„არა ღალატს!“ - სისხლიან ბანერებზე გახარიაც გამოჩნდა
„რას იძიებენ“ - ინგა გრიგოლიას პროკურატურაში კითხავენ
სუს-ის საიდუმლო კრებსებიდან ირკვევა, რომ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებს პირდაპირი კავშირი აქვთ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან. ფაილში, რომლის სათაურიცაა „ინფორმაცია“ და რომელიც 2014 წლის 25 ივლისით თარიღდება, წერია: „მოპოვებული ინფორმაციით, მწ 25 ივლისს არქიმანდრიტი პიმენი (რომან) ქარდავა, დაუკავშირდა ალექსეი (რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი), რომელმაც მოიკითხა პ.ქარდავას აფხაზეთში ვიზიტის შესახებ, პ.ქარდავას სიტყვებით, ის შეხვდა ვინმე თემურს (სავარაუდოდ, თემურ შერგელია, გალის რაიონის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი) და ბესარიონ აპლიას, შეხვედრა ნორმალურად ჩაიარა, რაც პ.ქარდავას თქმით, ალექსეის დამსახურებაა, პ.ქარდავა აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ჩასვლას აპირებს ქ.სოხუმში, სადაც აუცილებლად შეხვდება ალექსეის.“
„რა, რეზინის შვილები მყავს, გგონიათ?!“ - კახა კალაძე
წითელმა ჯვარმა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 22 ტონა თხევადი ჟანგბადი გადასცა
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენციის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რეგულაციების აღსრულებაზე მკაცრი კონტროლი იყოს
იაგო ხვიჩია - ჩანს, „ქართული ოცნებაში“ ერთმანეთთან უცნაური ხუმრობები აქვთ, რასაც ბოლომდე ვერ ჩავწვდებით
სალომე სამადაშვილი - სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა თუ ნიკა მელიას სურვილია, ეს თხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს

ავღანეთის უკუნი და მისი შემაძრწუნებელი ურჩხულები

08.16.2021 | 11:38

კვირას საღამოს, როდესაც უკვე ცხადი გახდა, რომ ავღანეთი ისლამურ სახელმწიფოდ იქცა, აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა (თუმცა აშშ პრეზიდენტებს შორის „ყოფილები" არ არიან) მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდა „სამარცხვინო გადადგეს". თან ეს მოწოდება იმით დაასაბუთა, რომ ასეთი საშინელი მარცხი აშშ-ს, მისი დიდებული ისტორიის მანძილზე, თითქმის არ ჰქონია.
„თითქმის" იგულისხმება ვიეტნამის მრავალწლიანი ომი, ქალაქი საიგონი, აშშ-ს საელჩო, რომლის სახურავიდან ამერიკული ვერტმფრენები ძლივ-ძლივობით ახერხებდნენ უკანასკნელ ამერიკელ დიპლომატთა და მათი ოჯახის წევრთა ევაკუაციას, როდესაც ქალაქს ჩრდილო ვიეტნამელი კომუნისტები იპყრობდნენ.
რამდენიმე ამერიკულმა ტელეკომპანიამ ორივე კადრი აჩვენა: ქაბულში ამერიკის საელჩოს სახურავიდან იქ ჩარჩენილ ამერიკელთა ევაკუაცია ძალიან ჰგავდა 1975 წელს ვიეტნამში გადაღებულს.
ვიეტნამის ომში აშშ 1972 წლიდან აღარ იღებდა მონაწილეობას და ამერიკელებს იმედი ჰქონდათ, სამხრეთ ვიეტნამის არმია, რომელიც საუკეთე სო იარაღით აღჭურვეს, გაწვრთნეს, მოამზადეს, ყველანაირად ეხმარებოდნენ, დამოუკიდებლად გაუმკლავდებოდა ვიეტკონგელ კომუნისტებს მაგრამ.......ზუსტად ისევე დაყარა იმ ჯარმა იარაღი, როგორც ახლა ამერიკელი ინსტრუქტორების მომზადებულმა და აღჭურვილმა ავღანურმა „არმიამ". სხვაობა მხოლოდ ისაა, რომ ამჯერად ჩამოშლას სულ რამდენიმე დღე დასჭირდა და არა 2-3 წელი.
მიზეზი სულაც არ არის ძნელი დასადგენი: როდესაც ადგილობრივ „ქვემდებარე არმიას" ქმნის ქვეყანაში მყოფი უცხო ჯარი, „ქვემდებარეს" უმუშავდება „ჩაფრის ფსიქოლოგია". და იმ „ზემდგომი" არმიის წასვლისთანავე, ჩაფრები ყრიან იარაღს! კაცობრიობის ისტორია ადასტურებს: არმია სულისკვეთებაა უპირველეს ყოვლისა და მხოლოდ ამის შემდეგ - იარაღი, წვრთნა, მომზადება, დაზვერვა, მეთაურობა და ა.შ.
ამასობაში, თალიბები ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეში შევიდნენ. ექს-პრეზიდენტი განი სამარცხვინოდ გაიქცა მეზობელ ტაჯიკეთში. უზბეკი „მარშალი" დუსტუმი - უზბეკეთში, საიდანაც აპირებს თურქეთში გაფრენას. თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა კი განაცხადა წინა დღეს: ქაბულის აეროპორტს მე დავიცავო, მაგრამ თალიბებმა ეს წინადადება უკუაგდეს: თურქები გააფრთხილეს, არაფერი შეშლოდათ.
თალიბანმა ასევე განაცხადა, რომ არანაირი „კოალიციური მთავრობის" შექმნას არ აპირებს. ავღანეთის ხელისუფლებაში იქნებიან მხოლოდ თალიბები, მაშასადამე ეთნიკური პუშტუნები, რომლებიც ამ მოძრაობის ბირთვს შეადგენენ. იკრძალება გოგონების სწავლა სკოლებში, ქალი სახლიდან მხოლოდ ჰიჯაბით თუ შეიძლება გამოვიდეს, ანუ თხემიდან ტერფამდე შავებში; უქმდება საერო სასამართლოები და დგინდება ისლამური, შარიათის სასამართლო. მას შეეძლება გამოიტანოს განაჩენი საჯაროდ (მოედანზე) თავის მოკვეთის, ჩამოხრჩობის, ქალების ქვებით ჩაქოლვის, ხელის მოკვეთის, საჯარო გაროზგვის შესახებ.
აი ეს „გაროზგვა" ის არაა, „გაწკეპვლა" რასაც ქვია: შარიათით მათრახის სისქეც განსაზღვრულია და უმრავლეს შემთხვევაში მინიმუმ დაინვალიდებას გულისხმობს თუ სიკვდილს არა.
ნარკოტიკების მოხმარებისა და მოყვანისათვის დგინდება სიკვდილით დასჯა. დღემდე ავღანეთი ოპიუმის ერთი დიდი პლანტაცია იყო. ამერიკელები ამაზე თვალს ხუჭავდნენ, რადგან მილიონობით ავღანელისათვის ერთადერთ შემოსავლად ითვლებოდა.
ავღანეთის ახალი ხელმძღვანელი ხდება მულლა აბდულ ღანი ბარადარი. მძვინვარე ფანატიკოსი, თალიბანის დამაარსებლის, მულლა ომარის მარჯვენა ხელი. თვით ომარი ამერიკულმა სპეცსამსახურებმა დიდი ხნის წინ მოკლეს, მაგრამ მისი შავ-ბნელი იდეები ვერ დაამარცხეს, რაკი იდეა, განურჩევალდ იმისა, ნათელი და კეთილშობილია თუ შავბნელი, ვერანაირად ვერ მარცხდება, თუკი მასებს იპყრობს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თალიბებმა ყანდაგარში ხელთ იგდეს სახელგანთქმული ამერიკული ვერტმფრენები Black Hawk (შავი ქორი), ასევე რამდენიმე რუსული МИ-17 და ახლა გამარჯვებულად დასტრიალებენ ავღანეთის ქალაქებს.
არავის ეგონოს, თალიბებს შორის არ არიან მფრინავები, კარგი ინჟინრები, თუნდაც მეცნიერები და ზოგადად ნაკითხ-განსწავლული ადამიანები. პრობლემა ისაა, რომ პუშტუნთა ამ მასას „ჰკრავს" მძინვარე ისლამური ფანატიზმი, რომელშიც „პუშტუნობა" ანუ პუშტუნური ნაციონალიზმი ისევეა ღრმად ჩაკირული, როგორც „რუსობა" და „რუსული იდეა" იყო თითქმის შეუმჩნევლად, ძალზე ღრმად ჩაკირული კომუნისტურ მოძრაობაში.
თალიბთა ავღანეთი არის იმ ისლამური სახელმწიფოს ინკარნაცია, რომელიც ცივილიზებულმა სამყარომ ახლო აღმოსავლეთში ასე თუ ისე მოსპო. ცენტრალური აზიის „ისლამური სახელმწიფოს" მოსპობა კი ბევრად რთული იქნება. ბოლოს და ბოლოს იგი სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე კი არ დაფუძნდა, არამედ აზიის ერთ-ერთი ძირძველი ქვეყანა დაიპყრო მთლიანად.
თალიბები აცხადებენ, რომ მათი „ისლამური სახელმწიფო", თურმე, „მშვიდობიანი მეზობელი იქნება" ყველასათვის, ვისაც კი ესაზღვრება. ეს აბსოლუტურად ცარიელი რიტორიკაა: ისლამური ფუნდამენტალიზმი, მისი შინაგანი არსით ექსპანსიონისტურია და ვერანაირად ვერ შეეგუება ე.წ. „დაჭაობებას". თალიბთა განცხადებით ხომ, ისინი „ჰალიფატს" ქმნიან. არადა, ყურანის რამდენიმე ყველაზე ძლიერი სურა მოუწოდებს ჰალიფებს იომონ ალლაჰის სინათლის გასავრცელებლად მთელს სამყაროში.
გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ავღანეთი მთელი დიდი ევრაზიის საკვანძო ქვეყანაა. იგი ესაზღვრება პაკისტანს (ბირთვულ პაკისტანს, სადაც მილიონობით პუშტუნი ცხოვრობს!), ასევე აიათოლლათა შიიტურ ირანს, ჩინეთს, ტაჯიკეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს.
განსაკუთრებით დიდი საფრთხე ყოფილი საბჭოთა ცენტრალური აზიის ქვეყნებს ემუქრებათ: ძნელი გასათვლელი არ არის, რომ ავღანეთში მცხოვრები ყირგიზების, უზბეკების, თურქმენების და ტაჯიკების დიდი ნაწილი ან მათ საზღვრებს მიაწყდება, ან „გათალიბდება" ანუ პუშტუნთა დროშის ქვეშ დაიწყებს ბრძოლას „მეზობელ სამშობლოთა" გასაწმენდად იქაური კორუმპირებული, დამპალი, გახრწნილი ხელისუფლებებისაგან.
ის ხელისუფლებები რომ მართლაც კორუმპირებულნი არიან, უდავოა, მაგრამ შუასაუკუნეობრივ სიბნელეს მაინც ყველაფერი სჯობს. უკანასკნელ სტადიამდე კორუმპირებული ტაჯიკი ან უზბეკი ხელისუფალი თუ ჩინოსანი მაინც უფრო ცივილიზებულია, ვიდრე ის ფანატიკოსი, რომელიც ცოლს ექიმთან მისვლას უკრძალავს (დაუშვებელია შარიათის ზოგიერთი ნორმით), ხოლო თავის გოგონას, - წერა-კითხვის სწავლას.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თალიბთა ექსპანსია დროთა განმავლობაში მზარდი იქნება და ნურავინ იფიქრებს, თითქოს საქართველოს არ შეეხება. გავიხსენოთ, რომ პირველი და მეორე ჩეჩნური ომების დროს, ავღანელებმა „რაღაცნაირად" შემოაღწიეს ჩეჩნეთსა და პანკისის ხეობაშიც.
ეს ლეგენდა არ არის - ისტრიული რეალობაა.
შემოაღწევენ, თუ დასჭირდათ.
სახელმწიფო, რომელმაც მხოლოდ მოიგო ავღანური ტრაგედიით, რუსეთია. აშშ-ს იმიჯის შელახვა მხოლოდ ერთი დივიდენდია მისთვის. ბევრად მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ცენტრალური აზიის სეკულარუსტული, საერო, ნაწილობრივ ვესტერნიზებული, თუნდაც კორუმპირებული ელიტები ყველა ყოფილ „შუააზიურ" რესპუბლიკაში ყაზახეთის ჩათვლით, ახლა შიშით აცახცახებული „მიეკრობა" მოსკოვს: „გვიშველე, შეგვიფარე. დაგვიფარეო".
და რაც უფრო გააქტიურდება თალიბთა მოძრაობა ჩრდლოეთით, მით უფრო გაძლიერდება კრემლისა და რუსული არმიის პოზიციები ამ რეგიონში.
რუსები ნამდვილად აღარ დაუშვებენ ისეთ შეცდომას, რაც 1979 წელს დაუშვეს, როდესაც ავღანეთში ჯარი შეიყვანეს. დადგებიან ავღანეთის საზღვრებთან და სამუდამოდ თუ არა, ძალიან დიდი ხნით მოსპობენ ამ რეგიონში დასავლური განვითარების ვექტორს.
ისევე, როგორც „ჩინურსა" და „თურქულს".
საერთოდაც რომ არ არსებობდეს საქართველოში ისლამისტი ფანატიკოსების ჩარევის საფრთხე (ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი საზარელი პრეცედენტის მსგავსად) ცენტრალურ აზიაში აშშ-ს და დასავლეთის მარცხი სერიოზულად ასუსტებს ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ ფუნქციას, როგორც „ევრაზიული ხიდის" თუ „ბოთლის ყელისა" აზიიდან - ევროპისკენ.
შესაბამისად, გეოპოლიტიკური ზიარჭურჭლის პრინციპით, იქ პროეცირებულ რუსულ იმპერიულ ძალას სამხრეთ კავკასიაშიც უნდა ველოდოთ.

დათო გამცემლიძე
ჟურნალისტი. ისტორიკოსი.