ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, ქართული ოცნების თამჯდომარის ირაკლი კობახიძის, გუშინ "იმედი live"-ში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ "თუ არ მოგვწონს, რომ ვიღაც ამ ინსტიტუციიდან აცდენილია ამბროსი ხელაიას თუ კირიონ საძაგლიშვილის გზას და გუნდიაევის გზას ადგას - ეს ეკლესიის გინება არ გახლავთ, ეს ეკლესიის დაცვაა"
"ირაკლი კობახიძე: საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვისი დაფინანსებით აგინებენ ეკლესიას
----
აბსოლუტურად გეთანხმებით ბატონო ირაკლი.
ანუ ამოცანაა, რომ ამ კანონის პრიზმაში ეკლესია დაუპირისპიროთ საზოგადოების რაღაც ნაწილს. ისე, ეკლესიაში საკმაოდ ბევრია ჭკვიანი ადამიანი, რომ მიხვდნენ - ევროინტეგრაციის პროცესის შესაფერხებელ ინსტრუმენტად იყენებთ ამ აზრის გახმოვანებით. კი ადვილად მიხვდებიან, რადგან მათ მგრძნობელობა აქვთ ძალიან კარგი. თუმცა ეკლესიის თემის შემოგდება ამ კანონის კონტექსტში უკვე დაბეჯითებით მაფიქრებინებს - ძალიან ცუდადაა ამ ქვეყნის საქმე.
ბატონო ირაკლი,
სხვა რამეც უნდა იცოდეს საზოგადოებამ, მაგრამ ეკლესიის გინება, მაგას სფეროს ვიკვლევ და ვსწავლობ წლებია, მე არ მომისმენია და ციტატების ხომ არ გამოაქვეყნებდით? ეკლესია არც სინოდია, არც საპატრიარქო და არც მეუფე. ეკლესია ქრისტე და ქრისტიანობაა. ჰო და მანახეთ აბა ქრისტიანობის მაგინებელი ვინმე?
კონკრეტული პირების კრიტიკული აზრი ინსტიტუციის წარმომადგენელთა მიმართ, სრულებითაც არ გახლავთ ინსტიტუციის გინება. თუმცა იმავე ეკლესიის წარმომადგენელთა მხრიდან საჯარო კრიტიკა ხელისუფლების მიმართ არაერთხელ მომისმენია.
ჩვენ, საზოგადოების წარმომადგენლები, ამავდროულად ეკლესიის შვილები და იერარქებიც ვართ - როგორც მრევლი და თუ არ მოგვწონს, რომ ვიღაც ამ ინსტიტუციიდან აცდენილია ამბროსი ხელაიას თუ კირიონ საძაგლიშვილის გზას და გუნდიაევის გზას ადგას - ეს ეკლესიის გინება არ გახლავთ, ეს ეკლესიის დაცვაა.
უფრო მეტს გეტყვით ბატონო ირაკლი, თქვენ გაიგებთ, თქვენი თანაგუნდელების დიდი ნაწილი ვერ - დღეს ქართული ეკლესია და ქართული სახელმწიფო აცდენილია იმ გზას, რომელიც მისთვის დოქტრინალურად განსაზღვრა გრიგოლ ხანძთელმა.
გვინდა ამის აღიარება თუ არა და ეს რომელიმე პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესებშია თუ არა, ქართული სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ფაქტს ვერ გავექცევით - ქართული სახელმწიფოს ერთიანობა, მისი რელიგიური და კულტურული იდენტობა, ისტორიული არჩევანი განისაზღვრა, ჯერ კიდევ, მე-8 საუკუნეში და ამ საქმის მთავარი შემოქმედი გრიგოლ ხანძთელი გახლდათ. სწორედ გრიგოლ ხანძთელმა მოამზადა დავით აღმაშენებლის ეპოქა მთელი თავისი დიდებულებით. დიახ, გრიგოლ ხანძთელმა განსაზღვრა ერთიანი ქართული სახელმწიფოს კონტურები და მისი ისტორიული არჩევანი, _ წინ, განათლებისკენ! წინ, ცივილიზაციისკენ! რაც გულისხმობდა კიდეც გორგასალისეული იდეის ტრანსფორმაციას _ ქრისტესთვის სიკვდილის ძიებას და ფორმირდებოდა, როგორც ქრისტესთვის, რწმენისთვის, ქვეყნისთვის, იდეისთვის გამარჯვება და აღმშენებლობა. თავს ავარიდებ ამ ფორმატში დიდ სიღრმეებს და სწორედ აქ მოვიშველიებ გიორგი მერჩულეს - გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის აღმწერს. გრიგოლ ხანძთელი კარგა ხნის გადაცვლილი იყო, მაგრამ მისი მემკვიდრეობა, მისი მსოფლმხედველობა იმდენად მყარი და გნებავთ, უძლეველი გახლდათ, რომ მე-10 საუკუნეში მერჩულე სწორედ ხანძთელის ხორცშესხმულ იდეას ახმოვანებს და ამბობს: „ქართლად ფრიად ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების, ხოლო კვირიელეისონ ბერძნულად ითქუმის, რომელიც არს ქართულად „უფალო, წყალობა-ყავ", გინა თუ: „უფალო, შეგვიწყალენ". ეს არის ბატონო ირაკლი ქართული სახელმწიფოსა და იდენტობის არსი და დოქტრინა. ეს არის ქართული სახელმწიფოსთვის განსაზღვრული ღირებულებითი ვექტორი. თუ ვინმე ვერ მიხვდება, მაინც განვმარტავ - ბერძნულში აქ ევროპული ღირებულებაა პირველ რიგში ხაზგასმული.
ამიტომ ძალიან ცუდია, როდესაც "აგენტებზე და გავლენის" კანონზე საუბრობთ და მის აუცილებლობას ეკლესიის მაგინებლების გამოვლენის აუცილებლობით ასაბუთებთ. ეს არის პოლარიზაციის კლასიკა. თუმცა გაგახსენებთ თქვენც და ეკლესიის მესვეურებსაც, რომ ეკლესიას თანაბრად უნდა უყვარდეს მისი ნაცი და ქოცი შვილიც და ისინიც, ვისაც არც ნაცი უყვარს და არც ქოცი.
ჩემთვის ღმერთი მოცემულობაა, მართლმადიდებლობა კი მასთან ახლოს ყოფნის საშუალება _ წესი და ტრადიცია, რომელიც შეისისხლხორცა სახელმწიფომ, ქვეყანამ და, თქვენ წარმოიდგინეთ, გენმაც კი. არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომლებსაც ეზიზღებათ ათეისტები და დასცინიან მათ, ან სხვა რელიგიის წარმომადგენლები და არასოდეს შეურაცხვყოფ მათ გრძნობებს იმით, რომ ჩემი რელიგიის უპირატესობა ვანახო. და, რატომღაც, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ქრისტეს ეკლესია, პირველ რიგში, არც ლოცვა და არც საეკლესიო საიდუმლოებებია, არამედ ცხოვრების წესია, რომელიც სულ სამ სიტყვაში თავსდება: თავისუფლება, სამართლიანობა და სიყვარული. სხვა დანარჩენი კი ამ წესს ემსახურება. ამიტომ, ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა თქვენ ან ნებისმიერი სხვა რა იარლიყს მომაკერებს მე ან სხვას, ვინც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში რუსულ გავლენებზე საუბრობს. თუმცა ალბათ მე სხვა სიაში ვარ - რადგან გრანტებზე არ ვმუშაობ.
და მაინც, როდესაც ვიღაცის კრიტიკულ აზრზე ვსაუბრობთ, ხშირად, შესაძლოა უტაქტოზე, ხომ არ გავიწყდებათ ის პერიპეტიები, რაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადახდა თავს ბოლო წლების განმავლობაში - "ქართული ოცნების" მმართველობისას? აი, აქ ინსტიტუციაზე ვსაუბრობ, თორემ რუსული გავლენის პერსონებს ამ ინსტიტუციაში, რომ ხელებზე ამბორით ეგებებით ეგ ცალკე თემად.
ჰო, რა ვიცი, მახსოვს დუგინმა "ჩვენი მთავარი მოკავშირე ქართველი ხალხიაო" და თემა ქართულ ეკლესიაზე საუბრით განაგრძო.... ფუი, ეშმაკს...", - წერს მირცხულავა