საქართველოში შაბლონები, სტერეოტიპები და მითები ძალიან უყვართ - ხშირ შემთხვევაში რაიმე საკითხზე აკვიატებული აზრი წლების მანძილზე დომინირებს საზოგადოებრივ აზრში და მას ყველა დაუფიქრებლად იმეორებს.
ეს მითები უკვე იმდენად ღრმადაა გამჯდარი ეროვნულ ფსიქოლოგიაში, რომ არავინ არც კითხულობს - არის კი ამაში საღი აზრის მარცვალი?
ერთ-ერთი ასეთი მტკიცე და შეუვალი მითია - „მცირე და საშუალო ბიზნესი გადაარჩენს საქართველოს". ეს აზრი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად დაიბადა და აქაური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი გახდა.
ყველა პოლიტიკოსი - ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში მუდმივად ღაღადებს - „ჩვენი მთავარი მიზანია - მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა!!".
ყველა ეკონომისტი თუ ექსპერტი ერთხმად აცხადებს - „საქართველოს ეკონომიკის საწინდარია - მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება!!".
სახელმწიფო ქმნის პროგრამებს, რომელთა მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ამ დარგებში იდება დიდი თანხები როგორც ბიუჯეტიდან, ასევე უცხოური ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი დახმარებიდან.
დეპუტატები და მთავრობები ათასნაირ საგადასახადო თუ სხვა შეღავათებს აწესებენ - ოღონდ მცირე და საშუალო ბიზნესი ამუშავდეს და ბოლოს და ბოლოს გადაარჩინოს საქართველოს ეკონომიკა.
თუმცა, საქმე წინ არ მიდის - მცირე-საშუალი ბიზნესი ერთ ადგილზე გაიყინა,და არც მთლიანად ეკონომიკას ეშველა. ის დროა დავფიქრდეთ - რატომ? რაშია საქმე? იქნებ ეს აზრი, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის მხსნელია - მთლად სწორი არ არის?
ამ მითს საფუძვლად უდევს ქართული ეროვნული ცნობიერება, რომელიც არსში ორღობე - სოფლურია. ქართველებისთვის აზროვნების მასშტაბურობა დამახასიათებელი არაა - ისევე, როგორც ნებისმიერი ჩამორჩენილი, პროვინციული ერისთვის.
აქ - ყველაფერი წვრილფეხა-ორღობეა - პოლიტიკაც, ეკონომიკაც, კულტურაც. მასშტაბურობა, ათწლეულებზე გათვლილი სტრატეგიული აზროვნება, მომავლის შეცვლის და მუდმივი ექსპერიმენტების სურვილი - ეს ყველაფერო ქართული არაა.
ვერ მოსთხოვ მასშტაბურ აზროვნებას ერს, რომელიც 30 საუკუნე ზღვასთან ცხოვრობს, მაგრამ არც ერთი ნავი არ აუშენებია.
ქართველი - არა სტრატეგი და სამყაროს შემცვლელია, არამედ წვრილი ვაჭარი - რამეს შემოვიტან, გავყიდი, ვიყიდი „მერსედესს", ნახევარ თანხას წავაგებ ტოტალიზატორში.. მეწვრილმანეობას მიჩვეული ქართველისთვის იდეალური ეკონომიკაა - ბენზინის გაყიდვა ქილებში, ან „სნიკერსის" შემოტანა ჩემოდანით და ქუჩაში მისი გაყიდვა. ყველანაირი გამსხვილება, ცენტრალიზება და ბაზრის კონცენტრაცია აღიქმება როგორც მონოპოლია...
მითებს მცირე და საშუალო ბიზნესის შესახებ ასევე ასაზრდოებს ევროპული მაგალითიც - „ევროპაში ეკონომიკის 80% - მცირე და საშუალო ბიზნესია" - ამბობენ ქართველები, რომლებიც, როგორც წესი, ზედაპირული შეფასებებით შემოიფარგლებიან და საქმის არსში ჩახედვას არც კი ცდილობენ.
მაშ არის თუ არა მართლაც მცირე და საშუალო ბიზნესი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა?
პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი არ შემოიფარგლება საცხობით, რესტორნით, ან მაღაზიით, როგორც ეს ჩვენთან წარმოუდგენიათ - ეს შესაძლებელია იყოს სრულფასოვანი, მაღალტექნოლოგიური საწარმოები, სადაც 100-150 ადამიანი მუშაობს...
ქართული საზომებით - საკმაოდ მსხვილი ბიზნესი, რომელსაც ათობით მილიონი დოლარის ინვესტიცია, ძლიერი მენეჯმენტი და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები სჭირდება - ანუ, ყველაფერი ის, რაც ჩვენთან დეფიციტშია.
მეორეც - განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის უმრავლესობა მართლაც მცირე და საშუალო ბიზნესში მუშაობს, მაგრამ ნებისმიერი ძლიერი ქვეყნის ეკონომიკის საფუძველია მსხვილი ბიზნესი.
ავიღოთ, მაგალითად, მშვენიერი გერმანული ქალაქი მიუნხენი, სადაც ქართველი ხალხისთვის ესოდენ საყვარელი „ბმვ"-ს შტაბ-ბინა და მსხვილი ქარხანა მდებარეობს. მიუნხენის მოსახლეობის 70% შესაძლოა მართლაც მუშაობდეს ათასობით საშუალო და წვრილ საწარმოში - რომელიც „ბმვ"-სთვის, მაგალითად, უსაფრთხოების ღვედებს ამზადებს.
ან „ბმვ"-სთვის უკანა ხედის სარკეებს აწარმოებს. ან სამუხრუჭე ხუნდებს. ან უმნიშვნელო პლასტმასის დეტალებს.
ფორმალურად, ყველა ეს მცირე და საშუალო კომპანია - სრულიად დამოუკიდებელია და 70%-ანი დასაქმების სტატისტიკას ქმნის. სინამდვილეში კი, ხვალ „ბმვ-ს" ქარხანა რომ დაიხუროს - ამ მცირე-საშუალო ბიზნესის დიდი ნაწილი წამში გაკოტრდება.
ასევე ცუდ დღეში ჩავარდებიან სამშენებლო კომპანიები, რომლებიც სახლებს აშენებენ „ბმვ"-ს და მასთან დაკავშირებული კომპანიების თანამშრომლებისთვის. რესტორნები, რომლებიც გათვლილია „ბმვ"-ს და მასთან დაკავშირებული კომპანიების თანამშრომლებისთვის, სკოლები, რომლებშიც მათი შვილები დადიან, საავადმყოფოები, რომლებიც მათ ემსახურებიან, და ა.შ.
ამას ჰქვია „მულტიპლიკატიური ეფექტი", რომლის შესახებაც, როგორც ჩანს, საქართველოში არც პოლიტიკოსებს არც ეკონომისტებს არაფერი სმენიათ - ერთი მსხვილი საწარმო ქმნის ათასობით დამატებით სამუშაო ადგილს მომიჯნავე დარგებში და სწორედ ეს სამუშაო ადგილებია - ის ნაქები 70% საშუალო-მცირე ბიზნესში.
ეს მაგალითად, ასევე ეხება ენერგეტიკას - ვარლამისებრების ერთ-ერთი ლოზუნგია „ვაშენოთ მცირე ჰესები"... რა თქმა უნდა ვაშენოთ მცირე ჰესები, გავყიდოთ ბენზინი ქილებით, და ჩამოვიტანოთ „სნიკერსი" ჩემოდნებით...ეს ხომ ისეთი ქართულია... სინამდვილეში ეს ისეთივე მითია, როგორც ყველაფერი დანარჩენი.
ავაშენოთ 20 მცირე ჰესი 1 დიდის ნაცვლად - დიახ, ააშენეთ, და თქვენ მიიღებთ 20 ცალკე გადამცემ ხაზს, 20 ცალკე ქვესადგურების, მიწოდების 20 განსხვავებულ განრიგს და პერიოდულობას, მოკლედ 20 სრულიად ცალკე და ერთმანეთისგან იზოლირებულ ინფრასტრუქტურას.
შედეგად - მიიღებთ ისეთ ძვირ ელექტროენერგიას, რომელსაც ვერავინ იყიდის.
თურქული პომიდორი რატომაა ქართულზე იაფი? არ გაგჩენიათ კითხვა - რატომაა ქართველი გლეხის მთავარი ნარატივი 30 წლის მანძილზე ერთი და იგივე სიტყვები - „წარმოება ძვირი გვიჯდება"? სწორედ ამიტომ - თურქეთში სოფლის მეურნეობის საფუძველია დიდი ფერმები და სადაც მაღალი ბრუნვაა, პროდუქტის თვითღირებულება და შესაბამისად, ფასი - ნაკლებია.
რაც სწორია პომიდვრისთვის - ის ასევე სწორია ელექტროენერგიისთვის - დიდი მოცულობები დაბალ თვითღირებულებას ნიშნავს - ეკონომიკის ანბანი, რომელიც საქართველომ 30 წელზეა მეტია ვერ გაიგო.
დღეს საქართველოს განვითარებისთვის მსხვილი ბიზნესი სჭირდება - გიგანტური ფერმები, საწარმოები, სადაც ათასობით ადამიანი მუშაობს, გიგანტური ჰესები, რომლებიც ნახევარ ქვეყანას ელექტროენერგიით ამარაგებენ.
ვერანაირი მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყანას ორმოდან ვერ გამოიყვანს - ეს შეუძლია მხოლოდ მსხვილ ბიზნესს, რომელიც სხვებთან ერთად მცირე და საშუალო ბიზნესსაც ამოქაჩავს. ამიტომ - რჩევა ყველა პოლიტიკოსს და ეკონომისტს - შეეშვით ტილაობას.
გსურთ მოსახლეობის 70% მართლად მცირე და საშუალო ბიზნესში მუშაობდეს? მაშინ განავითარეთ მსხვილი ბიზნესი.
ავტორი: თენგიზ აბლოთია