გერმანიის ელჩი - ევროკავშირის წევრობა საუკეთესო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, მაგრამ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა გაწევრიანება
ანა ლიურმანი - ქართველები ევროკავშირის წევრობაზე ოცნებობენ - სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ქართველებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აფერხებს
სალომე ზურაბიშვილი - ხელისუფლება იმსახურებს მეტსახელ „რუსულს“, რადგან იგი კრემლის მეთოდებს იყენებს
ანა წითლიძე - სენაკში პირადობის მოწმობების ჩამორთმევით დაკავებული ე.წ. ძალოვანთა შტაბი მოქმედებს
თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშაბათის შეხვედრები, ქუთაისში გაიმართება
15-29 წლის ასაკის 576.4 ათასი ახალგაზრდიდან 26.7% დაუსაქმებელია, 191.7 ათასი დასაქმებულიდან კი 48.7%-ს, მხოლოდ სრული ზოგადი განათლება აქვს
IPN: გაერთიანებული სამეფოს ელჩი - გადავწყვიტეთ გაგვეყინა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“, ასევე გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი დონის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა
Russian combat losses in Ukraine up by 1,210 over past day

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შესახებ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

12.10.2024 ნახვები: 219

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი(ეუთო/ოდირი) საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

შუალედურ ანგარიშში საუბარია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ზოგად პოლიტიკურ კონტექსტზე, სამართლებრივ ჩარჩოსა და საარჩევნო სისტემაზე. ამასთან ანგარიშში მიმოხილულია საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა და საარჩევნო ტექნოლოგიები.

„ისტორიაში პირველად ყველა საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ამომრჩეველთა იდენტიფიცირების, შედეგების დათვლის, წინასწარი შედეგების დადგენისა და გადაცემის ელექტრონული მოწყობილობები“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ყურადღება გამახვილდა ამომრჩეველთა უფლებებსა და რეგისტრაციაზე. ანგარიშის თანახმად, ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან საუბრებში პროცესში ჩართული დაინტერესებულ მხარეებს განსაკუთრებული შეშფოთება არ გამოუთქვამთ ამომრჩეველთა სიების ინკლუზიურობასთან დაკავშირებით, თუმცა ზოგიერთმა აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა სიაში კვლავაც არის უზუსტობები, რომლებიც სავარაუდოდ გამომდინარეობს სიაში გარდაცვლილი პირებისა და საზღვარგარეთ დე ფაქტო მცხოვრები მოქალაქეების არსებობით.

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. „კანონი წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად სამართლიან პირობებს აწესებს. ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდი 27 აგვისტოს დაიწყო და ამ დრომდე საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს; საარჩევნო სუბიექტთა უმრავლესობა კარდაკარ შემოვლის ღონისძიებებით, სოციალური ქსელში აქტიურობით, შეხვედრების და იშვიათად შედარებით ფართომასშტაბიანი აქციების ჩატარებით არის დაკავებული. ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა სავარაუდოდ სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერთა და სახელმწიფო უწყებების მიერ მართული დაშინების ტაქტიკის გამო, რომელიც მათი წინასაარჩევნო კამპანიებისა და, ასევე, ამომრჩეველთა წინააღმდეგ არის მიმართული", - ნათქვამია ანგარიშში..

რაც შეეხება საარჩევნო კამპანიასა და პოლიტიკოსების გზავნილებს, ანგარიშის თანახმად, საარჩევნო კამპანიის გზავნილები, რომლებიც ამ ეტაპამდე მოექცა დაკვირვების არეალში, ძირითადად უკიდურესად პოლარიზებული რიტორიკით არის გაჯერებული, „სახელისუფლებო პარტიამ არჩევნები წარმოადგინა, როგორც მშვიდობასა და ომს შორის გასაკეთებელი არჩევანი მაშინ, როცა ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობა ამ არჩევნებს ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმს უწოდებს“.

ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშში ანტიკორუფციული ბიუროს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებიც აისახა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ დაფინანსების სიღრმისეული შემოწმება საარჩევნო კამპანიის პერიოდში დაიწყო და დაკისრებული მოვალეობის შესაბამისად დამატებითი ანგარიშების წარმოდგენა მოითხოვა.

„ყველა საარჩევნო სუბიექტმა წარმოადგინა თავისი პირველი შუალედური ანგარიში. რაც ანტიკორუფციულმა ბიურომ ვებგვერდზე გამოაქვეყნა მიუხედავად იმისა, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად ბიუროს არ ევალება ამ ანგარიშების დეტალური შემოწმებისა და დასკვნების კენჭისყრის დღემდე გამოქვეყნება“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, შუალედურ ანგარიშში ყურადღება გამახვილდა მედიაგარემოზეც და აღინიშნა, რომ მედიაგარემო მრავალფეროვანი, მაგრამ ძალზედ პოლარიზებულია და ირეკლავს პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებს. ასევე ნათქვამია, რომ მედიის წინააღმდეგ მიმდინარეობს სამოქალაქო ცილისწამების შესახებ არაერთი საქმის განხილვა და ჟურნალისტთა წინააღმდეგ მიმართული მუქარები კვლავაც აქტუალურია.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, არჩევნები მთავრობასა და პრეზიდენტს შორის გამძაფრებული პოლიტიკური პოლარიზაციისა და გაღრმავებული ანტაგონიზმის და, ასევე, სხვადასხვა კანონის მიღებით საზოგადოებაში გამოწვეული უკმაყოფილების ფონზე მიმდინარეობს.

„2023 და 2024 წლებში მსხვილმასშტაბიანი საპროტესტო აქციები გაიმართა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ, რომელიც თავდაპირველად, 2023 წელს, გაიწვიეს, მაგრამ მომდევნო წელს ხელახლა განიხილეს და 2024 წლის 28 მაისს მიიღეს. ამ მოვლენების მიმდინარეობისა და კანონის მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ, პროცესში ჩართულმა ბევრმა დაინტერესებულმა მხარემ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას (ODIHR EOM) აცნობა საპროტესტო აქციების მონაწილეთა, სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობისა და დაშინების ფაქტების შესახებ. ივლისში პრეზიდენტმა და ოცდათვრამეტმა დეპუტატმა 122-ზე მეტ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ და მედიაორგანიზაციასთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა და მოითხოვა კანონის ნორმების ამოქმედების დროებითი შეჩერება. 9 ოქტომბერს სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე უარი თქვა კანონის ნორმების ამოქმედების შეჩერებაზე. ბევრმა ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის ODIHR-მა, შეშფოთება გამოთქვა, რომ ამ კანონის მიღებამ შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობაზე.

17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, რომელიც მკაცრად გააკრიტიკა არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, და მათ შორის ODIHR-ის არჩევნებზე დასამკვირვებლო მისიასთან შეხვედრისას პროცესში ჩართულმა რამდენიმე დაინტერესებულმა მხარემ, როგორც ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი ზომა და ლგბტ თემის სტიგმატიზებისკენ მიმართული ინსტრუმენტი“, -ნათქვამია ანგარიშში.

OSCE/ODIHR -ის ინფორმაციით, ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია (ODIHR EOM) საქართველოს მთავრობის მოწვევითა და თავისი მანდატის შესაბამისად მუშაობას 11 სექტემბერს შეუდგა. მისიას ხელმძღვანელობს მისიის ელჩი, ოუენ მერფი. მისიის ძირითადი გუნდი შედგება თბილისში მომუშავე 12 წევრისგან და 30 ხანგრძლივვადიანი დამკვირვებლისგან, რომლებიც 19 სექტემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდნენ. მისიის წევრები ეუთოს 22 წევრი ქვეყნიდან შეირჩნენ; მათ შორის 48% ქალია. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) წევრ ქვეყნებს კენჭისყრის დღეს პროცედურებზე დასწრების მიზნით 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის გამოგზავნა სთხოვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა