თეონა აქუბარდია - ირაკლი ბერაიამ სუს-ის მეთოდებით დაიწყო ბრძოლა ქალი დეპუტატების წინააღმდეგ
31.10.2023
ნახვები: 548
ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა, თეონა აქუბარდიამ, თინა ბოკუჩავამ, ანა ნაცვლიშვილმა, თამარ კორძაიამ და ხათუნა სამნიძემ ბრიფინგი გამართეს და „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ბერაიას მიერ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაკეთებული განცხადებები ქალი დეპუტატების დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასეს.
მათივე თქმით, ქალი ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ „ქართული ოცნება“ რუსული მეთოდებით იბრძვის და ისინი გეგმავენ, საქმის კურსში ჩააყენონ როგორც სახალხო დამცველი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები.
ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის გენდერულ საბჭოს გააქტიურებისკენ და პარლამენტში ქალთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ.
„თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ სუს-ის მეთოდებით დაიწყო ბრძოლა ქალი დეპუტატების წინააღმდეგ. რაც დღეს მან იკადრა, კაცობა არ ჰქვია. სწორედ ეს არის მათი პატარა კაცობა, რასაც ისინი ბედავენ პარლამენტში. „ქართულ ოცნებას“ როდესაც არ აქვს პასუხი პუტინთან მთავრობის წევრის და ვიცე-პრემიერის სადილზე, მაშინ როდესაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს პასუხი ოჩამჩირეში, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მუდმივ ბაზირებაზე სამხედრო ფლოტის სახით, სწორედ მაშინ ეწევიან დისკრედიტაციას ქალი დეპუტატების მიმართ. როდესაც „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე დეზინფორმაციული კამპანიის ფლაგმანი ხდება ანტიდასავლური ნარატივებით, სწორედ მაშინ ხდება თავდასხმა იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ეს წარმოადგინა ირაკლი ბერაიამ ამ პარლამენტში.
კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, როგორც თავდაცვის და უშიშორების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ბერაიას, ასევე სრულიად „ქართულ ოცნებას“ და კიდევ ერთხელ ვეუბნები სახელმწიფო უსაფრთხოების იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც ეს მეთოდები აქვთ არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატების დისკრედიტაციისთვის, არ გავჩუმდები და არ გავჩერდები მაშინ, როდესაც საუბარი არის ოკუპაციაზე, არ გავჩერდები მაშინ, როდესაც პუტინთან თქვენი მთავრობის წევრი სადილს ესწრება და ღირსებაც კი არ უშლის ხელს, რომ ადგეს და გამოვიდეს პუტინის მოსასმენი სიტყვიდან. ამ ბინძური მეთოდებით ვერ გაგვაჩუმებთ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბერაიას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს საკითხი როცა გადიოდა, თეონა აქუბარდია არცერთხელ დარბაზში არ მჯდარა, გაქცეული იყო შოპინგზე ან „პახმელიაზე“ ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ პარლამენტში განაცხადა.
ირაკლი ბერაიას თქმით, თეონა აქუბარდიას „ტყუილების თქმა წესად ექცა“.
„ჯერ თქვა, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მე და ჩემმა კოლეგებმა მხარი არ დავუჭირეთ საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას, თურმე დარბაზში არ ვიყავით და ამით პუტინის დავალება შევასრულეთ. ეს იყო ტყუილი და მიზანმიმართული დეზინფორმაცია. მან ძალიან კარგად იცის, რომ ქართული დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში არცერთ გადაწყვეტილებას არ აძლევს ხმას, რადგან ჩვენ არ ვართ ნატო-ს წევრი სახელმწიფო. თეონა აქუბარდია არაერთხელ არის ნამყოფი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და როცა ყოფილა შესწორება ანგარიშებში თუ რეზოლუციებში და როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არცერთხელ დარბაზში არ მჯდარა. გაქცეული იყო შოპინგზე ან, მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, „პახმელიაზე“ ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა. საკუთარი თავისთვის არასოდეს მიმიცია იმის უფლება, რომ მტრების დავალების შესრულებაში მისთვის ბრალი დაგვედო“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ირაკლი ბერაიამ ოჩამჩირეში ბაზის გახსნის საკითხზეც ისაუბრა.
„ოკუპაცია არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა, ეგზისტენციალური საფრთხე და რუსეთის სამხედრო ოლქის მე-7 სამხედრო ბაზის არსებობით, უკიდურესად დამძიმებულია უსაფრთხოების გარემო. ოჩამჩირეში რუსული მცურავი საშუალებები, ე.წ. სანაპირო დაცვის საშუალებები ბაზირებულია 2009 წლიდან. საზღვაო ფლოტის განლაგების დაანონსება უკანონო აქტივობაა. რასაკვირველია, ოჩამჩირეზე განცხადება არის საყურადღებო და შემაშფოთებელი. იმ პირობებში, როდესაც რუსული ფლოტის ბაზირებისა და მომსახურების ადგილად ყირიმის ან ნოვოროსიისკის პორტების ოჩამჩირით ჩანაცვლებისთვის დღეს არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, მაღალი წყალწყვის გემების მიღებისთვის ზღვის ფსკერის საკმარისი სიღრმე არ არის, როცა მსგავსი ინფრასტრუქტურის მოწყობას წლები სჭირდება და დღეს ამ კუთხით არაფერი ხდება, როცა არ ვართ დარწმუნებული, განცხადების სისრულეში მოყვანის მიზნით, იქნება თუ არა გადადგმული რაიმე ნაბიჯები ან რა დოზით იქნება გადადგმული და რა რაოდენობის საცეცხლე შესაძლებლობების მქონე მცურავი საშუალებები განლაგდება, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, განლაგებამ ან არ განლაგებამ, შესაძლოა, ისედაც მძიმე გარემო არსებითად, დიდად არ შეცვალოს. როგორც ჩანს, თეონა აქუბარდიამ არ იცის „შესაძლოა“ და „არსებითად“ სიტყვების მნიშვნელობა და აღქმის, გააზრების პრობლემა აქვს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
რაც შეეხება საკითხს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილებაზე თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი რეზოლუციის მიღებას ითხოვდნენ, ირაკლი ბერაიას თქმით, თავდაცვის კომიტეტი ეროვნული ინტერესებისა და რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს.
„ჩვენი კომიტეტი იმოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. არ მგონია, აქუბარდიას ან რომელიმე ოპოზიციონერს ოკუპაციის საკითხი ჩვენზე მეტად აწუხებდეს, ადარდებდეს. დეოკუპაციის მიზნით მათზე ცოტა მეტი გვაქვს გაკეთებული. ოკუპაციას ებრძვიან კონკრეტული ნაბიჯებით და არა „ფეისბუქით“, როგორც ეს აქუბარდიას წარმოუდგენია. თეონა აქუბარდია არათუ დეზინფორმაციის გამავრცელებელია, არამედ თავად არის დეზინფორმაციის წყარო. ჩვეულებრივი მარია ზახაროვას ანალოგია. ეტყობა, მისთვის დიდი პატივია, რომ მარია ზახაროვას ვადარებ, მაგრამ ეს ფაქტია. სამწუხაროა, რომ მან ჩვენს კომიტეტში კონფრონტაციის გზა აირჩია და ამ გზაზე სერიულ მატყუარად, სამარცხვინო ადამიანად ჩამოყალიბდა. სამარცხვინო პოლიტიკოსებად ყალიბდებიან უღირსი ადამიანები და ასეთი ადამიანები არ არიან ღირსი, იყვნენ არათუ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, არამედ ამ ადამიანებს კომიტეტთან მიახლოების შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეთ. რეალური მიზეზი, რის გამოც თეონა აქუბარდია ბოლო ერთი წელია, ჩვენს კომიტეტს და მეც არც თუ ისე სახარბიელოდ მოგვიხსენიებს, არის ის, რომ მას სხვადასხვა პლატფორმის დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება არ ეძლევა – მისნაირებთან და ვიღაც-ვიღაცებთან სელფების გადაღებებისა და გაფეისბუქების საშუალება, აეროპორტის ლაუნჯებში შესვლის, იქ „გასკდომის“ და გამოთრობის, გაშხლართვის საშუალება. ვინც მას იცნობს, ძალიან კარგად მიხვდება, რაზე ვსაუბრობ. შესაბამისად, მოვუწოდებ, მისი გრძელი ენით ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.