ბოლო წლებში საქართველოში გამძაფრდა დებატები ეროვნული იდენტურობის თაობაზე - 30 წელმა სულ ტყუილად ჩაიარა და დღეს, 21-ე საუკუნეში ჩვენ ისევ გვესმის ზუსტად იგივე ტექსტები, რაც გვესმოდა 1980-1990-ან წლებში - „ქართველობას გვართმევენ", „ანტიმართლმადიდებლური ძალები გვიტევენ" და ა.შ.
საოცარია, მაგრამ ტოტალური მარცხი ყველა მიმართულებით - ომით დაწყებული ეკონომიკის შენებით დასრულებული - რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ განიცადა საბჭოურ-მამაპაპურმა მენტალიტეტმა, არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ეს თემა სამუდამოდ დახურულ იყო.
გასაკვირი ისაა, რომ ეს თემები 90-ანი წლების მეორე ნახევარში თითქმის გაქრა - „ქართველობის წართმევაზე" თითქმის არავინ ლაპარაკობდა, შეშლილთა მცირერიცხოვანი ჯგუფის გარდა - მაგალითად, ისეთი „მოღვაწეები", როგორც გურამ შარაძე, რომელიც მიიჩნევდა, რომ პასპორტში ჩანაწერი „ეროვნება"-ს გარეშე ქვეყანა დაიქცევა, და რუსთაველის ძეგლთან „მაკდონალდს"-ის რესტორნის გახსნა ქართველობას სასიკვდილო ზიანს მიაყენებდა.
საოცარია ის, რომ თემები, რომლებიც თითქმის უკანა პლანზე გადავიდა აოხრებულ 90-ანებში, დისკუსიის თემად უკვე 21-ე საუკუნეში იქცა. ეს ერთი შეხედვით გაუგებარია, რადგანაც ცნობილია, რომ ფუჭი და უსარგებლო აზრების მოზღვავება და დამნაშავეების ძებნა სწორედ არეულობის პერიოდისთვისაა დამახასიათებელი. როგორც წესი, შედარებით დალაგებულ დროში, რომელშიც ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით, ასეთი საკითხებისთვის ნაკლებად სცალიათ.
ალბათ ამ ფენომენს გარკვეული ახსნა აქვს - მაგალითად ის, რომ „ქართველობის დაცვის" ტალღის აგორების უკან მეტწილად რუსეთი დგას, ხოლო 90-ან წლებში მას ასეთი აუცილებლობა არ ჰქონდა. სახელმწიფოებრიობის ის კრახი, რომელიც საქართველომ 90-იან -2000-ების დასაწყისში განიცადა, სრულიად აწყობდა მოსკოვს... უპატრონო ქართული გემი ინერციით მიცურავდა გაუგებარი მიმართულებით და ამ მარშრუტის ბოლო დღეს თუ არა ხვალ მშობლიურ რუსულ ნავსაყუდელში დაბრუნება იყო.
ამიტომაც არ აწუხებდა ქართველობის დაცვა არც ურა-პატრიოტებს, არც ეკლესიას და საერთოდაც არავის. შეწუხება გაჩნდა მხოლოდ იმის შემდეგ, რაც კოლაფსის თავიდან არიდება და რაღაც დონის სახელმწიფოს შექმნა გახდა შესაძლებელი. ეს რეალობა მოსკოვს არ აწყობდა და მან თავის მრავალრიცხოვან აგენტურას ანიშნა - დროა გააქტიურდეთ.
ასევე უცნაურია, რომ 90-ამ წლებში არ იყო ისეთი აღვირახსნილი მოდა რელიგიურობაზე, როგორის დღეს არის - ესეც პარადოქსია, რადგანაც სწორედ გაჭირვების და არეულობის ჟამს ადამიანები მეტად ეძებენ დასაყრდენს არამიწიერ ძალებში.
ალბათ ამასაც აქვს ახსნა - ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში „ქართველობა" და „მართლმადიდებლობა" ხელისუფლების წინააღმდეგ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ იარაღად იქცა და მთავრობამ ამას ეკლესიის და პატრიარქისადმი ენით აუღწერელი სიყვარულის პროპაგანდა დაუპირისპირა.
საბოლოო ჯამში, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ერთმანეთს პატრიარქის და ეკლესიის სიყვარულში ეჯიბრებოდა და ამ ფართომასშტაბიანმა - რაც მთავარია, ორმხრივმა იდეოლოგიურმა შეტევამ წარმოქმნა მახინჯი, ფარისევლური და საჩვენებელი რელიგიურობა, რასაც თითქმის ყოველდღე ვხედავთ.
თუმცა, ამ ვითარებაში ძალიან მარტივია სწორხაზოვანი და მცდარი დასკვნების გაკეთება. მათ შორის ერთ-ერთი წარმოდგენა, თითქოს საქართველო გაყოფილია 2 ნაწილად - პირობითად ლიბერალები (თანამედროვე ცხოვრების წესის და ფასეულობების მომხრეები). და რეტროგრადები (მეტწილად საბჭოური მენტალობის მქონე).
სინამდვილეში ეს ისეთივე გამარტივებაა, როგორც წარმოდგენა, თითქოს აშშ შედგება მხოლოდ ტრამპისტების და მათ მოწინააღმდეგე რადიკალი მემარჯვენე BLM-ის მომხრეებისგან. ან საბჭოურ-მამაპაპურ ქართველებში დამკვიდრებული აზრი, თითქოს ამერიკის და ევროპის მოსახლეობა ძირითადად მემარცხენე, გეების მოყვარულების, უკონტროლო მიგრაციის მომხრეების და საერთოდაც ლიბერალი აქტივისტებისგან შედგება.
სინამდვილეში ეს ასე არაა - რეალურად ევროპის და ამერიკის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის ორ პოლუსს შორის - ისინი არც ლიბერალები არიან და არც რეტროგრადები. მამაკაცებს უყვართ გოგოები და ლუდი, გოგონებს უყვართ ბრილიანტები და ყვავილები, დაოჯახებულები მოუთმენლად ელიან ბავშვების დაბადებას, და ა.შ.
საქართველოში, ძირითადად სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს ნამდვილი სამოქალაქო ომი, რომლის არანაირი კვალიც რეალურ ცხოვრებაში არ ჩანს - თუ არ ჩავთვლით 5 ივლისის მსგავს მოვლენებს, რომლებიც საკმაოდ იშვიათია და უფრო მეტყველებს სახელმწიფოს სისუსტეზე, ვიდრე საზოგადოების ღრმა გახლეჩვაზე.
ვირტუალურ საქართველოში ჩხუბობენ იმაზე, რაც რეალურ საქართველოში არავის ადარდებს. თუ ავიღებთ იმ ქართველებს, ვისაც გონებრივი შესაძლებლობებიდან გამომდინარე საკუთარი აზრის ჩამოყალიბება შეუძლიათ, დავინახავთ, რომ მათი უმრავლესობა არც რეტროგრადია, და არც გადამკვდარი ლიბერალი. ისევე, როგორც ერების უმრავლესობაში მათი უდიდესი ნაწილი ამ ორ იდეოლოგიურ პოლუსს შორისაა.
საშუალო სტატისტიკური ქართველი ცოტათი ლიბერალია, ცოტათი კონსერვატორი - მას არ მოსწონს გეები, თუმცა, ეს საკითხი მას საერთოდ არ აღელვებს და ის მიიჩნევს, რომ ეს რაღაც შორეული საკითხია, რომელიც მას არ ეხება.
რეალურ საქართველოში „გენდერული საკითხი" თითქმის არ არსებობს - ურთიერთობები კაცს და ქალს შორის საზოგადოებრივი განსჯის საგანი არაა - შესაძლოა მამაკაცთა უმრავლესობას არ მოსწონს ნახევრად გაშიშვლებული გოგონები ჩვენი ქალაქების ქუჩებში, თუმცა, დიდად არც ამაზე იკლავენ თავს. ტიპური პოზიციაა - „მე ეს არ მომწონს, ჩემს შვილებს სხვანაირად ვზრდი, მაგრამ სხვა ვინ და რას აკეთებს - ჩემი საქმე არაა. ყველამ თავის თავს მიხედოს".
ვირტუალურ საქართველოში ევროპა ეზიზღებათ და თურქებს ვერ იტანენ, რეალურ საქართველოში კი ყველა ევროპაში გარბის და თურქულ ბიზნესში მუშაობას დიდი სიამოვნებით იწყებს.
რეალურ საქართველოში, ყოველ შემთხვევაში, დიდ ქალაქებში, ადამიანებს ცხოვრების სხვადასხვა წესებს შორის თავისუფალი არჩევანი აქვთ და „მეზობლები რას იტყვიან" ან „ნათესავები რას იფიქრებენ" - უკვე გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანია.
სამოქალაქო დაპირისპირება ლიბერალებს და რეტროგრადებს შორის არსებობს ძირითადად პარალელურ რეალობაში, სინამდვილეში კი, ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფერების აქტივისტები - რელიგიური ფანატებით დაწყებული გეი-აქტივისტებით დასრულებული - აშკარა უმცირესობაში არიან.
სწორედ ამიტომ, მსოფლმხედველობრივი სამოქალაქო ომი, რომელიც მთელი ძალით მძვინვარებს სოციალურ ქსელებში, რეალურ ცხოვრებაში თითქმის არსად ჩანს.
ავტორი: თენგიზ აბლოთია