ზოგიერთ უბანზე მისული კაცი ამომრჩევლის რაოდენობა, უფრო მეტია, ვიდრე ამავე უბანზე სიაში რეგისტრირებული მამაკაცთა რაოდენობა, რაც ვალიდურობის შემთხვევაში, უბნებზე მანიპულაციაზე მიუთითებს, - ამის შესახებ ISFED-ის დირექტორმა ნინო დოლიძემ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ოლქების მიხედვით ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ შეცვლილია. დოლიძის თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში საარჩევნო ოლქებში გაზრდილია ქალი ამომრჩევლის რაოდენობა და მამაკაცი ამომრჩევლის რაოდენობა შემცირებულია.
ნინო დოლიძის თმითვე, 10 საარჩევნო ოლქში გამოვლინდა შეუსაბამობა, არჩევნებზე მისულ ამომრჩევლის რაოდენობასა და საარჩევნო უნაბზე რეგისტრირებულ საერთო რაოდენობას შორის.
„26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა რაოდენობას რომ დავაკვირდით, გამოვავლინეთ საყურადღებო ტენდენცია გენდერულ საკითხთან დაკავშირებით.ჩვენ მივმართეთ ცესკოს და გამოვითხოვეთ ინფორმაცია, ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით, ქალებისა და კაცების მიხედვით.
მოწოდებული ინფორმაციის პირველადმა ანალიზმა გამოკვეთა, რომ გარკვეულ უბნებზე ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის რაოდენობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს გამორიცხულ, ან არაბუნებრივ მახასიათებლებს. მაგალითად, 62 საარჩევნო უბანზე, რეგისტრირებული სიიდან კაცი ამომრჩევლის რაოდენობა 80-100%-მდე იყო, ქალების 57%.
გარდა ამისა, ზოგიერთ უბანზე გამოიკვეთა ფაქტები, როდესაც ამომრჩევლის აქტივობა, თეორიულ მაჩვენებელს უტოლდება, ზოგიერთ უბანზე მისული კაცი ამომრჩევლის რაოდენობა, უფრო მეტია, ვიდრე ამავე უბანზე სიაში რეგისტრირებული მამაკაცთა რაოდენობა, რაც ვალიდურობის შემთხვევაში, უბნებზე მანიპულაციაზე მიუთითებს.
ასევე, გამოვლინდა, რომ 275 საარჩევნო უბანზე ერთიანი სიიდან კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის მაჩვენებლების სხვაობა - 20 პროცენტულ პუნქტზე მაღალია. გვაქვს 23 საარჩევნო უბანი, სადაც კაცი ამომრჩევლების აქტივობა, აღემატება ამომრჩეველთა სიაში მამაკაცთა რაოდენობას. ექვს საარჩევნო უბანზე მისული მამაკაცთა რაოდენობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ამავე უბნებზე რეგისტრირებული მამაკაცი ამომრჩევლები. ამას, რომ დავუმატოთ სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაც და რომ ჩავთვალოთ, რომ სპეცსიაში ყველა ამომრჩეველი მამაკაცია, მაინც არაზუსტია მოცემული ციფრები. მაგალითად, ბორჯომის მე-11 საარჩევნო უბანი, სადაც რეგისტრირებული მამაკაცთა რაოდენობა იყო 514, ხოლო მოსული მამაკაცი ამომრჩეველი არის - 599. სპეცსიაში კი ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 8. ამის დაშვებითაც საარჩევნო უბნებზე უფრო მეტი კაცი იყო მისული, ვიდრე რეგისტრირებული მამაკაცი ამომრჩეველი. ასეთი შემთხვევებია ყვარელში, წყალტუბოში და ა.შ. დაფიქსირებული.
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ოლქების მიხედვით ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ შეცვლილია - ზოგიერთ შემთხვევაში საარჩევნო ოლქებში გაზრდილია ქალი ამომრჩევლის რაოდენობა და შემცირებულია მამაკაცი ამომრჩევლის რაოდენობა. 10 საარჩევნო ოლქში გამოვლინდა შეუსაბამობა, არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლის რაოდენობასა და საერთო რაოდენობას შორის”,- განაცხადა ნინო დოლიძემ.
ასევე, ISFED-ში კიდევ ერთ ფაქტზე გამახვილდა ყურადღება. მათი თქმით, გარდაბნის 52-ე საარჩევნო უბნის რეგისტრატორის ბეჭდის უნიკალური ნომერი, აღმოჩენილია გარდაბნის მე-14 საარჩევნო უბნის ორ ბიულეტენზე. ორგანიზაცია პროკურატურას აღნიშნული საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
„შესაძლოა დოკუმენტის გაყალბებასთან გვქონდეს საქმე, გარდაბნის 52-ე საარჩევნო უბნის რეგისტრატორის ბეჭედი, აღმოჩენილია გარდაბნის მე-14 საარჩევნო უბნის ორ ბიულეტენებზე. სხვა უბნის რეგისტრატორის ბეჭედი გამორიცხულია, რომ არსებობდეს სხვა საარჩევნო უბანზე. ეს ინდივიდუალური საარჩევნო ბეჭდებია და სხვა უბანზე ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში სავარაუდო დანაშაულს აქვს ადგილი და პროკურატურის შესწავლის საგანი უნდა გახდეს. პროკურატურამ უნდა შეისწავლოს ჰქონდა თუ არა ადგილი დოკუმენტის გაყალბებას“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.