ეს ხართ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალები, რომლებიც ეწინააღმდეგებით ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას! თქვენ ხალხი 26 ოქტომბერს შესაბამის ადგილს მოგიჩენთ, პოლიტიკურ სანაგვეზე გაგისტუმრებთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზე საუბრისას განმარტა, რომ ყველა აცნობიერებს იმ დაშვებულ შეცდომებს, რომელიც წლების წინ მოხდა, „ქართულმა ოცნებამ“ კი არაერთხელ ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას აფხაზ და ოს ხალხთან შერიგების მიზნით.
„ბიძინა ივანიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც მნიშვნელოვანია, რათა შერიგება მოხდეს და ურთიერთპატიება, სხვანაირად შეუძლებელია. ერთმანეთის მიმართ ნდობა უნდა დავიბრუნოთ. რაც შეეხება განცხადებას, რომელიც მოვისმინეთ ლავროვის მხრიდან, რომ ხელს შეუწყობს შერიგების პროცესს, ცუდი რა არის ამაში?! პოზიტიურია, რომ ხელს შეუწყობს. ვფიქრობ, ყველა აცნობიერებს იმ დაშვებულ შეცდომებს, რომელიც წლების წინ მოხდა. არ უნდა მოგვერიდოს ამაზე საუბარი. დესტრუქციულმა, რადიკალურმა ბოროტმა ძალამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ ბოროტების მეორე ვირტუალური სამყარო შეგვიქმნა თავისი პატრონებთან ერთად, მოჯადოებულ წრეზე გვატარებდნენ, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. ჩვენც უნდა გავაკეთოთ ანალიზი.
ჩვენც გვაქვს ჩვენი შეცდომები დაშვებული და გვინდა, რომ ამ ურთიერთშერიგებით ისეთი ნაბიჯები გადავდგათ, რომელიც ურთიერთპატიებას შეიცავს, თანაცხოვრება მოვახდინოთ, ტერიტორიების გამთლიანება. ეს გვინდა მშვიდობით და არა ომით, ბოროტებით და ძალით, როგორც რადიკალურ ოპოზიციას წარმოუდგენია თავის პატრონებთან ერთად. ივანიშვილის განმარტებას გახსოვთ რა სპეკულაციები მოჰყვა, ეს არის ბოროტი ძალა, მოღალატეები, რომლებმაც ქვეყანას ტერიტორიების გარკვეული ნაწილი დააკარგვინეს. მშვიდობიანი მოსახლეობა დაგვეღუპა, ლტოლვილი მოსახლეობა მივიღეთ. არ გაქვთ წაკითხული ტალიავინის დასკვნა, მოღალატეობრივი რეზოლუცია, რომელსაც თქვენმა პარტიამ მოაწერა ხელი, თქვენმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ეს ხართ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და რადიკალები, რომლებიც ეწინააღმდეგებით ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას! თქვენ ხალხი 26 ოქტომბერს შესაბამის ადგილს მოგიჩენთ, პოლიტიკურ სანაგვეზე გაგისტუმრებთ აუცილებლად“,- აღნიშნა კალაძემ.
ამასთან, უპასუხა კითხვას, როგორც შეაფასებს იმ ფაქტს, რომ ლავროვი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს მეზობელ ქვეყნად მოიხსენიებს და მიუთითებს თუ არა, რომ რუსეთი აღიარებას ითხოვს. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ეს არის სიბინძურე და სპეკულაცია. მისივე თქმით, ამ პროვოკაციების მიუხედავად, საქართველო მზადაა მოახდინოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
„ეს იმ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგია, რომელიც თქვენ განახორციელეთ. სამწუხაროდ, ეს რუსეთმა აღიარა, თუმცა მთელი ცივილიზებული სამყარო არ აღიარებს ამას. ეს არის ჩვენი ტერიტორიები. ჩვენ გვინდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რას მიედ-მოედები საერთოდ, არ მაინტერესებს. ჩვენი ყოველდღიური ოცნებაა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. არ მეგულება, არცერთი ქართველი, თქვენგან განსხვავებით, ვისაც სამშობლო უყვარს, რომ მისი ოცნება არ იყოს ტერიტორიული მთლიანობა. რადიკალები ეწინააღმდეგებით ამას, თქვენი აზრი არ გაგაჩნიათ, რასაც დაგავალებენ, მონებივით გამოდიხართ და ერთ ხმაზე საუბრობთ. ბოროტებას, მოღალატეობრივ ქმედებას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. მოხდება გამოძიება, რა მოხდა 2008 წელს, ვისი დავალებით განხორციელდა, ვინ მოაწერა ხელი მოღალატეობრივ რეზოლუციას, რომლითაც სამხედროებს აბრალებდით ომის დაწყებას“,- აღნიშნა კალაძემ.
გარდა ამისა, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება არის პოზიტიური, თუმცა, ამას უნდა მოჰყვეს ქმედითი ნაბიჯები, მათ შორის, დეოკუპაცია.
„განცხადების პარალელურად უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები. თუნდაც სამოქმედო გეგმის შექმნაზე საუბრის დაწყება, რათა მოხდეს დეოკუპაცია, ჯარების გაყვანა. იცით, რომ აფხაზეთში რუსული ბაზებია, ჯარია, ამაზე დავიწყოთ საუბარი. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა კალაძემ.
ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით. მისი თქმით, რუსეთი მზად არის დახმარებისთვის, თუკი იქნება ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით.