9 წლის მანძილზე, როდესაც პუტინი ძლევამოსილების მწვერვალზე იმყოფებოდა და როდესაც რუსეთზე ორიენტაციას რაც ლოგიკური ახსნა ექნებოდა, ბორენკა და მისი მომსახურე პერსონალი ყველანაირად ცდილობდნენ ორ სკაზე ჯდომას და ეს კარგად გამოსდიოდათ კიდეც - მოსკოვი ამ დროს მთლიანად უკრაინაზე იყო კონცენტრირებული, და საქართველოსთვის დიდად არ ეცალა.
დასავლეთი კი იმითაც იყო კმაყოფილი, რომ ქოცები გარკვეულ წითელ ხაზებს არ კვეთდნენ, ღია დიქტატურის დამყარებას თავს ასე თუ ისე არიდებდნენ,და იმითიც, რომ საქართველოში ომი არაა.
აი ასე, პოლიტიკური და ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრებს შორის მანევრირებით, ქოცობამ 2022 წლამდე მიაღწია.
და აი, სწორედ დღეს, როდესაც რუსული გემი შესაძლოა არ იძირება, მაგრამ საკმაოდ დაზიანებულია და ქმედუნარიანობას კიდევ კარგა ხანი ვერ აღიდგენს, სწორედ დღეს, როდესაც რუსეთისგან თავის დაღწევის და დასავლეთთან ბევრად უფრო ღრმა ინტეგრაციის შანსი გაჩნდა, ბორენკა და მისი კამანდა სრულიად საპირისპირო მიმართულებით მიდიან.
ისინი ცდილობენ აიყვანონ ქვეყანა გემზე, სადაც უკვე არავინაა - ყველა გუშინდელი მოკავშირე გაიქცა. მათ შორის ისეთები, ვინც პუტინის გარეშე თავიანთ ქვეყნებში სახრჩობელას ვერ გადაურჩებოდნენ...
შტერი და უტვინო გრუზინების გარდა არავინ დარჩა უცხო და მოკავშირე... ვირთხები ჩაძირვისთვის განწირული გემიდან როგორც წესი გარბიან. ქოცობა - ალბათ ერთად-ერთი შემთხვევა იქნება მსოფლიოში, როდესაც ვირთხები პირიქით, დაზიანებულ გემზე ასვლას ჩქარობენ.
ამის ნიშნები ჯერ კიდევ უკრაინაში ომის პირველ კვირებში გამოჩნდა, როდესაც ქოცობამ გაცილებით უფრო ფრთხილი, პირდაპირ რომ ვთქვათ, ლაჩრული პოზიცია დაიკავა, ვიდრე ამას ვითარება მოითხოვდა.
მაგალითად, ბოლო პარანოიკიც კი ვერ იფიქრებდა, რომ რუსეთი საქართველოს იმის გამო დაბომბავდა, რომ ქართული ოცნებიდან ვინმე დაესწრებოდა ოპერაში გამართულ ლვოვის სიმფონიური ორკესტრის კონცერტს - თუმცა, ისინი იქ არ იყვნენ, არც ერთი ადამიანი.
ასეთი გაუმართლებელი და არაადეკვატური შიშის მრავალი მაგალითი მოიძებნება 24 თებერვლის შემდეგ.
ნელა-ნელა აღმოჩნდა, რომ ბორენკას და მის ხელის ბიჭებს უკრაინელების წარმატებები ბრძოლის ველზე სულაც არ უხარიათ - მათთვის დღეს პუტინზე დიდი მტერია „ბანდიტი-ზელენსკი“, რომელსაც ომის თავიდან არიდება შეეძლო, მაგრამ არც კი უცდია. ტყუილად კი არაა სააკაშვილის მეგობარი.
კიდეც კარგი არ ამბობენ „ზელენსკიმ პუტინს ომის დაწყება აიძულა“, თუმცა, დრო კიდევ არის - ამასაც მოვესწრებით.
მიზეზიც გასაგებია - ქოცებისთვის რუსეთთან ურთიერთობა და ორ სკაზე ჯდომა - უფრო კომფორტულია, ვიდრე ახალ სამყაროში ადგილის ძებნა - იმ სამყაროში, სადაც რუსეთი ძლევამოსილი დერჟავა არ არის.
ამიტომაც ოცნებობენ ქოცები რუსეთის გამარჯვებაზე - ეს იქნება მათთვის ჩვეული რეალობის შენარჩუნება. ასე ვთქვათ, შეჩვეული ჭირი.
თუმცა, თავისი რეალური, ბინძური რაობა ბორენკამ გამოავლინა მაშინ, როდესაც ვიღაცა შეეხო იმ მთავარ ფასეულობას, რომელიც მისთვის ყველაფერზე მაღლა დგას - ფულს.
შვეიცარიული ბანკის სრულიად გასაგები მცდელობა - გაწელოს დრო და იქნებ რუს მილიარდერს სანქციების ბუზი დააჯდეს - ბორენკამ გამოიყენა საქართველოს ისტორიის 30-წლიანი პერიოდისთვის უპრეცედენტო ანტიამერიკული კამპანიის გასაჩაღებლად.
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს - სასაცილოა წარმოვიდგინოთ, რომ ამერიკას აქვს ასეთი ძლიერი გავლენა შვეიცარიულ ფინანსურ სისტემაზე და ის ამას იყენებს მსოფლიო მასშტაბისთვის ისეთი უმნიშვნელო ჭიის დასასჯელად, როგორიცაა ჩვენი ბორენკა.
სატირალია, რომ ამ სქემის მომფიქრებელი ფსიქიატრიული კლინიკის ნაცვლად, ქვეყნის მმართველობაშია მოკალათებული.
ამ სკანდალმა აშკარად დაგვანახა - არ არსებობს ღალატი და საზიზღრობა, რომელსაც არ წავლენ ბორენკა და მისი ლიფსიტები ფულის და ძალაუფლების გამო - დღეს საქართველოს საგარეო კურსი 600 მლნ. დოლარად შეფასდა...
ასე ხდება, როდესაც ქვეყანას ხელმძღვანელობს ვაჭარი...
რუსულ გემზე ასვლის თითქმის ბოლო სცენაა - გვარამიას დაჭერა. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრის მოვალეობების იმიტატორს შეუძლია რამდენსაც მოისურვებს იმოგზაუროს ბრიუსელში, წარმოთქვას იქ სწორი, ბრტყელი სიტყვები საქართველო ევროპულ მომავალზე.
სინამდვილეში საქართველო ევროკავშირის დერეფანშიც კი ვერ მოხვდება - ფეოდალურ-ვაჭრუკანული რეჟიმებისთვის ევროპის კარი სამუდამოდ დახურულია.
ბორენკა - ამ ქვეყნის შავი ჭირია. უმწეობის, აპათიის, და სიმხდალის გეგმაზომიერი გავრცელებით, მან მოახერხა ქართული საზოგადოების დასუსტება, გახლეჩა, ერთმანეთთან გადაკიდება, და სრული უიდეურობის და ნიჰილიზმის დანერგვა საზოგადოებაში.
მას ქვეყნის სისხლში 9 წლის მანძილზე შხამი მცირე დოზებით შეჰყავდა და დღეს უკვე ვხედავთ შედეგს - სრულიად გადაგვარებულ, უნებისყოფო ერს, რომელიც ყველანაირ შეურაცხყოფას მოითმენს.
ქართველი ხალხი პუტინის ქვეშ მყოფ რუსებს დაემსგავსა და ეს ქოცების მიერ წარმოებული უარყოფითი სელექციის პირდაპირი შედეგია - როდესაც ქვეყანაში არარაობები წინაურდებიან, ქვეყანაც არარაობად იქცევა.
ბორენკამ 9 წელი უმტკიცა საქართველოს რომ ის პატარა, უტვინო და არაქმედუნარიანია.
პროპაგანდამ იმუშავა - დღეს საქართველო უფრო პატარა და არაქმედუნარიანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ასეთი კონდიციით საქართველოს ევროპაში არაფერო ესაქმება და მისი ადგილი მხოლოდ რუსული გემზეა.
და, სხვათა შორის - ტიტანიკი - მხოლოდ რუსეთი არ გეგონოთ...
ავტორი: თენგიზ აბლოთია