საქართველოს ენერგეტიკული სისტემის უმსხვილესი გენერაციული ობიექტია ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეც 1,300 მეგავატს შეადგენს. ენგურის სისტემის ნაწილია ვარდნილჰესების კასკადიც 340 მეგავატის სიმძლავრით.
ენგურჰესის და ვარდნილჰესების მფლობელი საქართველოს სახელმწიფოა, აქედან ენგურჰესის კაშხალი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, ტურბინები და აგრეგატები კი არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, ხოლო ვარდნილჰესების კასკადი სრულად საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული. ორივე ამ სადგურიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ელექტროენერგიას სრულიად უსასყიდლოდ იღებს.
რაც შეეხება სხვა ელექტროსადგურებს, მათი უდიდესი ნაწილი კერძო საკუთრებაშია. ყველაზე მეტ - 15 სადგურს ეპ ჯორჯია გენერაცია ფლობს, რომელიც თავისმხრივ ჩეხური ენერგო პროს ჯგუფის შემადგენლობაშია. კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე ჩეხი ბიზნესმენი იარომირ თესარია. საქართველოში მოქმედი მსხვილი ენერგო ინვესტორების სიაშია “შუახევ ჰესის” მფლობელები Tata Group-ი და Clean Energy, ასევე ვარციხეჰესის მფლობელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი, “დარიალ ჰესის” მფლობელი იაპონური Tepco ჯგუფი და „ხრამჰესი I“ და „ხრამჰესი II“-ის მფლობელი რუსული Inter Rao.
საქართველოში მოქმედი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მფლობელები და ამ სადგურების გამომუშავება 2023 წლის 11 თვეში:
რაც შეეხებათ თბოსადგურებს, ქვეყანაში ყველაზე მსხვილი სადგურების - შპს „გარდაბნის თბოსადგური 1“ და შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ის ოპერატორი საქართველოს სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კორპორაციაა (GOGC). გარდაბანი 1-მა 2023 წლის 11 თვეში 906 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, გარდაბანი 2-მა კი 1.2 მილიარდი კილოვატ საათი ენერგია. თბოსადგურ “მტკვარი ენერჯის” გამომუშავება 566 მილიონი კილოვატ საათი იყო, ამ ობიექტის მფლობელია “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი”.
„ქართლის ქარის ელექტროსადგური“ სააქციო საზოგადოება „ჯორჯია გლობალ იუთილითიზის“ საკუთრებაა, რომლის საბოლოო მფლობელი სს „ჯორჯია კაპიტალია“.