გოჩა მირცხულავა: სალომე ზურაბიშვილის დავარცხნილი რაღაცა დებულებები საერთოდ აცდენილია დღევანდელ რეალო
როდესაც „საშიში იდეალისტების“ შესახებ პირველი წერილი დავწერე, უკმარისობის გრძნობა დამრჩა. გეგე დადიანის (გოჩა მირცხულვას ლიტერატურული ფსევდონიმი) რომანში იმდენი მნიშვნელოვანი პასაჟი და ასპექტია, რასაკვირველია ერთი ხედვით მისი წარმოჩენა შეუძლებელიც აღმოჩნდა. ვგრძნობდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ავუარე გვერდი, მით უფრო სახელმწიფოში ამჟამად მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით.
ამიტომ წიგნს ხელახლა დავუბრუნდი და მე ასე ვიტყოდი - „საშიში იდეალისტები“ არ არის მხოლოდ პოლიტიკური და ფილოსოფიური ნარატივი – იგი ასევე სიღრმისეულად ეხება ადამიანურ ურთიერთობებს, თანამედროვე საზოგადოებაში არსებულ კავშირებსა და მათ ფუნდამენტურ ცვლილებებს. ამავდროულად ეს არის საოცარი დემონსტრირება ადამიანის შინაგანი სამყაროს სიღრმისეულად კვლევის, მისი ფსიქოლოგიური კონსტრუქციის, იდენტობის ფორმირებისა და შიშის გადალახვის პროცესის. ეს ნაწარმოები ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ტექსტია, რადგან იგი ადამიანური ფსიქიკის ფუნდამენტურ ასპექტებს შეეხება და გვიჩვენებს, როგორ შეიძლება შიში გადაილახოს ცნობიერებისა და თვითგამორკვევის გზით. მნიშვნელოვანია, რომ რომანი სიღრმისეულად ეხება ადამიანის პიროვნულ ურთიერთობებს, მათ შორის, მშობლებისა და შვილების რთულ კავშირს. ნაწარმოები გვიჩვენებს, თუ როგორ მოქმედებს საზოგადოებრივი სისტემა ამ ურთიერთობებზე, რა მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობითობას და როგორ აისახება თაობებს შორის კონფლიქტები პიროვნულ და სახელმწიფოებრივ დონეებზე.
და მაინც, „საშიში იდეალისტები“ არის წიგნი - რომანი სახელმწიფოზე და თავისუფლებაზე, უფრო მეტიც ამ ღირებულებებისა და ფასეულობების გვრიგვინზე - ადამიანზე.
და ამ ძიებისას დავინახე, რომ გეგე დადიანის „საშიში იდეალისტები“ სახელმწიფოს არა როგორც აბსტრაქტულ ცნებას, არამედ როგორც ცოცხალ, განვითარებად და ბრძოლის ველზე მოპოვებად ერთობას განიხილავს. ნაწარმოების მთავარი ხაზი სახელმწიფოსა და ადამიანის, როგორც მისი ძირითადი შემოქმედისა და მსხვერპლის, ურთიერთმიმართებას გვიჩვენებს. სახელმწიფოს არსი არ განისაზღვრება მხოლოდ კანონებითა და მმართველობითი სტრუქტურებით – ის იქმნება იმ ხალხის მიერ, ვინც მისთვის იბრძვის და ვინც მისგან დაზარალებულია.
გეგე დადიანი (გოჩა მირცხულვა) გვიჩვენებს, რომ სახელმწიფო გამარჯვებას მაშინ აღწევს, როდესაც მოქალაქეები მასში ძალაუფლების ბრმა ინსტრუმენტს კი არ ხედავენ, არამედ საკუთარ სივრცედ აღიქვამენ, რომელშიც მათ აქვთ ხმა, უფლებები და პასუხისმგებლობები. „საშიში იდეალისტები“ ხაზს უსვამს, რომ რეალური გამარჯვება არ არის მხოლოდ ძალაუფლების მოპოვება ან პოლიტიკური სტრუქტურების ცვლილება – ის მოითხოვს ცნობიერების ცვლილებას, სიღრმისეულ შეხედულებებს და დაუღალავ ბრძოლას.
ნაწარმოებში სახელმწიფო ძალადობრივი მექანიზმის სახითაც გვევლინება, რომელიც ხშირ შემთხვევაში განზე დგას და მოქალაქეების ინტერესებს არ გამოხატავს. ავტორი ამასთანავე აჩვენებს, რომ სახელმწიფოს რეალური ფორმულა იმ ადამიანებშია, ვინც მასში ცხოვრობს, ვინც მასზე ფიქრობს და ვინც მისთვის იბრძვის.
და ვფიქრობ უმთავრესი, რასაც ავტორი გვეუბნება და გვასწავლის არის გამარჯვების ფორმულა.
გამარჯვების ფორმულა, „საშიში იდეალისტების“ მიხედვით, ორ ძირითად კომპონენტს ემყარება: მოქალაქეების ნება და წინააღმდეგობის უნარი. მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოება აცნობიერებს საკუთარ ძალას და აქტიურად იღებს მონაწილეობას სახელმწიფო პროცესებში, შეიძლება გამარჯვებაზე საუბარი. ძალადობის, უსამართლობის და ინსტიტუციური სიყრუის ფონზე, ნაწარმოები მიგვანიშნებს, რომ ერთადერთი გზა, რომელიც სახელმწიფოს განვითარებისკენ მიდის, არის იდეალიზმისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის სინთეზი. სწორედ ეს არის გამარჯვების ფორმულა, რომელსაც „საშიში იდეალისტები“ გვთავაზობს.
„საშიში იდეალისტები“ მკითხველს უპირისპირებს მნიშვნელოვან კითხვას: რა აფერხებს სახელმწიფოს განვითარების პროცესს? ნაწარმოებში ორდესა და იერარქის დიალოგი ამ საკითხის ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედად გვევლინება. უნდა ვაღიარო, რომ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ფაქტობრივად არ არსებობს ამ დილოგის ტოლფასი შერკინება გმირებს შორის - რომელიც ერთდროულად მოიცავს, პოლიტიკურ, რელიგიურ, ფსიქოლოგიურ და ღირებულებით ასპექტებს.
ეს შერკინება - დიალოგი არ არის უბრალოდ ორ პერსონაჟს შორის გამართული მსჯელობა – ის მრავალწახნაგოვანი ფენომენის ანალიზს წარმოადგენს, სადაც რელიგიური ინსტიტუტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ასე კვალიფიციურად, ასე პროფესიონალურად და მე ვიტყოდი, ცივსისხლიანი აკადემიურობით, არსად გაშიშვლებულა რელიგიური ინსტიტუცია, როგორც სახელმწიფოს განვითარების შემაფერხებელი უმთავრესი ფაქტორი.
იერარქის სახე ნაწარმოებში ცხადად გამოხატავს იმ ძალას, რომელიც ტრადიციულად თავს იჩენს სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარებაში. რელიგია, რომელიც ადამიანისთვის სულის საყრდენი უნდა იყოს, ხშირად ინსტრუმენტალიზებულია და გამოიყენება არა ჰუმანიზმის, არამედ კონტროლისა და მანიპულაციის მიზნით.
ორდესა და იერარქის დიალოგში მკითხველი ხედავს, თუ როგორ ხდება რწმენის გადაქცევა მექანიკურ ინსტრუმენტად, რომელიც სახელმწიფოს სტაგნაციას უწყობს ხელს. იერარქი, როგორც მმართველი სტრუქტურის წარმომადგენელი, ხაზს უსვამს ტრადიციული მორჩილების და ძალაუფლების შენარჩუნების აუცილებლობას, ხოლო ორდე, როგორც თავისუფალი მოაზროვნე, უპირისპირდება ამ შეხედულებას და ცდილობს გამოამზეუროს რეალური პრობლემა – რელიგიის გადაქცევა საზოგადოების გაკონტროლების ბერკეტად.
ავტორი მკაფიოდ აჩვენებს, რომ რელიგიური ინსტიტუციები ხშირად ინარჩუნებენ სტატუს-კვოს და სახელმწიფოს არ აძლევენ განვითარების საშუალებას. ამ დიალოგში კარგად ჩანს, როგორ ხდება ადამიანის ინდივიდუალური ნების და კრიტიკული აზროვნების ჩახშობა იმ იდეოლოგიური კონსტრუქციებით, რომლებიც დროის სვლასთან ერთად კარგავენ თავიანთ თავდაპირველ მნიშვნელობას და პოლიტიკურ მექანიზმად იქცევიან. ორდე პირდაპირ უპირისპირდება იერარქის მიერ წამოყენებულ იდეებს და ამხელს იმ კონფორმიზმს, რომელიც ხელს უშლის თავისუფალი საზოგადოების ფორმირებას.
„საშიში იდეალისტები“ მკითხველს საშუალებას აძლევს, შეაფასოს, თუ რამდენად გავლენიანია რელიგიური დოგმები თანამედროვე სახელმწიფოს მოწყობაში. ამ დიალოგით ნაწარმოები გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს განვითარებას ხელს უშლის არა თავად რწმენა, არამედ ის ინსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც მას აკონტროლებენ და საზოგადოების კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას ეწინააღმდეგებიან. ორდესა და იერარქის დაპირისპირება მკაფიოდ წარმოაჩენს, რომ რეალური წინსვლა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ადამიანები გააცნობიერებენ, რომ მორჩილება და შიში – ეს სახელმწიფოს განვითარების მთავარი ბარიერია.
წინა წერილშიც აღვნიშნე და ახლაც აუცილებლად გავიმეორებ - დიახაც, იშვიათია თანამედროვე ქართულ მწერლობაში ლიტერატურული ტექსტისა და მისი ილუსტრაციების ისეთი ფილოსოფიური თანხვედრა, როგორც „საშიშ იდეალისტებში“. გავიმეორებ, იშვიათია, ილუსტრატორმა - მხატვარმა, ასე ღრმა ფილოსოფიით გაიაზროს ტექსტი და იმდენად ჰარმონიულად და დრამატულად შეურწყას მას, რომ მკითხველში დაუვიწყარი შეგრძნებები გააჩინოს.
საოცარია ნაწარმოების მეცხრე თავის ილუსტრაცია - ჯვარცმული ქრისტე, რომელიც მავანთა მიერ მხოლოდ სახელად და სიმბოლოდ არის დარჩენილი; ქრისტე, რომელსაც სწავლებები შემოაძარცვეს და კომერციის ნაწილად აქციეს; ქრისტე, რომელსაც თავისუფლებისგან, სიყვარულისა და თანასწორობისგან ძარცვავენ - გულში იკრავს ორდეს, უფრო სწორად მისი სხეულის ნაწილად ხდის. ორდე კი ძალა და სიტყვაა, რომლითაც ქრისტე ესაუბრება ღირებულებების მიღმა დარჩენილ იერარქს.
ირაკლი ნაკუდაიძის კომპოზიციები და გასაკუთრებით ეს ილუსტრაცია, მძაფრად იმეორებს გეგე დადიანის (გოჩა მირცხულავა) გამარჯვების ფორმულის არსს სახელმწიფოსა და პიროვნული თავისუფლებისთვის - იდეალიზი და სამართლიანობა.
წინა რეცენზიაშიც აღვნიშნე, რომ „საშიში იდეალისტები“ ერთგვარი წინასწარმეტყველებაა ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების. ეს პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური რომანი თუნდაც ამ ასპექტის გათვალისწინებით არის მნიშვნელოვანი ყურადღებისა და მსჯელობის საგანი, არა მხოლოდ ლიტერატოროების, კრიტიკოსებისა და წიგნის მოყვარულების, არამედ პოლიტიკოსების, ფსიქოლოგების, თეოლოგებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან.
ავტორი: გიორგი თავართქილაძე