სალომე ზურაბიშვილი - ცეკვით მხოლოდ ჩვენ ვაპროტესტებთ: ხორუმი! ეს უკვე გამარჯვების ცეკვაა
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილის განცხადება
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში ადასტურებს
პაპუაშვილი: რეინდერმა მე სამართლის უზენაესობა როგორ უნდა ამიხსნას, ნაცები უჭირდნენ მხარს ევროსაბჭოშიო
"ქართულ ოცნებას" თავზე ჩამოეფშვნათ პროპაგანდა - ჯაფარიძე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაზე
ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს რომ ეუთო/ოდირის დასკვნა არჩევნების არალეგიტიმურობას ადასტურებს
რას გამოიწვევს EQAR-ის გადაწყვეტილება?! - ლაშა მარგიშვილის კომენტარი
22 დეკემბერს, 18:00 საათზე, Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები საპროტესტო მარშს გამართავენ

დათო გამცემლიძე: 2020 - „პასიური მზის" წელიწადი

29.12.2020 ნახვები: 1112

დათო გამცემლიძე - ჟურნალისტი, ისტორიკოსი

„საშინელი წელი" საქართველოში მთავრდება „კოვიდ-სიკვდილიანობის" ისეთი საზარელი მაჩვენებლით, რაც იტალიასა და ესპანეთს ახასიათებდა პანდემიის პირველ ეტაპზე. პროცენტული შეფარდებით ყოველდღიური 40-50 გარდაცვლილი უარესიც კია, ვიდრე ევროპამ გამოიარა მაშინ, როცა კვირაში ათი ინფიცირებული კატასტროფად გვეჩვენებოდა, ხოლო ყოველ გარდაცვლილს მთელი ქვეყანა გლოვობდა.
აქვე: სხვაობა გაზაფხულზე სიკვდილიანობის მასობრივ აღქმასა და ამჟამინდელ ყოველდღიურ თითქმის „გულგრილობა-მიჩვევა-შეგუებას" შორის ადასტურებს, რამდენად მერყევი და ლაბილურია განწყობათა და აღქმათა თვალსაზრისით თანამედროვე სოციუმი. მათ შორის ქართული საზოგადოება.
და ეს მხოლოდ ისეთ გამოწვევას არ ეხება, როგორიც მომაკვდინებელი ვირუსის ეპიდემიაა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
წლის ბოლოს პარლამენტის გრძელვადიანმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ახარა" (ვის - გაუგებარია), რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი უახლოეს მომავალში შემოვა პარლამენტში და/ანუ გაიტანს განცხადებებს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
„რატომღაც" კოლექტიურად (და არა ინდივიდუალურად) დაწერილი ამ „განცხადებების" დაკმაყოფილება, შესაბამისად ოპოზიციის პარლამენტიდან გაძევება მმართველ პარტიას წლის ბოლომდეც შეეძლო. იურიდიულად, ანუ საკანონმდებლო თვალსაზრისით, არაფერი უშლიდა ხელს. მაგრამ პოლიტიკური წინაღობები სხვა საკითხია. როგორც სჩანს, ხელისუფლებას მაინც შეეშინდა ესოდენ რადიკალური ნაბიჯის გადადგმა. თალაკვაძის წინამორბედმა კობახიძემ ხომ აღიარა „უცხოელმა მეგობრებმა გვთხოვეს არ გვეჩქარაო".
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ აშშ და ევროკავშირის ელჩები დაბეჯითებით სთხოვენ ხელისუფლებას, არ იჩქაროს განცხადებების დაკმაყოფილება იმის მიუხედავადაც კი, თუ ოპოზიციამ ნამდვილად შემოიტანა ეს განცხადებები და იურიდიულად სრული უფლება აქვთ დღესვე დააკმაყოფილონ. ხმებიც ეყოფათ საამისოდ რასაკვირველია
შესაბამისად, თალაკვაძის განცხადება, თითქოს ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შემოსვლას აპირებს, არა იმდენად ამ ოპოზიციისთვის (იქ ურთიერთეჭვიანობის გასაძლიერებლად) და მისი ამომრჩევლებისთვის, რამდენადაც საკუთრივ „ოცნების" ამომრჩევლებისა და მომხრეებისთვის კეთდება - რაკი თალაკვაძემ იცის, რომ „ოცნებისტთა" დიდი ნაწილი სისუსტედ, მშიშრობად, უკან დახევად აღიქვამს მმართველი პარტიის გაუბედავობას, შეუწყვიტოს ოპოზიციას უფლებამოსილება და გაყაროს პარლამენტიდან.
ჩვენში კი არ უყვართ მშიშარა/გაუბედავი ხელისუფლებანი. და როგორ „გააპრავოს" თალაკვაძემ ეს „გაუბედავობა?" რასაკვირველია იმით, თითქოს აი სულ მალე, სულ რამდენიმე კვირაში ან თვეში, ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შემოვა და რატომღა შეიწყვიტონ უფლებამოსილება?
არადა, საამისოდ ჯერ ნიშან-წყალიც არ სჩანს: მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი როდის გაიმართება, არავინ იცის. თავისთავად ეს „რაუნდიც" პრობლემაა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილი ხელისუფლებისათვის, რადგან ისიც სისუსტე/მშიშრობა/ჩასვრილობად აღიქმება „ხალხის" თვალში, როცა ოპოზიცია გემუქრება: „დედას გიტირებ, გაზაფხულზე დაგამხობ, როგორც კი დათბებაო" და შენ ამ დროს თავჩაქინდრული შედიხარ ამ ოპოზიციასთან მოსალაპარაკებლად.
თუმცაღა, აბა რა ქნან საბრალოთ: „უცხოელი მეგობრების" „თხოვნას" ასე ვერ დააიგნორებენ: ამ უცხოელმა მეგობრებმა" ისეთი მძლავრი დახმარება აღმოუჩინეს ე.წ. „ISFED"-ის ნაეშმაკარის გამომჟღავნებით, უბრალოდ ვალდებულნი არიან ახლა ბევრ რამეში დაუჯერონ.
შესაბამისად, ისიც საკითხავია, თებერვალში ან მარტში გაბედავენ კი განცხადებების დაკმაყოფილებას? ოპოზიცია მთავარი მოთხოვნიდან უკან დახევას არ აპირებს, ანუ, ხელახალი არჩევნები, ყველაზე გვიან 2022 წელს!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
„ოცნებისთვის" ამაზე სიტყვიერი დათანხმებაც კი დაუყოვნებელი პოლიტიკური სიკვდილია. თუმცა, ორივე მხარე ცდილობს კვლავაც იეშმაკოს და ვითომ არ ესმით/არ იციან/ვერ ხვდებიან/ვერ ამჩნევენ კიდევ ერთ სისტემურ მოთხოვნას, რაც რამდენჯერმე „ფრთხილად" გააჟღერა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც სინამდვილეში(!), შემთხვევით ან დაუფიქრებლად არაფერს არასდროს ამბობს გარეგნული, ოსტატურად „შეფუთული" „მოგიჟიანების" მიუხედავად: საყოველთაო დიდი ამნისტია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის" და/ანუ ოპოზიციის უდიდესი ნაწილის პარლამენტში შესვლის პირობა თუნდაც ხელახალი არჩევნების გარეშე! - მორიგი არჩევნებით 2024 წელს.
დიახ, სააკაშვილი გულისხმობს სწორედ იმ „დიდ ამნისტიას", რომლითაც მათ შორის პირველ რიგში მის წინააღმდეგ შეწყდება ორი დარჩენილი სისხლის სამართლის საქმე/სასამართლო პროცესი, ხოლო ორი უკვე დამდგარი განაჩენი (3+6; შთანთქმით 6) გაბათილდება ამა თუ იმ ფორმით.
შეგახსენებთ: ამნისტია სულაც არ გულისხმობს პრეზიდენტის შეწყალებას - ეს საპარლამენტო აქტია.
ქართული პოლიტბომონდი (ხელისუფლებაც და ოპოზიციაც) მთლად ბოლომდე ვერ ჩამოყალიბებულა, როგორი „ინგეიჯმენტი" განახორციელონ მიშას ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით; საერთოდ წამოსწიონ თუ არა (ღიად!) ეს საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში და რაც მთავარია ორივეს თანაბრად მივაჩნივართ „პირდაღებულ ბოჩოლებად", რომლებიც მიშას განცხადებას ვერ შევამჩნევთ, ვერ გავიაზრებთ, ვერ მივხვდებით რას ამბობს, - თუკი ვინმემ არ „დაგვიღეჭა" და არ აგვიხსნა.
ნურას უკაცრავად!
დახურულ კარს მიღმა ამ თემაზე „უცხოელების ფასილიტატორობით" მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და რომ არც თუ წარატებით მიმდინარეობს (ჯერ), მიშამაც იმიტომ გადაწყვიტა უკვე ღია სივრცეში „გაეჟღრებინა". ოღონდ „ფრთხილად" - სათანადო „ტექნოლოგიის" დაცვით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მთელი ამ ტრაგიკომიკური პროცესის შედეგს ალბათ 2021 წელს ვიხილავთ. თუ ოპოზიციამ გაზაფხულზე ქუჩაში დღის წესრიგის შექმნა ვერ მოახერხა, მაშინ მუნიციპალურ არჩევნებში ჩაებმება აქტიურად იმავე საარჩევნო კომისიით და ჯერ ძნელია იმის კალკულირება, რამდენადაა შესაძლებელი პარლამენტში დაბრუნების „გაცვლა" საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე.
ოპოზიციის ნაწილისათვის შესაძლოა მისაღებიც იყოს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობისათვის?"... იმ მოთხოვნის დაკმაყოფილების გარეშე ან მასთან ერთად, რაც მიშამ „ფრთხილად" გააჟღერა მისი ამნისტიის შესახებ?
კითხვაც ესაა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გასული, „ვირთხის წელი" იმის დადასტურებაც აღმოჩნდა, რამდენად ჭკვიანურია „შავი გედის" თეორია, რომელიც გამორიცხავს პოლიტიკურ პროცესთა ზუსტ გათვლას „ცვლადის" გარეშე: მუდამ შეიძლება გამოჩნდეს რაღაც ისეთი ფარული/უხილავი ფაქტორი, რაც ყველა ლოგიკურ კონსტრუქციას დაანგრევს.
როდესაც ოპოზიცია და ხელისუფლება, იმავე ფასილიტატორების მხარდაჭერით, აწარმოებდნენ მოლაპარაკებას ფორმულაზე „120+30", ბევრს, მათ შორის მმართველ პარტიაში, ვერც კი წარმოედგინა, რომ „გვირგვინა" ყველა გათვლას დაანგრევდა, ეკონომიკურ კრიზისს გაამწვავებდა, ხალხს ასე დაამშევდა, გაამწარებდა, ულუკმაპუროდ დატოვებდა და „მმართველი პარტია" არჩევნებში ხმების 50%-საც კი ვერ მიიღებდა.
ივანიშვილის გარემოცვაში იყვნენ (არიან) „ჭკუისკოლოფები", „შავი გედის" თაობაზე რომ არც კი სმენიათ. ამიტომ 60-65%-ს შორის თვლიდნენ „ბრძნულად". იმავე „ბრძნული გათვლებიდან" გამომდინარეობდა „ნულოვანი ბარიერიც" - „სხვა რად გვინდა, მაინც არ დაგვჭირდებაო".
და რომ არა ეს 30 მაჟორიტარი, ახლა ქვეყანას სხვა ხელისუფლება ეყოლებოდა.
არა მაინცდამაინც „ახალი".
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
2020 წლის ტრადიციული შიდაპოლიტიკური ძიძგილაობა მაინც ისტორიულად „ლოკალურ" მოვლენად დარჩება იმის მიუხედავადაც კი, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, „იმავე" პარტიამ მესამე ვადით გაიფორმა ძალაუფლება.
ყოველ შემთხვევაში ამ მომენტისათვის ასეა და გაზაფხულზე რა როგორ მოხდება გასარკვევია.
სამაგიეროდ, 2020 წლის ნამდვილად ეპოქალური მოვლენა გახდა „ყარაბაღის ისტორიული გარდატეხა", როდესაც პირველად მთელი ამ 30 წლის განმავლობაში (სსრკ დანგრევიდან), რუსეთმა არათუ ვერ შეძლო დახმარებოდა მის მოკავშირე სეპარატისტებს, არამედ თავად მოაწერა ხელი სამხრეთ კავკასიაში თურქეთის უკვე სულ სხვა რანგითა და ფუნქციით „შემოსვლას".
პრეზიდენტმა ერდოღანმა კი, ბაქოს „გამარჯვებულთა აღლუმზე" 1555 წლის „ამასიის ზავის" ტოლფასი ინიციატოვა გააჟღერა სამ რეგიონულ ზესახელმწიფოს შორის (თურქეთი, რუსეთი, ირანი) ძალთა და გავლენათა გამიჯვნის თაობაზე.
თუ დასავლეთმა ამ „პლატფორმას" კვლავ წაუყრუა და რეალური ალტერნატივა არ შეიმუშავა თუნდაც რეგიონში დასავლეთის ერთადერთი მოკავშირის, საქართველოს მხარდასაჭერად, „ყარაბაღის გარდატეხა" უახლოეს წლებში ბევრად მეტი გავლენისა იქნება ჩვენს ქვეყანაზე, ვიდრე მთელი ეს შიდაპოლიტიკური, ტრადიციული მიეთ-მოეთი.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა