ანზორ ბიწაძე - მხარს დავუჭერთ ერთიან კანდიდატს, ჩვენ ვართ მომხრე, იყოს რაც შეიძლება დიდი ოპოზიციური ერთობა
არსად გაქრობას არ ვაპირებთ - გიორგი გახარიამ ქობულეთში პარტიის ოფისი გახსნა
სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს - სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს
,,ყოჩაღ კალა, ამ კამპანიით გამოხვედი არჩევნებზე? - ინგა გრიგოლია მედიის წარმომადგენლების საწინააღმდეგო პლაკატების გაკვრის ფაქტს ეხმაურება
საიტი booking.moh.gov.ge ისევ ხარვეზებით მუშაობს
ხელისუფლება ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას - მარიამ გოგოსაშვილი თბილისის ქუჩებში გამოკრულ მედიის წარმომადგენლების პლაკატებზე
პაატა მანჯგალაძე - თვის ბოლოს გვექნება კვლევის შედეგები და ვეტყვით საზოგადოებას, დაასახელებს თუ არა „სტრატეგია აღმაშენებელი“ კანდიდატს
დღეს, დღის ბოლომდე საზოგადოება ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმის შესახებ გაიგებს - ხატია დეკანოიძე

რატომ არ შემოიღებს დასავლეთი სანქციებს „ოცნების" წინაამღდეგ?

07.20.2021 | 16:07

ავტორი: თენგიზ აბლოთია

მაშ ასე, ეს სიტყვა ერთხელ წარმოითქვა - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში - პირველად. არა ცალკე აღებული სენატორების და კონგრესმენების, არა ევროპარლამენტის სახალხო პარტიის ფრაქციები ბალტიისპირელი ან პოლონელი დეპუტატისგან, არამედ აშშ-ს და ევროპის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან.
სიტყვა - „სანქციები" - ფრთხილად, თეორიის დონეზე, არა დღევანდელი და არა საშუალოვადიანი პერსპექტივის კუთხით, ისე, სხვათა შორის, როგორც მოვლენათა განვითარების ერთ-ერთი, თანაც არა ყველაზე რეალისტური სცენარი... მაგრამ მაინც ითქვა.
თუმცა, ისიც უნდა ითქვას - ამ თითქოს შემთხვევით ნასროლმა სიტყვამ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებში, როგორც ეს ხშირად ხდება საქართველოში, არაადეკვატური და გადაჭარბებული იმედები გამოიწვია.
ამ ეტაპზე სანქციებზე საუბარი დასავლეთის მხრიდან არის მხოლოდ პირველი სიგნალი, რომ „ქართული ოცნების" უპირობო მხარდაჭერის ეპოქა დასასრულს უახლოვდება და მის მიმართ მკაცრი ზომების მიღება უკვე წარმოუდგენელი არაა.
თუმცა, „წარმოუდგენელია არაა"-ს და სანქციების რეალურ შემოღებას შორის - ძალიან დიდი დისტანციაა, რომელიც შესაძლოა წლები გაგრძელდეს.
დღეს საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს მტრად გამოცხადებისთვის მზადა არაა, რადგანაც „ქართულ ოცნება"-ს ბოლომდე წყალწაღებულად არ მიიჩნევს.
საყურადღებოა და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, დასავლეთის შედარებით რბილი რეაქცია 5 ივლისის მოვლენებზე.
ზოგადად, ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ევროპის და აშშ-ს საოცრად ლოიალურ დამოკიდებულებას მმართველი პარტიისადმი, რომელსაც ისეთ შეცდომებს და დანაშაულებს პატიობენ, რის გამოც წინა ხელისუფლებას ფეხებით ჩამოკიდებდნენ.
არჩევნებით მანიპულირება, სახელმწიფოს პრივატიზება, დარბევები, კორუფცია.... რა და რა არ დააშავა ამ 9 წლის მანძილზე „ქართულმა ოცნებამ" - და პასუხი არც ერთხელ, არაფერზე არ მოეთხოვა.
ყველა ელოდა, რომ 5 ივლისის უმზგავსობას მაინც ექნებოდა უკომპრომისო და მკაცრი პასუხი, მაგრამ არც ეს გამართლდა - ქოცებს ისევ უმართლებთ - საერთაშორისო საზოგადოება დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით შემოიფარგლა ისე, რომ ამ დასჯის არც კრიტერიუმები დასახელდა და არც ვადები.
საქმე იმაშია, რომ 5 ივლისის მოვლენები მსოფლიოში საქართველოსგან განსხვავებულად აღიქმება და ეს მხოლოდ სტილისტური სხვაობა არაა.
ჩვენთან ამ მოვლენას უყურებენ, როგორც ხელისუფლების მიერ პროვოცირებულ არეულობას, რომლის მიზანიცაა ქვეყნის ორიენტაციის საბოლოოდ პროდასავლურისგან პრორუსულზე შეცვლა.
ჩვენთან თითქმის არავის ეპარება ეჭვი, რომ მოძალადეების ხელისუფლების შეკვეთას ასრულებენ და ისინი „ქართული ოცნების" არჩევნებში გამარჯვებაზე მუშაობენ.
დასავლეთის შეხედულება ამ საკითხზე მნიშვნელოვნად განსხვავდება - რა თქმა უნდა, ყველასთვის ცხადია, რომ ადგილი ჰქონდა პრორუსული ძალების შეტევას, რომლის სათავეშიც კრემლის მთავარი აგენტი - ეკლესია იდგა.
ამაში შეფასებები ერთიანია, თუმცა, ამით მზგავსება სრულდება. 5 ივლისის დარბევაში ხელისუფლების როლის შესახებ ამერიკელებს და ევროპელებს რადიკალურად განსხვავებული აზრი აქვთ.
მათი გადასახედიდან, „ქართული ოცნება" დარბევების ორგანიზატორი არ ყოფილა, და მეტიც - ყველანაირად ცდილობდა არეულობის თავიდან აცილებას.
მათ ამ წარმოდგენას ამყარებს ისიც, რომ 5 ივლისამდე რამდენიმე კვირით ადრე ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპელი დიპლომატების მხარდაჭერით, შეტაკებების თავიდან აცილებას ცდილობდნენ - მხარეებს სხვადასხვა ვარიანტებს სთავაზობდნენ, მაგრამ საბოლოოდ ვერც გეები და ვერც ეკლესია ვერ დაითანხმეს.
ეს ევროპელების თვალში ურყევ წარმოდგენას ქმნის - ხელისუფლება ამ არეულობით დაინტერესებული არ იყო, და მისი თავიდან აცილებისთვის ყველაფერს აკეთებდა.
ამ ვითარებაში „ქართული ოცნება" გარკვეულწილად არა თანამონაწილე, არამედ მსხვერპლია - ხელისუფლებას არ ადანაშაულებენ ადამიანის უფლებების დარღვევაში, რაც ძალიან მკაცრი მიდგომის მიზეზი ნამდვილად გახდებოდა.
ქოცებს ბრალდება მხოლოდ არეულობაზე არასათანადო რეაგირება, რაც გაცილებით ნაკლები დანაშაულია, ვიდრე დარბევების ორგანიზება ან წაქეზება.
ევროპა-აშშ-სთვის „ქართული ოცნება" 5 ივლისს არა მოძალადის, არამედ ეკლესიის გავლენით შეშინებული ძალის როლში გამოდის.
პრობლემა იმაშია, რომ რაღაც რეზონანსულ მოვლენაზე სამართალდამცავი ორგანოების სუსტი რეაგირება არც დასავლეთისთვისაა უცხო - 2005 წელს პარიზში აჯანყება ატყდა, რომლის დროსაც მობანდიტო ელემენტებმა ათასობით ავტომობილი გადაწვეს - პოლიციის სრული უმოქმედობის პირობებში.
მზგავსი მოვლენები სხვადასხვა დროს ბრიტანეთში და გერმანიაშიც იყო - ასევე პოლიციის პასიურობის ფონზე.
ძალიან წარსულში რომ არ წავიდეთ, ყველას გვახსოვს 2020 წელს შტატებში, ე.წ. BLM-ის რევოლუციის დროს დარბეული ქალაქები - და ამ დროს ასევე პოლიციის სრული უმოქმედობა.
დასავლეთისთვის რთულია საქართველოს მოსთხოვონ პასუხი იმაში, რაც ზოგჯერ თავადაც მოსდით.
სწორედ ამიტომაა, რომ ამჯერადაც „ქართული ოცნება" მდინარიდან მშრალი გამოვა. სწორედ ამიტომაა დასავლეთი ქოცების მიმართ სანქციების დაწესებისგან თავს ჯიუტად იკავებს.
სანქციების დაწესების მთავარი პირობაა ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა და არა ძალადობის არასათანადო აღკვეთა.
„ქართულმა ოცნებამ" ზუსტად იცის, სად გადის ზღვარი, წითელი ხაზი, რომლის იქეთაც სანქციები გარდაუვალი ხდება.
„ოცნება" ამ ხაზის გადაკვეთისგან თავის შეკავებას ცდილობს და ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით ახერხებს.
სწორედ ამიტომ, უახლოეს პერიოდში არანაირი სანქციები არ იქნება.