თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს
Russian forces lose another 1,370 troops and four air defense systems in war against Ukraine
Zelensky holds trilateral talks with Trump and Macron
U.S. releases text of official agreement with Iran
დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა

ბირთვული ომი და რუსული მიგრაციის მესამე ტალღა

04.10.2022 ნახვები: 1494

როგორც იყო მოსალოდნელი, 10-დღიანი დაძაბულობის შემდეგ, ვითარება საქართველო-რუსეთის საზღვარზე დასტაბილურებულა - გადმომსვლელი უკვე გადმოვიდა და რუსეთის სასწრაფოდ დატოვების მსურველი არავინ დარჩა.

ამჟამად დარიალის გამშვები პუნქტი ფუნქციონირებს ჩვეულ რეჟიმში, თუმცა, დაწყნარების და არხეინად ყოფნისთვის მიზეზი ნამდვილად არ გვაქვს. ეს სიმშვიდე - დროებითია და რამდენიმე თვის შემდეგ იქნება კიდევ ერთი - მესამე ტალღა. ისევე როგორც მეორე პირველზე მასშტაბური იყო, მესამეც მეორეზე ბევრად ხალხმრავალი იქნება და ამისთვის მზადება უკვე დღესვე უნდა დაიწყოს.

თებერვალ-მარტში საქართველოში ჩამოვიდა 50- 60 000 რუსი და ეს მიგრაცია ქვეყნისთვის სასარგებლო იყო - ძირითადად ჩამოვიდნენ ახალგაზრდა, თანამედროვე ადამიანები, მაღალი კლასის სპეციალისტები, მეტწილად პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეები. მიგრაციის ამ ტალღამ ბიძგი მისცა ეკონომიკურ ზრდას, სამშენებლო ინდუსტრიის წინსვლას და ლარის გამყარებას.

მეორე ტალღა ბევრად უფრო ჭრელი იყო - ფინანსურადაც და პოლიტიკურადაც - ამ ნაკადში დიდი ნაწილი იმათზე მოდის, ვისაც ზოგადად ომის საკითხი და უკრაინელი ხალხის დაუნდობელ ხოცვა არ აღელვებს, უბრალოდ მათ არ სურთ ომში წასვლა. პროფესიული თვალსაზრისითაც, ეს ტალღა შედარებით ნაკლებად წარმატებულ და ფინანსურად უზრუნველყოფილი რუსებისგან შედგება.

მესამე ტალღა იქნება კიდევ უფრო ჭრელი და მისგან ეკონომიკური სარგებელი ნულოვანი იქნება - თანაც ქვეყანა კიდევ ერთ მიგრაციულ ნაკადს ნამდვილად ვერ გაუძლებს. მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის - გვინდა ჩვენ თუ არა - მესამე ტალღა იქნება, თანაც ბევრად უფრო მასშტაბური და სასოწარკვეთილი.

რატომ ვარ ამაში ასე დარწმუნებული? იმიტომ, რომ დღეს უკვე თითქოს ეჭვგარეშე ჩანს - პუტინი შეეცდება გამოიყენოს ატომური იარაღი. მოვლენათა ასეთი განვითარება თითქმის გარდაუვალია. ხარკოვთან უკრაინული შეტევის წარმატების შემდეგ ცხადი გახდა, რომ არსებული რესურსებით და ჯარის პირადი შემადგენლობით პუტინი სულ რამდენიმე თვეში დამარცხდებოდა. ის დადგა არჩევანის წინაშე - ან დანებება, ან ატომური ომი, ან მობილიზაცია.

სამი ვარიანტიდან კარგი არც ერთი არაა, მაგრამ პუტინისთვის დანებება წარმოუდგენელია, ხოლო ატომური იარაღის გამოყენება - უკიდურესად არასასურველი. სწორედ ამიტომ არჩევანი გაკეთდა მობილიზაციის სასარგებლოდ - იმის მიუხედავად, რომ ეს ნაბიჯიც ძალზე სარისკო და არასასურველი იყო. დღევანდელი რუსეთისთვის მობილიზაცია ძალიან რთულად შესასრულებელი ამოცანაა - პროცესი შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეაფერხოს არაორგანიზებულობამ, ქაოსმა და კორუფციამ. რომ არაფერი ვთქვათ მასობრივ გაქცევაზე, რომლის პროგნოზირება ძნელი არ იყო. რუსეთი შეიცვალა - დიდი ქალაქების მოსახლეობა კარგ ცხოვრებას და კომფორტს მიეჩვია და უკრაინაში გაუგებარი მიზნების გამო სიკვდილი არავის სურს.

თუმცა, ეს შესაძლოა გარდაუვალის გადავადება აღმოჩნდეს. უკვე დღეს ჩანს, რომ მობილიზაცია დიდი სირთულეებით მიმდინარეობს და არის იმის დიდი ალბათობა, რომ შეკოწიწებული რეზერვი უკრაინის ჯარის წინსვლას დროებით შეაფერხებს, თუმცა პრინციპულად ვერაფერს შეცვლის.

სწორედ ამის შემდეგ პუტინი დადგება კიდევ ერთი, ამჯერად ბევრად უფრო მძიმე არჩვანის წინაშე- ან მარცხი, ან ატომური ბომბის გამოყენება. პუტინის ფსიქოტიპი ამ შემთხვევაში კითხვებს არ წარმოშობს - ის ეჭვგარეშე აირჩევს ბირთვულ ხანძარს. პუტინის ფსიქოლოგია მარტივია - „მე თუ დავმარცხდი...“ - ეშმაკს წაუღია ყველაფერი.

შესაძლოა, ეს გეგმა ჩავარდეს - ატომური ბომბის გამოყენება - რთული და მრავალრგოლიანი პროცესია და გამორიცხული არ არის, რომ ერთ-ერთმა რგოლმა ბრძანება არ შეასრულოს.

თუმცა, რუსეთის ბედი ყველა შემთხვევაში სავალალო იქნება - ატომური შეტევის შემთხვევაში რუსეთი, როგორც სახელმწიფო საბოლოოდ გადაიხაზება როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის, პირველ რიგში ჩინეთის და ინდოეთის მხრიდან. ეს ნიშნავს პუტინის რეჟიმის განადგურებას და რუსეთის, როგორც ქვეყნის და სახელმწიფოს მომავლის ეჭვის ქვეშ დაყენებას.

თუ ატომური შეტევის თავიდან არიდების მიზნით პუტინს მოკლავენ ან დააპატიმრებენ თავისიანები - ეს ნიშნავს რუსეთს მრავალწლიან ანარქიას და არეულობას - კადიროველები,“როსგვადრიელები“, ათასნაირი კერძო სამხედრო კომპანია და სხვადასხვა ნახევრად ოფიციალური შეიარაღებული ფორმირებები ერთმანეთს დაუნდობლად დაერევიან.

ორივე შემთხვევაში ამ დრამის დასასრული იქნება ერთი - კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი რუსეთიდან მოსახლეობის მასობრივი და უკონტროლო გაქცევა. ეს სცენარი ერთი შეხედვით არარეალურად გამოიყურება, თუმცა, სამხედრო მარცხის შემთხვევაში მოვლენები სწორედ ამ მიმართულებით განვითარდება.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა