ჰესები და მომავლის მიწაში ჩამდები ფარისევლები

02.10.2021 | 14:41
301 ნახვა

ავტორი: თენგიზ აბლოთია

საქართველოში ფართოდაა გავრცელებული წარმოდგენა, თითქოს ქვეყანას რატომღაც, გაუგებარი და მისტიური მიზეზების გამო, არ უმართლებს მთავრობის მხრივ - მშვენიერ, ჭკვიან, შრომისმოყვარე და დისციპლინირებულ ქართველ ხალხს, რატომღაც ყოველთვის ძალან ცუდი ხელისუფლება ჰყავს.
თითქოს, მთავრობა არა ქართველების, არამედ მთვარიდან ჩამოსული ბოროტი არსებების მიერაა დაკომპლექტებული.
თუმცა, ის, რომ ნებისმიერ ქვეყანას ის მთავრობა ჰყავს, რომელსაც იმსახურებს, საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალურია. ერთხელ შესაძლებელია გარეწრები მთავრობაში შემთხვევით მოხვდნენ, თუმცა, როდესაც ეს სისტემატურად ხდება - განსაკუთრებული მიზეზების ძიება საჭირო არაა.
გაინტერესებთ ვინაა დამნაშავე? დილაობით სარკეში ჩაიხედეთ...
მთავრობა და ქართველი ხალხი ამ ქვეყანას ძირს ერთნაირი ენერგიით უთხრიან - რაც ერთმა დააკლო - მეორე აუცილებლად დაუმატებს.
„ქართულ ოცნებას" სამომავლოდ არანაირი ახალი ხედვები და იდეები არ გააჩნია, ქვეყანა კუს ნაბიჯებით წინ თვითდინებით, ინერციით მიიწევს. ქოცებს თითქმის არ აქვთ იდეები, რაც უძრაობაში ჩამხჩვალ ქვეყანას წინსვლის შანსს მისცემდა.
თუმცა, აქ მთავარი სიტყვაა „თითქმის".
„ქართულ ოცნებას" აქვს რამდენიმე პერსპექტიული მიმართულება, თუმცა, აქ მთავარ წინაღობად არა ცუდი ხელისუფლება, არამედ ინფანტილური და სრულიად უპასუხისმგებლო მოსახლეობა გამოდის.
სამწუხაროა, რომ ქოცებმა ძლივს რაღაცა სასარგებლოს გაკეთება გადაწყვიტეს და მაინც და მაინც აქ ქვეყანა, რომელიც ყველანაირ საძაგლობას ითმენს, აუჯანყდა.
საქართველოში მსხვილ ჰესებთან ბრძოლის ახალი ეტაპი დაიწყო. წინა წლებში ეს მოძრაობა იმდენად აქტიური იყო, რომ ჰესებს მშენებლობის თითქმის ყველა პროექტი გაჩერებულია, და ქვეყანა, რომელსაც ელექტროენერგიის ექსპორტის პოტენციალი აქვს, იძულებულია ყოველწლიურად ენერგიის იმპორტზე ათობით მილიონი დოლარი დახარჯოს.
ქართველ ხალხი ჰაერს უხარისხო საწვავით, მძლავრი ავტომობილებით მოწამლვის, საკუთარი შვილებისთვის მეტ-ნაკლებად მისაღებ გარემოს შექმნაზე უარის თქმის ფონზე, მოულოდნელად შეწუხდა ეკოლოგიური მდგომარეობით მაღალმთიან რეგიონებში, სადაც თითქმის არაა მოსახლეობა.
ეკოლოგები განგაშის ზარებს რეკენ - თბილისში და სხვა დიდი ქალაქებში ჰაერში ტყვიის მაღალი შემცველობა ფიქსირდება, რაც ონკოლოგიური დაავადებების, მათ შორის ბავშვებს შორის, ზრდის მიზეზი გახდა.
გაწუხებთ ეკოლოგიური პრობლემები? აგერ ბატონო, გაქვთ ამის გამოვლენის საუკეთესო შესაძლებლობა - იყიდეთ მეტი ჰიბრიდი, უარი თქვით მძლავრ ავტომობილებზე, მეტი იარეთ ფეხით და ისარგებლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
სამწუხაროდ ეს ნებისყოფას, ორგანიზებულობას და თვითშეზღუდვას მოითხოვს. ქართველ ხალხს კი გონების დაძაბვა არ უყვარს - გაცილებით უფრო ადვილია ბუნებას დაცვა რაჭის და სვანეთის თითქმის დაუსახლებელ რეგიონებში. გახსოვთ გურამ პეტრიაშვილი, რომელიც ხუდონჰესის მშენებლობას აპროტესტებდა სიტყვებით „იქ ქართული ჩიტი დაფრინავს, ქართულად მღერის და ქართულ წყალს სვამს"... იდეალური ფორმულა დღევანდელი საქართველოსთვის.
რაც შეეხება ადგილობრივებს - საგულისხმოა სვანეთის მაგალითი, სადაც ჰესების პროექტებს ყველაზე დიდ წინაამღდეგობას უწევენ, პარალელურად კი ტყეებს უმოწყალოდ ანადგურებენ, რასაც გაცილებით უფრო დიდი ზიანი მოაქვს, ვიდრე ყველა ჰესს ერთად აღებულს.
როდის იყო ქართველებს საკუთარი ყრუ და მე-19 საუკუნეში ჩარჩენილი სოფლები ადარდებდათ? მოსახლეობა ამ სოფლებიდან უკანდაუხევლად გარბის - ზოგი თბილისში სატაქსაოდ, ზოგი კი ევროპაში საყაჩაღოდ. მაინც და მაინც ჰესების მშენებლობას რომ მიადგა საკითხი, ქართველებს სოფლები, მათ მიერ მიგდებული მიწები და ათასჯერ შეურაცხყოფილი წინაპრების ღირსება გაახსენდათ.
ეკოლოგიაც და სოფლებზე ზრუნვა საქართველოში ისეთივე ტყუილი და ფარისევლობაა, როგორც პატრიოტიზმი, მშობლების პატივისცემა და ქალებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება.
სრულიად უსუსურია ე.წ. „ბუნებადამცველების" არგუმენტები - კერძოდ „ჩვენ მცირე ჰესები გვჭირდება" და „აქცენტი ალტერნატიულ ენერგეტიკაზე უნდა გაკეთდეეს".
რაც შეეხება პირველს - მცირე ენერგეტიკა ძალიან ძვირადღირებული სიამოვნებაა - 200-მეგავატიან ჰესს სჭირდება საბითუმო ბარზისთვის ენერგიის მიწოდებისთვის ერთი გადამცემი ხაზი და ერთ ინფრასტრუქტურული სისტემა, მაშინ როდესაც 20 მცირე ჰესს - 20 ხაზი და 20 სისტემა. შედეგად, ელექტროენერგია იმდენად ძვირი იქნება, რომ მას ვერავინ იყიდის.
ეს მაინც და მაინც ეკონომიკური საკითხია - გიგანტურ ფერმაზე მოყვანილი პომიდორი უფრო იაფია ვიდრე ასეთივე პომიდორი, ოღონდ საკარმიდამო მონაკვეთიდან. იგივე საბაზრო პრინციპი ენერგეტიკაზეც ვრცელდება.
შესაბამისად, მცირე ენერგეტიკა შესაძლებელია მხოლოდ როგორც მსხვილი, სისტემური ენერგეტიკის დანამატი და არა განვითარების ძირითადი მიმართულება.
რაც შეეხება მზეს და ქარს - ეს ერთგვარი დესერტია მდიდარი ქვეყნებისთვის, სადაც ენერგიის ძირითადი წყაროებია ატომი, ნახშირი, და ჰიდრორესურსები. ალტერნატიული ენერგია არის მომავლის საკითხი, დღეს ეს დარგი დოტაციურია და ის ასევე სადღეისოდ ტრადიციული ენერგეტიკის დანამატის როლი ასრულებს.
ქარის და მზის ენერგია არასტაბილური და ძალიან ძვირია, რაც საქართველოს დონის ქვეყნისთვის მის ფართოდ დანერგვას შეუძლებელს ხდის.
დღეს საქართველოს ჰაერივით სჭირდება ენერგეტიკის განვითარება. ყველაზე საოცარი ისაა, რომ ეს ისეთ ჩამორჩენილებსაც კი ესმით, როგორების ქოც-გენერალიტეტია.
მაგრამ ეს ჯიუტად არ ესმის ქართველ ხალხს და ქვეყანა, რომელსაც ექსპორტზე ენერგიის გაყიდვის ყველა შესაძლებლობა გააჩნია, იძულებულია ენერგია უცხოეთიდან შემოიტანოს.
საკუთარი მომავლის მიწაში ჩადება - ის ისაა, რაც ქართველ ხალხს სხვებზე უკეთესად შეუძლია...