რა აჯანყებებზეა საუბარი, ჯერ გვარამიას აჯანყება არ გაიშვა არსად, ამის საფუძველი არ არსებობს, განწყობებიც არ არის - სოციალურ მედიაში თავიანთი „ბაბლი“ ჰყავთ და ამით განსაზღვრავენ და სურთ სხვებს დააჯერონ, რომ ქვეყანაში განსხვავებული სიტუაციაა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებას, საზოგადოების აჯანყებასთან დაკავშირებით.
მისი შეფასებით, მათ საქმე რადიკალებთან აქვთ, რომლებიც უცხოეთიდან ზარს ელოდებიან თუ როგორ უნდა იმოქმედონ.
„ერთმანეთზე გადაბრალების კამპანია აქვთ დაწყებული, ჯერ თავიანთი ამომრჩეველი აზეიმეს, ატყუებდნენ, თითქოს არჩევნებში გაიმარჯვეს. ტელეკამპანიის განმავლობაში საუბრობდნენ, რომ გამარჯვებულები იყვნენ, თავიანთი ფალსიფიცირებული კვლევებითა და ეგზიტპოლებით, შეცდომაში შეჰყავდათ თავიანთი თანამოაზრეები.
დღესაც იგივე გრძელდება, სოციალურ ქსელებში ერთმანეთს ლანძღავენ და აბრალებენ.
რევოლუციები ქვეყანაში მაშინ ხდება, როდესაც სიტუაცია მომწიფებულია, უამრავი განაწყენებული ადამიანია. მაგალითად, 2012 წლამდე უმძიმესი ვითარება იყო ყველა მიმართულებით, შეზღუდული იყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, გვახსოვს თუ როგორ შედიოდნენ ციხეებში. ჯერ იჭერდნენ, შემდეგ ციხეებში შედიოდნენ ამ ადამიანებთან, ქონებებს ართმევდნენ და სახელმწიფოსა და თავიანთზე აფორმებინებდნენ.
საქართველოში ოჯახი არ დარჩენილა, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი არ შეხებია. დღეს ქვეყანაში რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. გვაქვს დემოკრატია, თავისუფლება, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, ბიზნესი თავისუფალია.
რა აჯანყებებზეა საუბარი, ჯერ გვარამიას აჯანყება არ გაიშვა არსად, ამის საფუძველი არ არსებობს, განწყობებიც არ არის.
ეს რამდენიმე ადამიანი ილუზიაში არის, რეალობას მოწყვეტილნი, სოციალურ მედიაში თავიანთი „ბაბლი“ ჰყავთ და ამით განსაზღვრავენ და სურთ სხვებს დააჯერონ, რომ ქვეყანაში განსხვავებული სიტუაციაა. ხალხს მშვიდობა და სიმშვიდე უნდათ, თავისუფლება დემოკრატია, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა სურთ, ის კი, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, ერთი და იმავე ადამიანები და სახეები, ეს რადიკალიზმი ყოველთვის მარცხისთვის არის განწირული.
მათ მაქსიმუმი არჩევნებში გააკეთეს, ის ხმები წარმოუდგენელი მგონია დღევანდელ საქართველოში, რაც მთლიანად ამ რადიკალებს ჰქონდათ. ერთმანეთზე გადაბრალების პროცესი მიმდინარეობს.
რა გეგმაზეა საუბარი, ხალხის რაღაც რაოდენობამ მხარი დაგიჭირა და კეთილი ინებე და შებრძანდი პარლამენტში და შენი გასაკეთებელი გააკეთე.
ჩვენ საქმე რადიკალებთან გვაქვს, დაჯგუფებასთან, რომელიც სახელმწიფოებრიობას ებრძვის, ისინი გარედან იმართებიან, რასაც დაავალებენ, ის უნდა გააკეთონ და იმოქმედონ. არ არიან ჩამოყალიბებულები და უცხოეთიდან ზარს ელოდებიან რა, როგორი უნდა გააკეთონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებით, არალეგიტიმური რეჟიმის ცვლილებას ხალხი ახდენ და ამ პროცესში პოლიტიკოსები მონაწილეობენ. „მარტო ქუჩაში დგომა არ არის საკმარისი. აჯანყებას, არალეგიტიმური რეჟიმების შეცვლას პოლიტიკოსები არ ახდენენ, პოლიტიკოსები ამაში მონაწილეობენ. ამას, პირველ რიგში, აკეთებს ხალხი, მათ შორის საკუთარ თავზე ინიციატივის აღებას, პოლიტიკოსებისთვის რაღაც შესაძლებლობების მიცემით. უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა გვჭირდება, როგორი მეთოდებით გვინდა სიარული და როგორი ქვეყნის აშენება გვინდა“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.