ავტორი: გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი
რამდენიმე დღის წინ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე დავწერე. იმაზეც, რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის საკუთარი რესურსით ელექტროენერგიის წარმოება და რა ადგილი შეიძლება ჰქონდეს ამ საქმეში გოგნის ქარის ელექტროსადგურს.
გამოხმაურება ბევრი იყო. კითხვებიც, განსხვავებული მოსაზრებებიც და ლანძღვაც. ზოგს, როგორც ჩანს, არგუმენტის სიძლიერე ხმის სიმაღლეში ერევა. ჩემზე ეს არ მოქმედებს. საკითხის გარკვევა მაინტერესებს და მზად ვარ, განსხვავებული აზრიც მოვისმინო, თუ მას დასაბუთება ახლავს.
ერთი ასეთი პასუხიც მივიღე: „დენი არ გვჭირდება, ჰაერი გვინდა“.
ჰაერიც გვჭირდება, ტყეც და ელექტროენერგიაც. სწორედ ამიტომ უნდა ვიფიქროთ, როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს ქვეყნის განვითარება და გარემოს დაცვა.
მოდით, ამჯერად ტყეზე ვისაუბროთ.
ხეები იჭრება. ამას არავინ მალავს. მაგრამ ფრაზა „ხეები იჭრება“ და დასკვნა „მთელი გოგნის ტყე ნადგურდება“ სხვადასხვა რამეს ამბობს. მათ შორის განსხვავების გასაგებად უნდა ვიცოდეთ სამუშაოების ფართობი, მოსაჭრელი ხეების მდგომარეობა, რა ნარჩუნდება და რა აღდგება.
მოჭრილი ხის ფოტო ემოციურია. მეც არ მსიამოვნებს მისი ნახვა. თუმცა პროექტის სრული შეფასებისთვის ფოტოს მიღმა არსებული სურათიც გვჭირდება.
არსებული ინფორმაციით, ჭრისთვის გათვალისწინებული ტერიტორია 76 ჰექტარს მოიცავს. ჰექტარზე საშუალოდ 150 კუბური მეტრი მერქნის გათვალისწინებით, საანგარიშო მოცულობა 11 400 კუბური მეტრია. ეს გამოთვლილი მოცულობაა და არა უკვე მოჭრილი მერქნის რაოდენობა.
ახლა ეს რაოდენობა მოსახლეობის შეშის პირობით საჭიროებას შევადაროთ.
შედარებისთვის ავიღე პროექტის მიმდებარე 13 სოფელი: გოგნი, მუხურა, ჩხარი, ჩხარი-მაცხოვარი, ჩხარი-ეწერი, ახალთერჯოლა, ბოსელა, ზედა ალისუბანი, ქვედა ალისუბანი, თხილთაწყარო, მაჩიტაური, ზარნაძეები და მუჯირეთი. გათვლაში გამოყენებული მონაცემებით, ამ სოფლებში ჯამში 2 349 კომლია.
თუ თითოეული კომლი ზამთარში საშუალოდ შვიდ კუბურ მეტრ შეშას მოიხმარს, ამ 13 სოფლის ერთი ზამთრის საჭიროება 16 443 კუბური მეტრი გამოდის. შესაბამისად, პროექტისთვის გათვალისწინებულ 76 ჰექტარზე არსებული საანგარიშო მერქანი, 11 400 კუბური მეტრი, ამ რაოდენობის დაახლოებით 69 პროცენტია.
ეს შედარება მასშტაბის წარმოსადგენად მომყავს. შვიდი კუბური მეტრი პირობითი მოხმარებაა და არა ამ სოფლებში გაზომილი საშუალო მაჩვენებელი. ზუსტი შედარებისთვის შეშისა და მერქნის მოცულობაც ერთნაირი წესით უნდა გაიზომოს. არც იმას ვამტკიცებ, რომ შეშა აუცილებლად იმავე ტყიდან მოდიოდა.
მაგრამ ერთი რამ გასაგებია: გაზიფიცირებამდე გათბობისთვის შეშის მომარაგება მოსახლეობას ყოველ ზამთარს სჭირდებოდა. ცალკეული კომლები შეშას დღესაც იყენებენ. ელექტროსადგურის მოსაწყობად ჩატარებული სამუშაო კი მრავალწლიანი ენერგოწარმოების საფუძველს ქმნის. ამ განსხვავებასაც უნდა ვხედავდეთ.
ცხადია, ტყის მნიშვნელობა კუბური მეტრებით არ ამოიწურება და ეს შედარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ვერ ჩაანაცვლებს. მნიშვნელოვანია, კონკრეტულად სად და რა იჭრება. სწორედ ამიტომ გადავიდეთ იმ სახეობებზე, რომელთა შესახებაც ყველაზე მეტი საუბარია.
კომპანიისგან მიღებული განმარტებით, უთხოვარი არ იჭრება, ხოლო სადაც გადარგვა საჭირო და შესაძლებელი იქნება, მის შენარჩუნებას ამ გზით შეეცდებიან. კომპანიის ინფორმაციითვე, ბზის დიდი ნაწილი ხმელია, სამუშაოების არეალში კი დაავადებული ხეებიც გვხვდება.
ეს ინფორმაციაც საერთო სურათის ნაწილია. ყველა მოსაჭრელი ხის ერთნაირად ჯანმრთელ და ასწლოვან ხედ წარმოდგენა დასაბუთებას მოითხოვს. მხოლოდ ემოციური აღწერა ზუსტ ინფორმაციას ვერ ჩაანაცვლებს. ასწლოვანი ხეების თემაში კომპანია მარტივად დაამარცხებს ნებისმიერ ოპონეტს. მაშინ რა საჭიროა ეს უაზრო სენტიმენტები?
ვისაც ეს საკითხი გვადარდებს, კონკრეტულად უნდა ვნახოთ, რომელი ხე დარჩა ადგილზე, რომელი გადაირგო, რამდენი იყო ხმელი ან დაავადებული და რას ეფუძნება ეს შეფასება. დოკუმენტში ხის აღრიცხვა, მისი მოჭრის ნებართვა და ფაქტობრივად მოჭრა ერთი და იგივე არ არის.
ვისაც უთხოვარისა და ბზის ბედი გვადარდებს, მათი შენარჩუნების შედეგი უნდა გვაინტერესებდეს. სწორედ აქ არის მონიტორინგის ადგილი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა აღდგენის ვალდებულება. კომპანიის საჯარო განცხადებით, გათვალისწინებულია 5 604 000 ლარის საკომპენსაციო საფასურის დაფარვა და ამოღებული ხემცენარეების სანაცვლოდ მინიმუმ იმავე რაოდენობის ახალი ხემცენარის დარგვა. გულზე ხელი დაიდოს ვინმე და თქვას, წლების განმავობაში როდესაც შეშად მოირხმარდა მოჭრილ ხელს მის სანაცლოდ იმდენივეს რგავდა?
მე იმაზე ვამახვილებ ყურადღებას, რომ კომპანიის ვალდებულებას პრაქტიკული შედეგი უნდა მოჰყვეს. წინასწარ უნდა ვიცოდეთ, სად დაირგვება მცენარეები, რა სახეობები შეირჩევა.
ჩემთვის სწორედ ეს არის საქმიანი დამოკიდებულება: ვიცოდეთ, რა ზიანდება, ზიანი შეძლებისდაგვარად შევამციროთ და აღებული ვალდებულებები ბოლომდე შევასრულებინოთ კომპანიას.
მშენებლობა მიმდინარეობს. საზოგადოებას შეუძლია ამ პროცესში რეალური გავლენა ჰქონდეს. ინფორმაცია ჭრის ფარგლების, შენარჩუნებული ხეების, გადარგვის შედეგების, აღდგენისა და მოვლის შესახებ საჯარო და გასაგები უნდა იყოს. ასეთ კონტროლს კონკრეტული სიკეთის მოტანა შეუძლია.
ქვეყანას საკუთარი ენერგია და განვითარების შესაძლებლობები სჭირდება. მე პროექტის მხარდაჭერას კომპანიის პასუხისმგებლობასთან ერთად განვიხილავ. უნდა მივიღოთ ელექტროენერგიაც, ადგილობრივი სარგებელიც და გარემოზე ზემოქმედების შემცირების რეალური შედეგიც.
ლანძღვა ამ საქმეს ვერ წასწევს. ზუსტი ინფორმაცია, პროფესიული შეფასება და მონიტორინგი კი შედეგს მოგვცემს.
ვისაც ტყე გვადარდებს, სწორედ ამ შედეგზე უნდა ვიმუშაოთ. სხვაგვარად, მლანძღეთ მე, ლანძღეთ სხვაც. ამით ტყეს რა შეემატება?