერი მშობელთა სოციალურ და ეკონომიკურ გარანტიებს ებმის.
მაშ ასე - „გავიცნოთ“ გიორგი ამილახვარი, „წარმატებული ადამიანი ღირსეული განათლებით“ - როგორც პრემიერმა განაცხადა მისი წარდგენისას.
ბარემ აქვე, თემას გადავუხვევ - „ქართული ოცნებისთვის“ სიტყვა ღირსეული, ღირსებით, ღირსეულად – კომპლექსად იქცა. ღირსება, რომ მორალური კატეგორიაა და არა დოგმატური სტანდარტი. მგონი არც კი იციან და ვერც ხვდებიან, რომ 7-9 მარტი იყო ქართველი ხალხის და მისი ახალგაზრდობის ღირსების დემონსტრირება, „ქართული ოცნების“ ღირსების საპირწონედ. ჰო, იქითაც ღირსება და აქეთაც - მესმის კარგად. სხვაობაც მესმის.
ღირსების დაცვა იყო – წყლის ჭავლებზე შეუპოვრად „თამაში“. ამ თამაშის ასაკრძალად განათლებაში მოვლენილ გიორგი ამილახვარს საკანონმდებლო ორგანოში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. საქართველოს პარლამენტის ცნობით, მას 2298 კანონპროექტისთვის აქვს მხარი დაჭერილი. მათ შორის, ე.წ. რუსული კანონისთვისაც. ა, ხო, სამართლიანობისთვის ამ კანონის „გაწითლების“ პროცესში შეტანილი წვლილიც არ დავუკარგოთ.
გიორგი ამილახვარს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალმცოდნეობის სპეციალობით. არის სამართლის დოქტორი. მის ბიოგრაფიაში მითითებულია, რომ 2016 წელს ჰამბურგში იმყოფებოდა კვლევით სტაჟირებაზე მაქს პლანკის საერთაშორისო კერძო და შედარებითი სამართლის კვლევითი ინსტიტუტში. 1999-2000 წლებში სწავლობდა ალამოს უმაღლესი სკოლაში, აშშ-ში. ხოლო 2004 წელს, მუშაობდა „კლინტონ დავის პალასი - ადვოკატების“, ადვოკატის თანაშემწედ დიდ ბრიტანეთში, ლონდონში.
დასავლურ ღირებულებებს ასე თუ ისე ნაზიარები მინისტრის ერთ-ერთი ბოლო მხარდაჭერა სწორედ „რუსულმა კანონმა“ მიიღო. წესით მას მაინც უნდა ესმოდეს, რატომ არის და იყო კანონპროექტი „რუსული“. თუმცა აშკარად არ ესმის, თორემ არც მისცემდა ხმას.
ვიდრე ზოგიერთი სტუდენტი ლევან იოსელიანთან კაბინეტში იჯდა და საქმეებს აგვარებდა, სანამ იმ სახალხო დამცველს უსმენდნენ, რომელსაც 7-9 მარტის დღეებში სწორედ იმ დროს, 16 წლის გოგო წყლის ჭავლზე რომ „დახტოდა“, არ მოუწოდებია შესაბამისი უწყებებისთვის შეეწყვიტათ ძალის არაპროპორციული გამოყენება და იმ წამს არ უთქვამს მკაფიოდ - გადაცდომა პარლამენტის უკანა შესასვლელთან, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობის მიზეზი არ უნდა გამხდარიყო – პრემიერ-მინისტრი „სატანისტ ახალგაზრდებს“ „რუსული კანონის“ მხარდამჭერ გიორგი ამილახვარს გვიმზადებდა მინისტრად.
ჩხენკელი უხმაუროდ წავიდა... ჩვენ, „სხვა ახალგაზრდებს“, რომლებიც იოსელიანის კაბინეტში არ ვსხედვართ და „არ ვიკერებით“, გვახსოვს თქვენი განცხადება, ვაკის პარკის ტრაგედიაზე, ბატონო ამილახვარო. პირველადი განწყობები ისეთია, რომ თქვენც მოგიწევთ, ძალიან მალე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში - ყოფილი მინისტრების თავშესაფარში წასვლა.
„უკუკავშირიო“ ანუ მორჩილება, და ვინ უნდა დაგემორჩილოთ?! სტუდენტები თუ პედაგოგები?!
როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს, რამე გითქვამთ ახალგაზრდების წინააღმდეგ მიმართულ ბულინგზე? განსხვავებულების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე. ხმა ამოგიღიათ 5 ივლისს, როდესაც ახალგაზრდა ჟურნალისტებს დასდევდნენ თბილისის ქუჩებში. რამდენი მათგანი იყო და არის სტუდენტი?
„უკუკავშირი“? - ე, მანდ არაფერი შეგეშალოთ, მშიერი სტუდენტებიც გვყავს, კეზერაშვილისგან კი არა, საკუთარი მშობლებისგან რომ არ იღებენ ფულს და არ გეგონოთ რომ ყველას შანტაჟი გაგივათ. მათ, ძალიან უხეშად ვიტყვი - საერთოდ ჰკიდიათ ხოშტარიები, ხაბეიშვილები, კეზერაშვილები, ვაშაძეები და თქვენც - უკუკავშირის მინისტრო.
უკუკავშირი - პოზა, რეპრესიებისთვის მოვლენილისგან.
ისე, თუ მაინც ცდით ითამაშოთ მინისტრობა, რეალური მიზნის შესანიღბად, ლელა ჯეჯელავას სტატია წაიკითხეთ ვეფხისტყაოსნის ქვეყანაზე და შემდეგ „ვეფხისტყაოსანი“. აი, მერე, შეიძლება მიხვდეთ, ამ ქვეყანაში რეპრესიებს ვერავის ვერ მოუწყობთ!
და თუ „კეზერას ფულით“ დაფინანსებული ბავშვი მაგიდასთან დაგიჯდებათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სტუდენტთა აზრი იქ არის – სტუდენტთა არსიც და აზრიც თავისუფლებაა!
ხვდებით, ახლა ახალგაზრდებს, ჩემს ტოლებს მივმართავ - პრემიერმა „სატანისტ ახალგაზრდებს“ „ნადზირატელი“ დაგვინიშნეს, მხოლოდ ერთი მიზნით - „ძირს თავისუფლება, რუსული კანონის დროაო“. ცხადია, პრემიერი და არა მხოლოდ ის, ვერაფერს მიხვდა.
გამოწვევა მიღებულია, ბატონო პრემიერო!
ავტორი: გიორგი ჩოლოყაშვილი, სტუდენტი
„ნეიშენ ჯორჯია“