ნიკა გვარამია - ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დახმარება სჭირდება, რათა რუსეთის შეტევისთვის მოემზადოს, რომელიც შესაძლოა მაისის ბოლოს ან ივნისში დაიწყოს
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
რა დარღვევები აღმოაჩინა სახალხო დამცველის მონიტორინგმა სამედიცინო დაწესებულებაში?
საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების აღიარების შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება
პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ისრაელის პრეზიდენტი - ჯო ბაიდენი ისრაელის ნამდვილი მეგობარია - ახლა კავშირი ისე ძლიერია, როგორც არასდროს
რომან გოცირიძე - კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი ემიგრაციაა

თათია თათარაშვილის ჟაკლინური აპოთეოზი

01.04.2023 | 10:38 ნახვები: 9739

„როლი არის ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის შვილივით. ეს არის პროცესი, უხეშად რომ ვთქვა, ბავშვი ჩასახვის პროცესი, მუცლად ყოფნის პერიოდი, დაბადება რომელსაც დიდი ტკივილი ახლავს რადგან შენ საზოგადოებას , მაყურებელს უნდა შესთავაზო ახალი, სრულიად განსხვავებული, პერსონაჟი რომელიც თავის სათქმელს იტყვის და დააფიქრებს ან  საერთოდ არა“,-ამის შესახებ მსახიობმა თათია თათარაშვილმა  „ნეიშენ ჯორჯიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

თათია, რატომ მსახიობობა?

მსახიობების ოჯახში გავიზარდე, ამან ძალიან დიდი გავლენა იქონია, თუმცა ჩემს ცხოვრებაში ვიდექი დილემის წინაშე, ჩამებარებინა თეატრალურ უნივერსიტეტში სამსახიობოზე თუ კონსერვატორიაში საფორტეპიანოზე. იმის გამო, რომ შალვა გაწერელიას სტუდენტი ვყოფილიყავი, 2 წელი ველოდე მას, როდის აიყვანდა ჯგუფს. ჩემი ოცნება ავისრულე და გავხდი მისი სტუდენტი.

საინტერესოა, თეატრალურსა და კონსერვატორიას შორის, რომ მაინც თეატრი არჩიე და ეს განაპირობა ოჯახმაო, მოგვიყევი მსახიობური ოჯახის შესახებ.

ბებიაჩემი იყო აჭარის დამსახურებული არტისტი, ვენერა მაჩაბელი და ბაბუა  ვახტანგ მაჩაბელი ასევე მსახიობი. დედა მედეა მაჩაბელი, პროფესიით ასევე მსახიობია, რომელმაც თავის კარიერას ამჯობინა ჩემზე ზრუნვა და მთელი ცხოვრება მიუძღვნა შვილს და არა საკუთარ თავს, ის ძალიან ნიჭიერი მსახიობია, მაგრამ მან ესე აირჩია, თუ კი მე რამეს წარმოვადგენ ეს დედაჩემის დამსახურებაა.

როდის დაიწყო შენი მსახიობური კარიერა?

პირველი როლი, რომელიც პროფესიულ თეატრში ვითამაშე, ეს იყო ლაშა ბუღაძის პიესა, სადიპლომო ნაშრომი „სულიერი არსებები, სულიერი პროცესები, პლუს უსულო საგნები“ რომელიც დადგა შალვა-მუმუშა გაწერელიამ, ჩემი როლი იყო „ქურდის ცოლი“ თამილა ბაჩიაშვილი. სპექტაკლი თეატრალურ უნივერსიტეტში დაიდგა, ხოლო შემდეგ სპექტაკლი არაერთხელ წარმოვადგინეთ თავისუფალ თეატრში.

რამდენი წლის იყავი?

21-22  წლის ვიყავი და სხვათა შორის ეს არ იყო მხოლოდ სადიპლომო ნაშრომი, იგი იქცა თავისუფალი თეატრის სარეპერტუარო სპექტაკლად.

პირველი ჰონორარიც ამ სპექტაკლში აიღე?

კი, თუ არ ჩავთვლით სტიპენდიას, პირველი ჰონორარი იყო ამ სპექტაკლში.

ხომ არ გახსოვს ჰონორარის რაოდენობა?

20 ლარი, რა დამავიწყებს ( იღიმის) ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ ძალიან მდიდარი მეგონა ჩემი თავი. ხელფასიანი გოგო ვიყავი. მაშინ 20 ლარი რაღაც ფული იყო, სამწუხაროდ, მსახიობის ჰონორარი ბევრ თეატრში დღესაც 20 ლარია. მერე იყო ავთო ვარსიმაშვილის ფილმი „იდიოტოკრატია“ სადაც პატარა როლი მქონდა, მსუბუქი ყოფაქცევის გოგონა ვიყავი და ეს როლი დაუვიწყარია იმიტომ, რომ 50 ლარი მივიღე ჰონორარი და ეს უკვე მილიონერობის ტოლფასი იყო (იღიმის) ცოტა უხერხულია ჰონორარებზე საუბარი, მაგრამ ესეც მსახიობის ცხოვრების ისტორიის შემადგენელი ნაწილია, და მახსენებს ჩემი ბედნიერების წლებს.  იმდენად პატარა როლი იყო რომ ტიტრებზე მისაწერი უფრო იყო ვიდრე როლი თუმცა ჩემთვის მაშინ ეს დიდი მოვლენაა იყო  რადგან დამწყები მსახიობი ვიყავი. თან მნიშვნელოვანი იყო ის თემაც რომ ამ ფილმში თამაშობდა შემდგარი არტისტები და მათ გვერდზე თამაში იყო ძალიან დიდი წახალისება.

როგორი ვითარებაა ქვეყნის მასშტაბით მსახიობებისთვის, რამდენად ხართ რეალიზებულნი?

მე ვფიქრობ, რომ თავად საკმაოდ რეალიზებული ვარ, თუნდაც იმიტომ რომ დავამთავრე თუ არა თეატრალური უნივერსიტეტი მოვხვდი დიდ სცენაზე, დიდი როლით, მთავარი როლით და ეს უნდა მოგვესწრო სულ რაღაც 20 დღეში.

რომელ თეატრში?

ბათუმის დრამატულში, აქვე მინდა დავძინო რომ ჩემთვის ბათუმის თეატრი, სადაც არ უნდა წავიდე, თუნდაც  მთელი მსოფლიოს მნიშვნელოვანი სათეატრო სივრცეები მოვიარო, იქნება პირველი რადგან ამ თეატრმა გამიღო პირველმა კარი, უნივერსიტეტის დასრულებისთანავე და ეს მნიშვნელოვანია.

როლი გახსოვთ?

რა თქმა უნდა არასდროს დამავიწყდება, არა მარტო  იმიტომ  რომ პირველი იყო, უბრალოდ  ვფიქრობ, რომ მსახიობს არასდროს ავიწყდება როლი, რომელიც ითამაშა, რადგან როლი არის ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის შვილივით. ეს არის პროცესი, უხეშად რომ ვთქვა, ბავშვი ჩასახვის პროცესი, მუცლად ყოფნის პერიოდი, დაბადება რომელსაც დიდი ტკივილი ახლავს რადგან შენ საზოგადოებას , მაყურებელს უნდა შესთავაზო ახალი, სრულიად განსხვავებული, პერსონაჟი რომელიც თავის სათქმელს იტყვის და დააფიქრებს ან  საერთოდ არა.

რატომ ტკივილი?

კიდევ ერთხელ განვმეორდები ეს არის  პროცესი, შეიქმნას ახალი ადამიანი, რომელსაც არავინ არ იცნობს, რომელიც პირველყოვლისა არ გგავს შენ და რაც მთავარია, და ვცდილობ, რომ ისე შევასრულო როლი რომ არ ვგავდე სხვას და არ განვმეორდე.

დავუბრუნდეთ პირველს როლს..

სპექტაკლი „ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკით და რომით“ ჩემი როლი ლიანა, რომელიც 55 წლამდე ქალი იყო, ვითამაშე 23 წლის ასაკში, ეს იყო ჩემთვის პირველი როლი დიდ სცენაზე და ასეთი გარდასახვა  რთული იყო და რაც მთავარია დიდი გამოწვევა.

გაართვი გამოწვევას თავი?

ვფიქრობ  კი იმიტომ  რომ სპექტაკლი შედგა, ვითამაშეთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე და რაც მთავარია დღემდე მახსოვს და მომყვება,( იმედია მკითხველი ამბიციურობაში არ ჩამომართმევს, მაგრამ ავხსნი, იმიტომ მახსოვს რომ ეს იყო პირველი) - მაყურებლის რეაქცია.

 

და რაც მთავარია, გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და მადლობას გადავუხდი რეჟისორ გიორგი თავაძეს, რადგან მომცა ეს შესაძლებლობა, რომ მეთამაშა ეს როლი, და რაც მთავარია ამ გამოწვევაში, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ის რომ მე უნდა შემეცვალა, უკვე გათამაშებულ სპექტაკლში ძალიან კარგი მსახიობი, ჩემთვის საყვარელი და ეს იყო  ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა, რისთვისაც მადლობას ვუხდი რეჟისორსა და მსახიობებს, რომლებიც გვერდით დამიდგა და მათ გარეშე არაფერი გამოვიდოდა.

ბევრჯერ მოგვისმენია, ხელოვანის ცხოვრება უდრის შიმშილს, დღეს რა ხდება ქვეყანაში რამდენად ახერხებენ განსაკუთრებით მსახიობები იცხოვრონ და იცოცხლონ?

ნებისმიერ ქვეყანაში თეატრით „ვერ გამდიდრდები“ (იღიმის), მაგრამ თავს დამცირებულად არ თვლიან მსახიობები ევროპაში, ზოგადად დასავლეთში, განსხვავებით ჩვენგან.

შენ აქტიური მსახიობი ხარ ახლა, მოგვიყევი შენი მიმდინარე სპექტაკლების შესახებ?

ეს წელი მართლაც გამორჩეული იყო, რადგან  მარნეულის კულტურის ცენტრის   ყველასთვის საყვარელი სპექტაკლი,  მარინა რევია დაბრუნდა სცენაზე, რომლის რეჟისორიც გოჩა ხვიჩია იყო. ასევე  წელს ვითამაშე ზვიად ბოლქვაძის მუსიკალურ მონოდრამაში, რომლის რეჟისორი ზაზა სიხარულიძე იყო, მედეას როლი.  და  რაც მთავარია ახალი პროექტი, დავით დოიაშვილის რეჟისორობით „მე გადმოვცურავ ზღვას“, რომელიც სულ ახლახან გამოჩნდა ქართული თეატრის სცენაზე და რომელიც პრემიერისთანავე გახდა მაყურებლის ერთ-ერთი ფავორიტი წარმოდგენა. ყველაზე მეტად მახარებს ის ფაქტი რომ ამ გუნდის წევრი გავხდი და მომეცა დოისთან თანამშრომლობის შესაძლებლობა.

შენ პროფესიული თეატრების სცენებზე დგახარ და საინტერესოა რამ განაპირობა შენი მისვლა მარნეულის არაპროფესიულ თეატრში?

მე მათთან პროექტით ვიყავი სტუმრად, იქ ისეთი გარემო და თანამშრომლები და რაც მთავარია მაყურებელი დამხვდა, რომელმაც მომცა ინსპირაცია რომ მარნეულს ჰქონოდა პროფესიული თეატრი. ჩემი მათთან გუნდში მისვლა კი სწორედ ამ იდეამ განაპირობა, მე აუცილებლად  ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანამოაზრეებთან ერთად რომ ჩამოვაყალიბოთ ამ მხარეში პროფესიული სათეატრო სივრცე.

და აქვე აუცილებლად ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თეატრის ხარისხს არ განსაზღვრავს მისი გეოგრაფიული მდებარეობა. მე დღეს მარნეულის კულტურის ცენტრის სცენაზეც ვთამაშობ, ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ პროფესიული თეატრის სცენას რაიმეთი ჩამორჩება. ის ახერხებს ყველაზე მთავარს მაყურებელს მიანიჭოს სიამოვნება და გაუჩინოს ჩვენთან  კიდევ ბევრჯერ შეხვედრის სურვილი. და დარწმუნებული  ვარ სამომავლოდ  მარნეულის  უკვე პროფესიული თეატრი უმასპინძლებს ბევრ ცნობილ ქართველ და არა მხოლოდ ქართველ რეჟისორს. და გავრცელებული მოსაზრება, რომ მარნეულში მხოლოდ  კარგი კიტრი-პომიდორი შეიძლება მოვიდეს დაიმსხვრევა მარნეულის პროფესიული სცენა გაზრდის ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას, რომელიც ქართული პროფესიული თეატრის  ერთ-ერთ უმთავრესი ნაწილი გახდება.

ჟაკლინი, ახალი პერსონაჟი, რომელმაც გამოჩენისთანავე ტელე მაყურებლის ყურადღება მიიპყრო, რა პროექტია „ბამბის აღმართი“ და შენ როგორც თეატრის მსახიობს გაგიჭირდა თუ არა კამერასთან მუშაობა?

ერთ ღამეს დამირეკა თათული ედიშერაშვილმა, ეს ის შემთხვევა იყო როდესაც ზუსტად იცოდა რეჟისორმა და პროდიუსერმა რა უნდოდათ, რატომ და რისთვის?! და მითხრა რომ მეორე დღეს უნდა მივსულიყავი უკვე გადაღებაზე, იმ ღამესვე მომცეს სცენარი, ჟაკლინი იყო სრულიად ახალი პერსონაჟი, რომელიც გვიან გამოჩნდა ეკრანზე.  არ გამჭირვებია რადგან ეს იყო საინტერესო პროცესი და კიდევ ერთი გამოცდილება, როლზეც ვიყავი ორიენტირებული რადგან გვიან მოხდა ჩემი სერიალში ჩართვა, და საერთოდ არ მქონია მღელვარება კამერების წინ, რადგან ამისთვის ნამდვილად არ მეცალა რადგან მაყურებლისთვის ახალი პერსონაჟი უნდა შემეთავაზებინა.

ვინ არის ჟაკლინი და რა უნდა?

ჟაკლინ მალანია არის გადაცემის მთავარი პროდიუსერი, ვფიქრობ რომ ძალიან ნიჭიერი ქალია, ორიენტირებულია მხოლოდ და მხოლოდ საქმეზე, რეიტინგზე და ამ როლზე მუშაობის პროცესში,არ მინდოდა ჟაკლინი დამსგავსებოდა ვინმეს, მინდოდა ადამიანთა, პროფესიონალთა კრებითი სახე ყოფილიყო.

იცნობ ქართულ მედია სივრცეში ჟაკლინის მსგავს პროდიუსერებს?

პირადად არა , მაგრამ ჟაკლინის გამოჩენის წამიდან ჩემი უახლოესი მეგობრები, რომლებიც ქართულ მედიაში მუშაობენ, მირეკავენ და მეუბნებიან რომ მათ პროდიუსერებს ძალიან ვგავარ, ანუ გამოვიდა ჩანაფიქრი ჟაკლინი პროდიუსერთა კრებითი  სახეა.

ხასიათებით გავხარ თუ არა ამ პერსონაჟს?

არ ვიცი! მსახიობი როლზე მუშაობისას ცდილობს მიუახლოვდეს პერსონაჟს, თუმცა რამდენად ვგავარ არ ვიცი, თუმცა გარეგნობით რომ ვგავარ ეს ვიცი.

ძალიან თავმდაბალი ხარ, ზოგჯერ მიკვირს კიდეც როგორ ახერხებ იყო ჟაკლინი, და თან აპოთეოზური ჟაკლინი?

არ ვიცი, ვახერხებ?! თუ ვახერხებ მიხარია.

საინტერესოა, გითქვამს თუ არა როლზე უარი?

კი, მითქვამს უარი.

არ განავრცობ?

არა, წარსულია.

არის თუ არა როლები რომელმაც შენი შრომის მიუხედავად ვერ გაამართლა?

არ ვფიქრობ რომ ვერ გაამართლა რადგან ყველა როლი არის დიდი გამოცდილება, თუმცა არის როლები, რომლებზეც შენ იცი რომ ვერ გაამართლა მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელს მოეწონა. ანუ შენ თავად იცი სად დაუშვი შეცდომა და სად ვერ დადე მაქსიმუმი.

რას სჭირდება მსახიობს?

ნიჭი, იღბალი, პირდაპირ იღბალთანაა დაკავშირებული ჩვენი პროფესია, უნდა მოხვდე საჭირო დროს  საჭირო ადგილას.

თათია გაქვს თუ არა საოცნებო როლი და როგორია შენი სამომავლო გეგმები?

მსახიობის პროფესია სევდიანია და არაპროგნოზირებადი, რაც არ უნდა ნიჭიერი იყო ან პროფესიონალი, მაინც რეჟისორზე ხარ დამოკიდებული, ის წყვეტს შენს ბედს. ჩემი სამომავლო გეგმა არ ვიცი, მაგრამ სურვილი კი ისაა, რომ რაც შეიძლება ვიყო მეტ პროექტში და მეტად რეალიზებული ეკრანსა და სცენაზე.

 

ესაუბრა, ზუკა ნემსაძე.

ფოტოკოლაჟი, „ნეიშენ ჯორჯია“

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა