დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს

ნახვები: 222 ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს და ამ საკითხთან დაკავშირებულ ბოლო მოვლენებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა კრისტიან უიგანდმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ევროსკოპის“ შეკითხვის საპასუხოდ უიგანდმა აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელები, ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, ევროკომისიის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

„ეს მოვლენები, ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებთან და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ადრინდელ განცხადებებთან ერთად, მიუთითებს სასამართლო სისტემის შემაშფოთებელ ინსტრუმენტალიზაციაზე. ეს საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, დემოკრატიულ პლურალიზმს და სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციას“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი პროცესის მონიტორინგს გააგრძელებს.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამას და გავაგრძელებთ ამ სარჩელის თვალყურის მიდევნებას“, – აღნიშნა უიგანდმა.

ბრიფინგზე ევროკომისიის წარმომადგენელს ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებაც ჰკითხეს.

უიგანდმა განაცხადა, რომ ევროკავშირი კვლავ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ქმედებებს, რომლებიც, მისი შეფასებით, პოლიტიკური ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ არის მიმართული.

„ჩვენ ძალიან ხმამაღლა გამოვხატავთ პოზიციას „ქართული ოცნების“ ქმედებებზე, რომელიც მიმართულია პოლიტიკური ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების ჩახშობისკენ. სამწუხაროდ, ისინი აგრძელებენ სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას“, – განაცხადა პრესსპიკერმა.

ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას დაკავებული პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების გათავისუფლებისა და რეპრესიულად შეფასებული კანონმდებლობის გაუქმებისკენაც მოუწოდა.

„საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები და გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა“, – აღნიშნა უიგანდმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბრიდან დაიწყება პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელის განხილვა, რომელიც ხუთი პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის კონსტიტუციურობასა და შესაძლო აკრძალვას ეხება.

სარჩელი შეეხება პარტიებსა და პოლიტიკურ გაერთიანებებს: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.

რაც შეეხება ჟურნალისტ ვახო სანაიას, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სანაია სამართალდამცველებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.

ევროკომისიის განცხადების თანახმად, როგორც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხი, ისე ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ გამოყენებული სამართლებრივი ღონისძიებები საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და დემოკრატიული პროცესების მდგომარეობასთან დაკავშირებული შეშფოთების ნაწილია.

წყარო: ევროკომისიის ბრიფინგის ვიდეოჩანაწერი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა