გიგა ბოკერია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე - შეურაცხყოფა მიაყენეს ყველას, ვინც თავისი ნებით იცავს ქვეყნის თავისუფლებას უკრაინაში ბრძოლით
05.12.2022
ნახვები: 546
ისეთი შეტოპილი აქვთ პუტინისტურ პროპაგანდაში, რომელსაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებენ, რომ სამძიმრის თქმის ინსტინქტი თავად არ ჰქონიათ, უფრო მეტიც, როგორც ჩანს, აკრძალული ჰქონდა მთელ გუნდს, რომ ამ საკითხზე საჯარო თანაგრძნობის პოზიცია ჰქონოდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებამ უკრაინაში ბოლო დროს დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებისთვის ირაკლი ღარიბაშვილის გამოთქმული სამძიმარი გამოიყენა „თავისი შხამიანი, სიცრუით სავსე პროპაგანდისთვის“.
"ვიდრე საზოგადოებრივმა წნეხმა და ცნობილი და გავლენიანი ადამიანების პოლიტიკურმა განცხადებებმა არ მოუწოდეს ამისკენ, იქამდე არ ჩაუთვლიათ საჭიროდ სამძიმრის გამოთქმა. მერე, როგორ ჩანს, ჩათვალეს, რომ პიარულად ძალიან ზიანდებიან, თუმცა ეს სამძიმარი გამოიყენეს თავისი შხამიანი, სიცრუით სავსე პროპაგანდისთვის, თითქოს საქართველოს ბრალი იყო, რუსეთი რომ თავს დაგვესხა. მათ გამოიყენეს ეს სამძიმარი ამ მოღალატეობრივი აზრისთვის, თითქოს ახლა მათი პოზიცია გადაგვარჩენს და არა ქვეყნის გაძლიერება, რასაც დღეს უნდა აკეთებდეს ხელისუფლება.
ხელისუფლება უნდა მუშაობდეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, აშშ-სთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე, რათა დაცული ვიყოთ - ამის ნაცვლად სრულიად საპირისპირო, მოღალატეობრივი გზით მიდიან. ამას გარდა, დამატებით შეურაცხყოფა მიაყენეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც თავისი ნებით იცავს თავისუფლებას მსოფლიოში და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას უკრაინაში ბრძოლით. ისინი ამტკიცებენ, თითქოს უკრაინაში მებრძოლ ქართველებს პოლიტიკური ოპოზიცია აორგანიზებს და მიჰყავს ომში, ანუ, მათ კი არ აქვთ ამის თავისუფალი ნება, არამედ სხვები აორგანიზებენ ამას. რაც დღეს მოვისმინეთ, ეს არის პოლიტიკური არარაობებისა და ნაძირლების გზავნილი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.