გთხოვთ, შეაფასოთ მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები. მიიღეთ გამამართლებელი განაჩენი, - ამ სიტყვებით მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, ბრალდებულ საბა სხვიტარიძის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას.
ირაკლი ჩომახაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა, რატომ არ უნდა იყოს გაზიარებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები და რა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები არ განხორციელდა გამოძიების ეტაპზე.
მან ასევე საქმეში დაკითხული მოწმე პოლიციელების ჩვენებებზეც ისაუბრა, მათ შორის ჩომახაშვილმა პოლიციელი მიხეილ სუჯაშვილი საბა სხვიტარიძის „წამების დაორგანიზებაში“ დაადანაშაულა.
„არც ერთი კამერა არ მუშაობდა პოლიციის შენობაში, არც შესასვლელში და არც სხვა სართულებზე. ამის შემდეგ თვლით, რომ ეს დამთხვევაა და სუჯაშვილმა წამება არ დააორგანიზა?
მეორე მოწმე მიხეილ წიკლაურმა სასამართლოში განაცხადა, რომ დარბაზში სხვიტარიძის ამოცნობა არ შეეძლო, როგორ უნდა იყოს ის გაზიარებული ამოცნობის ნაწილში?
რატომ არ უნდა დააყრდნოთ გამამტყუნებელი განაჩენი ამ მოწმეებს? მიხეილ წიკლაური ამბობს, რომ ეს ადამიანები წესრიგს არ არღვევდნენ, რომ მათ შეურაცხყოფას არ აყენებდნენ, კიდევ ერთი მოწმე პოლიციელი ლუკა ჯინჭარაძე კი ამბობს, რომ ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ. თავის მხრივ, მირიან ქავთარაძე აცხადებს, რომ „ტიტუშკის“ გარდა არაფერს მეძახდნენო...
მოწმეთა ჩვენებები როგორც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის, ასევე წარმოდგენილ ვიდეომასალასთანაც წინააღმდეგობაშია. ასევე, ყველა მოწმე ცდილობს, რომ მირიან ქავთარაძის მიმართ ლოიალობა გამოიჩინოს“, - განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება უშუალოდ მირიან ქავთარაძეს, რომლის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასაც საბა სხვიტარიძეს ედავებიან, ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, ქავთარაძემ თავად იძალადა ქალ მოქალაქეზე, თეონა ჭელიძეზე, საქმის მთავარმა გამომძიებელმა სალომე ედიშერაშვილმა კი ქავთარაძის აღნიშნულ ქმედებას „გვერდი აუარა“.
„ვიდეოში ჩანს, რომ მირიან ქავთარაძე თავს ესხმის ქალს - თეონა ჭალიძეს, მასზე 30-40 სანტიმეტრით პატარას, მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს, რის შემდეგაც ვიდეოში ჩანს, რომ ის მოქალაქეებისკენ იწევს. ამ დროს აქვს თუ არა უფლება პირს მისი მსვლელობა მოქალაქეებისკენ შეაჩეროს? როგორ შეჩერდა ის? მოქალაქეებმა ფიზიკურად შეაკავეს. მოწმე ლუკა ჯინჭარაძე ამბობს, რომ მირიან ქავთარაძეს არ უყურებდა. მაშინ, როგორ დაინახა მან [სხვიტარიძის მხრიდან] დარტყმის მომენტი?“, - აღნიშნა ჩომახაშვილმა.
ადვოკატმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სხვიტარიძის დაკავების შემდეგ არ მომხდარა მისი ტანსაცმლის ამოღება.
„დაკავებისას ტანსაცმლის ამოღება არ მოხდა, რადგან ის დაზიანებული იყო და არ აწყობდათ.
ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ საბა სხვიტარიძის ტანსაცმელი დაზიანებულია და მან დაზიანება სახელმწიფოს კონტროლის და ეფექტური ზედამხედველობის ქვეშ მიიღო. მას დეტალურად აქვს აღწერილი, პოლიციის სამმართველოს რომელ სართულზე, რომელ ოთახში მიიღო დაზიანებები.
ეს ყველაფერი ერთობლიობაში პროცესს, როგორც უსამართლოს ხდის. სასამართლომ უნდა შეაფასოს მირიან ქავთარაძის ქმედებები. მესმის, რომ გამოძიება მიმდინარეობს ქავთარაძის მხრიდან თეონა ჭალიძეზე ძალადობაზე, მაგრამ განაჩენში დაწერეთ, რა ქმედებას ახორციელებდა ქავთარაძე მომხდარამდე რამდენიმე წამით ადრე.
თქვენ ახლა განაჩენში რომ დაწეროთ, მირიან ქავთარაძე თეონა ჭალიძეს თავს დაესხა, ბრალდების მხარე ვალდებული იქნება, მირიან ქავთარაძე დააკავოს, ამიტომ თქვენი საქმე პრობლემურია, თუ ამას დაწერთ. თუ ამას არ დაწერთ, სამი მოწმის ჩვენების ანულირება უნდა მოახდინოთ. რომელი სჯობს, ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ან დააბალანსოთ და თქვათ, როგორც ახობაძეზე, რომ მტკიცებულება არ არსებობს. თუ არც ამას დაწერთ და არც იმას, მაშინ განაჩენი კანონიერი ვერ იქნება.
გთხოვთ, შეაფასოთ მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები.
მიიღეთ გამამართლებელი განაჩენი“, - მიმართა ჩომახაშვილმა სასამართლოს.
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ სხვიტარიძეს ჰკითხა, იტყოდა თუ არა ის დღეს საბოლოო სიტყვას, რაზეც მან უპასუხა, რომ „დღეს არა“.
ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს თავდაპირველად ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
სახელმწიფო ბრალდება მას ედავებოდა, რომ სხვიტარიძის ქმედების შედეგად მირიან ქავთარაძემ ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.
აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. თუმცა, სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს წარდგენილი ბრალდება 120-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ამასთან, საბა სხვიტარიძეს საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს. ის სამართალდამცავების მხრიდან დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის რამდენიმე ეტაპზე მიუთითებს.