ეკონომიკის სამინისტრო - ფრანგული საავიაციო ჯგუფი Groupe ADP თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისთვის 150 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
სალომე ზურაბიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და საქართველოს კრიზისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დარჩეს
„სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე „სფერო ინვესტის“ დირექტორი, გიორგი მურუსიძე უცხოეთში დააკავეს
პაატა ბურჭულაძე - როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით ემუქრებოდით, ვერც ევა შაშიაშვილისგან
ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი
აშშ-ის საელჩო საიმიგრაციო ვიზების გაცემის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი გრენლანდიაში დანიის მიერ ორგანიზებულ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას
Drone debris falls on residential building in Kyiv's Solomianskyi district

ცესკო ისევ სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

24.12.2024 ნახვები: 513

ცენტრალური საარჩევნო კომისია ეხმაურება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს, რომელიც, როგორც ჩანს, წარმოადგენს კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებით განპირობებული დეზინფორმაციული და მანიპულაციური კამპანიის გაგრძელებას. განცხადებები, თითქოს არჩევნები გაყალბდა, არ შედგა, არის აბსოლუტურად უარგუმენტო და ახდენს ფაქტობრივი გარემოებების პოლიტიკურად მოტივირებულ იგნორირებას.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არ არსებობს დადასტურებული ფაქტები და მტკიცებულებები იმისა, რომ პარლამენტის არჩევნებზე ადგილი ჰქონდა ისეთ დარღვევებს, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენის მოხდენა ამ არჩევნების საბოლოო შედეგებზე. მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტი, სამწუხაროდ, იმეორებს ზოგიერთი დაინტერესებული წარმომადგენლის პროპაგანდისტულ ნარატივს და ამით ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე ცდილობს არჩევნებისა და, შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას, რითაც ხელს უწყობს ისედაც პოლარიზებულ გარემოში კიდევ უფრო მეტი დაძაბულობის შემოტანას.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში იყო გარკვეული შენიშვნები, ხარვეზები თუ წუხილები, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ 26 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირება განახორციელა მაღალ პროფესიულ დონეზე და კანონმდებლობის სრული დაცვით, რაც, როგორც მინიმუმ, დადასტურებულია ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ახლახან გამოქვეყნებულ შეფასებაში. ასევე, ჩვენი მხრიდან გამოითქვა სრული მზაობა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, განვიხილოთ და შესაძლებლობის ფარგლებში გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რომელიც გამოითქვა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ ახლა სწორედ მსგავსი პროცესის ინიცირების და ჩართულ მხარეებს შორის მშვიდ გარემოში მსჯელობის დროა და არა კიდევ უფრო მეტი სიმძაფრის შემოტანის მცდელობის.

გვინდა საზოგადოებას ამასთანავე შევახსენოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, „სავარაუდო გაყალბებასთან“ დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციამ თავად მიმართა უფლებამოსილ უწყებას და მოითხოვა გამოძიების დაწყება გავრცელებული პრეტენზიების ობიექტურად შესაფასებლად. რამდენადაც საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით ცნობილია, ამ დრომდე არავის წარუდგენია გახმოვანებული ბრალდებების რაიმე არსებითი ან კონკრეტული მტკიცებულებები.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პრეზიდენტს და ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც აყენებს მსგავს ბრალდებებს, წარმოადგინონ შესაბამისი, საფუძვლიანი მტკიცებულებები ან თავი შეიკავონ უარგუმენტო/უსაფუძვლო და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებების გავრცელებისაგან, რომლებიც აზიანებს საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ.

საარჩევნო ადმინისტრაცია მტკიცედ რჩება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტის დამცველი. ნებისმიერ დეზინფორმაციას მოჰყვება ფაქტობრივი და ყოვლისმომცველი პასუხი, რათა უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების ზუსტი ინფორმირება საარჩევნო პროცესის მთლიანობის შესახებ. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და წვლილი შეიტანონ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის გაძლიერებაში და არა პირიქით დამსხვრევაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა