გინახავთ, მტრის დამარცხება და გამარჯვებას როგორ ხვდებიან? აქამდე მეც არ მქონდა ნანახი, მაგრამ ვნახე.... ანტიჰესელებმა "ენკაზე" გამარჯვების აღსანიშნავად „საზეიმო მიღება" მოაწყვეს. ობიექტურობისთის უნდა ითქვას, რომ ამ შეხვედრას ოფიციალურად „საზეიმო მიღება" კი არა, ნამახვანჰესის ექვსთვიანი მედიაციის შეჯაება ერქვა. შესაბამისად, დამსწრეთა უმეტესობა ანტიჰესელი იყო, აქედან ზოგი „მწვანე" გახლდათ და ზოგიც - მწვანე ექსპერტი, ან იურისტი. შეხვედრის პათოსი თავიდანვე იგრძნობოდა - დამსწრე საზოგადოების უმეტესობა გამარჯვებას, ანუ იმას ზეიმობდა, რომ „ენკამ" სახელმწიფოსთან ხელშეკრულება გაწყვიტა. ამასთან, მედიაციის ექვსთვიან შეჯამებაზე ისიც ნათლად გამოჩნდა, რომ გარემოსდამცველები თუ სხვა ჯურის „ენჯეოშნიკები" ან, სულაც, პატრიოტიზმით შენიღბული ახალგაზრდა ვაჟები და ქალები დედას მხოლოდ „ენკას" კი არ უტირებენ, არამედ, ქვეყნიდან სხვა ინვესტორებსაც გააქცევენ.
ერთი სიტყვით, სრულიად ქვეყნის „მწვანეები" იმ დღეს ძალიან სერიოზული სახეებით მსჯელობდნენ, თუ როგორი კარგია, რომ ჰეს(ებ)ი არ აშენდება და თუ დარბაზიდან ვინმე საწინააღმდეგო მოსაზრებას გამოთქვამდა, თავს ესმოხდნენ და კანონს იშველიებდნენ. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმისას, დარბაზში მყოფმა ქალბატონმა „მომხსენებლებს" უთხრა, კანონის მოშველიება ზოგადია, აბა, მუხლი დამიკონკრეტეთო. ამაზე 25 წლამდე დიაცი, რომელიც მედიაციაში ისე ყოფილა ჩართული, როგორც იურისტი, სერიოზულად გაცეცხლდა, რას ჰქვია მუხლი, „ენკასთან" ხელშკერულება არაკანონიერადაა შედგენილი და მორჩაო.
ერთი სიტყვით, უცხო თავლს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნებოდა, რომ „მწავნეები" რაღაცებს ჰაერზე ისვრიან და მერე, „ბრალდებულმა", ანუ ამ შემთხვევაში, ინვესტორმა, თავში ქვაც იხალოს და თავი იმართლოს.
სხვათა შორის, სწორედ ეს ნარატივი გაატარა ე.წ. ბლიც-ინტერვიუში ნინო ჩხობაძემ, რომელსაც შეხვედრის დაწყებამდე ვკითხეთ, ნამახვანჰესზე მოდელირება გააკეთეს თუ არა. არა, ჩვენ ეჭვებს გამოვთქვამდით და მოდელირება თავდ კომპანიას უნდა გაკეთებინაო, - გვიპასუხა ქალბატონმა ჩხობაძემ.
- ქალბატონო ნინო, „ენკამ" საქართველო დატოვა და „ნამახვანჰესის" მშენებლობაც გაჩერებულია. ამხელა პროტესტი იმად ღირდა, რომ სახელმწიფოს სერიოზული ჯარიმები დაეკისროს?
- მოდით, ასე ვთქვათ: ჯერ კიდევ საკითხავია, სახელმწიფოს ჯარიმა დაეკისრება თუ არა.
- საკითხავი რატომაა?
- იმის გამო, რაც „ენკამ" გააკეთა, უკვე მეორედაა სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული, რომ საჯარიმო სანქციაზე გაუშვას, ანუ ზიანი მიყენებულია. ვცდილობ, მქონდეს აქტი, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გააკეთა. ეს აქტი ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის, თუმცა ვიცი, რომ პირველადი აქტებით საკმაოდ დიდი საჯარიმო სანქციები იყო დაწესებული. ზიანი კი ცალკე დასათვლელია.
- მაგრამ ახლა რასაც ამბობთ ვარაუდია. ვიდრე დოკუმენტი ხელში არ გიკავიათ.
- მშენებლობის ნებართვა სრული არ ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტროს მშენებლობის ნებართვის სისტემურ გაცემასთან დაკავშირებით ვედავებოდით. თავიდანვე იყო ნათქვამი, რომ ნებართვა მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებზე იქნებოდა, მაგრამ პირველი რიგის სამუშაოები დაიწყეს, რაც წესით, არ შეიძლებოდა.
- ერთი სიტყვით, ქალბატონო ნინო, დარწმუნებული ხართ, რომ „ენკას" გასვლით სახელმწიფო წაგებული არ დარჩება?
- თუ მოლაპარაკებას სწორად აწარმოებს, ვფქირობ, რომ სახელმწიფო წაგებული არ უნდა დარჩეს.
- სხვათა შორის, ნამახვანის მოწინააღმდეგეები მუდმივად ამბობდნენ, ჰესი რომ აშენდეს, ტალღები ქუთაისსაც წალეკავსო. ქალბატონო ნინო, ყველაფერ ამის მოდელირება გაკეთებული გაქვთ თუ, როგორც იტყვიან, თეორიულად მსჯელობდით?
- როცა ასეთ რამეს ვამბობდით, გარემოს ზემოქმდების შეფასების 2010 წლის ანგარიშს ვეყრდნობდოთ. მართალია, ამ ანგარშში სამ კასკადზე იყო საუბარი, ნამახვანის შემთხვევაში კი ორი იყო, მაგრამ მოდელირება ერთ-ერთმა პოლონურმა კომპანიამ გააკეთა.
- პოლონურმა კომპანიამ მოდელირება უშუალოდ ნამახვანჰესზე გააკეთა. და რომელი კომპანიაა შეგიძლით მითხრათ?
- დიახ, ნამახვანზე გააკეთა. სხვათა შორის, 30-მეტრიანი ტალღა არასოდეს მითქვამს.
- შეიძლება, თქვენ არ გითქვამთ, მაგრამ სხვა გარემოსდამცველები მუდამ 30-მეტრიანი ტალღებით აპელირებდნენ.
- მე არ მითქვას, ზოგადად ლაპარაკობენ, მაგრამ იმ ანგარიშში, სადაც თაღოვან კაშხალზეა საუბარი, წერია, თუ კაშხალი გაირღვა, ნახევარ საათში ქუთაისს ოთხმეტრიანი ტალღა დაფარავსო.
- გასაგებია, მაგრამ 2010 წლის მერე 11 წელი გავიდა და ახალი მოდელირება საჭირო არ იყო?
- ერთი წუთით... მოდელირება, რომელიც კომპანიამ წარმოადგინა, გათვალისწინებული მხოლოდ დერჩის მეწყერზეა, როცა დერჩის მეწყერი პირდაირ, ასე ვთქვათ, დაგუბებულ წყალში ჩავარდება. ვიკითხეთ, მხოლოდ დერჩის მეწყერი რატომ არის გათვალისწინებული, როცა კაშხალთან უფრო ახლოს გომის მეწყერია და მას რა მოუვაო?
- ესე იგი, მოდელირება უშუალოდ თქვენ, ვინც ნამახვანის მშენებლობას ეწინააღმდეგებით, არ გაგიკეთებიათ, არა?
- ვერ გავაკეთებდით.
- რატომ?
- ვერ გავაკეთებდით, რადგან ეს ჩვენი საქმე არ არის. მოდელირება კომპანიამ უნდა წარმოადგინოს და რისკის დათვლაც მისი ვალდებულებაა, თუმცა გარემოს დაცვის გადაწყვეტილების დროს, რისკების ანგარიში წარმოდგენილი არ იყო. მერე წარმოადგინეს, თუმცა ნაკლოვანებებით არის სავსე. როგორც გითხარით, მხოლოდ დერჩის ეწყერია მოყვანილი.
ჩვენ ვეჭვობთ, რომ თუ ორივე მეწყერი ერთდროულად დაიძრა, მაშინ ვაიომეტი განმეორდება!
- ეს მხოლოდ ეჭვია, არა?
- არა.
- აბა?
- ეს კომპანიამ უნდა დამიმტკიცოს.
- ანუ, მე შემიძლია, ეჭვებით ვისაუბრო და კომპანიამ თავი უნდა იმართლოს?
- დიახ, თავი იმან უნდა იმართლოს.
- რატომ?
- გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა ასეთია...
- ერთ უხერხულ კითხვას დაგისვამთ: სხვადასხვა წყაროებიდან საზოგადოებისთვის ბუკვე დადასტურებულად ცნობილია და ეს არავის უარტყვია, ვარლამ გოლეთიანის მამა ნამახვანის წინააღმდეგ ხალხის დარზმვას ჯერ კიდევ მაშინ ცდილობდა, ვიდრე „ენკასთან" სახელმწიფო ხელშეკრულებას გააფორმებს. იგი იმ პერიოდში რიონის ხეობის გადარჩენსარჩებად მოძრაობის ორ სავარაუდო სახელსაც ასახელებს. ქალბატონო ნინო, როცა „ენკასთან" ხელშეკრულება არ იყო გაფორმებული, ზემოხსენებული მოძრაობა, თქვენი აზრით, რატომ დაიწყო და საერთოდ, ამ კუთხით ეკლესია რატომ გააქტიურდა?
- რატომ გგონიათ, რომ გაფორმებული არ არის?
- კი არ მგონია, ფაქტია, რომ იმ დროს, როცა სუს-ის ფაილების თანახმად, ვარლამ გოლეთიანის მამა რიონის ხეობის გადარჩენას იწყებს, „ენკასთან" ხელშეკრულება არაა გაფორებული.
- არა, სტოპ!
- რატომ?
- ეს „ენკასთან" არ იყო ხელშეკრულება, თორემ ნამახვანის მშენებლობის პროცესი 70-იან წლებშია დაწყებული.
- ესე იგი, მშენებლობა მაშინაც მიდიოდა, როცა გარემოს დაცვის მინისტრი იყავით?
- მაშინ არ იყო.
- ამბობთ, 70-იან წლებში დაიწყოო და თქვენ ხომ მინისტრი 90-იან წლებში იყავით?
- დიახ, მაგრამ მაშინ დაკონსერვებული იყო, პროცესი 2010-ში განახლდა და ქუთასიში განხილვაზეც ვიყავი.
- ეს გავიგე, მაგრამ ვარლამ გოლეთიანის მამას საიდან უნდა სცოდნოდა, რომ „ენკასთან" გაფორმდებოდა ხელშეკრულება?
- არ ვიცი, სასულერო პირები როგორ არიან, მაგრამ ადგილობრივები ჩართულები რომ იყვნენ, ეს ვიცი.
როცა ხელშეკრულება „ფინ ენერჯისთან" გაფორმდა, შეხვედრა სასულიერო პირებთან ერთად გაიმართა და მეუფემ საკუთარ თავზე იკისრა, მოდერაციას გავაკეთებო.
- რომელმა მეუფემ?
- სტეფანემ.
- რომელთანაც თქვენ სისტემატრიიური კომუნიკაცია გქონდათ. ისე, მოსახლეობის ნაწილი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგი თავიდანვე არ იყო და მიწების სანაცვლოდ ინვესტორისგან ფულიც აიღო.
- ეს სხვა პროცესია და ერთმანეთში ნუ ურევთ.
- სხვა პროცესი რატომაა?
- მოსახლეობამ ნაკვეთები ჩვეულებრივ გაყიდა და ეს კომპენსაციაც კი არ იყო.
- ხალხმა იცოდა, ნაკვეთები ვისაც მიჰყიდა, არა?
- კი, იცოდა და მერე, რა პრობლემაა?
- პრობლემა რატომ არაა? რა, ხალხი უცებ მიხვდა, რომ ჰესის აშენებას შესაძლოა, ოთხი თუ 30-მეტრიანი ტალღები გამოეწვია?
- არა... უკაცრავად...
ნინო ჩხობაძემ საუბარი იმ მოტივით აღარ გააგრძელა, რომ შეხვედრის მედიატორმა „ტრიბუნასთან" იხმო.
***
ლამის ორსაათიან შეკრებაზე, როგორც აღვნიშნეთ, მწვანეებმა და მათთან გათანაბრებულმა იურისტებმა ბევრი იმსჯელეს და თავიც იქეს, თუ რა კარგები არიან, რომ „ენკას" კუდით ქვა ასროლინეს. ახლა, ღიად არ უთქვამთ, რომ სიბნელე კარგია, მაგრამ მთელი ამ მედიაციის შეჯამების ფარული აზრი სწორედ ეს გახლდათ.
გამომსვლელების შემდეგ, დღის წესრიგით როგორც იყო გათვალისწინებული, დისკუსია დაიწყო, რაც იმას ნიშავდა, რომ დარბაზს კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცა. ამ შემთხვევით ვისარგებლე და ორი, ჩემი აზრით, ძალიან მარტივი კითხვა კონკრეტულად ნინო ჩხობაძეს დავუსვი:
- ქალბატონო ნინო, წეღან თქვით, რომ ენერგეტიკის პოლიტიკაა შესაცვლელი. მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაინტერსებს: როგორც ვიცი, საერთო ჯამში, 84 ჰესის მშენებლობაა შეჩერებული. თქვენ, გარემოს დამცველები, ყველა ჰესის წინააღმდეგ გამოდიხართ? აქვე, ერთსაც ვიკითახავ: ენერგოობიექტების ნაციონალიზაციაზე რას ფიქრობთ?
- ძალიან დიდი მადლობა კითხვისთვის. ენერგოსტრატეგიას იმიტომ ვიხილავთ, რომ ყველაფერი გახსნილი იყოს და ყველა წითელი ხაზი გავლებული. როცა საუუზო მართვის გეგმებზე ვსაუბრობ, ამით ზუსტად გვეცოდინება, ჰესი სად და როგორ უნდა ავაშენოთ. ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა მცირე ჰესმაც კი მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. ამიტომ, ყველაფერი ეს შეფასებული უნდა იყოს. დიდი სიამოვნებით მივმართავ ბატონ გიორგი ჩიქოვანს, ხომ არ გავაკეთოთ ერთი შეფასება, თუ რატომ გვაქვს პრობლემები ჰიდროენერგეტიკასთან მიმართებაში. მე, როგორც გარემოსდამცველმა და ადამიანმა, რომელიც იყო ხელისუფლებაში, შემიძლია, პირდაპირ ვთქვა: პრობლემა მხოლოდ გარემოსდაცვაში კი არა, ენერგეტიკოსებშიცაა. ამიტომ, მოდით, რა, ერთად შევაფასოთ, რატომ და სად გვაქვს პრობლემები. პრობლემა, პირველ რიგში, იმაშია, რომ რესურსი ბოლომდე შესწავლილი არაა. სააუზო მართვას როცა ვითხოვთ, პირველ რიგში, ეძლევა სასმელი წყალი, მერე - სარწყავი და მერე - რაც დარჩებოდა. მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალი საერთოდ არ შეგვისწავლია. 2020-ში ჩამოდინებაც კი ნაკლები იყო და იმას ვამბობ, რაც რეალური სურათია და თუ შეტყობინებებს ნახავთ, ყველგან წერია, რომ რესურსი გვაკლდება - წყალი აღარ გვექნება. თუ გნებავთ, პრემიერის სიტყვებს მოვიშველიებ, 40 პროცენტითაა შემცირებული მარაგი.
- ესე იგი, 84-ვე ჰესის წინააღმდეგი ხართ?
- არც ერთი ჰესის წინააღმდეგი არ ვარ. პირიქით, ვამბობ, სად და როგორ.
რაც შეეხება ენერგოობიექტების ნაციონალიზაციას, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ.
***
ასე და ამგვარად, იმის მტკიცება, რომ ინვესტორთან ხელშკერულებაში ხარვეზები არ არსებობდა, რა თქმა უნდა, ხელაღებით არ შეიძლება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მწვანეები და მათთან გათანაბრებულები ჭიანჭველისგან სპილოს ქმნიან. აკი, თავად ქალბატონმა ჩხობაძემაც აღიარა, ჩვენ ეჭვებს გამოვთქვამთ და კომპანიამ თავი როგორც უნდა, ისე იმართლოსო. ქალბატონი ჩხობაძის ეს განცხადება „ფაზლს" კრავს, ანუ მწვანეები და მათთან გათანაბრებულები იგივე ნამახვანჰესზე ჭორებით და ვარაუდებით საუბრობდნენ. დიახ, იმასაც ვარაუდით, ანუ 11 წლის წინ გაკეთებული მოდელირებით ამბობდნენ, რომელსაც ვერაფრით მივაკვლიე, აი, ოთხი თუ 30-მეტრიანი ტალღები ქუთაისს წალეკავსო, მაგრამ ახლა, როცა კონკრეტული კითხვა დაისვა, მოდელირება თუ გაქვთ გაკეთებული, ჩხობაძემ, არა, მოდელირება ჩვენი საქმე არ არისო.
აბა, საინტერესოა, რა არის მწვანეების საქმე - ჭორები, ბოროტი ხმების გავრცელება? თუ ასეა, მაშინ კიდევ უფრო ბევრი კითხვა ჩნდება - საიდან იღებს ეს ჭორები სათავეს? შემთხვევით, ჩრდილოეთიდან ხომ არა? ამ კითხვაზე დადებითი პასუხი სავსებით დასაშვებია, რადგან ჩრდილოეთი, ესე იგი, რუსეთი სამეზობლოდან ის ყველაზე დიდი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოს ენერგოდამოუკდებლობა არ უნდა, რადგან იცის, რომ ჭრაქით განათებულ ქვეყანას უკეთესად დაიმონებს!
ავტორი: ვანო პავლიაშვილი