სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

საქართველო - სადაც საღი აზრი დეფიციტშია, ხოლო ემოციები ჭარბადაა

30.09.2021 ნახვები: 551

საქართველოში, სადაც საღი აზრი დეფიციტშია, ხოლო ემოციები ჭარბადაა, ეკონომიკაზე საუბარში ძალიან ხშირად არაეკონომიკურ არგუმენტების იყენებენ.

მაგალითად, როდესაც საუბარია მიწების გასხვისებაზე, ლაპარაკობენ არა ამ ნაბიჯის ეფექტურობაზე და ეკონომიკურ მიზანშეწონილობაზე, არამედ წინაპრების ძვლებზე, ქართულ ჩიტზე, რომელიც იქ დაფრინავს და ქართულ წყალს სვამს.

ყველამ ვიცით, რომ საქართველოში საჭიროზე მეტი ვენახია, რის გამოც მთავრობას ყოველწლიურად ყურძნის გასაღებაზე ათობით მილიონი ლარის გამოყოფა უწევს - როგორც წესი, ღვინის მწარმოებელ კომპანიებს საკუთარი მარაგების ჰყოფნით, და სუბსიდიები რომ არა, გლეხებისგან ყურძენს საერთოდ არ შეისყიდდნენ.

თუმცა, ამ, წმინდა ეკონომიკურ საკითხში მთავარი არგუმენტებია „ქართველიო ხალხი ოდითგანვე..." და „ღვინო - ქრისტეს სისხლია".

როდესაც ეკონომიკაზე ციფრების და სტატისტიკის ნაცვლად ქრისტეს სისხლზე საუბრობენ - სწორედ მაშინ იწყება ჭაობში ჩაძირვა.

მსხვილი ინდუსტრიული ობიექტების მოწინააღმდეგეებიც მსგავსი ლოზუნგებით გამოდიან - ქართული მიწა უცხოელებს არ უნდა გადაეცეს, ქართველობა, ქართული ტრადიციები, და ქართული ფასეულობები უნდა დავიცვათ - ამბობენ ისინი. თუმცა ამ დროს ისმის კითხვა - რას ნიშნავს ქართული ფასეულობები და მათ შორის რომელია თავიდან ბოლომდე ქართული, მინარევების და უცხოური გავლენის გარეშე?

ამ საკითხს რომ ჩაუღრმავდეთ, ძალიან საინტერესო რეალობას დაინახავთ - ის, რაც „იდენტობის მცველებს" ქართველობის სიმბოლოდ მიაჩნიათ, სინამდვილეში ქართული მხოლოდ ნაწილობრივაა. ამის უამრავი მაგალითი არსებობს.

დავიწყოთ ყველაზე ძვირფასით, რაც საქართველოში არსებობს - ხალხური მუსიკით და ცეკვით. ერთი შეხედვით - სად შეიძლება აქ უცხოური გავლება იყოს? თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ აბა დაუკვირდით...

ხშირად გაგვიგონია „დოლ-გარმონი"... დოლი - გასაგებია, აი გარმონი კი.... როდის აქეთაა „გარმონი", რომელიც დღეს ქართული ხალხურ მუსიკას საფუძველში უდევს - ქართული ინსტრუმენტი? წესით, ჭეშმარიტ ქართულ შემოქმედებაში არანაირი „გარმონი" არ უნდა იყო - სად იყო საქართველოში „ოდითგან" აკორდეონი? გერმანული ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენში რუსეთიდან შემოვიდა, მე-18-19-ე საუკუნეებში.

წარმოიდგინეთ ვარლამისტების ჯოგი - „არ გვინდა სატანისტი გერმანელების ინსტრუმენტი, ის ამახინჯებს ქართულ სიმღერას და ქართულ სულს არ შეესაბამება"...

თუმცა, გავიდა საუკუნეები და დღეს აკორდეონი არავის არ ეუცხოება და ის ანტიქართველების სიმბოლოდ საერთოდაც არ ითვლება...

ქართული სამზარეულო - რა შეიძლება ამაზე წმინდა და ძვირფასი იყოს? მაგალითად, ისეთი კერძები, როგორც ღომი, ელარჯი და მჭადი.. როგორ უყვარს ვლადიმერ პოზნერს, როდესაც ელარჯი იწელება, ხომ გახსოვთ?

მშვენიერი, ტრადიციული ქართული კერძები, რომლებიც სიმინდის ფქვილიდან მზადდება. რაო-რაო? სიმინდი? როდის აქეთაა სიმინდი ქართული მცენარე და შესაბამისად, ღომი-ელარჯი-მჭადი-ჭვიშტარი - ტრადიციული, ნაღდი ქართული კერძები?

სიმინდი სამხრეთ ამერიკიდან შუა საუკუნეებში ესპანელმა კონკისტადორებმა ჩამოიტანეს, გაავრცელეს ევროპაში, შემდეგ კი, რუსეთის გავლით, ის საქართველოშიც შემოვიდა. უკეთეს შემთხვევაში მე-18, ან მე-19-ე საუკუნეში..

კიდევ რამდენია ასეთი მაგალითი... ჩვენ საკუთარი დედაქალაქით ვამაყობთ, რომლის მშენებლობაში თავის დროზე ქართველებს მონაწილეობა თითქმის არ მიუღიათ, თუ არ ჩავთვლით 2004 წლიდან დღემდე რეალიზებულ პროექტებს.

სოლოლაკი სომხების აშენებულია, ჩუღურეთი - გერმანელების, რუსთაველის გამზირი კი - არა ტრადიციული ქართული ხუროთმოძღვრების, არამედ იმპერიული სიდიადის სიმბოლოა.

ოღონდ არ თქვათ, რომ რუსთაველის თეატრი - ტრადიციული ქართული არქიტექტურის ნიმუშია...

მასშტაბური უცხოური გავლენა ზოგჯერ წვრილმანებშიც ჩანს. იანვრის პირველ დღეებში ხშირად გაიგონებთ მცნება „ჭეშმარიტი ქართული თოვლის ბაბუა"-ს. სამწუხაროდ, ტრადიციონალისტები აქაც ცდებიან - არავითარი" ჭეშმარიტი ქართული თოვლის ბაბუა" არ არსებობს, და ზოგადად, ჩვენში მიღებული ახალი წლის აღნიშვნის წესი, წმინდა წყლის ევროპულია - ისევ და ისევ რუსეთის გავლით შემოსული.

თოვლის ბაბუა, ანუ, სანტა-კლაუსი, არის ან ფინელი, ან გერმანელი.. მის წარმოშობაზე ბევრ კამათობენ, მაგრამ ცხადია მხოლოდ ერთი - საქართველოსთან მას არანაირი კავშირი არა აქვს. რამდენიც არ უნდა დაახუროთ მას თავზე სვანური ქუდი, საქმის არსი ამით არ იცვლება - ის მაინც სანტა-კლაუსია. უბრალოდ, სვანური ქუდით.

შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო ეს ჩამონათვალი, იმისთვის რომ დავრწმუნდეთ, რომ ჭეშმარიტი და სუფთა ქართული ჩვენს ფასეულობებში თითქმის არაფერია, ფაცხის და ხაჭაპურის გარდა...

საბოლოოდ, მხოლოდ ერთს დავამატებ - რელიგიაც კი, რომელიც ქართველი ტრადიციონალისტებისთვის ეროვნული იდენტურობის მთავარი ნიშანია - მთლიანად, თავიდან ბოლომდე, 100%-ით იმპორტირებულია.

ქრისტიანობაში არ არის არც ერთი ქართველი პერსონაჟი, ბიბლიაში ქართული კვალი არსად ჩანს, იქ აღწერილი არც ერთი მოვლენა საქართველოსთან ახლოსაც კი არ ხდება. რელიგია, რომელიც დააარსეს ებრაელებმა, დასრულებული ფორმა მიანიჭეს ბერძნებმა, აღიარეს რომაელებმა, ჩვენთან კი შემოიტანეს კაბადოკიელებმა. სადაა აქ თუნდაც ერთი გრამი, ერთი მილიმეტრი ქართული? არსად.

თუმცა, დღეს ქრისტიანობა ჭეშმარიტი ქართველობის სიმბოლოდ ითვლება.

ეს მცირე ჩამონათვალი ნათლად მეტყველებს - საქართველო, ისევე, როგორც დანარჩენი სამყარო, კულტურათა და ფასეულობათა სინთეზის ადგილია, და ის, რასაც დღეს „ქართველობის დამცველები" ეკონომიკის ვარდნის ხარჯზე იცავენ - ან მხოლოდ ნაწილობრივაა ქართული, ან პირდაპირ უცხოურია.

არ გამიგოთ ისე, თითქოს ეს ცუდია - პირიქით - კულტურათა ურთიერთქმედება - პროგრესის საწინდარია.

რამდენად ღარიბი იქნებოდა ქართულიო ფოლკლორი აკორდეონის გარეშე, დოლის და ფანდურის ამარა დარჩენილი? ან რამდენად გაამდიდრა ქართული სამზარეულო მჭამდა და ღომმა, ან რა იქნებოდა თბილისი სომეხი მოვაჭრეების შთაგონების გარეშე?

ან იქნებოდა კი ახალი წელი ისეთივე მხიარული, როგორიც დღეს არის ნაძვის ხის და სანტა-კლაუსის გარეშე - სვანური ქუდით თუ მის გარეშე?

საქართველო კი იმპორტირებული ქრისტიანობის გარეშე... შესაძლოა უკეთესი ყოფილიყო, ან პირიქით, უარესი... ფაქტია მხოლოდ ის, რომ სულ სხვანაირი იქნებოდა.

და ბოლოს - თქვენმა წინაპრებმა სისხლის და ოფლის ხარჯზე თქვენ, ვირიშვილებს, მიწა იმისთვის დაგიტოვეს, რომ სარგებლიანად გამოიყენოთ - რამე დათესოთ, ააშენოთ, აამუშაოთ.

სირცხვილი და ერის ღალატია არა მიწის თურქი ინვესტორებისთვის გადაცემა, არამედ თბილისში, მეტროს სადგურებთან ბანანების გაყიდვა და ტაქსაობაა მაშინ, როდესაც მიწა უსაქმოდაა მიგებული და ნადგურდება.

აი, ესაა სირცხვილი და ღალატი.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა