ჯო უილსონი - მოვუწოდებ ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დაასანქცირონ "ჩინეთის კომუნისტური პარტიის" ახლო მეგობარი ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახის უახლოესი წევრები და მისი ხელშემწყობების ქსელი
ნიკა მელია - სეთი სამარცხვინო სახალხო დამცველი ქართველ ხალხს არ ჰყოლია
ლევან იოსელიანი - რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე, რომლებმაც ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენის გამოყენებით გამაცნეს თავი, ეს ინსტიტუტი არ ივლის
გუსტავ გოტბერგი - შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტთან ყველა კონტაქტი შეწყვიტოს
ჯო უილსონი - პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა
კარპენტერი - ახალ ადმინისტრაციას საქართველოზე ძალიან მტკიცე პოლიტიკას ვუტოვებთ
ჯეიმს რიში- იმედი გვაქვს, ქართველი ხალხი აიღებს კონტროლს და გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც ჩვენ გვგონია, რომ მას სურს
დიდი ბრიტანეთის პრემიერი: გაერთიანებული სამეფო თავის სრულ როლს შეასრულებს უკრაინაში სამშვიდობო ძალისხმევაში

გოჩა მირცხულავა: უმართავი პროცესი კარგა ხანია დაიწყო... თუ ასე გააგრძელეს, "ოცნება" გაზაფხულამდე თავს აიფეთქებს!

16.01.2025 ნახვები: 841

"ივანიშვილისთვის ყველაზე მიუღებლები გახარია და ხაზარაძეა"

"ხაზარაძე ამერიკიდან რომ დაბრუნდება, მასზე თავდასხმასაც ველოდები!

„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.

- ბატონო გოჩა, როგორ აფასებთ არსებულ სიტუაციას? ირაკლი ზარქუას „გმირობის“ შემდეგ, ყოფილ პრემიერზე, გიორგი გახარიაზე მოხდა თავდასხმა. არსებული ინფორმაციით, მას თავს დაესხნენ „ოცნების“ ლიდერები. ერთ-ერთი დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა. „ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ, ეს უბრალო კონფლიქტია და არა პოლიტიკური ანგარიშსწორებაო. რა ხდება, რა ფაზაში შევედით?

- აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თავდასხმა, რომელიც განხორციელდა გახარიაზე, ეს არის ზარქუას თემის გაგრძელება. „ქართულმა ოცნებამ“ ახლა საკუთარ ბაბლს უნდა აჩვენოს, რომ მისი გუნდის წევრი კი არ დაიჩაგრა, სადღაც ვიღაცამ რომ „პროვოკაცია“ მოუწყო, ჩვენ შესაბამისი ძალა გაგვაჩნია, რომ უფრო დიდი ტიპებიც ვცემოთ და მათზე ვიძალადოთ. რაც შეეხება იმას, რომ ეს შემთხვევით მოხდა, ცხადია, რომ ამ ნარატივს განავითარებენ. რატომღაც ასე აღმოჩნდა, რომ გუშინ ბათუმის "შერატონი" ამ გამოცხადებული ყაჩაღების თავშესაფრად იქცა. გახარიას გარდა, თქვენ იცით, რომ ზვიად ქორიძეს დაესხნენ თავს, ზუსტად იმავე სასტუმროში. მასზეც განხორციელდა მუქარა და მოხდა ინციდენტი.

- ერთი და იგივე ჯგუფის მიერ. დიტო სამხარაძე და მისი ბანდა.

- დიახ, სწორედ ერთი და იგივე პირების მიერ.

- საქმე აღძრულია, გაქვთ რაიმეს მოლოდინი?

- საქმის აღძვრა, ვიღაცისთვის საჩვენებელი მომენტია. ნოემბრიდან რამდენი ასეთი აღძრული საქმე ვნახეთ. არის რამე შედეგი?! ან სად არის სპეციალური საგამოძიებო სამსახური, კაციტაძის უწყება?! ჩვენ მათი გამოძიებული საერთოდ არაფერი არ გვინახავს! ვერც ვნახავთ. თავის შვილებს ხომ არ დასჯის, ან საკუთარ თავს ივანიშვილი?! მე ვერ დავიწყებ აქ სხვა პერსონებზე საუბარს. ის არის ამ ყველაფრის შემკვეთი. ის არის ამ ბოროტების სათავე.

