საქოცეთში - ნამდვილი ზეიმია - ევროკავშირი განიხილავს კანონპროექტს უცხოელი აგენტების შესახებ.
ქოც-ბანაკი დიდმა ჟრიამულმა მოიცვა - აბა ჩვენთან რატომ არ შეიძლებოდა ამ ტიპის კანონის მიღება? ჩვენთვის არ შეიძლება, თქვენთვის - კი? რაო, „ზანგები ვართ?“...
ქართული ოცნების პარტაქტივი სიხარულს ვერ მალავს - ხომ ხედავთ, ჩვენ მართლები ვიყავით, ჯერ ერთი, სხვა თუ არაფერი აგენტების შესახებ კანონი ამერიკას აქვს, დღეს უკვე ამ საკითხზე კანადაც მუშაობს და აგერ, ბოლო ლახვარი „ლიბერალ-ფაშისტების“ ზურგში - მათი საყვარელი ევროკავშირიც იგივე გზას დაადგა.
რომ ყვიროდით - „არ გვინდა რუსული კანონი!“ - მერე ვინ გითხრათ, რომ რუსულია? ხომ გითხარით თავიდან - ამერიკულია, აგერ, კიდევ კანადური და ევროპულიც შეემატა.
გამოდის ტყუილად გვლანძღეს ამდენი ხანი, „ევროპულ ფასეულობებს არ ეხმიანებაო“ და „დასავლეთთან ინტეგრაციას შეაფერხებსო“ - ეს რა იყო? ორმაგი სტანდარტი?
მოკლედ, ქოცობა რეაგირებს ჯერ კიდევ არმიღებულ კანონზე ისე, როგორც ეს მოსალოდნელი იყო.
თუმცა, როგორაა საქმე სინამდვილეშ, და მართლაც, თუ შეიძლება აგენტების შესახებ კანონი არსებობდეს შტატებში, კანადაში და აგერ კიდევ - ევროპაში - რატომ არ შეიძლება მისი მიღება საქართველოში?
ამაში არის ლოგიკა, ოღონდ ეს ქოცური ლოგიკა. აი, ერთი შეხედვით რომ სწორია და გამართლებული, მაგრამ თუ ოდნავ ჩაუღრმავდი - აშკარა ვირეშმაკობა, აი როგორც, მაგალითად დაუსრულებელი ტრაბახი მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო - სინამდვილეში მაღალი ეკონომიკური ზრდა მდიდარ ქვეყნებს არ ახასიათებთ და ეს ძირითადად ღარიბების ხვედრია.
მაგალითად, თქვენ თუ გაქვთ 1 კომპიუტერი და წლის მანძილზე იყიდეთ კიდევ ერთი - თქვენი ზრდა 100%-ს შეადგენს და თუ გაქვთ მილიონი კომპიუტერი და დაუმატეთ 10 000 - თქვენი ზრდა სულ რაღაცა 1%-ა.
თუმცა, ასეთ სიღრმეებში პროპაგანდა არ შედის - ქოცურ ლოგიკას სიღრმეები არ ჭირდება. სად მმართველი პარტიის სიმბოლოდ ქცეული დიტო სამხარაძე და სად სიღრმე...
პირველ რიგში საქართველოს და დასავლეთს აგენტების კანონთან დაკავშირებით პრინციპული სხვაობაა - დასავლეთი ამ კანონით მტრებს ებრძვის, ქართული ოცნება კი - მეგობრებს და მოკავშირეებს.
არ არსებობს აპრიორი კარგი ან ასევე აპრიორი ცუდი კანონი - მნიშვნელოვანია ვინ და როგორ იყენებს ამა თუ იმ კანონს.
ერთი და იგივე ტექსტი შვედეთში და საქართველოში რეალურად სრულიად განსხვავებულად იმუშავებს.
ამერიკულ კანონში არის პუნქტი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს მტერ-ქვეყანას, რომლის გავლენასთან ბრძოლა აუცილებლად მიიჩნევა. ხოლო მეგობარ და მოკავშირე ქვეყნებს კანონი არ შეეხება.
სხვათა შორის „ბიძინას ძალას“, რომელმაც თითქმის მთლიანად თარგმნა ამერიკული კანონი, ეს პუნქტი „გამორჩა“. ეტყობა უყურადღებოდ წაიკითხეს ბიჭებმა... ხდება ზოგჯერ,,,
ამერიკულ კანონში განსაზღვრულია პოტენციური მტერი-ქვეყნები და მისი მოქმედება არ შეეხება მოკავშირე სახელმწიფოებს, რომლებიც ამ დოკუმენტში არ ფიგურირებენ. ქართულ ვარიანტში ეს ჩამონათვალი არ არსებობს და მტრული ქვეყნების დადგენა - ქოცების ნამუსზეა დამოკიდებული.
ქოცური კანონი არ იყო გათვლილი ნამდვილ და რეალურ მტერზე - რუსეთზე და მის აგენტურაზე. პირიქით, რუსეთუმეები კანონს მხარს აქტიურად უჭერდნენ, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლები აგენტებად და „ჯაშუშებად“ მოიხსენიებდნენ მხოლოდ დასავლეთის მიერ დაფინანსებულ არასამთავროებს და მას-მედიას.
სხვათა შორის ესეც მაჩვენებელია - კანონი ჯერ კიდევ მიღებული არ იყო და ბორენკას მომსახურე პერსონალი უკვე გადავიდა სიტყვა „ჯაშუშის“ გამოყენებაზე სწორედ მის პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ.
ამ დროს კანონი ჯერაც არ იყო მიღებული, წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა ამ კანონის მიღების შემდეგ?
თანაც გაიხსენეთ - არც ერთ ქოც-ნაჩალნიკს არ უხსენებია არც ალტინფო, არც სხვა რომელიმე პრორუსული ორგანიზაცია - ისინი აგენტები არ არიან, რადგანაც ხელისუფლების მოკავშირეები არიან.
აგენტების შესახებ კანონი მიუღებელია თუნდაც იმიტომ, რომ ყველამ ნამდვილად ვიცით, რომ ეს მოხმარდება ქოც-ხელისუფლების ჩაცემენტებას და არა სახელმწიფო ინტერესს - განსხვავებით ევროკავშირის ან შტატებისგან.
თანაც - ერთი მითხარით, სხვა რით ჰგავს საქართველო ევროკავშირს ან შტატებს? რაო, ისეთივე დამოუკიდებელი სასამართლო გვაქვს, ისეთივე სამართლიანი არჩევნები გვაქვს, ისევე მუდმივად, მშვიდად და თავისუფლად იცვლება ხელისუფლება, ისეთივე ზომიერი და დალაგებულია ბიუროკრატია, ისეთივე მოკრძალებული მაღალჩინოსნები, რომლებიც სამსახურში ველოსიპედით დადიან?
აგენტების კანონის გარდა - მეტი რა გაქვთ საერთო ევროკავშირთან და ამერიკასთან? იქნებ ჯერ სხვა საკითხები მოაგვაროთ? ელემენტარულად უზრდელი და დედისმგინებელი ღორები მოკვეთოთ თქვენს პარტიას, დაამშვიდოთ ქვეყანა, იზრუნოთ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და კიდევ უამრავ გადაუდებელ საკითხზე? იქნებ ყველაფერი ამის შემდეგ მიიღოთ კანონი აგენტების შესახებ და არა მანამდე?
ჯერ არაფერი არ აგიშენებიათ და უცბად მოინდომეთ დასავლეთს დაემსგავსოთ და ამისთვის აირჩიეთ მაინც და მაინც აგენტების კანონი? დანარჩენი ყველაფერი მოაგვარეთ?
ქოცური გოდება ევროპაში აგენტების კანონის განხილვის ირგვლივ მაგონებს ნარკოტიკების ლეგალიზების რიტორიკას - აგერ, ჰოლანდიაში ლეგალიზებულია, შესაბამისად, ჩვენთანაც შეიძლება.
რაო, სხვა რამეში ძალიან ბევრი საერთო გაქვთ ჰოლანდიასთან და ერთად -ერთი რაც გაკლიათ - ეს არის ნარკოტიკების ლეგალიზება?
არსებობს კანონები, რომლებიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული გარემოზე, კონტექსტზე. ეს იგივეა, რაც დანა - თავისთავად დანა - არც კარგია და არც ცუდი და ის მხოლოდ ინსტრუმენტია, რომელსაც ყველა იყენებს თავისი შეხედულებისამებრ.
კანონი აგენტების შესახებ - საშიში კანონია, დანასავით. ის იძლევა სხვადასხვანაირად მისი გამოყენების შესაძლებლობას. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ საქართველოში მას უფრო „რუსულად“ გამოიყენებენ და არა ევროპულად.
სწორედ ამიტომ, ევროპაში ამ კანონის მიღება შეიძლება, საქართველოში კი არა.
ავტორი: თენგიზ აბლოთია