ყველა ქართველ რუსეთუმეს ვურჩევ - კარგად და ყურადღებით უყურეთ თქვენი სათაყვანებელი პუტინის ინტერვიუს ამერიკელ ტრამპისტ ტაკერ კარლსონთან. არაფერი არ გამოტოვოთ, დაუკვირდით დეტალებს და მიხვდებით ყველაფერს - კერძოდ იმას, თუ რატომ დაიწყო ომი უკრაინაში.
წესით, ეს კითხვა - რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში? - საერთოდ არ უნდა დაისვას - უკრაინა არ უქმნიდა რუსეთს სამხედრო, ეკონომიკურ, ტერორისტულ ან კიდევ რაიმე სახის საფრთხეს, მას არავინ არ იღებდა ნატოში, ასეც რომ არ იყოს, ნატო არ წარმოადგენს არანაირ სამხედრო საფრთხეს რუსეთისთვის.
ყველა მისი აღმოსავლეთ ევროპელი მეზობელი და ასევე თურქეთი, ალიანსის წევრია, და დღეს ნატო ძირითადად არის პრესტიჟული კლუბი, რომელიც თავის წევრებს ბევრ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ უპირატესობას ანიჭებს. სამხედრო კომპონენტი კი მეორე პლანზეა, რაც შოკისმომგვრელად აშკარა გახდა სწორედ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ.
ადამიანს ელემენტარული ღირსებსა რომ ჰქონდეს ის ისედაც არ იტყვის „ნატოში შედიოდა უკრაინა, აბა რა უნდა ექნა რუსეთს?“ - თავად საკითხის ასე დაყენება უკვე არის მონური ფსიქოლოგიის გამოვლინება.
სად ქართველი რუსეთუმე და სად ღირსება? ამაზე საუბარი არც ღირს. თუმცა, საკუთარ თავს ძალა დაატანეთ, და მოუსმინეთ პუტინის საუბარს ტაკერ კარლსონთან - ბევრ საინტერესოს გაიგებთ.
თავად ამერიკელი ჟურნალისტი აშკარად ელოდა კონკრეტულ პასუხებს კითხვაზე - რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში? ის, ისევე, როგორც ყველა ევროპელი და ამერიკელი ულტრამემარჯვენე, ისევე, როგორც ყველა ქართველი რუსეთუმე- მამაპაპური, ელოდა კონკრეტულ მიზეზებს.
ეს მიზეზები იქნებოდა თითიდან ამოწოვილი, მაგრამ კონკრეტული. ეს მათთვის საკმარისი იქნებოდა - ისინი იმღერებდნენ თავიანთ ტრადიციულ სიმღერას - „რუსეთს აწყენინეს“, „დასავლეთი არ ითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს“, „ბოლოს და ბოლოს მოუსმინეთ მოსკოვს და შეწყვიტეთ მისი პოზიციის იგნორირება“.
პუტინის ყველა ვითომ პრაგმატული მიზეზი, რომელიც მას მოჰყავს ომის „გასაპრავებლად“ - სინამდვილეში გამოგონილია და მისგან არანაირად არ გამომდინარეობდა ომის გარდაუვალობა. თუმცა, მათში არსებობს გარკვეული ლოგიკა - ავადმყოფური, გაუკუღმართებული, მაგრამ მაინც ლოგიკა.
მაგრამ მოხდა ის, რასაც ამერიკელი ჟურნალისტი არანაირად არ ელოდა - კითხვაზე „უკრაინაში რატომ შეიჭერით? – პირველი პასუხი იყო არა გოდება ნატოზე, როგორც ეს უყვართ უთავმოყვარეო ქართველ მამაპაპურებს, არამედ ვრცელი, ნახევარსაათიანი ლექცია ისტორიაზე.
დასაწყისში კარსლონი დაიბნა კიდეც - როგორც ის თავად წერს, მან იფიქრა, რომ პუტინი ამ ისტორიული ექსკურსით ცდილობს გაექცეს რეალურ პასუხს. თუმცა, ლექციის 30-ე წუთზე ის მიხვდა იმას, რასაც აქამდე 2 წლის წლის მანძილზე მიხვდა ყველა - ევროპელი მემარჯვენეების, ამერიკელ ტრამპისტების და ქართველი მამაპაპურებს გარდა.
ეს არ იყო პასუხისგან გაქცევა - ეს იყო სწორედაც პასუხი. უკრაინაში ომი დაიწყო არა ნატოს ან კიდეც რაიმე სხვა გამოგონილი და ხელოვნური მიზეზის გამო, არამედ იმიტომ, რომ პუტინი არ თვლის უკრაინას ქვეყნად, ხოლო უკრაინელებს ერად. მან ეს განაცხადა თითქმის ღიად, რითაც მისი პოტენციური მოკავშირე ტაკერ კარლსონიც კი გააოცა.
დიახ, ქართველო რუსეთუმეებო. ნატო არაფერ შუაშია. ევროკავშირი მით უმეტეს. უკრაინაში დღეში ასობით ადამიანი იღუპება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პუტინს სურს უკრაინელი ხალხის რუსებად გადაკეთება.
ამას მიხვდა შორიდან ჩამოსული ამერიკელი ჟურნალისტიც კი.
ავტორი: თენგიზ აბლოთია