„სიმულანტი“ - ღარიბაშვილი სააკაშვილის შიმშილობას მასკარადს უწოდებს
„ვირთხა“ - მიხეილ ყაველაშვილი სააკაშვილზე
სკანდალური დეტალები - სააკაშვილის ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის დაპირისპირება 50 მილიონის გამო დაიწყო
შალვა პაპუაშვილი საჯარო მოხელეებს სთხოვს, სააკაშვილს არ დაუჯერონ
„პირადი კავშირებით ნაკარნახევი წერილია“ - „ოცნების“ დეპუტატი 70 გავლენიანი ევროპელის წერილზე
ღარიბაშვილის აღიარება - „სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული“
მიხეილ სააკაშვილის ღია წერილი აშშ-ს თავდაცვის მდივანს
ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპით იზრდება, უკვე აღდგენასაც გასცდა - ნათია თურნავა

რეზო გაბრიაძის პუშკინი

06.16.2021 | 12:55

ავტორი: დავით ბუხრიკიძე

ერთი შეხედვით ძნელი წარმოსადგენია რა მისტიკური კავშირი არსებობს რეზო გაბრიაძესა და ალექსანდრ პუშკინს შორის, მაგრამ ფაქტია, რეზო გაბრიაძე პუშკინის დაბადების დღეს, 6 ივნისს გარდაიცვალა. ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ეთერ ანჯაფარიძემ, რომელიც დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობს და საკონცერტო ცხოვრებასაც ეწევა, საკუთარ გვერდზე, სოციალურ ქსელში მოსწრებულად აღნიშნა: გაბრიაძე პუშკინთან დაბადების დღის აღსანიშნავად გაემგზავრაო... ისე კი, მართლა საინტერესო იქნებოდა როგორ მიულოცავდა 222 წლის პუშკინს 84 წლის რეზო გაბრიაძე დაბადების დღეს, ან როგორი იქნებოდა მათი შეხვედრა.
პუშკინი და გაბრიაძე - ეს ცალკე და განსაკუთრებული ამბავია. ცნობილი რუსი მწერალი, პოეტი და პუბლიცისტი ანდრეი ბიტოვი თავის წიგნში აღწერს პუშკინის წარმოსახვით მოგზაურობას საზღვარგარეთ, რომელიც გაბრიაძემ უამრავი გრაფიკული ნამუშევრით დაასურათა.
ანდრეი ბიტოვისა და რეზო გაბრიაძის ერთობლივი შემოქმედებითი ფანტაზია პუშკინის ვირტუალური მოგზაურობის შესახებ საზღვარგარეთ, მხოლოდ პოეტური ტექსტისა და გრაფიკული ჩანახატების სინთეზი არ არის. შეიძლება ითქვას, ეს ნამდვილი არტ- მისტიფიკაციაა, რადგან პუშკინს არასდროს უმოგზაურია საზღვარგარეთ. შესაბამისად, ბიტოვის ტექსტები და გაბრიაძის ჩანახატები სრულიად ახალ რეალობას ქმნიან და ერთმანეთს ავსებენ.
ანდრეი ბიტოვი წერს: „გაბრიაძეს განსაკუთრებული პერფექციონიზმის, შრომისმოყვარეობისა და ინტუიციის დახმარებით, შეუძლია კალმის ერთი მოსმით გააცოცხლოს პუშკინის ცოცხალი პორტრეტი; ერთს საათში შექმნას ის, რასაც სხვები წლების განმავლობაში სწავლობენ... მას ნამდვილად ძალუძს ენდოს ფანტაზიას, რადგან რასაც ეხება, ჭეშმარიტ პოეზიად და მიუღწეველ ჯადოქრობად აქცევს. მისი ნახატების მიღმა ისეთი სიტყვები იგულისხმება, რომლებიც პირდაპირ კავშირშია დიდი პოეტის სამყაროსთან".
ძნელია ბიტოვის სიტყვებში ეჭვი შეიტანო, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა გაბრიაძის კალმით შესრულებულ პუშკინის ნახატებს იხილავთ: პუშკინი ქარსა და წვიმაში მოხრილი მიდის, პუშკინი ბავშვებთან თამაშობს, პუშკინი ცხენზე ზის და ხელში ხმალი უჭირავს, პუშკინი მატარებლის  ვაგონში ზის, პუშკინი დელფინზე შემომჯდარა, პუშკინი მიფრინავს...
ხელოვანის ყველაზე საიმედო გამოცდა და ძრავა - დროის მანქანაა, რასაც ბევრი ვერ უძლებს. რეზო გაბრიაძე პუშკინისადმი მიძღვნილ ციკლში, ჩანახატებსა და ჩანაწერებში წარმოუდგენელ პოეზიას, ირეალურ რეალობას და ნაივურობას აღწევს. მისი ათეულობით ნახატი ცალკე კვლევის საგანია და იმედია, წლები არ დაგვჭირდება გაბრიძის მიერ შექმნილი გრაფიკული ჩანახატების სანახავად. სხვათა შორის, 2016 წელს მოსკოვში, პუშკინის სახელობის მუზეუმში მოწყობილ გამოფენას, რომელიც სწორედ გაბრიაძის მიერ შექმნილ პუშკინსა და მის შემოქმედებას მიეძღვნა, დამთვალიერებელთა წარმოუდგენელი რაოდენობა დაესწრო. გაბრიაძის პუშკინიანამ წარუშლელი კვალი დატოვა მოსკოვის კულტურულ კონტექსტზე, თუმცა ამის შესახებ ქართული მედია ნაკლებად ინტერესდებოდა...
ერთ-ერთ ჩანახატზე მაგალითად, გაბრიაძის ასეთი მინაწერი გაუკეთებია: „პუშკინის სიცოცხლის ბოლოს მატარებლის სიჩქარემ მიაღწია 80 კმ/ სთ-ს. ეს სიჩქარე მიუღწეველია გონებისთვის".
პუშკინის შეხვედრა „ინგლისურ ორთქმავალთან" რა თქმა უნდა, წმინდა წყლის მისტიფიკაციაა. გაბრიაძე უბრალოდ, პოეტის მარადისობასთან და ტექნიკურ პროგრესთან შეხვედრას აღნიშნავს... რამდენად ირონიული, ხაზგასმით გულუბრყვილო, პოეტური და ფანტაზიით სავსეა გაბრიაძის მიერ შექმნილი პუშკინის გრაფიკული ხატები. რამდენი უცნაური ხატი და ნათელი წარმოსახვაა მათში.
ერთ-ერთ ნამუშევარში გაბრიაძე პოეტს საბავშვო ბაღში ხატავს, რომელსაც ხელში ქურთუკი უჭირავს, მეორეგან ის უკვე ორთქმავალში ზის. ნახატებში ცირკის ელემენტებიც გაიელვებს, რომელშიც წარმოუდგენელი იუმორი და ბავშვური სიხარულია თავმოყრილი. ტექნიკური პროგრესი, ცირკი, ორთქმავალი, ცხენები, ჩიტები, დანგრეული და მიფერდებული სახლები - რა ნაცნობია ეს ყველაფერი თავად გაბრიაძის სპექტაკლებიდან. ამავდროულად რა ნატიფი და ნაივური!
გაბრიაძემ შექმნა სიყვარულით, პოეზიითა და სიფაქიზით სავსე და მსოფლიოში აღიარებული თოჯინების თეატრი, რომლის გარეშეც დღეს თბილისის წარმოდგენა შეუძლებელია. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, თავს მხატვრად და მოქანდაკედ მიიჩნევდა. როგორც თავად აღნიშნავს: „მხატვრობა ჩემი მთავარი პორტია და მე ის სულ მენატრება, განსაკუთრებით როდესაც ზღვაში ვცურავ"...
ასე რომ, თუ მისტიკის წყალობით გაბრიაძე პუშკინს დაბადების დღეს მიულოცავს, თავისი ფანტაზიით შექმნილ, უნიკალურ გრაფიკულ ნამუშევრებსაც უსახსოვრებს... მარადისობაში მათი გადაკვეთა ხომ იოლი შესაძლებელია.