რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებმა მოინახულეს. როგორც ერთ-ერთმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.
შოთა თუთბერიძის განცხადებით, მოითხოვენ, რომ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ექსპერტები ჩაერთონ, მათ შორის ცენტრ „ემპათიას" ექსპერტთა ჯგუფი.
„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. გორის ჰოსპიტალში მყოფმა ნევროლოგმა და ასევე რუსთავში გამოძახებულმა ნევროლოგმა დაადასტურეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია. თუ არ გაეწევა შესაბამისი მკურნალობა, სამედიცინო დახმარება, შესაძლოა, შეუძლებელი გახდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული რეაბილიტაცია. მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი არის გაუარესებული. სააკაშვილის მკურნალობის საქმეში ექსპერტების დაუყოვნებლივ ჩართვას ვითხოვთ, მის მონახულებას ექიმების მიერ. მათ შორის ცენტრი „ემპათიას" ექსპერტთა ჯგუფისთვის მონახულების უფლებას, რომლებსაც სრულიად უკანონოდ არ ეძლევათ სააკაშვილის მონახულების საშუალება. ასევე ვითხოვთ ექიმების დაშვებას შეერთებული შტატებიდან, უკრაინიდან, ჰოლანდიიდან, რომლებიც მზად არიან, პრეზიდენტს გაუწიონ სამედიცინო დახმარება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დააკმაყოფილონ ეს მოთხოვნა", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
ამასთან, შოთა თუთბერიძის თქმით, ადვოკატებს არ ეძლევათ საშუალება, რომ სააკაშვილთან კომუნიკაცია კონფიდენციალურად წარიმართოს. თუთბერიძის განცხადებით, ეს ადვოკატის და დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დარღვევაა.
„მეორე საკითხი, რომელიც ასევე ძალიან მწვავედ დგას, ისაა, რომ შეხვედრების დროს არ გვაქვს საშუალება, მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია გვქონდეს კონფიდენციალურად. ყველანაირი სივრცე არის ამოქოლილი მყარი ბარიერით, რაც ადვოკატისა და დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების ფუნდამენტური დარღვევაა. ჩვენ არ გვაქვს საშუალება, წერილობითი კომუნიკაცია გვქონდეს, რაც იყო ერთადერთი საშუალება, ვყოფილიყავით დარწმუნებული, რომ არავინ გვისმენდა. ამჟამად, ეს შესაძლებლობა არ არსებობს. მას მხოლოდ იმისი საშუალება აქვს, რომ გასვლის წინ მაგიდაზე რაღაც დაგვიტოვოს. ეს რა თქმა უნდა, ვერ უზრუნველყოფს, გვქონდეს კომუნიკაცია, რომ გავცვალოთ აზრები. ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მივიღებთ ორ შედეგს. პირველი - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუქცევადი გახდება და შეიძლება, მისი სიკვდილიც კი გამოიწვიოს. მეორე - ეს პრობლემები 6 იანვრამდე თუ არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს პოლიტიკური პატიმრის, პოლიტიკური ტყვის უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს", - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.