მთავარეპისკოპოსი ზენონი - კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ შინაარსი და ფორმულირება ქმნის სტიგმატიზირების საფრთხეს
სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ლაზარე გრიგორიადისი - მადლობა პრეზიდენტს - ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით!
ლაზარე გრიგორიადისი - რის გამო დავისაჯე, ვერ გეტყვით, განსხვავებული ვიზუალი როცა გაქვს, მგონი, საქართველოში ასეთ რაღაცებს მიჩვეული ხარ
ირაკლი ქადაგიშვილი - ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადება ჩემთვის გზავნილია, დეპუტატო, ხალხმა აგირჩია დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტის წევრად, მაგრამ გარედან დიქტატს დაემორჩილეო
იაგო ხვიჩია - „ქოცებს“ ისეთი რესურსი აქვთ, რომ შეიძლება, მათთან ყველა შეკრული იყოს ჩვენნაირი წმინდანების გარდა
შსს - რუსთაველზე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს
ბერდია სიჭინავა - რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო კორუფციული ინტერესები აქვთ

თუ ლირი მკვდარია...

09.06.2020 | 19:40 ნახვები: 441

ლელა ოჩიაური

ანდრი ჟოლდაკის სპექტაკლს „მეფე ლირი" დიდხანს ველოდით. სხვადასხვა ხელშემწყობი და ხელისშემშლელი მიზეზის გადალახვის შემდეგ და შედეგად, ბევრი მითქმა-მოთქმის გავლით, ეს დღეც მოვიდა და ფესტივალ „საჩუქრის" ფარგლებში, მის ფინალურ დღეებში, „მეფე ლირი. ანდრი ჟოლდაკის წარმოსახვა" პრემიერაც (მსოფლიო) გაიმართა.
ძალიან ძნელია სიტყვებსა და რაღაც ჩვეულ ჩარჩოებში მოაქციო ის, რაც სცენაზე ხდება. როგორც ხდება და რატომ. რა ამოძრავებს ამ უზარმაზარ მექანიზმს ანდრი ჟოლდაკის „მეფე ლირში", რომელიც ძნელად აღსაზრდელი ბავშვების სკოლა-ინტერნატში განათლების ინსპექტორის ვიზიტითა და შექსპირის „მეფე ლირის" გარჩევა-როლების განაწილებოთ იწყება და სამყაროს ნგრევა-განადგურებით მთავრდება.

ძნელია ახსნა, რა გაჩერებს 4 საათი ამ წარმოდგენაზე, თან ისე, რომ წამითაც არ დუნდები და ყურადღება არ გეფანტება, თუ გინელდება. მოჯადოებული და ჩართული ხარ უწყვეტი ფეიერვერკებით (რეჟისორისა თუ მსახიობებიგან) და ნანახითა და აღმოჩენით გაოცებული.
ეს მართლა ანდრი ჟოლდაკის წარმოსახვაა, სიგიჟის ზღვრამდე მისული (ლირის შემთხვევაში, სხვანაირად ალბათ არც შეიძლება იყოს) და იმის იქითაც.

ეს ატმოსფერო გაჟღენთილია სიგიჟით, შიშითა და სასოწარკვეთით. გაჟღენთილია ჩვენი და ჩვენი საზოგადოების შიშებითა და ფსიქოზით. ჟონავს ყოველ დეტალში და მსახიობების ყოველ ჟესტსა თუ წარმოთქმულ ფრაზაში. ყოველ ნიუანსში, რომლებითაც სახეები, ამბავი, პრობლემა იგება.

აქ მუდმივად იცვლება ვითარება, ხერხი, სიტუაცია. ერთი რეალობა მეორეში გადადის. მეორე - ახალში. ერთი მოქმედება მეორეს უპირისპირდება და თან სარკისებრ ირეკლავს პირველს და გზას აგრძელებს. სხვა გეზითა და მიმართულებით. ახალი შრეების გასარღვევად. ახალ საფეხურზე გადასავლელად.

აქ, ამ დახშულ, სხვადასხვა საჭირო თუ უსარგებლო ნივთით გამოვსებულ სამზარეულოში თუ სასტუმრო ოთახში, ვერანდასა თუ სცენის სიღრმეში გაჭრილ სარკმელზე ჩამოფარებული და მსუბუქად მოფრიალე თეთრ ფარდას მიღმა (მხატვარი - დანიელ ჟოლდაკი) შემომავალი სიბნელიდან სხვა სამყარო წარმოდგება.

ამ სივრცეში, „მეფე ლირის" მიღმა კოორდინატიდან ხან ვინ შემოდის და ხან ვინ, ხან რას გვიყვება და ხან რას. ხან ცხადში და ხან სიზმარში. ხან რას ცეკვავენ და მღერიან და ხან რას, ხან რა მუსიკა და ხმები იჭრება და ხან რა (კომპოზიტორი სერგეი პატრამანსკი). ხან ვინად იქცევიან და ხან ვინად გარდაისახებიან.

დიახ, ლირი უკვე მკვდარია და მთელი მისი სამეფო (დანაწევრებულიც და დაუნაწევრებელიც) რამდენიმე ოთახში იყრის თავს, სადაც ბოლოს ქორწილი და კარნავალია, მხიარულება და თავდავიწყება, მალევე, გლოვის შემდეგ.

ოდნავ მოგვიანებით, ეს დაძველებული და გაპარტახებული სამეფო თანდათან იშლება და ნადგურდება. თუმცა მანამდე, დაქვრივებული დედოფალი და მისი ქალიშვილები ნაანდერძალის - ძალაუფლების, მიწებისა და ძვირფასეულობის - ძებნა/გაყოფასა და ახალ ცხოვრების დაწყებას ცდილობენ. მეფის გარეშე.

დიახ, მეფე ლირი მკვდარია და ყველაფერი სწორედ მისი სიკვდილის შემდეგ იწყება. ანდრი ჟოლდაკი აქედან იწყებს ამ ისტორიას.

აქ, ამ დაუნდობელ. შეუბრალებელ და კორდილიასავით „უგულო" სამეფოში სასტიკი ქაოსია. აქ ზოგი ანგელოზია და ზოგი ძუკნა. თუმცა ყველა განწირულია და ყველა მარტოა.

კომიკური შტრიხები, რომლებითაც პირველი მოქმედება/სპექტაკლის ყოველი სცენა თუ ეპიზოდია გაჟღენთილი, მალევე იშლება და ადგილს ტრაგედიის თანამედროვე გააზრებას უთმობს - ტრაგედიის ახლებურ და თანამედროვე ხედვით აღქმასა და განცდას.

იცინი და მერე ნელ-ნელა ხვდები, რომ სულაც აღარ გეცინება და ისიც კი აღარ გეჩვენება სასაცილოდ, რაც ცოტა ხნის წინ მთელი გულით გამხიარულებდა. ამბის, თითქოს სხვადასხვა ნოველად დაყოფილი ისტორიის არსის გამომჟღავნებასთან, ამბის თხრობის სხვადასხვა ხერხის და ჟანრობრივი ცვლილების პარალელურად, გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა პროექცია, პირდაპირი დიალოგ-მონოლოგი, საუბარი მიკროფონში, ჩაწერილი ტექსტები და ცოცხალი გახმოვანება.

მსახიობებს (ქეთევან დოლიძე, თეიმურაზ გვალია, პაატა ბარათაშვილი, ირინა გიუნაშვილი, ანრი ბიბინეიშვილი, ბუბა ჭოღოშვილი, თამარ ბზიავა, თამარ ბუაჩიძე, ილია ჭეიშვილი, სოსო ხვედელიძე, ლაშა გაბუნია) სახეების შექმნის არაერთგვაროვნებას თანდათან ზეამოცანისკენ მიყავხარ. კოსტუმების (მხატვარი სიმონ მაჩაბელი) ცვლასთან ერთად იცვლება მუშაობის ხერხი და მანერა, პერსონაჟის მეტაფორული ხასიათ-თვისებები და მთლიანი ატმოსფერო მღელვარე, ამაფორიაქებელი და უფრო და უფრო მძიმე ხდება. თუმცა ირონია და სილაღე არ ნელდება და არსად იკარგება.

შემდეგ იმასაც აცნობიერებ, რომ პირველი მოქმედება მოთელვაა, ფსიქოთერაპიული თუ ჰიპნოზის სეანსი, რომელსაც მოულოდნელ და ფეთქებად სამყაროში გადაყავხარ. მოულოდნელ და პარალელურ განზომილებებში. და ლირის საიდუმლოს ამოხსნის მოლოდინიც ხელიდან გვეცლება.

მანძილი, რომელიც მეორე მოქმედებაში მაყურებელსა და პერსონაჟებს შორის იზრდება (ამ დროს მაყურებელი სცენიდან დარბაზში ინაცვლებს), ილუზორულად კლებულებს და იქმნება შთაბეჭდილება, რომ უფრო ახლოს ხარ მოვლენებთან, ვიდრე მანამდე, პირველ მოქმედებაში, როდესაც თითქოს საკლასო ოთახში, „სხვა ძნელად აღსაზრდელებთან" ერთად მერხთან იჯექი.

ცისფრად შეღებილი, მორყეული, თხელი ფირფიცისა და მუყაოს კედლები, ავანსცენაზე გამოტანილი, სიმსუბუქის მოუხედავად, დამთრგუნველად გვაწვებიან, თითქოს თავზე უნდა დაგვემხონ და გაგვსრისონ. მის ბინადრებთან ერთად. ასეც ხდება. ბოლოს, როდესაც ეს კედლები იწყებენ რყევასა და ნგრევას, როგორც ოდესღაც რობერტ სტურუას „მეფე ლირში". ოღონდ თვითონ პერსონაჟების ხელშეწყობით.

აქაც და სხვა შემთხვევებშიც, ბევრი ციტატა, ასოციაცია, მოგონება და პარალელია, რომლებიც ანდრი ჟოლდაკისა და მსახიობების მეხსიერებას, ტკივილებს, წარმოსახვასა თუ ფიქრებს შემორჩა.

შემდეგ შენი მეხსიერება და წარმოსახვა იწყებს გამოღვიძებას. შენი საკუთარი საქციელი თუ უმოქმედობა. ფრაგმენტები შენი ბიოგრაფიიდან და „შენი ლირიდან". და ბევრი სხვაც გაგონდება - თეატრიდან, ლიტერატურიდან, კინოდან - „ბერნარდა ალბას სახლი", „რევიზორი", თუ „სამი და", კენ რასელისა თუ ალან პარკერის ფილმები და „იუთუბზე" ატვირთული სამოყვარულო ვიდეოები, ცეკვა-თამაშითა და სიმღერით. კიდევ ბევრი რამ გვაგონდება. კიდევ ბევრია ამოსახსნელი.

ყველაფერს აქვს დასაწყისი და ბოლო. ანდრი ჟოლდაკის წარმოსახვას, ფანტაზიას - არა. ის საიდანღაც (?) იწყება და არ მთავრდება. არ აქვს წერტილი. არ აქვს დასასრული. ყველაფერი ისევ შეიძლება განმეორდეს. ისევ შეიძლება გაიღოს საკლასო ოთახის კარი ძნელად აღსაზრდელ ბავშვთა სკოლა-ინტერნატში, ისევ და ისევ გათამაშდეს იგივე ამბავი, შეიძლება ოდნავ განსხვავებული, ამ ისტორიის მონაწილეებმა კი ისევ მიმოიხედონ გარშემო, ისევ შეაღონ ყრუდ დახშული კარი საკუთარ თავსა თუ წარსულში და სპექტაკლის რეჟისორივით მოხულიგნო და უცნაური ბავშვები თუ მათი დირექტორ-ინსპექტორ-მასწავლებელი ისევ შექსპირის ნაცნობი პერსონაჟების უცხო სახეებად გადაიქცნენ.

ანდრი ჟოლდაკი იმდენად თავისუფალია, რამდენადაც შინაგანი მდგომარეობა კარნახობს და საზღვრებს უთავისუფლებს. ის ჩარჩოებსა და წინაღობებს ანგრევს ლირის ოჯახის სახლის/სასახლის კედლებივით.

და თუ რეჟისორი გიჟია, მსახიობების გუნდიც შეშლილი უნდა იყოს. სხვაგვარად მის ნებას დამორჩილება და მის გზაზე გაყოლა ძნელი იმისთვის, რომ ბოლომდე გაიგო, როგორ მუშაობს რეჟისორის წარმოსახვა, რა კანონები მოქმედებენ აქ და ქცევის რა წესებია დადგენილი, შენც უნდა დაემორჩილო მათ. ალღო უნდა აუღო ასეთ უცნაურ შემოთავაზებას და კლიშეებისა თუ კომპლექსებისგან ცოტა მაინც გათავისუფლდე.

რაღაცას ვერც კი ხვდები - რა მოვლენათა ჯაჭვზე იწყობა ყველაფერი, აქტიურ თუ შეფარულ ორგანულ ციტატებად რომ გაიელვებენ წარმოსახვების ჟოლდაკისეულ სისტემაში. სხვის წარმოსახვაში თავისუფლად შესვლა შეუძლებელია. ამისთვის ან მეფე ლირივით უნდა „გაგიჟდე" და ან ანდრი ჟოლდაკივით.

22.09.2019

(მასალა გამოსაქვეყნებლად მოწოდებულია ავტორის მიერ)

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა