მეზიზღება აგვისტო...
2008 წლის 5 აგვისტოს, 01:40 წუთზე გამოვედით ოფისიდან. თავისუფლების მოედანზე ტაქსი უნდა გავაჩეროთ. თემოს მაია აბრამიშვილმა დაურეკა: - რა ხდება ცხინვალში? თემომ უთხრა, რომ დაძაბული ვითარებაა.
მაია: - ახლა დამირეკეს, ისევ ბომბავენ ქართულ სოფლებს.
უსიტყვოდ ავბრუნდით ოფისში. ყველა არხზე ერთობიან - ვინ მორიგ ბოევიკს აჩვენებს, ვინ გაცვეთილ კლიპებს ატრიალებს. რუსული სააგენტოებიც არაფერს წერენ, ჩვენთანაც სძინავთ.
ღამის სამი საათია. თემო ეკა მომცელიძეს ურეკავს.
- მშვიდობაა? - ისმის ტელეფონში ეკას ნამძინარევი ხმა.
- ბადრი ბასიშვილის ნომერი მომეცი, - ეუბნება თემო.
- მშვიდობაა? - ისევ იმეორებს ეკა.
- მომე ტელეფონი და გააგრძელე ძილი, - პასუხობს თემო.
ვურეკავ ბასიშვილს. მეორე ზარზე მიპასუხა.
- რა ხდება მანდ?
- ისვრიან ეს დედააფეთქებულები. თბილისში რა ხდება?
- მშვიდობაა, - ვპასუხობ.
- დამირეკეთ ხშირად, არ მოგერიდოთ, - მეუბნება ბადრი და ერთმანეთს ვემშვიდობებით.
დილით, 11-ზე, კულახმეტოვთან ვრეკავთ. არ გვპასუხობს.
დღის ქრონიკა
აფხაზი სეპარატისტები მეორე ფრონტის გახსნაზე იწყებენ საუბარს. რუსეთის სამხრეთ ნაწილიდან ცხინვალისკენ მოხალისეთა ნაკადი მიედინება. სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები საქართველოსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ მოუწოდებენ. განცხადებას ავრცელებს ეუთო-ც, რომელიც ვითარების დაძაბვაში სეპარატისტებს ადანაშაულებს.
მეუღლე და ბავშვები სენაკში არიან. ცოტა მშვიდად ვარ.
დაღამდა. ეკა ამბობს, ხომ არ დავრჩე ამაღამო. სხვებიც მზად არიან დასარჩენად. ვუარობთ და ყველას შინ ვუშვებთ... გვეძინება, თუმცა ვიბრძვით.
6 აგვისტო
საქართველოს განცხადებით, ქართულმა მხარემ ჯავშანტრანსპორტიორი დაკარგა, სამი ქართველი სამშვიდობო ჯარისკაცი დაიჭრა. იმავე ღამეს სროლებმა ოთხი ადამიანი იმსხვერპლა, რის გამოც ქართულმა მხარემ სროლები განაახლა. ცხინვალში ჩადის დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დენის კიფი. ცხინვალის მცხოვრებლები გახიზვნას იწყებენ, ხოლო ქართულმა მხარემ ტანკები, არტილერია და ჯარები რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან მიიყვანა. სოფლები - ნული და ავნევი ოსი სეპარატისტების შეიარაღებულმა ფორმირებებმა დაბომბეს. არის მსხვერპლი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო თათბირი იმართება. მოსკოვი იური პოპოვს 6 აგვისტოს, ღამით, თბილისში “საქმის ვითარებაში გასარკვევად აგზავნის”. პოპოვი აცხადებს, რომ იაკობაშვილისა და ჩოჩიევის შეხვედრა რუსული მხარის ხელშეწყობით გაიმართება. ამავე დროს, პოპოვი აცხადებს, რომ “ცხინვალის რეგიონში მოვლენათა ძალისმიერი გზით განვითარების შემთხვევაში, რუსეთი განზე ვერ დარჩება”. ოსი სეპარატისტები 7 აგვისტოს ცხინვალში დაგეგმილი შეხვედრის ვადას სწევენ და შეხვედრის ჩატარებას ქართულ მხარეს 9 აგვისტოს სთავაზობენ.
ბავშვების (ჟურნალისტები) უმეტესი ნაწილი შვებულებაშია. თემო მეკითხება, ხომ არ გამოვიძახოთო ვუარობ. დღეში ასჯერ მეკითხება: - გართულდება ვითარება? ომი ხომ არ იქნება?
პასუხი არ მაქვს. ალბათ, იქნება, თუმცა ვამშვიდებ და ვეუბნები: ვნახოთ, ვნახოთ...
ბასიშვილი კვლავ ხაზზეა - პარლამენტარი კორესპონდენტი გვყავს კონფლიქტის ზონაში. მეორე, მესამე ზარზე გვპასუხობენ კახა ლომაია და თემურ იაკობაშვილი. ინფორმაციის დეფიციტი არ გვაქვს, თუმცა არ მომწონს, რომ საინფორმაციო ომში ვმარცხდებით. რუსულენოვანი მედია აგრესიას არ მალავს. საქართველოდან მხოლოდ ჩვენ და “აპსნი.გე” ვპასუხობთ, ანუ რუსულენოვან მოედანზე არ ვართ სათანადოდ. მასთან ვთანხმდებით, რომ მოგვეხმარებიან ინფორმაციების თარგმნაში - ორი თარჯიმანი მუშაობს და ვერ ავუდივართ. გეომეტრიული პროგრესიით იზრდება სატელეფონო ხარჯები, თანხებს კი, არავინ გვირიცხავს. თემო ამბობს, კიდევ რომ გართულდეს ვითარება, ფული იქნება საჭირო. ბანკებმა რომ არ იმუშაონ, საჭიროა ადგილზე გვქონდეს თანხა. გარკვეული რესურსის მობილიზებას ვახერხებთ.
ჩვენი ინიციატივით ვუკავშირდებით რამდენიმე უცხოურ გამოცემას და ვთხოვთ, რომ გამოუშვან კორესპონდენტები. ვპირდებით, რომ ყველა ხარჯს დავუფარავთ და სამუშაო პირობებსაც შევუქმნით. არანაირი კოორდინაცია საინფორმაციო პოლიტიკის საწარმოებლად. ხელისუფლებას მხოლოდ ტელევიზია აინტერესებს - გაცოფებული ვარ! ვყვირი, რომ “რუსთავი 2”-ს, “იმედს” და სხვა არხებს საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც ქართველი უყურებს, საჭიროა სხვა საინფორმაციო პოლიტიკა - ერთიანი, კოორდინირებული. ახლა კონკურენციის დრო არაა და არც ე.წ. ტოპ-ში ადგილის დამკვიდრება. ირგვლივ სრული სიყრუეა. რაღაც რომ არ მომწონს, გია გოგლიძეს ვურეკავ, შსს-ში და ვეჩხუბები. ერთხელაც არ მყავს ეს კაცი ნანახი. სულ “ბატონო გოჩათი” მელაპარაკება. თამუნა გვაზავას ვეკითხები: - გოგლიძე ჩემზე ბევრად უმცროსია, სულ “ბატონო, ბატონო”-ს რომ მეუბნება თუ მეკაიფება? თამუნა მპასუხობს, არა, ბატონო გოჩა, თავაზიანი ადამიანია. - ისევ ბატონო? დაიკარგე აქედან, - უაზროდ წამოვროშე და მივხვდი, რომ ნერვები წკიპზე მაქვს სამი ღამის უძილოს.
უცხოელი კოლეგები პირობას მისრულებენ - ოთხი გამოცემის რეპორტიორი ჩამოდის. ვხვდებით, სასტუმროში ვანთავსებთ, ვაკვალიანებთ, სხვა ორგანიზაციულ საკითხებსაც ვუგვარებთ და ვთანხმდებით, რომ დამოუკიდებლად იმოქმედებენ. საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი ტვინგადაბრუნებული „ტიპისთვის“ შესაძლოა, მათი ჩვენებთან ერთად გამოჩენა ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს.
ოთხივეს მობილური ტელეფონი გადავეცით აქაური ნომრით, დეპოზიტით და შევთანხმდით, რომ „ხაზზე ვართ“.
რედაქციაში სრული მობილიზაციაა, ყველა საკუთარ საქმეს აკეთებს. ყველაზე მეტად ეკას უწევს შრომა. „კორესპონდენტი“ ბასიშვილი ხაზზეა... ვითარება უკიდურესად მწვავეა.
7 აგვისტო
21:00 საათისთვის თემო შემოდის, უკან ეკა მოჰყვება. ერთი ტახტზე დაჯდა, მეორე - სავარძელში.
- ეკა, წადი სახლში, წავიდნენ სხვებიც.
- არა, ბატონო გოჩა, გეკადრებათ? (გამეღიმა, ისევ “ბატონო”)...
- მეკადრება, - ვუღიმი.
- არა, არ წავალთ, ვრჩებით ყველა.
- ეს ომია, - ვამბობ და თვალს ვარიდებ.
თემო იატაკზე ერთ ადგილს მიშტერებია. არ ვიცი, ასეთ დროს რა უნდა ვთქვა. სენაკში ვრეკავ. სიმშვიდეა. ომი მახსენდება - სენაკის დაბომბვა. მახსოვს, დაძინებულ თამუნას და ანის როგორ მივარბენინებდით უსაფრთხო ადგილას. ერთხელაც, ფეხი დამიცდა და წავიქეცი. ლოგიკურად, ზემოდან ბავშვს უნდა დავცემოდი. პირიქით მოხდა.
უცხოელებს ვურეკავ. ორი სასტუმროშია, ორიც - გორში.
დაიწყო!
ომი დაიწყო!..
მხოლოდ ჩვენ ვმუშაობთ, მხოლოდ ჩვენ. გადაწერილი საინფორმაციო ისტორია მხოლოდ უნამუსოებისთვისაა. 8 აგვისტოს, ომის დაწყების ღამეს, მხოლოდ ჩვენ ვმუშაობდით, ჩვენ და “აპსნი.გე”. ვმუშაობდით ერთად, უნისონში, როგორც ერთი ცოცხალი ორგანიზმი.
მაშინ ამაზე არ მიფიქრია, თუმცა 2 წლის შემდეგ ბასა ჯანიკაშვილმა ასეთი რამ დაწერა ჩვენზე: განსაკუთრებით მადლობელი ვარ თქვენს მიერ გამოჩენილი სიმტკიცისა და პროფესიონალიზმის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში. ეს ჩვენ დაგვეხმარა, უფრო სწრაფად და ობიექტურად მოგვეხდინა მოსახლეობის ინფორმირება”.
ვმუშაობთ თავაუღებლად. ასეთი შინაგანი მობილიზაცია არ ვიცი, საიდან ამ ბავშვებს.
„კორესპონდენტი“ ბასიშვილი ჩვენ გვეკითხება, თბილისში რა ხდება. მოვლენების ეპიცენტრშია. ადგილიდან ინფორმაცია არ გვაკლია. ეკა კივის, “ინტერფაქსი” და “რია ნოვოსტი” ჩვენს ინფოებსა და მის უარყოფაზე მუშაობენო. ჩვენც ომში ვართ - დედა უნდა ვუტიროთ.
8 აგვისტო
ომი.... ომი.... ომი....
ვმუშაობთ, ვმუშაობთ, ვმუშაობთ...
თემო მეუბნება: - დაიხოცნენ ბავშვები მშივრები, ყავაც დამთავრდა.
უი, ჭამა საერთოდ დამავიწყდა. ლეონიძეზე, “პოპულიში” ჩავრბივარ. ვყიდულობ რაღაცებს, ბევრ ყავას და ბევრ სიგარეტს. ვახერხებ ურიგოდ გასვლას. ყველა მიცნობს, სხვა თუ არაფერი, ყოველდღიური კლიენტი ვარ.
გორში ჩარჩენილ უცხოელებზე ვდარდობ. მოვითხოვ, რომ წამოვიდნენ. მეუბნებიან, რომ მანქანა გაფუჭდა. ვთხოვ, ვინმე გააჩერონ და დამალაპარაკონ.
- სამას ლარს გადამიხდი? - მეკითხება „ქართველი ტიპი“.
- თვითმფრინავით მოგყავს? - ვპასუხობ.
- არ გინდა და ნუ გინდა, ძმაო, მე კი არ მითხოვია რამე.
- კი, გადავიხდი, წამოიყვანე...
ერთ საათში ჩამოიყვანა. გადავუხადე. უცხოელები სასტუმროში ადიან და ოთხივე ერთად მუშაობს, ინფორმაციის დეფიციტი არ აქვთ, თუმცა მათ გაგზავნილ ნიუსებს ვერსად ვკითხულობ. გადავდივარ “ქორთიარდში”. ვეკითხები, რა ხდება, რატომ არ აშუქებენ. მხრებს იჩეჩავენ. ამბობენ, რომ აწვდიან. ვბრუნდები უკან და 15 წუთში “სკაიპ”-ში პირველ ბმულს მიგდებენ.
წავიდა!
9 აგვისტო
სენაკი დაიბომბა. გიჟს ვგავარ. ჩემები ყველა უვნებელია. ბომბი სასტუმრო “ეგრისთან” დავარდა, სულ რაღაც სამასი მეტრია ჩემი სახლიდან. სასტუმროში დევნილები ცხოვრობენ. არის მსხვერპლი. მსხვერპლია სენაკის სამხედრო ბაზაზეც.
მერამდენე ომი უნდა გამოიარონ ამ ბავშვებმა, მერამდენედ უნდა შეაფარონ თავი, მერამდენედ უნდა მოერიდონ ბომბებს? ნუცა ახლა სწორედ იმდენისაა, რამდენისაც იყვნენ მაშინ თამუნა და ანი.
სამსახურიდან არავინ ფეხს არ იცვლის.
უნდა წავიდე და წამოვიყვანო ბავშვები, რატომღაც მიმაჩნია, რომ აქ უსაფრთხოდ იქნებიან. ირაკლი ჩხაიძეს ვურეკავ, ჩემს მეგობარს და ვეუბნები, რომ მანქანა მომიყვანოს. მპასუხობს, რომ ბენზინის ჩამატება მომიწევს და მაფრთხილებს, გადავამოწმო, გორში გზა ღიაა თუ არა.
გორი დაკეტილია.
ვერ ვითმენ, თემოს ვეუბნები, რომ წავედი... ავტობანზე სიგარეტის ნამწვავი უნდა გადავაგდო, მინა ჩამოვწიე და სალონში საშინელი ხმა შემოვარდა. სპიდომეტრს შევხედე - 180 კმ/სთ. მივხვდი, რომ სისულელეს ვაკეთებ. ცენტრალურ მაგისტრალზე ხიდი დაკეტილია. ქალაქში უნდა შევიდე. ქალაქის ქუჩები სავსეა სამხედროებით. სამხედროები გორამდეც არაერთგან შემხვდნენ. ხელიდან ტელეფონს არ ვუშვებ. ბავშვები მაიასთან (ფირცხალავა) არიან. დედა სახლშია... თემო ყოველ 10 წუთში რეკავს. ბოლოს, ვუყვირე, რომ არ დამირეკოს - აშკარად ნერვებზე ვარ.
ქუთაისის შემდეგ, ერთი ავტომანქანაც არ შემხვედრია. სამტრედიასთან, აღმოსავლეთისკენ მიმავალი სამხედრო კოლონა მოძრაობს. სენაკში შევდივარ. ერთ წუთში ყველანი მანქანაში და ვბრუნდები უკან. ბავშვები აშკარად შეშინებულნი არიან, განსაკუთრებით, ანი. ნუცა ჯერ ვერაფერს ხვდება და მეტიტინება, ხმაური იყო მაგარი, გასკდა და გასკდა... თამუნა უფრო მხნედაა.
20:00 საათზე გორიდან გამოვედი და თბილისისკენ მომავალ ტრასას დავადექი. წინ, ხელმარცხნივ, თვითმფრინავს ვამჩნევ. ისვრის, არა ჩვენი მიმართულებით. ანი კივის, ვამშვიდებთ და ვეუბნებით, რომ რაღაც მოეჩვენა. არ სჯერა და ტირის. დედამისმა ჩაიკრა გულში. ავტობანზე ვარ. გზა გაჩახჩახებულია ლამპიონებით. გაოცებული ვარ - ომია და სტრატეგიულ გზას ანათებენ.
21:00 - უკვე ოფისში ვარ.
- მარიკა, მშია. ახლავეო მეუბნება და რედაქტორობას დიასახლობა შეთავსებული ძეხვისა და პურის ბურტერბროდს მაწვდის. ძეხვი? - ომია ბიჭო, რა გინდა ახლა ბაჟე და ღომო? - მეუბნება და იცინის. ისე მარიკას მხნეობამ და იუმორმა, ზოგჯერ კი ზვიადაძეებისთვის დამახასიათებელმა კახურობამ იმ დღეებში ბევრი რამ შეგვიმსუბუქა.
ყველა პოსტზეა. შინ არავინ მიდის.
ომი... ომი... ომი...
ვმუშაობთ, ვმუშაობთ, ვმუშაობთ...
10 აგვისტო
ერთი მეტად მნიშვნელოვანი ნიუანსი - ზოგიერთი თვალებმოფშვნეტილი და გამოძინებული ქართული საინფორმაციო სააგენტო ჩვენს წინააღმდეგ იწყებს მოქმედებას.
მაგალითი: “რუსთავი 2”, “იმედი”, “1 არხი” „ჯი-ეიჩ-ენ”-ზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ კოკოითმა ცხინვალი დატოვა. რუსული მედია წერს, რომ ზუსტდება კოკოითის ადგილსამყოფელი. უცხოური მედია წერს, რომ კოკოითი გაიქცა. ბასიშვილი რეკავს და გვეუბნება, რომ ამ ინფორმაციამ ქართულ ჯარში აამაღლა ბრძოლისუნარიანობა. კომენტარისთვის ვრეკავთ თემურ იაკობაშვილთან, რომელიც ჩვენი ინფორმაციის პოზიტიურობაზე აკეთებს აქცენტს. რედაქციაში ზარები არ წყდება... 2 საათში კი, ქართული მედიის ერთ-ერთი ფლაგმანი წერს: “კოკოითი არ გაქცეულა, ის ჯავაში იმყოფება”.
ვრეკავ და ვეკითხები: - მანდ კორესპონდენტი გყავთ? ნახა ვინმემ რომ ჯავაშია?
- წყაროზე დაყრდნობით ვწერთ, თქვენ რა განაღვლებთ? - ასეთია პასუხი.
- თქვენი დედაც... მანაღვლებს, - ვეუბნები და...
აზრი არ აქვს მათთან საუბარს.
მაშინ, ომის დაწყებამდე ორიოდე თვით ადრე, რაღაც სააგენტო შეიქმნა. აშკარად რუსულია. ლამის საცეცხლე წერტილები უკარნახოს მტერს ღია ეთერში. აღშფოთებას ვერ ვმალავ, მხარს მიბამენ ირაკლი მანაგაძე და ირაკლი ცქიტიშვილი. ვრეკავ შსს-ში, ისევ გია გოგლიძესთან და ვითხოვ, რომ ალაგმონ მათი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა. გია ამბობს, რომ ეს მათი უფლება არ არის. ვპასუხობ: ახლა წავალ, ვცემ მაგ ტიპს და მე რომ დამიჭერთ, ეგ ხომ იქნება თქვენი უფლებაც და ვალდებულებაც?
- რა ვქნა, ბატონო გოჩა?..
ვა, კიდე “ბატონო”, მომკლა ამის თავაზიანობამ.
ჰო, მერე, იმ სააგენტოს პატრიოტმა „ნაჩალნიკმა“ სამხრეთ ოსეთს სთხოვა თავშესაფარი და შემდეგ, რუსეთში გადაბარგდა.
უფლება... მოვალეობა... ვალდებულება...
11 აგვისტო
ვმუშაობთ, მუშაობენ უცხოელებიც... მადლობა მათ, გვეხმარებიან მაქსიმალურად.
შინ არავინ წასულა - გვიანობამდე რჩებიან, გვიან კი, მეშინია მათი გაშვება.
ოდესმე შევძლებ ამ ადამიანებს - ბავშვებს, ჩემს ჟურნალისტებს მადლობა გადავუხადო და დავუფასო ეს ამაგი ქვეყნის წინაშე?
შიგადაშიგ ეს აზრი წამომივლის.
ვითარება კი ისეთია, რომ ყელში მიჭერს და მახრჩობს.
12 აგვისტო
ისტორიისთვის ხუთდღიანი ომი დასრულდა.
თვალებს ვერ ვუსწორებ ბავშვებს...
სექტემბრის ბოლოს, იაპონიიდან მირეკავს “BTA”-ს გენერალური დირექტორი მაქსიმ მინჩევი. BSANNA-მ გვაღიარა - წევრად გვირჩევს. სოფიაში გასამგზავრებლად ერთი ევროც არ გვაქვს. ისევ მინჩევი რეკავს და ჩვენს ჩასვლას კატეგორიულად ითხოვს. კაცურად ვეუბნები, ამჯერად ვერ ჩამოვალთ, ფული არ გვაქვს. კაცურად მპასუხობს, ჩვენ ვიხდითო.
„მოგზაურთა კლუბის“ დირექტორი, ზურა ვარშალომიძე ბილეთებს ნისიად გვაძლევს. მივფრინავთ. ბულგარეთის პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები მიღებებს გვიწყობენ. თემო მეუბნება:
- დარეკე თბილისში, გაიგე, მიშამ სადმე ხომ არ დაგვნიშნაო.
რანგი და განსახილველი თემები ბევრად დიდი და მაღალია, ვიდრე - ჩვენი სტატუსი.
ქვეყნდება მედიამონიტორინგი - პირველები ვართ. პუბკილა ფეხზე დგას და ტაშს გვიკრავს. მე კი, ტაშს ვუკრავ მთავარ რედაქტორ თემოს, ოფიციალურად თეიმურაზ ჭუმბურიძეს და მისი სახით, „ჯი-ეიჩ-ენ”-ს. კენჭისყრა...
BSANNA-ს წევრობისთვის ხმა ITAR-TASS-მაც უნდა მოგცეს. იაკოვ ბოროვოი ხელს წევს. მილოცვები. ბოროვოი მოდის და მეუბნება
- Простите нас за все, ребята!
ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. ამას მორალური შემადგენელი აქვს.
2009 წლის ნოემბერი. ბულგარეთი, ველიკო ტერნოვო. BSANNA-ს თავმჯდომარე ქვეყნის და პრეზიდენტის არჩევა. კანდიდატები: რუსეთი - ITAR-TASS -ი, საქართველო - GHN. სულ 14 ქვეყანა. სარეიტინგო კენჭისყრა - 13:0 საქართველო-GHN-ის სასარგებლოდ. ITAR-TASS -ტექნიკურ (10 წუთი) შესვენებას ითხოვს. ზარი მოსკოვში. 30 წუთი, 40 წუთი, 50 წუთი. სხდომა განახლდა. ისევ სარეიტინგო კენჭისყრა - ისევ 13:0.
ბოროვოი სიტყვას ითხოვს:
- ჩვენ ვხსნით კანდიდატურას და ვულოცავთ ქართველ კოლეგებს გამარჯვებას.
კენჭისყრა მაინც უნდა ჩატარდეს - 14 ხმა ჩვენს სასარგებლოდ.
ემოცია? - ეგ ფოტო “ფეისბუქის” ავატარზე მიდევს წლებია. სიტყვებით იმ განცდებს ვერ გადმოვცემ.
ჩვენ 2008 წელს დაწყებული ომის ერთი ბრძოლა მოვიგეთ საქართველოსთვის.
ომი?..
თბილისში დავბრუნდით...
არსაიდან ხმა, არსით ძახილი.
ყრუ ხელისუფლება, ამჩემფეხება საზოგადოება და, რა თქმა უნდა, „კეთილისმსურველი“ კოლეგები.
6 წელი გავიდა...
ომი გრძელდება...
ჩვენთვის გრძელდება...
ვისაც არ გჯერათ, წარმატებულ „ტარხუნობას“, „წიწმატობას“ და, რა თქმა უნდა, „ჭაჭაობას“ გისურვებთ.
გოჩა მირცხულავა
2014 წლის 4 აგვისტო