სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები - ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი, არ უნდა იყოს დანაკარგი და მსგავსი მოვლენები არ უნდა შეეხოს. სამხრეთ კავკასიაში ჩვენ წარმოვჩინდებით როგორც მშვიდობის, სტაბილურობის და თანამშრომლობის რეგიონი,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მან საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას რეგიონში მშვიდობის დამყარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
„ახალი რეალობა, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში, ამაზეც გვქონდა საუბარი. ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, იმიტომ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები. ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი, არ უნდა იყოს დანაკარგი და მსგავსი მოვლენები არ უნდა შეეხოს. სამხრეთ კავკასიაში ჩვენ წარმოვჩინდებით როგორც მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონი. დღეს განსაკუთრებით უნდა გავუსვა ხაზი იმას, რომ საქართველო თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს.
ბატონო პრემიერო, თქვენ ბრძანეთ სამშვიდობო პროცესის შესახებ, რომელიც ჩვენსა და სომხეთს შორის ვითარდება, მე მინდა ვთქვა, რომ ის შეთანხმებები, რომლებსაც ხელს ვაწერთ, არ არის საკმარისი, იმიტომ, რომ სამომავლოდ, ყველა ნაბიჯი უნდა იქნას გაძლიერებული და მშვიდობას აძლიერებდეს. ეს შეხვედრები, ეს ვიზიტები ამ მიმართულებით კეთდება. ჩვენ დავიწყეთ სომხეთთან ურთიერთობა საქართველოს გავლით და მადლობელი ვარ საქართველოს მთავრობის ამ ხელშეწყობისთვის. რაც შეეხება ენერგეტიკას, ბევრი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი იყო სანდო მხარდამჭერი ენერგოუსაფრთხოებისა ბევრი ქვეყნისა და ერისა, დღეს ჩვენი ბუნებრივი აირი გადის 16 ქვეყანაში ექსპორტზე, მაგრამ ექსპორტი იწყება საქართველოდან და საქართველოს გავლით, საქართველო არის პირველი ქვეყანა ამ მარშრუტზე, სადაც აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგეტიკის ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე, საქართველოს გავლით ხდება ეს ყველაფერი. ასევე, ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსები აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოდის და ამაზე საუბარი გვქონდა, არსებულ ინფრასტრუქტურაზე, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ბაქო- თბილისი- ჯეიჰანის მილსადენი წარმატებით მუშაობს, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფანიც კარგად მუშაობს, ეს ინფრასტრუქტურა დიდი მნიშვნელობისაა ბევრი ქვეყნისთვის. ჩვენ, ასევე, სატრანსპორტო კორიდორები განვავითარეთ. შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანსა და საქართველოს და ჩვენთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირატესი არტერიაა, რომელზეც დიდ იმედებს ვამყარებთ, რომ გაძლიერდება და განვითარდება. საერთო ჯამში, ჩვენი დღის წესრიგი მსუყე და ფართომასშტაბიანია, ახალი თემები ემატება, ახალი იდეები და პროექტები ემატება ამ დღის წესრიგს და ჩვენ საერთო ძალისხმევით ამას ყველაფერს განვახორციელებთ.
კიდევ ერთი პირობა არის ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც შეიძლება გამოდგეს მაგალითად ყველა მეზობელი სახელმწიფოსთვის, იმიტომ, რომ ურთიერთპატივისცემის და ურთიერთნდობის საფუძველზე ხდება ყველაფერი, საერთო ინტერესებს ვუფრთხილდებით და მეგობრობას და ეს არის კეთილმეზობლური და ძმური ურთიერთობა.
დარწმუნებული ვარ, ამ წარმატებულ გზაზე ვივლით ყოველთვის და მინდა ვუსურვო ქართველ ძმურ ერს მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა“, - განაცხადა ალიევმა.
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