6 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში, სტუდენტებმა აუდიტორიები, სკოლის მოსწავლეებმა კი საკლასო ოთახები დატოვეს და საპროტესტო აქციებს მართავენ
გიორგი გახარია - მივმართავ საქართველოს მეგობრებს აშშ-ში: ქართველი ხალხი ისმენს თქვენს მხარდაჭერას, მაგრამ ითხოვს მოქმედებას - სიტყვები აღარ კმარა
სალომე ზურაბიშვილი - სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვითომ თანამშრომლებთან შეხვედრისთვის!
დიმიტრი მედვედევი - საქართველოს ვადაგასულმა „პრეზიდენტმა“, გიჟმა დეიდა სალომემ განაცხადა, რომ სავარძელს არ დატოვებს
მამუკა ხაზარაძე - ივანიშვილი უკვე პოლიტიკური ოპონენტების დაჭერაზე გადავიდა
სალომე ზურაბიშვილი - ქუჩებში არსებული სიმტკიცე გაჩერების ნიშანს არ აჩვენებს
გიორგი ბახუტაშვილი - მირტყეს, ჩემს გარშემო ადამიანებსაც უმოწყალოდ ექცეოდნენ

ნუ მოკლავთ გენიოს ბავშვებს და საერთოდ - ბავშვებს ნუ მოკლავთ!

21.01.2024 ნახვები: 2486

რამდენი გენიოსი ჰყავთ დასამარებული ცალკე მასწავლებლებს და ცალკე მშობლებს?! ჩვენ ხომ არასოდეს ვუყურებთ ბავშვებს როგორც მომავალ მიქელანჯელოს, ლეონარდოს, ნიუტონს, შექსპირს, ბრეხტს, ბორს, ნიცშეს.

ჩვენი განათლების სისტემისა და კულტურის მიერ ბავშვის შეფასება იდიოტურ კომპლექსურობას ემყარება - ქართული, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ინგლისური... ყველაფერი ერთ დონეზე უნდა იცოდეს და თან უნდა მღეროდეს, ხატავდეს. ა, ფიზკულტურაშიც იგივე უნარები უნდა ჰქონდეს.

მესმის, რომ ძალიან საწყენ რამეს ვიტყვი, მაგრამ ოქროს მედალოსნებზე როცა ვფიქრობ, მანდ მაქვს ყველაზე მეტი შეკითხვა - აი, სმენა თუ არ აქვს, ვერც ნოტების ენაში ერკვევა? ან როგორ აფასებდი ფიზკულტურაში - იმდენივე მიზიდვა გააკეთა რამდენიც "ოროსანმა" თუ ბევრად მეტი? ხატვა? და როგორ მოხდა, რომ "დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს" - ამ სიტყვების არსი და სუბატომური ნაწილაკების გრავიტაციული ურთიერთქმედება, თანაბრად ესმის? ანუ რაღაც სუბიექტურ გადაწყვეტილებებთან გვაქვს საქმე, მე ვიტყოდი არაობიექტურობასთან. 

რატომ? შენ რომ პედაგოგი ხარ და ვერ ამჩნევ, ცხვირ წინ მჯდომი ბავშვი დებილი და ოროსანი კი არა, მომავალი უზნაძეა, მისი პრობლემაა თუ შენი?
რატომ განსაზღვრავს ბავშვის ან ჩემს უნარებს, მაგალითად ასეთი ტიპის დავალების შესრულება: თბილისში თევზის ფილე 30 ლარი ღირს, რაც 15%-ით მეტია თევზის ღირებულებაზე ფოთში. ფოთში თევზი 10%-ით იაფია ვიდრე ბათუმში, მაგრამ ძვირი ვიდრე ანაკლიაში. ბათუმში, კი 3%-ით ძვირი. სად იყიდით თევზს?

ახლა ასეთი დავალების მომფიქრებელს ხომ შეიძლება ვუთხრა რომ იდიოტია? არა? ჰო, ვიცი არსებობს მათემატიკური პასუხი, რომელიც შესაძლოა, ვერასოდეს ამოვხსნა, მაგრამ ავტორს ვეკითხები: მე სად ვარ ამ დროს? თბილისში, მცხეთაში, თელავში, სენაკში, ქობულეთში, ომალოში, ონში, მესტიაში? ჩემთვის ამ ლოგიკურ გააზრებაში მთავარი რა არის, თევზის ფასი თუ ისიც, რამდენი დამიჯდება თევზის შესაძენად გასაწევი გზის ხარჯი?

და რაში სჭირდება ასეთი, ან სხვა იდიოტობის ამოხსნა მომავალ შუბერტს ან შოპენჰაუერს? აი, ვეფხისტყაოსანი რომ დამაზეპირებინე და იმის მიღმა თავში არაფერი მაქვს, მაგრამ რომ მკითხო შემიძლია აგიხსნა და დაგანახო, თუ ბრმა არ ხარ მეოთხე, მეხუთე განზომილებები და ამოვხსნა ამოცანები კვანტურ მექანიკაში - დებილი ვარ?

ა, ეგ როგორ არის ტესლა და აინშტაინი სუსტი გონების ბავშვებად რომ შერაცხეს? ეს მხოლოდ მოსაყოლად და მოსასმენად არის საინტერესო, არა? ამ შერაცხვების ვალს იხდის დასავლური განათლების სისტემა, როდესაც მშპ-ს უდიდეს ნაწილს ხარჯავს ამ მიმართულებით.

თანამედროვე სამყაროში, სმარტფონთან რომ ვერ ურთიერთობს იმ მასწავლებელმა ბავშვს რა უნდა ასწავლოს, თუნდაც მისი გადასახედიდან ყველაზე დებილს? დებილი, ხომ ზუსტად ის სიტყვაა, რომლითაც ხშირად ამკობენ „უუნარო“ ბავშვებს?

ადრეც დავწერე - სუფთა პროპაგანდისტული "აბოს წამების" სწორად სწავლების რა ეტყობა ერს, რომელიც 21-ე საუკუნეში აღმაშენებლის (!) გამზირზე უცხოტომელების და განსაკუთრებით არაბების წინააღმდეგ ლაშქრობას აწყობს? წმინდა ნინო ქართველიაო, რადგან კაბადოკია ადრე საქართველოს ეკუთვნოდაო და ადრე როდის? თურმე დავითისა და თამარის ეპოქაში... ამაზე რამე კომენტარი უნდა გავაკეთო?

30 წლის განმავლობაში იმდენს რომ ვერ მოახერხებს ერობაზე, კულტურაზე და ისტორიულ მეხსიერებაზე პრეტენზიის მქონე სახელმწიფო - აქ სტალინს არ განადიდებდნენ, მანდ რამეზე ღირს საუბარი?
ეს მაგალითებიც იმიტომ მოვიყვანე, რომ ავხსნა - ასე ვამახინჯებთ ბავშვებს, უნარებს რომ ვუჩლუნგებთ და რაც აქვთ მის განვითარებაზე არაფერს ვაკეთებთ ეგეც ცხადია.

და ერთი კითხვაც უნდა დავსვა - რამდენი მასწავლებელი აუხსნის ბავშვს რა არის "მე" და რა არის ფიქრი, გონება, ტვინი... თუ ამას სასწავლო გეგმა თუ „რაღაც  დოკუმენტი“ არ ითვალისწინებს და საერთოდაც, რატომ უნდა აუხსნას ეს ყველაფერი მათემატიკის ან ქართულის მასწავლებელმა?

აი, მითხარით, რამდენი გრადუსი უნდა იყოს სკოლაში ტემპერატურა ბიჭებმა რომ ისწავლონ და რამდენი გოგონებისთვის? გაგეცინებათ ახლა ხო? არა და ეს საუკუნეების წინ იცოდნენ ბრიტანელებმა და ათასწლეულების წინ ვიცოდით კოლხეთში. მასწავლებლები თუ დაჰკვირვებიხართ ამას? ვინმეს უფიქრია იმაზე, რა სჭირდებათ ბიჭებს წარმატებისთვის და რა გოგოებს? არა და, სწავლის საერთოდ განსხვავებული სამოტივაციო კომპონენტებია აუცილებელი.

დღეს მეცინება, სკოლა რომ დავამთავრე გამოშვების სუფრაზეც არ ვყოფილვარ - თეატრალურში ვაბარებდი - უი, ამას სმენა არ აქვსო. გვარებიც კი მახსოვს იმათი, ვინც მაშინ მეტწილად ჩაუდეს ლილი იოსელიანს. და სმენა რომ ჰქონდათ და მღეროდნენ - "გამაადგათ"? რა ვი, ნახევარი ჰოლივუდი არ მღერის და... ჰო, ისინი იქ უნიჭოები არიან. რამდენი ოსკაროსანი არ მღერის?

მერე, თსუ-ში, ისტორიულზე, ნახევარი ქულა დამაკლდა.

მას შემდეგ საუკუნე გავიდა - რა შეიცვალა? სადმე რამე შეიცვალა? ამას წინათ, ასეთი რამ წავიკითხე - მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ფიზიკოსებისა და მათემატიკოსების უმეტესობას კითხვა უჭირთ. მარცვალ-მარცვალ კითხულობენ და შესაძლოა წაკითხულის შინაარსიც კი ვერ მოყვნენ. ამ დროს უდიდესი მიღწევები აქვთ ფიზიკაში, მათემატიკაში, ქიმიაში და ა.შ.

რა არის მათ წარმატების საიდუმლო იცით? ის, რომ მათთვის დებილი და ოროსანი არ უძახია არავის. მათ იმის შესაძლებლობა მისცეს, რომ ის უნარი განევითარებინათ რაც მოჭარბებულად ჰქონდათ.

იმაზე მაინც ხომ უნდა დაფიქრებულიყო ქართული განათლების სისტემა და თუნდაც კონკრეტული მასწავლებელი - რა ხდება, რომ მედალოსნების, "ხუთოსან-ათოსნების" მხოლოდ 10%-ია საბოლოოდ წარმატებული და ე.წ. სამოსან-ოთხოსნების 60% აღწევს დასახულ მიზნებს. რა არის ამის განმაპირობებელი ფაქტორი? ის ხომ არა, რომ მედლისთვის ომში, საგნობრივ აჯაფსანდალში ვფიტავთ ბავშვებს და ვაზიზღებთ ცოდნას, იმდენ ძალას და ენერგიას ვართმევთ, რომ მერე ბრძოლის თავი არ აქვთ. "ისინი" კი ლაღად მიუყვებიან საკუთარ არჩევანს.

ზემოთ, რომ კითხვა დავსვი თევზზე და რიცხვით კი არა გონებით ვუპასუხე - მთავარია მე სად ვარ და სად არის ჩემთვის უფრო მოსახერხებელი და უფრო იაფი თევზის შეძენა მეთქი, სწორედ მაგ პათოსით ვიკითხავ: - რატომ ვხარჯავთ მილიონობით ლარს ბავშვების დამახინჯებასა და არასწორ სწავლებაში? რაში და რატომ გაუზარდეთ თუ უზრდით იმ მასწავლებელს ხელფასს, რომელიც ფიქრობს - ვთქვათ, მერვე კლასელი, რომელიც მარცვალ-მარცვალ კითხულობს და ამავდროულად Pokemon-ის დედის ამტირებელია - დებილია?

საზმაუზე "გადაწყვეტილების" არა ერთი გადაცმა ვნახე და აი, ასე, ჯიგრულად ვიტყვი - ბატონო მინისტრო, მოადგილეებო და თქვენ ჰეი, "დავარცხნილო" მასწავლებლები - არაფერი გეშველებათ, იმიტომ, რომ არასწორად აზროვნებთ, ანუ არასწორ ამოცანებს სახავთ - თქვენთვის მთავარი ფორმაა და არა შინაარსი. ბავშვები კიდევ ფეხებზე გკიდიათ.

ისე, ყველაზე მეტად მასწავლებლების უმეტესობის (!) ნაცვლად მრცხვენია. იმ მასწავლებლების, რომლებიც ფიქრობენ, რომ დამსახურებულად იღებენ ანაზღაურებას და მერე რა, თუ წლიდან-წლამდე პარტიული აქტივისტებიც არიან.

ჰო, მარტივი კითხვა მაქვს პატ მასწ: "მე" ვინ არის? და „ის“ ვინ არის ვისაც ესაუბრებით, როცა ფიქრობთ? ა, თუ არა ფიქრობთ, კითხვა თქვენთვის არ არის.

და ბოლოს, ერთი თხოვნა მაქვს - შეგიძლიათ იაქტივისტოთ, იხალტუროთ, დიდი და ზოგჯერ დაუმსახურებელი ჯამაგირიც აიღოთ, არც იფიქროთ, მაგრამ ნუ ახრჩობთ გენიოს ბავშვებს, ზოგადად ბავშვებს ნუ ახრჩობთ, მით უფრო იმით, რაც თავად არ იცით.

ავტორი: გოჩა მირცხულავა

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა