ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 11.0 პროცენტზე დატოვა
სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო
მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის, გამოყოფილია 50 მილიონი ევროს სესხი და 5 მილიონი გრანტი -კალაძე
თბილისსა და რეგიონებში იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის, ტარებისა და გასაღების ფაქტებზე 14 პირი დააკავეს
ფოტო:როგორი იქნება რეაბილიტირებული მეტროსადგური "ვარკეთილი"?
მეტროსადგურ „ვარკეთილის" რეაბილიტაცია 18 თვე გაგრძელდება
ტაქსების რეფორმა - დედაქალაქის მერიის ახალი გადაწყვეტილება
გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თამარ ჩერგოლეიშვილი:სიყალბის მორევშია ჩაფლული მთელი პოლიტიკური სპექტრი. მნიშვნელოვანია ჯანსაღი პოზიციის დაკავება

11.26.2022 | 21:33

 „თუ განსხვავებული აზრი გაქვს რაღაც საკითხზე კონკურენტი ხარ, ხომ?!  კონკურენცია არ არის ერთმანეთის მტრობა, ძაან ხშირად მოკავშირეობაა. მე ჩემს ფეხებზე ვდგავარ, გიგა თავის ფეხებზე დგას, მე ჩემი აზრი მაქვს - გიგას თავისი აზრი აქვს. საერთო მიზანი გვაქვს, ამ მიზნისკენ მივდივართ, მაგრამ ამ მიზნისკენ როგორ მივიდეთ თუ განსხვავებული ხედვა გვაქვს, ამაზე ვკამათობთ“,- ამის შესახებ „ნეიშენ ჯორჯიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში „ტაბულას“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.

-პოლიტიკური სპექტრიდან ერთადერთი პარტია, რომელმაც  პატრიარქ, ილია მეორის წერილთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, „ევროპული საქართველო“ იყო...

-კი, ასეა და ძალიან ვწუხვარ. არა იმაზე, რომ ჩვენ ყველაზე გაბედულები აღმოვჩნდით, არამედ იმაზე, რომ ამის გამბედაობა მთლიან პოლიტიკურ სპექტრს არ ეყო და ამ თემაზე არ ალაპარაკდა.

-გასაგებია, რომ ხელისუფლება საპატრიარქოსთან დაკავშირებულ თემებზე საუბარს ვერ ბედავს. როგორ ფიქრობთ, ოპოზიცია ამ თემებზე რატომ არასდროს საუბრობს?

-ლოგიკური კითხვაა, მაგრამ იმაში რომ ხელისუფლება „ვერ ბედავს“ არ გეთანხმები.

-მაშინ რისი ეშინია?

-არავისი, ის უბრალოდ ასეთია. ჩვენი ხელისუფლების რეჟიმი თავისი არსით რეაქციულია.  ეს რეჟიმი არის რეაქცია ვარდების რევოლუციის იდეალებზე და მოდერნიზაციის დღის წესრიგზე. ზუსტად ეს, ყველაფერი, მათ შორის საპატრიარქოს მიერ შეირაცხა ქართველობის წართმევად. განმტკიცა ის მითი რასაც ბოლშევიკები კულტივირებდნენ, რომ ქართველები და ლიბერალური დემოკრატია შეუთავსებელია. ამ ტალღაზე მოვიდა ეს რეჟიმი, რომ დასავლური ფასეულობები და ქართული ტრადიციები შეუთავსებელია. ის ვინც დასავლური ფასეულობებით მოქმედებდა, მათ შორის ჩემი თანამეცხედრე - ქართველების მტერია. აი, ეს პარადიგმა ჩამოყალიბდა და ეს რეჟიმიც განასახიერებს ამას.  ამიტომ, რეჟიმს ვერაფერს ვერ მოსთხოვ.

მაგრამ პრობლემა იწყება მერე, ისინიც კი, ვინც 2011 წელს რუსული ჯარებით აპირებდნენ რეჟიმის შეცვლას, იძახიან, რომ ევროპაში ინტეგრაცია სურთ. ანუ რეალურად, ეს არის ოპოზიციის ხმამაღალი განაცხადი. მაგრამ ერთია სიტყვა და მეორეა საქმე.

ევროპული ღირებულებები და ევროპისკენ სვლა გამორიცხავს კირილისთვის მილოცვებს და ბავშვების მკვლელისთვის და რუსული რეჟიმის წარმომადგენლისთვის, მით უმეტეს, ახლა და ამ სიტუაციაში რაიმე საღმრთო სიკეთის სურვებას. თუ რაიმეს უსურვებ კირილს, ის უნდა უსურვო რომ მოკვდეს ან გაჩუმდე. საქართველო საპატრიარქომ მესამე ვარიანტი ამოარჩია.

მაგრამ ქართული პოლიტიკური სპექტრი რაღაც მითებით იკვებება საქართველოს პატრიარქზე.  კვლევას ყველა ნახულობს და ის, ბაქრაძის და უსუფაშვილის არ იყოს, ყოველთვის სარგებლობს მაღალი რეიტინგით.

-და გჯერათ კვლევების?

-სოციოლოგიური კვლევების მჯერა, რამდენად მისაღები ან მიუღებელიც არ უნდა იყოს ჩემთვის. ნეტა ბევრი კვლევა ტარდებოდეს. რადგან ეს არის დემოკრატიული ინსტრუმენტი და ეს უნდა წაიკითხო და ამით იმოქმედო.

-ანუ, დავასრულოთ პასუხი - რატომ არ ჰქონდა რეაქცია ოპოზიციას?

-ოპოზიციას გონია, რომ თუ გამოვლენ და  დაგმობენ ამ ქმედებას,  ამით დაკარგავენ ადამიანთა მხარდაჭერას.  სამეულთან  როცა ვიკითხეთ რატომ არ ეხმაურებით,  პასუხი იყო: ეს არის კონკრეტული საქმისთვის ერთობა. რამდენადაც ვიცი ეს კონკრეტული საქმე ევროპისკენ სვლაა. წარმოიდგინეთ, თანხმობა არ აქვთ ისეთ ცალსახა საკითხზე, როგორიცაა რუსეთ-უკრაინის ომის დროსა და საქართველოს ოკუპაციის პერიოდში, რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვაზე. თუ ამ საკითხზე არ გაქვს ერთობა, მაშინ არც ზოგადი ერთობა გაქვს. რომ ჩამოუარო თითოეულ მათგანს ფასეულობებზე დაგიწყებენ საუბარს. თუ ვისაც მაღალი რეიტინგი აქვს იმას არ ეხები და დუმდები, მაშინ ფასეულობებზე საუბარი ზედმეტია. მტერი, რომელიც გიმსგავსებს - გშთანთქავს. მით უფრო, რომ მას ვერაფერში ვერ აჯობებ, ვერც რელიგიურ და ვერც ეთნიკურ პოპულიზმშიც კი. მოკლედ, თუ არ შეგიძლია ამის წინააღმდეგ წასვლა, ეს იმას ნიშნავს, რომ სუსტი ხარ.

თან მჯერა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას არ მოსწონს რაც პატრიარქმა გააკეთა.

-მოსახლეობის, რომელზეც ამბობთ - „არ მოსწონს", დუმილს რით ხსნით?

-უბრალოდ, მათ შარის თავი არ აქვთ და არ იძახიან ამას. პოსტები დავდეთ ამ თემაზე „ტაბულაზე“ და იმას კი არ იძახიან რომ ეს სწორია, ამბობენ: გვატყუებთ რომ ეს თქვაო. ამიტომაა მნიშვნელოვანი ხალხის რეაქცია.

-ანუ გამოდის, რომ საზოგადოება ენდობა უწმინდესს და მისი სჯერა?

- კი არ ამართლებენ, უბრალოდ არ სჯერათ, რომ პატრიარქი ამას იზამდა. ამ დროს პოლიტიკოს გეშინია და ხმას არ იღებ. შენ უნდა გამოხვიდე და საზოგადოებას უნდა წარუდგინო შენი დღის წესრიგი, უნდა გამოხატო აზრი. მაგრამ ფიქრობ რომ შენს მოსაზრებას ქართველი ხალხი ვერ გაიგებს და დუმხარ. ამიტომ არის ამხელა უფსკრული ქართველს ხალხსა და პოლიტიკურ სპექტრს შორის. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა ეთანხმება იმას, რომ ილია მეორეს არ უნდა გაეგზავნა მისალოცი წერილი. უბრალოდ ამას არ აღიარებს.  ვწუხვარ რომ, პოლიტიკურ სპექტრში მარტო „ევროპულ საქართველოს“ აღმოაჩნდა გამჭრიახობა და გამბედაობა.

-თეოლოგები და ექსპერტები აპელირებენ იმაზე, რომ ეს პატრიარქმა კი არა მეუფე შიომ დაწერა. ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?

-შესაძლებელია, თუმცა თუ პოლიტიკურ ლიდერს აქვს პასუხისმგებლობა იმაზე, რა ხდება მის პარტიაში, ასევე არის პასუხისმგებელი პატრიარქიც იმაზე - თუ რა მოხდება საპატრიარქოში.

-პატრიარქი ხანდაზმულია...

-გასაგებია რომ ხანდაზმულია, მაგრამ ეს არის პატრიარქის ხელმოწერით. ჩვენ ხომ პერსონალებამდე არ დავდივართ. ამიტომ ჩვენ საპატრიარქოს გამოვეხმაურეთ. ამიტომ არ დავწერეთ კონკრეტული პიროვნება განცხადებაში. პასუხისმგებლობა ინსტიტუციას ეკისრება და არა იმას, ვინ წერს კონკრეტულად უწყების კანცელარიაში. 

-სხვა თემებსაც მინდა შევეხოთ მაგრამ, მაინტერესებს,  ბოლო დროს კვლავ აქტუალური გახდა ეს კითხვა- რატომ არ დაიჭირეს გიგა ბოკერია?

-დიდი ხანია ამას იძახიან, განსაკუთრებით 2016 წლიდან... განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არგუმენტებით ვერ გიპირისპირდებიან, ანუ 2016 წელს, როცა ნაცმოძრაობა გაიყო და ის ადამიანები ვინც მიშას გავეყარეთ ძალიან მკაფიო არგუმენტებს ვამბობდით.

უპირველესად, ჩვენთვის მიუღებელია ის ბელადომანია რის დამკვიდრებასაც სააკაშვილი პარტიაში ცდილობდა.

-კონკრეტულად?

-მე ვარ  და ჩემს გარშემო უნდა გაკეთდეს ყველაფერი და თუ მე არ ვარ ქვა-ქვაზე ვერ დარჩება. აი, ეს მიდგომა ჰქონდა და მთავარი ეს იყო ზუსტად - ლიდერის როლი. თუ ლიდერი ყოველთვის მართალია მიუხედავად იმისა რას ამბობს: რუსეთი კარგია, რუსეთი - ცუდია, დასავლეთი კარგია, დასავლეთი - ცუდია. ნეოკოლონიალიზმზე საუბრობს თუ დასავლეთისკენ მიისწრაფვის, თანასწორობაზე საუბრობს და იმას თვლის, რომ უმცირესობის წარმომადგენლებს ქაშვეთთან ახლოს რამდენად ჰქონდათ აქციის გამართვის უფლება,

ჩემთვის შოკისმომგვრელი განცხადება მან 2013 წლის 17 მაისის შემდეგ გააკეთა, რომელიც ჩემთვის ცხადი ინდიკატორი იყო მისი არჩევანის, რომ გადაწყვიტა დათმოს ყველაფერი რასაც ის განასახიერებდა.

-რას გულისხმობთ?

-ჩათვალა, რომ საკმარისად რეაქციონერი არ იყო, საკმარისად შავრაზმელი არ იყო, საკმარისად პოპულისტი არ იყო და ამიტომ წააგო.

-და ჩამოთვლილთაგან, რომელი არ ჰქონდა საკმარისად?

-მოდი ასე ვთქვათ, ყველაფერი შედარებითია, იდეალური არავინ არ არის. მთავარია, რამდენად შეგიძლია შენი დღის წესრიგის გატანა ლიდერშიპის პირობებში. სააკაშვილი 2003-დან 2007 წლამდე თვითონ იყო ამის მოტორი. ძალიან უსამართლობად მიმაჩნია როცა მიშაზე ამბობენ, რომ სულ ეგეთი იყო, არ იყო სულ ასეთი.   ოთხმოცდაათიანებში როცა მიშა ეთნიკურობის გრაფას იღებდა პასპორტიდან და ეროვნული სახელმწიფოს შექმნისკენ ნაბიჯებს დგამდა და ა.შ  ამის გამო გაიმარჯვა. ანუ სხვა არჩევანი ჰქონდა გაკეთებული.

ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ გულწრფელი არ იყო, მაგრამ ჩემთვის მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ელიზაბეტ I-ის სიტყვებია - „ჩემი ამოცანა არ არის ადამიანების სულებში ფანჯრების გაჭრა, მე შედეგი მაინტერესებს“. შედეგის თვალსაზრისით იყო ის, რაც 2005 წელს  ამერიკის პრეზიდენტმა თბილისში  განაცხადა - საქართველო იყო მაგალითი მთელი რეგიონისთვის და მოტორი თავისუფლებისთვის ბრძოლის საქმეში. ეს იყო ის, რაც მიშას ლიდერშიპის ქვეშ იყო უზრუნველყოფილი. ამიტომ, მე მას ამას ძალიან ვუფასებ.

-პრობლემები როდის დაიწყო?

-პრობლემები დაიწყო მას შემდეგ, რაც მან დაინახა, რომ 2008 წელს თბილისი წააგო გრეჩიხასთან და შეიძლება იოლად დაკარგოს ძალაუფლება.  ანუ დასკვნები გამოიტანა, რომ ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ ლიბერალური დემოკრატია და ქართველობა  შეუთავსებელია და დაიწყო უკუსვლა  დღის წესრიგიდან რომელიც გაგვაჩნდა. ძალაუფლების შენარჩუნებაზე გადავიდა.

თუმცა მეორე ვადის ფარგლებშიც ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, მაგრამ უკან დახევა რომ დაიწყო ამ დღის წესრიგიდან   სწორედ ამიტომ შეიქმნა „ტაბულა“, რომ დავპირისპირებოდით ამ პოპულიზმს და სეკულარიზმის იდეის მივიწყებას, ეკონომიკურ პოპულიზმსაც. ამის მიუხედავად, შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენი იდეები გაგვეტანა, მაინც არსებობდა და ამის მაგალითს მოგიყვანთ: 2011 წელს, რელიგიური უმცირესობების სტატუსის შესახებ მიღებულ ცვლილებებს, რამაც ძალიან  დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, ეკლესიამ დაიწყო აქციები, მაშინდელმა ოპოზიციამ არავინ ხმა არ ამოიღო, ხელისუფლებას მხარი არ დაუჭირა.

მახსოვს მაშინ ალასანიამ, რომელიც პროდასავლური დეკორაცია იყო ბიძინასი, გააკეთა განცხადება, პატრიარქის ზურგს უკან ასეთი კანონების მიღება არ შეიძლებაო, ანუ სეკულარიზმს მიაფურთხა პირდაპირ. რესპუბლიკელებმა პროცედურული მიზეზები მოიგონეს, რომ სწორი პოზიცია არ დაეკავებინათ.  

მიშას კი არ ვამართლებ, მაგრამ მიშას ეს გადაწყვეტილებები და არჩევანი განპირობებული იყო პოლიტიკური კლასის, მათ შორის ოპოზიციური მხრიდან უპასუხისმგებლობით, რადგან ამაზე ურტყამდნენ - შენ ეკლესიებს ანგრევ,  ტრადიციებს გვართმევ. და მერე პასუხად გაისმა - ბაგრატი ავაშენე.

-როცა ხელისუფლება დამარცხდა, მაშინ ხომ შეიძლებოდა გადაფასება?

როცა უკვე წავაგეთ და დაკარგა ძალაუფლება, მერე უკვე საბოლოოდ დაკარგა სიმშვიდე. 2012 წელს  დაგვიძახა და პირდაპირ გვითხრა: „ჩვენ ჩვენი „ასავალ დასავალი“ გვჭირდება, ქართველებს არ სჭირდებათ დემოკრატია, ნახეთ ვინ და როგორ გაიმარჯვა“.

გადაწყვიტა, როგორც ბიძინამ გაიმარჯვა, მეც ისე გავიმარჯვებ. ეს ხომ სისულელეა. დაემსგავსა თავის მტერს: უფსკრულს ჩასცქერი - უფსკრული შემოგცქერის. ეს იყო მისი შეცდომა.

რაც შეეხება ნაცმოძრაობას,  პარტიამ 2016 წელს აირჩია თავისი მესიანისტური გზა და ლიდერის გარშემო ყველაფრის აწყობა. ახლა ბუნებრივი და კანონზომიერი პროცესია რაც სჭირთ. იმიტომ, რომ ეს მესიანისტური დღის წესრიგი  თავზე ჩამოენგრათ და ახლა ამ ნანგრევებში მიდის ძალაუფლებისთვის ბრძოლა. არანაირი პოლიტიკური შინაარსი ამ ბრძოლას არ გააჩნია.

რაზე კამათობენ?  მელიასა და ხაბეიშვილის ხედვებს შორის განსხვავება რა არის ვერ აგიხსნიან. იტყვიან, რომ „მე უფრო მიყვარს მიშა“, „მე უფრო მეტს გავაკეთებ მიშას გამოსახსნელად“.

-ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის დღის წესრიგი ვერ იქნება მხოლოდ „მიშას სიყვარული და გამოხსნა“, მით უფრო იმ ვითარებაში რა გამოწვევებიცაა ქვეყნის შიგნით დემოკრატიული ღირებულებების კრიზისის თვალსაზრისით და მის ფარგლებს გარეთ - ვგულისხმობ რეგიონს და იმ გეოპოლიტიკურ ძვრებს რაც ჩვენს თვალწინ ხდება...

-დიახ, მაგრამ ჩვენ ვისაც დემოკრატიული პროცესების ჩამოყალიბება გვინდა, ერთადერთი რაც შეგვიძლია ეს ეს პარტია ვაკრიტიკოთ და შევეცადოთ რომ ეს პარტია გავდევნოთ პოლიტიკური ველიდან და ჩვენ დავიკავოთ მისი ადგილი...

-მაგრამ ნაციონალური მოძრაობის და ზოგადად ოპოზიციის კრიტიკა მყისიერად ფასდება როგორც ბიძინასთან ალიანსი...

-ჩემი ამოცანაა ხალხს დავანახო რომ ნაცმოძრაობა იქცევა ბიძინასავით, ცხოველების ფერმის ფინალშია.  სამწუხაროდ, ოპოზიციურ ბევრ ლიდერსა და ხელისუფლებას შორის განსხვავებას ვერ ვხედავ. ძალიან ბევრი მათგანის შემყურე ვერ ვხდები, „ეს“ რატომ უნდა წავიდეს და „ის“ მოვიდეს. განსხვავებას ვერ ვხედავ. აქედან გამომდინარე თუ ფასეულობების ომში ვართ უნდა დავდგეთ დემოკრატიული დღის წესრიგზე და ვინც ამას უპირისპირდება მიუხედავად, იმისა რომელი პარტიაა, ყველა გავწიოთ და ჩვენ დავიკავოთ ეს სივრცე - შევავსოთ ვაკუუმი. 60% მოსახლეობის იძახის, რომ მათ ინტერესს არც ერთი პარტია არ წარმოადგენს და ეს ნიშნავს, რომ  ნიშა თავისუფალია.

სიყალბის მორევშია ჩაფლული მთელი პოლიტიკური სპექტრი. მნიშვნელოვანია ჯანსაღი პოზიციის დაკავება და  იმ ადამიანებთან საუბარი, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ ინტერესს არავინ არ წარმოადგენს. მე მჯერა რომ თუ ჩვენ სწორ კომუნიკაციას მოვახდენთ ამ ხალხთან, შევძლებთ წარმოვადგინოთ მათი ინტერესები - ჩვენ ის ვართ რაც მათ უნდათ. 

-თქვენ ფიქრობთ, რომ „ევროპული საქართველო“ ხალხის დაკვეთას პასუხობს?

-კი ასე მიმაჩნია რომ პასუხობს. უბრალოდ ვერ პასუხობს იმას, რომ სწორად მიიტანოს ხალხამდე ეს ყველაფერი. ტრადიციები და სტერეოტიპები არსებობს, რომ ტელემედია განსაზღვრავს პოლიტიკურ დღის წესრიგს, ტელემედია კი კონტროლის ქვეშაა.

-ანუ?

 დიდი ფული სჭირდება, სასამართლო არ არსებობს და ბიზნეს რეკლამა ვერ მიაქვს. შედეგად ის არის, რომ ვინც მზადაა პოლიტიკური ფული ჩაასხას მათი წონა იზრდება. „მთავარი“ ბოლომდე მიშას დღის წესრიგს მიყვება, აქეთა მხარე დგას „ფორმულა“, რომელიც თავის მფლობელს მიჰყვება და არა საჯარო ინტერეს. იმ

პარტიებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მედიამ ნაგაზის როლი უნდა შეასრულოს, სივრცე ცოტა რჩებათ. ოპოზიციიდან ვინც აზრზე მოვა და შემოგვიერთდება კარგი იქნება, თუ არადა მათ არჩეული მიიყვანს ბიძინამდე. მარცხის გზაა და ბიძინას გამარჯვებით დასრულდება ისევ.

-კეზერაშვილ-მერაბიშვილს რაში ჭირდებოდა პოლიტიკაში დაბრუნება?

-ძალაუფლებისთვის.

-როგორ ფიქრობთ საზოგადოება მიიღებს მათ?

-მე არ ვიცი ვის მიიღებს და ვის არა. საზოგადოება პიროვნებებს კი არა, დღის წესრიგს უნდა იღებდეს. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ვინც მოდის მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის და ეჭვი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში საზოგადოებას ეს მოლოდინი ჰქონდეს. არ მგონია მათ ანაღვლებდეთ ჯანდაცვის სისტემა  ან მართლმსაჯულება გახდეს უკეთესი, არა და ეს უნდა იყოს მათ დღის წესრიგში და არ ჩანს. 

-ერთი სტერეოტიპული კითხვა თქვენ, თამარა ჩერგოლეიშვილთან... იმედია, სწორი აქცენტებით დავსვამ და არ გაღიზიანდებით. სულ ამბობდნენ რომ ქალის ჭკუაზე დადის კაცი და ენმ-ის დაშლაც ამან გამოიწვია..

-გირჩის დაშლაც ხომ მე გამოვიწვიე, ანუ სამი პარტია მაქვს დაშლილი, ხალხს რომ დაუჯერო. უცნაური არ არის, ერთი ქალი დგას ლაპარაკობს და პარტიები რომ იშლება? სამარცხვინო ხომ არის ამის თქმა? ჩემი ლაპარაკი თუ გშლის, ეს შენზე კარგად რანაირად აისახება. თვითონაც ილაპარაკონ და არ დაიშალონ.

-თუ გიფიქრიათ, რომ  თქვენი აქტიურობა ჩრდილავს გიგა ბოკერიას?

- ცხოვრება არის კონკურენცია, გიგას არ აქვს წინააღმდეგობა იმაზე, რომ მე მასთან ჯანსაღ კონკურენციაში ვიყო.

-ანუ კონკურენტებით ხართ თქვენ და გიგა?

-თუ განსხვავებული აზრი გაქვს რაღაც საკითხზე კონკურენტი ხარ ხომ?!  კონკურენცია არ არის ერთმანეთის მტრობა, ძალიან ხშირად მოკავშირეობაა. მე ჩემს ფეხებზე ვდგავარ, გიგა თავის ფეხებზე დგას. მე ჩემი აზრი მაქვს, გიგას თავისი აზრი აქვს. საერთო მიზანი გვაქვს, ამ მიზნისკენ მივდივართ. მაგრამ ამ მიზნისკენ როგორ მივიდეთ თუ განსხვავებული ხედვა გვაქვს ამაზე ვკამათობთ. ჯანსაღი ეს არის.

ისე მოხდა, რომ ერთმანეთი ამ საქმეში გავიცანით, ჩემზე ადრე ის ამ საქმეში არ მოსულა. ასე საკითხის დაყენება, რომ შენ, რა, გავლენა არა გაქვს გიგაზე? გიგას არ აქვს გავლენა? იმასაც აქვს. როგორც ჩემი ლაპარაკი შეიძლება იმას დახვდეს, ასევე შეიძლება დამხვდეს გიგასიც. იქ, სადაც ქალს მეორე ხარისხოვანი როლი აქვს, საზოგადოება ჩამორჩენილია, არა? ამიტომ, ეს უნდა დავძლიოთ და ჩვენ სტერეოტიპებს უნდა ვებრძოლოთ თუ გვინდა, რომ ნაკლები ქალი მოკლან ამ ქვეყანაში, იმის გამო რომ ქალია.

-ამ სტერეოტიპების არსებობის მიუხედავად, ფაქტია, რომ საზოგადოებაში მუსირებს აზრი - ჩერგოლეიშვილის საუბრებით, აქტიურობით, პოზიციის გამო პარტიები იშლება.

-ეს პარტიებზე მეტს ამბობს თუ ჩემზე?

-ალბათ დამშლელზე, სულაც არ გამოვრიცხავ წლების შემდეგ ეს მეტსახელიც გამოიყენონ - ჩერგოლეიშვილი დამშლელი ან თამარ დამშლელი.

-ეს ხომ თან აბსურდია, რეალურად ეს არის  გიგას წინააღმდეგ მიმართული  კამპანია, იმიტომ რომ თქვან - გიგას ცოლი მართავს. გიგას ძალიან ბევრი მავნე სტერეოტიპისთვის გაუძლია.

-რას გულისხმობთ?

-იმას, რომ დინების წინააღმდეგ მიდიოდა, ყველაზე დემონიზებული უმცირესობების  უფლებებს იცავდა, არ უყურებდა ამას პოლიტიკურად - რას მოიგებდა და რას წააგებდა. იმას აკეთებდა რაც სწორია. ეს ყველაფერი გიგას დაუბრუნდება ძალიან დადებითად, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ძალიან დასაფასებელი იქნება ადამიანი, რომელმაც დინების წინააღმდეგ იარა.

-მასთან ერთად თქვენც გიწევთ დინების წინააღმდეგ ცურვა...

-მასთან ერთად რა, მე ჩემდათავად ვარ დინების წინააღმდეგ, ღრმა ბავშვობიდან. გიგასაც რომ არ ვიცნობდი იმ დროიდან -  ასე რომ ერთმანეთს ეს არ უკავშირდება. ერთად იმიტომ ვართ რომ ეგეთები ვართ. ასეთი იმიტომ კი არ გავხდი, რომ გიგასთან ვარ, უბრალოდ ასეთი ვიყავი.

ესაუბრა, ზუკა ნემსაძე

„ნეიშენ ჯორჯია“