თიბისი x ვერე - თამამი მიზნებისკენ, მთავარია გჯეროდეს
ნონა ქურდოვანიძე - ბენეფიციართა პირადი მონაცემების მოთხოვნა ტოტალური კონტროლის გამოვლინებაა
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ამბობს
აშშ-ში აივ-ინფექციისგან დაცვის ახალი ინექცია დაამტკიცეს
ხაშურში სიმამრის მკვლელობისთვის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - თეირანში მყოფ ტირანებს სრულ საფასურს გადავახდევინებთ
რეზოლუციას - „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ - ევროპარლამენტი დღეს კენჭს უყრის
ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიაში 3 ადამიანი დაიღუპა - მათ შორის დედა-შვილი

ნონა ქურდოვანიძე - ბენეფიციართა პირადი მონაცემების მოთხოვნა ტოტალური კონტროლის გამოვლინებაა

19.06.2025 ნახვები: 218

საქართველოში არსებობს კანონები, რომლებიც არეგულირებს იმას, რომ გარკვეული ტიპის ინფორმაცია კონფიდენციალური და სხვისთვის ხელმისაწვდომი არ შეიძლება იყოს, მათ შორის ასეთია ბენეფიციარების შესახებ არსებული ინფორმაცია, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ე.წ. ფარას კანონის აღსრულება დაიწყო, ამის ფარგლებში კი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული ინფორმაციების, მათ შორის ბენეფიციართა შესახებ მონაცემების მიწოდების მოთხოვნით მიმართა.

როგორც ქურდოვანიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ აღნიშნა, საქართველოში მიღებული „ფარას“ კანონი დამოუკიდებელი ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტად გამოიყენება, ამიტომ არ შეიძლება ითქვას, რომ ის ამერიკაში მოქმედი კანონის იდენტურია.

„კანონების აღსრულება დაიწყო, რომელიც არადემოკრატიულია და რუსული კანონის სხვადასხვა ფორმას წარმოადგენს. როგორც იცით, დღეს საქართველოში მოქმედებს, როგორც თვითონ [„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები] ამბობენ ე.წ. ამერიკული FARA-ს პირდაპირი თარგმანი, მაგრამ მისი იმპლემენტაცია სრულიად სხვაგვარად ხდება საქართველოს რეალობაში, ვიდრე ეს ამერიკაშია. ამიტომ არ შეიძლება ითქვას, რომ ეს იდენტური კანონია, რადგან განსხვავდება, როგორც პოლიტიკური კონტექსტი, ასევე მისი გამოყენების მიზნები.

თავიდანვე ცხადი იყო, რომ საქართველოში ამ კანონის მიღების მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ინდივიდების, დამოუკიდებელი ადამიანების და მედიების ჩახშობა. ამიტომ როდესაც საუბარია, რომ ეს ამერიკული კანონის ანალოგია, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკაში ამ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ არ იყენებენ. ამერიკაში მისი სამიზნე დამოუკიდებელი ორგანიზაციები არ არის, რომლებიც საკუთარი წესდების საფუძველზე დაფინანსებას მოიპოვებენ და ამას სხვადასხვა პროექტის სახით ახორციელებენ. რაც შეეხება საქართველოში მიღებულ კანონს, მისი მიზანია, რომ დამოუკიდებელ ორგანიზაციებს ებრძოლოს.

გარდა ამისა, საქართველოში ე.წ. გრანტების კანონში შესული ცვლილებები მოქმედებს. სწორედ, ამის საფუძველზე სასამართლოს ხელით რაჟდენ კუპრაშვილი კონკრეტული ორგანიზაციებისგან კონკრეტულ ინფორმაციას ითხოვს. ჯერჯერობით ჩვენ [საიას] წერილი არ მიგვიღია, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დღეს ხუთ ორგანიზაციას მიმართავენ, თუ ხვალ სამს, ეს არაფერს ცვლის. ეს პროცესი ყველასთან მივა!“, - აღნიშნა ქურდოვანიძემ.

მისივე განმარტებით, როდესაც ანტიკორუფციული ბიურო სასამართლოს ბრძანების საფუძველზე ორგანიზაციებისგან ითხოვს მოქალაქეების პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ ინფორმაციას, „ეს ცალსახად უკანონოა“.

„ეს ტოტალური კონტროლის გამოვლინებაა, როდესაც ამ ფორმით ინფორმაციის გამოთხოვნა ხდება. ეს არის სრულიად უკანონო, იმიტომ, რომ საქართველოში არსებობს სხვა სპეციალური კანონები, რომლებიც არეგულირებს იმას, რომ გარკვეული ტიპის ინფორმაცია კონფიდენციალურია და სხვისთვის ხელმისაწვდომი არ შეიძლება იყოს. მათ შორის, ასეთია ბენეფიციარების შესახებ არსებული ინფორმაცია.

როდესაც კონკრეტული ორგანიზაცია, მაგალითად: სამართლებრივი დახმარების ფარგლებში დახმარებას კონკრეტულ პირს უწევს, იმ პირის შესახებ ინფორმაცია სხვებისთვის არ შეიძლება იყოს გაზიარებული. ეს არის სახელმძღვანელო პრინციპი ნებისმიერი იურისტისთვის, ადვოკატისთვის.

რაჟდენ კუპრაშვილი პრესკონფერენციაზე ამბობდა, თითქოს ასეთი ინფორმაცია არ მოუთხოვიათ, მაშინ როდესაც სასამართლოს აქტში (ეს სასამართლოს აქტი თავის მხრივ ეფუძნება რაჟდენ კუპრაშვილის მიმართვას სასამართლოსთვის) ცალსახად წერია, რომ ბენეფიციარების შესახებ ინფორმაცია მოთხოვნილია.

ჩემი აზრით, ამ ყოველივეს მიზანია, საქმიანობის შეფერხება და ნდობის დაკარგვის, რომ ორგანიზაციებს ადამიანები აღარ ენდონ და არ მიმართონ“, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ქურდოვანიძე გადაცემაში სოციალურ ქსელებში მოქალაქეების, პოლიტიკოსების, აქტივისტების მიერ საჯარო პოსტების გამოქვეყნების გამო დაჯარიმების ფაქტებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ადამიანების დასჯა და მათ წინააღმდეგ სამართალდარღვევის საქმის წარმოება არის კონვენციის მუხლებთან, კონსტიტუციასთან შეუსაბამო და უკანონო.

„გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი უფლება და ამ უფლებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სტანდარტია უკვე დადგენილი, მართლაც გასაოცარია, რომ როგორ შეიძლება ამ სტანდარტების ასე გამოყენება ხდებოდეს. განსაკუთრებით პოლიტიკური თანამდებობის პირების ასეთ განსაკუთრებული დაცვის ობიექტებად მიჩნევა, ეს სრულიად წარმოუდგენელია.

პირიქით, საჯარო ფიგურები (როდესაც თანხმდებიან, რომ კონკრეტულ თანამდებობაზე, საჯარო პოზიციებზე იყვნენ) თავიდანვე უნდა უშვებდნენ იმას, რომ ისინი შესაძლოა კრიტიკის ობიექტები გახდნენ. მათ მიმართ შეიძლება გამოყენებული იყოს ისეთი ლექსიკაც, რომელიც მათ არ მოსწონთ“, - განმარტა ქურდოვანიძემ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა