თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
სპეციალური საგზაო მონიშვნა იმ სატრანსპორტო კვანძებზე გაკეთდება, სადაც ავტომობილების დიდი ნაკადის გამო მოძრაობა შუქნიშნით რეგულირების მიუხედავად ფერხდება.
„ხშირია შემთხვევა, როდესაც მძღოლები ხედავენ, რომ წინ გადაადგილება შეუძლებელია, თუმცა მწვანე შუქზე მაინც გადიან გზაჯვარედინზე და მარცხნიდან ან მარჯვნიდან მოძრავ ავტომობილებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ. ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემას იწვევს ყველა მიმართულებით“, — განაცხადა კალაძემ.
მისივე განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობა მძღოლს მწვანე შუქის შემთხვევაშიც უკრძალავს გზაჯვარედინზე შესვლას, თუ არსებობს იქ გაჩერებისა და მოძრაობის შეფერხების საფრთხე, თუმცა ამ მოთხოვნის აღსრულება პრაქტიკაში რთულია.
კალაძის განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკაში ასეთ ადგილებში ეფექტურად გამოიყენება ე.წ. Yellow Box — სპეციალური მონიშვნა, რომელიც განსაზღვრავს სივრცეს, სადაც ავტომობილის გაჩერება დაუშვებელია.
თბილისის მერმა ურბანულ სამსახურს დაავალა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დაიწყოს საკითხზე მუშაობა.
მისი ინფორმაციით, 2012 წლამდე თბილისში დაახლოებით 180 ათასი კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა, დღეს კი პიკის საათებში მათი რაოდენობა 900 ათასამდე აღწევს. კალაძის შეფასებით, Yellow Box-ების დანერგვა გადატვირთულ კვანძებზე მოძრაობის განტვირთვას შეუწყობს ხელს.