- დაიწყო ქვეყანაში უმართავი პროცესები? რამდენად სახიფათოა ეს?

- უმართავი პროცესი კარგა ხანია დაიწყო და ჩვენ ეს პროცესი უნდა შევაფასოთ ძალიან სწორად. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, მათი კეთილშობილების, ან მათი გამოღვიძების შანსი არ არსებობს. ესენი არიან როგორც ვამპირები, რომლებსაც სისხლი სწყურიათ და ყოველდღე მათი ქმედება, ეს არის სწორედ სისხლის წყურვილის დაოკება.

- აბსოლუტურად ყველაფერზე მიდიან. ორი დღის წინ ჟურნალისტი დააპატიმრეს სისხლის სამართლის მუხლით. პოლიციელს სილა გააწნაო. თვითონ რას სჩადიან, თანაც დეპუტატები?! დაიჭერენ რომელიმეს?

- არავისაც არ დაიჭერენ. უკვე რამდენი შემთხვევა ვნახეთ ასეთი. რომელიმე საქმე  გინახავთ გამოძიებული?! ასე საჯაროდ დაესხნენ თავს ანი წითლიძეს, დავით ქაცარავას, ლევან ხაბეიშვილს. რომელი ერთი ჩამოვთვალო?! რა უქნეს ჟურნალისტებს! გამოიძიეს რომელიმე საქმე?! ან საერთოდ დაიწყეს გამოძიება?! ვინ მიიყვანა პროცესი აქამდე? ვინ, თუ არა ხელისუფლებად წოდებულმა ამ რეჟიმმა, რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება!  რა, ეხალისება ამ ხალხს, 50 დღე ქუჩაში იდგეს და იყინებოდეს?! ყოველდღიური პროტესტის რეჟიმში ვართ. ეს ხალხი ქუჩაში ვინ გამოიყვანა?! ვინ დაარღვია კონსტიტუცია? ვინ მიიტაცა არჩევნები?! ვინ და ივანიშვილის რეჟიმმა. სწორედ ისაა პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე!

- ბოლო დღეებია საერთოდ დაკარგეს სახე. საუბარია, რომ ეს ყველაფერი მათ აგონიასა და მათ დასასრულზე მიანიშნებსო.  რამდენად ფიქრობთ, რომ რეჟიმმა თავი ამოწურა?

- მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ბოლო ფაზა. მათ ჯერ კიდევ აქვთ რესურსი და ჩვენ უნდა შევაფასოთ ეს ობიექტურად. აქვთ რესურსი კონფორმისტების ხარჯზე, აქვთ რესურსი საჯარო მოსამსახურეების ხარჯზე, აქვთ რესურსი ძალოვანი უწყებების ხარჯზე, მაგრამ ყველა ამ სეგმენტში რღვევა დაწყებულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს რღვევა უფრო მეტად განვითარდება. არა ერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, „ქართული ოცნება“  თავის მოღვაწეობას დაასრულებს ყველაზე უფრო ცუდად, ყველა ხელისუფლებას შორის, რომელსაც დაუსრულებია საქართველოში და არა მხოლოდ! ეს ნამდვილად არ მიხარია, მაგრამ ეს ლოგიკური პროცესია. იმის მიუხედავად, რომ „ოცნების“ ქმედებებში ჩვენ ლოგიკა არ უნდა ვეძებოთ, სამყარო ვითარდება კანონზომიერად და ისინი სწორედ ამ კანონზომიერებას არღვევენ ყველანაირად. მათ აუცილებლად მოუწევთ ამ ჩარჩოში ჩაჯდომა! ეს მოხდება მაშინ, როდესაც მათგან უკვე აღარაფერი არ დარჩება! უდიდესი სასჯელის გადახდა მოუწევთ!

- გამოდის, რომ ივანიშვილმა დეპუტატებიც ტიტუშკებად აქცია?

- ჩვენ ვიბრძვით წინა ხაზზეო, ეტყვიან მხარდამჭერებს და ისინიც დაიჯერებენ. ეს ნაცების თემაც ხომ დამთავრდა, მათთან ბრძოლასაც ვეღარაფრით ამართლებენ. ყველა მათი ქმედება, ეს არის ბოროტებისკენ გადადგმული ნაბიჯი და სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. გახარიაზე თავდასხმას ველოდი მთელი ამ ხნის განმავლობაში.

- ანუ იყო ეს მოსალოდნელი?

- რა თქმა უნდა! ისევე, როგორც ველოდები ხაზარაძეზე თავდასხმას. ალბათ ამაზეც წავლენ.

- არ დადგა დრო, გახარიამ თქვას ყველაფერი და აღარ დააფაროს ხელი ივანიშვილის რეჟიმს? ყველა ფიქრობს, რომ მას სათქმელი ბევრი აქვს.

- ამას მე ვერ გადავუწყვეტ გახარიას. ეს გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. ახლა, მასზე თავდასხმის მერე რომ გააკეთოს ეს, სწორად არ მიმაჩნია. მან სწორად უნდა გააანალიზოს ის პროცესი, რომელიც მიდის და თუ რაიმე აქვს სათქმელი, ეს უნდა ითქვას. გახარიას და ხაზარაძის მიუღებლობა ყველაზე მეტად აქვს  „ოცნებას“. ნამდვილად ველოდი, რომ მსგავსი ინციდენტი მოხდებოდა პერსონალურად გახარიასთან დაკავშირებით. ისევე, როგორც ველოდები, რომ ეს ინციდენტი მოხდება ხაზარაძესთან დაკავშირებითაც.

- შეიძლება ითქვას, შემდეგი ხაზარაძეა?

- რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც ხაზარაძე ამერიკიდან დაბრუნდება.

- ყველა ხვდება, რომ მათ ტრამპის იმედი აღარ აქვთ, მაგრამ რატომღაც იხტიბარს არ იტეხენ და ჯიუტად ელიან 20 იანვარს. რა იქნება?

- რატომ მიაჩნიათ, რომ ტრამპი არის ვიღაცა განყენებული და დანარჩენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი არის სრულიად სხვა?! იქ ყველაფრის მიმართ დემოკრატიული მექანიზმი მუშაობს. ეს ნუ ავიწყდებათ! ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს საქართველოსთან დაკავშირებით და ტრამპი რას იზამს, რა ჰგონიათ? ადგება და ამ მომზადებულ დოკუმენტებს დაუხევს და გადაყრის?! ტრამპი ამერიკის პოლიტიკის წინააღმდეგ წავა?!

- ყველა მიმართულებით გაიფუჭეს საქმე და ურთიერთობა.

- დღეს მათ აქვთ ერთი ამოცანა, ეს არის თვითგადარჩენა. ეს შეცდომებს აშვებინებს. როდესაც ადამიანი შედის პარანოიის ფაზაში, მერე მათი ლოგიკა აუხსნელია. ჩვენ ეს გვინახავს, სხვაგანაც და საქართველოშიც, როდესაც ადამიანები საკუთარ ქმედებებზე კონტროლს კარგავენ, მერე როგორ ამთავრებენ! ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება დაამთავრებს ძალიან ცუდად! ვერც კი წარმოუდგენიათ, იმდენად ცუდად!

- როდის იქნება ეს დასასრული? დიდი დრო დარჩა?

- თუ დინამიურად იმ ჩარჩოში, რასაც საზოგადოება სთავაზობს „ქართულ ოცნებას“, რომ მშვიდობიანად, ნორმალურად, მოვიდნენ აზრზე და მიიღონ გადაწყვეტილება ახალი არჩევნების დანიშვნის, აი ამ ფორმით შესაძლებელია, რომ მივიდეთ გაზაფხულამდე, მაგრამ არის მეორე ვარიანტი, თუ ესენი ასე მოქცევას გააგრძელებენ, შეიძლება ბევრად უფრო ადრე  დაასრულონ. გაზაფხულს ვერ გადაცდება ეს პროცესები, გაზაფხულისთვის უნდა დანიშნონ არჩევნები. სხვა შემთხვევაში, თავს უფრო ადრე აიფეთქებენ!

ნონა ცაბაძე

„ახალი თაობა“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა