ევროკავშირის ელჩი - გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს
პაველ ჰერჩინსკი - სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო
ყოფილი დიპლომატები - ევროკომისიის ანგარიშში ასახული უმძიმესი რეალობა ცხადყოფს ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” მიერ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულ საბოტაჟს
ევროკავშირის გაფართოების ანგარიში - საქართველომ სასწრაფოდ უნდა შეაბრუნოს დემოკრატიის მხრივ უკუსვლა
კაია კალასი - ვცდილობთ სანქციების დაწესებას მთავრობის იმ ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას იყენებენ
მარტა კოსი - საქართველოს ხელისუფლებავ, თქვენ არ მიგყავთ თქვენი ხალხი ევროკავშირისკენ
ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში - საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს
მიხეილ სააკაშვილი - მინდა, ვურჩიო ღარიბაშვილს, მოერიდოს შეკვეთილ საკვებს, ხინკალს, ხაშლამას, სუპებს და ბევრ სხვა პროდუქტს

პაველ ჰერჩინსკი - სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო

04.11.2025 ნახვები: 247

ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის საქართველოში, წლევანდელი ანგარიშის წარდგენა ადვილი არ არის. სამწუხაროდ, ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირებული უკუსვლის საერთო დონე და აქ მე უმაღლესი წარმომადგენლის და ევროკომისარ კოსის სიტყვების ციტირებას ვახდენ, უპრეცედენტოა. ბოლო 12 თვის განმავლობაში, გაფართოების ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით, ასევე კომისიის რეკომენდაციაში გაწერილ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით სერიოზული უკუსვლა დაფიქსირდა, მას შემდეგ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ჩვენ ვიხილეთ კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზია და ფუნდამენტური უფლებების მკაცრი შეზღუდვები. ინსტიტუტები პარტიული მიზნებისთვის იქნა გამოყენებული“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა შეარყია საკანონმდებლო ცვლილებებმა, რამაც შექმნა სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდების რისკები. სისტემურმა რეპრესიულმა ქმედებებმა ზიანი მიაყენა სამოქალაქო სივრცეს და მედიის დამოუკიდებლობას. ასევე, ადგილი ჰქონდა ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სრული დაუსჯელობის პირობებში.

„საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებული მტრული ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა, დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები მიზნად ისახავს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების ძირის გამოთხრას. წამყვანი ოპოზიციური ფიგურების დაპატიმრება, მმართველი პარტიის მიერ გარკვეული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ განცხადებასთან ერთად, წარმოადგენს პირდაპირ თავდასხმას ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად პრინციპზე, დემოკრატიულ პლურალიზმზე. დღევანდელ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გასული წლის შემდეგ საქართველოს პროგრესი ევროკავშირის სტანდარტების ტექნიკურ ნაწილებში მნიშვნელოვნად შენელდა“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, საქართველო ამაყობდა ასოცირების შეთანხმების განხორციელების საკითხში ლიდერობით, რაც სამწუხაროდ, ასე აღარ არის.

„ევროკავშირში გაწევრიანება ტრანსფორმაციული პროცესია და ასეც დარჩება, თითოეული ქვეყნის ხელმძღვანელობის პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული. ყველას მოვუწოდებ, ყურადღებით წაიკითხოს ეს ანგარიში, რომელიც 80-ზე მეტ გვერდს მოიცავს. მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირიდან გასვლა აირჩია, სხვა კანდიდატებმა წინ წაიწიეს რეფორმებსა და გაწევრიანების პროცესში“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ არჩეული ტრაექტორიის გამო, ქართველი ხალხი და ქართული ბიზნეს კომპანიები ქვეყნის მოდერნიზაციისთვის საჭირო სახსრებს, როუმინგის ნულოვან საფასურს, საბანკო ხარჯების შემცირებას, საბაჟო შემოწმებების შემცირებას და ბევრ, ბევრ სხვა სარგებელს კარგავენ.

„როგორც ახლახან მოისმინეთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ კაია კალასისგან და გაფართოების საკითხებში პასუხისმგებელ კომისრისგან, მარტა კოსისგან, კომისია დღეს საქართველოს სიცოცხლისუნარიან კანდიდატ ქვეყნად არ მიიჩნევს. კანდიდატი ქვეყანა ქაღალდზე თუ კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელით. ეს ორივე კომისრის სიტყვები იყო. ჩემთვის ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია“, - აღნიშნა ელჩმა.

პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის, თუმცა, მიუხედავად ამისა, ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია რჩება.

„კანდიდატი ქვეყანა ქაღალდზე თუ კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელით. ეს იყო უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის სიტყვები. ჩემთვის ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია. მაგრამ ამავდროულად, მინდა ძალიან ხმამაღლა და ნათლად აღვნიშნო, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია რჩება. თუ ხელისუფლება გადაწყვეტს მოქმედების კურსის შეცვლას და იმ ღირებულებებსა და პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანას, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული“,-აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, გაფართოების ანგარიშში ნათლად არის აღწერილი ის ნაბიჯები და რეფორმები, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გასვლისა და წინსვლისთვის.

„პირველ რიგში, საქართველომ უნდა გამოავლინოს მტკიცე ერთგულება დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სერიოზული უკუსვლის შესაცვლელად და მიაღწიოს პროგრესს ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ევროკავშირი გვერდით უდგას საქართველოს 30 წლის განმავლობაში.

„ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგან გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობას სჯერა ევროკავშირის. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ქართველი ხალხისთვის მიცემულ დაპირებას. ჩვენი მხრიდან, ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, გავაგრძელოთ ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი არ წავა კომპრომისზე ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებსა და პრინციპებთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე არ ვკარგავთ საქართველოს იმედს. ამ ანგარიშის დასკვნები არ უნდა იქნას აღქმული, როგორც საბოლოო წერტილი, არამედ როგორც გამოფხიზლების ზარი და მიწვევა ვალდებულებების განახლებისკენ. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და მთლიანად თავად საქართველოს ხელშია“, - აღნიშნა ელჩმა.

„გაფართოების ანგარიში სრულიად ნათელია. საქართველო არ იმყოფება იმ გზაზე, რომ ევროკავშირის წევრი 2030 წელს ან უფრო მოგვიანებით გახდეს. დემოკრატიულ უკუსვლით, ანტიევროპული დეზინფორმაციით, რომელსაც ხელისუფლების უმაღლესი პირები იმეორებენ, ფუნდამენტური თავისუფლებების ეროზიით, რომლებზეც ევროკავშირია აშენებული, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისი თქმით, სიტუაციის გამოსწორების მიზნით ევროკავშირი ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

„ჩვენი მხრიდან, ამ სავალალო სიტუაციის შეცვლის მიზნით ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ. ეს ანგარიში 33 ინსტიტუტის, 9 სააგენტოს მიერ მომზადდა. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ იმას, რომ საქართველო წარმატების ისტორიად იქცეს. ამისთვის კი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კეთილი ნებაა საჭირო, რომ დაიცვას ის ძირითადი წესები და პრინციპები, რომლებზეც ევროკავშირი დგას“, - აღნიშნა ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა