თამარ კორძაია შს მინისტრს - რატომ არა გაქვთ მტკიცე და ფოლადისებური ხმა მაშინ, როდესაც დეპუტატს სცემენ და წიხლებს ურტყამენ?
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
ვახტანგ გომელაური - ნათლად ჩანდა, ვინ ძალადობდა - შეიძლება ბევრი იყო ოპოზიციიდან
სუს-ი - ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო პორტის აშენების შემთხვევაში, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს შავი ზღვის სამხედრო-სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად გამოიყენებს
სუს-ი - ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა ანექსიის გამოხატულებაა და პროცესის ამ ქვეყნის სასარგებლოდ დასრულებამ, რუსეთის ინტერესების დემონსტრირება მოახდინა
20-22 აპრილს პაერის ტემპერატურია მოიმატებს, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
უკრაინის საჰაერო ძალები - უკრაინელებმა პირველად რუსული Ту-22М3 ბომბდამშენი გაანადგურეს

შერეული ქორწინება, კრეტის კრება და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

09.27.2021 | 10:47 ნახვები: 1193

ავტირი: გურამ ლურსმანაშვილი

შესავალი
მართლმადიდებლობისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე კრეტის 2016 წლის წმინდა და დიდ კრებას, ბოლო მომენტში, სამ სხვა ეკლესიასთან ერთად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც გამოაკლდა, რის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზადაც შერეულ ქორწინებაზე არსებული განსხვავებული მოსაზრებები დასახელდა. მოცემულ სტატიაში შევეცდებით მაქსიმალურად მოკლედ და გასაგებად მიმოვიხილოთ ეს საკითხი და ვნახოთ, თუ რა მოცემულობა არსებობს მის ირგვლივ.

საკითხის ისტორიული მხარე
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ეკლესიას ამ საკითხზე სპეციალური დოკუმენტი არ მიუღია, ძირითადად სინოდის ოქმებზე დაყრდნობით ვიმსჯელებთ, რომელთაგანაც შეიძლება სამი გამოვყოთ. ესენია: 1 - 25.05.2016 (ამ დროს საქართველოს ეკლესიას ოფიციალურად მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ კრეტის კრებაში მონაწილეობს); 2 - 10.06.2016 (ამ დროს საქართველოს ეკლესიამ ოფიციალურად უარი განაცხადა კრებაში მონაწილეობაზე); 3 - 22.12.2016 (ამ დროს კრეტის კრება უკვე რამდენიმე თვის მორჩენილია და მიღებულია დოკუმენტები). ჩვენ მიერ ჩამოთვლილთაგან პირველ სინოდის სხდომაზე ქართველმა მღვდელთმთავრებმა განაჩინეს: „ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზების" მე-2 ნაწილის მე-5 მუხლის „ა" პუნქტში ვკითხულობთ: „ქორწინება მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან იკრძალება კანონიკური აკრიბიის მიხედვით და არიკურხება (ტრულის კრების 72-ე კანონი), თუმცა შესაძლებელია იკურთხოს შემწყნარებლობითა და კაცთმოყვარეობით, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვები მოინათლებიან და აღიზრდებიან მართლმადიდებელ ეკლესიაში". აღნიშნულ მუხლში უნდა დარჩეს ტექსტის პირველი ნაწილი, სადაც წერია: „ქორწინება მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან იკრძალება კანონიკური აკრიბიის მიხედვით და არ იკურხება (ტრულის კრების 72-ე კანონი)", ხოლო მეორე ნაწილი, სადაც ვკითხულობთ, რომ "თუმცა შესაძლებელია იკურთხოს შემწყნარებლობითა და კაცთმოყვარეობით, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვები მოინათლებიან და აღიზრდებიან მართლმადიდებელ ეკლესიაში", უნდა იქნეს ამოღებული, რადგან იგი უპირისპირდება VI მსოფლიო კრების 72-ე კანონს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ არცერთ კრებას არ შეუძლია დაუპირისპირდეს, გააუქმოს ან შეცვალოს მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ დადგენილი ნებისმიერი კანონი."
რიგით მეორე სხდომაზე ქართველმა მღვდელმთავრებმა განაჩინეს: ,,მიუხედავად 2014 წლის წინამძღოლთა დადგენილებისა და წმინდა და დიდი კრების რეგლამენტის 8-ე მუხლის მკაფიო მოთხოვნისა, რომ კრებაზე მხოლოდ ერთხმად მიღებული თემები განიხილება, დღის წესრიგში შესულია დოკუმენტი: „ქორწინების შესახებ", რომელზეც ჩვენს დელეგაციას, დოგმატური ცდომილებების გამო, ხელი არ აქვს მოწერილი; ამ ტექსტს ხელი არ მოაწერა ანტიოქიის ეკლესიამაც."
რიგით მესამე სინოდის განჩინებაში კონკრეტულად არ ვხვდებით ამ საკითხის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, არამედ ზოგადად ვკითხულობთ: ,,კრეტის კრების მომზადებისა და ჩატარების დროს დაირღვა მართლმადიდებელ ეკლესიათა მიერ დადგენილი და აღიარებული მთავარი პრინციპი კონსენსუსისა, რაც გულისხმობდა განსახილველ საკითხთა შესახებ ყველას თანხმობასა და გადაწყვეტილების ერთსულოვნად მიღებას. ამიტომაც კრეტის კრების დადგენილებები ვერ იქნება სავალდებულო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის."
ზემოთ მოხმობილ საკითხებს კიდევ არაერთხელ დავუბრუნდებით, თუმცა, როგორც საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი გადმოგვცემს, შერეული ქორწინების კურთხევა ეკლესიის მიერ დოგმატური ცდომილებაა და თუ დოგმატური ცდომილებაა, ე.ი. ეკლესიის მიერ მიღებული არც არასდროს ყოფილა. ამ მოსაზრების გადასამოწმებლად კი გვჭირდება ისტორიის, განსაკუთრებით კი ჯვრისწერის წესის ისტორიის გულმოდგინე განხილვა, რასაც ამ თემაში შევეცდებით.
მეოცე საუკუნის ცნობილი ღვთისმეტყველი, მამა იოანე მეიენდორფი წერს: ,,რომაულ სამყაროში ქორწინების გაგება იუდეურისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ ის არა უპირატესად ბავშვების ყოლასთან, არამედ სამოქალაქო სამართალთან იყო დაკავშირებული... ქრისტიანული ეკლესია, მიუხედავად იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მის მიმართ რომაულ ხელისუფლებას... თითქოს უპირობოდ, იღებდა რომაულ კანონებს ქორწინების შესახებ. მაშინაც კი, როცა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გადაიქცა, ადრერომაული განსაზღვრება ქორწინებისა, როგორც "ხელშეკრულებისა", არა მხოლოდ სახელმწიფო კანონებში აგრძელებს ასახვას, არამედ საეკლესიო "სჯულისკანონის XIV ტიტულში", საიდანაც ის გადავიდა სლავურ "კორმჩაია კნიგაში" (XIX საუკუნის დასაწყისამდე ეს იყო საეკლესიო სამართლის ძირითადი წყარო რუსეთში)." ამის შემდეგ იგივე მოძღვარი აგრძელებს:
,,II საუკუნის ქრისტიანი მწერალი ათენაგორა მარკუს ავრელიუსის მიმართ თავის აპოლოგიაში (თავი 33) წერს: "ყოველი ჩვენგანი ცოლად იმ ქალს მიიჩნევს, რომელთანაც თქვენი კანონების მიხედვით შეუღლდა". წმ. იოანე ოქროპირი პირდაპირ ეყრდნობა "სამოქალაქო კანონს" და ამბობს, რომ "მეუღლეობა სხვა არა არის, თუ არა სიახლოვე ან ურთიერთმიღება." შემდგომ კი ძალიან საინტერესო ფაქტს ვიგებთ, რომ თურმე: ,,VIII საუკუნემდე ეკლესია არ იცნობდა ჯვრისწერის განსაკუთრებულ წესს ან ცერემონიას, და კანონის თვალსაზრისით, არ არსებობდა ქორწინების არანაირი ფორმა, გარდა სამოქალაქო რეგისტრაციისა. VIII-IX საუკუნეებში შედგენილი ჯვრისწერის წესი კი დიდი ხნის განმავლობაში არასავალდებულოდ რჩებოდა და, როგორც ეტყობა, საქორწინო ზეიმის ძვირადღირებულ მორთულობას წარმოადგენდა." მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ეკლესიის მსოფლიო კრებათა პერიოდში ამ საკითხზე დადგენილებას არ ვხვდებით, უფრო მეტიც, მის შესახებ დადგენილება თავად საპატრიარქოებსაც არ მიუღიათ, რადგან: ,,იმპერატორმა ლეონ VI-მ (886-912) პირველმა გამოსცა კანონი იმპერიის თავისუფალ მოქალაქეთა შორის ქორწინებისთვის ჯვრისწერის აუცილებლობის შესახებ (ნოველა 89), იმპერატორმა ალექსანდრე კომნინმა (1081-1118) კი ეს ვალდებულება მონებზეც გაავრცელა." საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი კი, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, ამ ისტორიულ მოცემულობას საერთოდ არ ახსენებს და არცკი აღნიშნავს, რომ ჯვრისწერის ცალკე აღებული საღვთისმსახურო წესი (რაც ამ საკითხის ერთგვარი გასაღებია) გვიან პერიოდამდე არ არსებობს.
ლოგიკურია ჩნდება კითხვა, თუ რატომ არ არსებობდა ადრეულ ეკლესიაში ჯვრისწერის განცალკევებული წესი? პასუხი საკმაოდ მარტივია, ის საიდუმლოებები, რაც დღევანდელ ეკლესიაში აღესრულება (მირონცხება, ნათლობა, ჯვრისწერა, მღვდლად კურთხევა...) ადრეულ პერიოდში ევქარისტიაში იყო ჩართული და შესაბამისად, მისგან გამოყოფილი წესიც არ არსებობდა. ,,ჯვრისწერის რიტუალის შესახებ მოწმობები IV საუკუნიდან მოგვეპოვება. წმ. იოანე ოქროპირის მიხედვით, გვირგვინები ქრისტიანთა მიერ ვნებებზე გამარჯვების სიმბოლიზებას ახდენს. მაღალღირსი თეოდორე სტუდიელის წერილიდან ჩანს, რომ ჯვრისწერა და ლოცვით კურთხევა მოკლე რიტუალები იყო, რომლებიც "მთელი ხალხის გასაგონად" ტარდებოდა საკვირაო ევქარისტიისას ეპისკოპოსის ან მღვდლის მიერ... (მაგალითად, ბარბერინის ცნობილი კოდექსი ჯვრისწერის რამდენიმე მოკლე წესს შეიცავს, რომლებიც ამ უკანასკნელის მსგავსია და ევქარისტიის დროს გამოიყენება). მხოლოდ X საუკუნეში ჩნდება ჯვრისწერის უფრო განვითარებული წესები, რომლებიც ევქარისტიული ლიტურგიისგან განცალკევებულად სრულდება." აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ,,ადრეულ ქრისტიანულ ერაში ბიზანტიური სამართალი კანონიერი ქორწინების სამ არჩევანს ცნობდა: 1) სიტყვიერი შეთანხმება მოწმეების თანდასწრებით; 2) დაწერილი კონტრაქტი და 3) საეკლესიო ქორწინება."
ზემოთქმულიდან გამომდინარე, არ გვიკვირს, რომ კითხვები ჩნდება, თუ რა ისტორიული მოვლენები სდევდა თან ასეთ უჩვეულო გადაწყვეტილებას. იმპერატორი ლეონ VI ,,ნოველაში" სინანულს გამოთქვამს, რომ როგორც შვილად აყვანის წესი, ასე ქორწინება, წინანდელ კანონებში უბრალო საერო ფორმალობად განიხილებოდა, და ადგენს, რომ ქორწინებას, რომელსაც ეკლესიური კურთხევა არ მიუღია, „ვერ დაერქმევა ქორწინება", არამედ არაკანონიერი თანაცხოვრება. ...ლეონის ნოველის შემდეგ, ნებისმიერი ქორწილის იურიდიულად გასაფორმებლად (ისეთებისთვისაც კი, რომლებიც ეკლესიურ ნორმას ეწინააღმდეგებოდა) ეკლესიის მიერ კუთხევა გახდა აუცილებელი. ...ახალი დებულების კიდევ ერთი შედეგი ისაა, რომ ეკლესიას დაუდგა აუცილებლობა, არამარტო კურთხევა მიეცა „საეჭვო" ქორწინებებისათვის, არამედ "შეეწყვიტა" კიდეც ისინი, ანუ განქორწინების ნება დაერთო." ამ ყოველივემ ეკლესიას საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეუქმნა, რადგან ,,ძვირად უჯდებოდა მასზე დაკისრებული საჯარო-სოციალური პასუხისმგებლობები: თავისი სამოძღვრო მისიის სეკულარიზაცია, ადრეულ მონანიებით დისციპლინაზე უარის თქმა, რომელიც იმპერიის მოქალაქეთა უმრავლესობისათვის შეუსრულებელი დარჩა. ეკლესიის მიერ აღსრულებულმა ქორწინების საიდუმლოებამ აუცილებელი იურიდიული აქტის ხასიათი მიიღო, ეკლესია ყოველნაირი კომპრომისებისა და შეთანხმებებზე წასვლის აუცილებლობის წინაშე დადგა, რამაც მორწმუნეთა ცნობიერებაში მნიშვნელოვნად შეარყია ქრისტიანული ქორწინების ჭეშმარიტი მნიშვნელობის შეგნება, როგორც ქრისტესა და ეკლესიის მარადიული კავშირის სახისა." ძალიან საინტერესო ფაქტია ისიც, რომ თვით ამ კანონის მიმღები იმპერატორიც ვერ აღმოჩნდა მაინცდამაინც „კანონმორჩილი" უშუალოდ ქორწინებასთან დაკავშირებითაც კი და მან ,,აიძულა ეკლესია აღესრულებინა მისი მეოთხე ქორწინება 903 წელს ზოია კარბონოფსინსესთან."
მივადექით ახალ საკითხს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები იმპერატორ ლეონ VI-ის შემდეგ. ,,X საუკუნიდან მოყოლებული, ჯვრისწერის განსაკუთრებული წესი, რომელიც საკვირაო ლიტურგიისგან დამოუკიდებლად აღესრულებოდა, უკვე საყოველთაოდ გამოიყენებოდა, თუმცაღა, როგორც ჩანს, ის მხოლოდ იმპერიის თავისუფალ მოქალაქეთათვის იყო აუცილებელი, რამდენადაც მხოლოდ მათთვის იყო მისაწვდომი საერო საქორწინო ხელშეკრულება. მონებს, რომლებსაც იურიდიული უფლებები არ გააჩნდათ, არც კანონიერად ქორწინება შეეძლოთ. მაგრამ, ბიზანტიის ქრისტიანულ ცნობიერებას არ შეეძლო, დიდი ხნით დაეშვა ქრისტიანული თვალსაზრისით ყბადაღებული უსამართლობა: იმპერატორმა ალექსანდრე კომნინმა (1081-1118) გამოსცა ნოველა, რომელმაც საეკლესიო ქორწინება მონათათვისაც აუცილებელი გახადა."
იოანე მეიენდორფი, ასევე, ერთ საინტერესო დეტალზე ამახვილებს ყურადღებას: ,,იმ შემთხვევებში, როდესაც მექორწინენი „არ იყვნენ ღირსნი" წმინდა ზიარებისა, ანუ, როდესაც ქორწინება საეკლესიო ნორმას არ შეესაბამებოდა, ისინი მხოლოდ მღვდლის მიერ ნაკურთხი ღვინის საერთო ბარძიმიდან ეზიარებოდნენ." შესაბამისად, ჩვენ ახლა ისღა დაგვრჩენია გავიგოთ, თუ რომელი ადამიანები შედიოდნენ ,,უღირსთა" ჯგუფში. ამ თემაზე პასუხს ჰოლი ქროსის ლიტურგიკის პროფესორი, ცნობილი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი მამა ფილიპ ციმარისი გვაძლევს, რომელიც ამბობს, რომ ,,უღირსებად" ძირითადად ორი ჯგუფის ადამიანები ითვლებოდნენ, უპირველესად ისინი, ვინც მეორედ ან მესამედ ქორწინდებოდნენ, რომლებიც შესაბამისადვე იყვნენ განყენებულნი ზიარებისაგან ორი ან ხუთი წლის მანძილზე. ასეთადვე ითვლებოდა წყვილი შერეული ქორწინების შემთხვევაშიც, რომელთა რიცხვიც განსაკუთებულად გაიზარდა ბიზანტიაში მე-10 საუკუნიდან, რომელიც ძირითადად მართლმადიდებლებსა და ქალკედონამდელ ქრისტიანებს შორის ხდებოდა, ხოლო მე-13 საუკუნის შემდგომ კი ჯვაროსნებსა და ლათინური წესის ქრისტიანებთან. უფრო მეტიც, ციმარისი მე-9-მე-18 საუკუნეებში ჯვრისწერის მსახურების განვითარების ოთხ განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს. ესენია: 1- ჯვრისწერის წესი, რომელიც წირვის პროცესში აღესრულება; 2- წესი, რომელიც პირველშეწირულის ლიტურგიაშია ჩართული; 3-მსახურება, რომელიც წყვილს სთავაზობს აირჩიოს, პირველშეწირული ძღვენის მიღება სურს, თუ ‘საერთო სასმისის;' 4- მსახურების წესი, რომელიც, დღევანდელის მსგავსად, მხოლოდ ‘საერთო სასმისს' სთავაზობს წყვილებს.
საუბარი ზედმეტად ზოგადი ხასიათისა რომ არ გამოგვივიდეს, შერეული ქორწინებების იმ კონკრეტულ მაგალითებს მოვიშველიებთ, რომლებსაც საეკლესიო ისტორიოგრაფია გადმოგვცემს: ,,1161 წლის 25 დეკემბერს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ლუკა ქრისოვერგმა ალექსანდრიის პატრიარქ სოფრონ II-ისა და ანტიოქიის პატრიარქ ათანასეს თანამსახურებით წმინდა სოფიას ტაძარში ჯვარი დაწერა იმპერატორ მანუელ I კომნენოსს და მარიას, რომელიც ანტიოქიის მეფისა და პისტევიის ჰერცოგის რაიმონდის ქალიშვილი იყო. იმავე ტაძარში 1180 წელს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა თეოდოსიოს I-მა, ვორადიოტისმა ჯვარი დაწერა იმპერატორ ალექსი II-ის ქალიშვილს აგნესს. აგრეთვე წმინდა სოფიას ტაძარში დაწერა ჯვარი 1272 წელს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა იოსებ I-მა იმპერატორ ანდრონიკე II პალეოლოგს და უნგრეთის მეფე სტეფან V-ის ქალიშვილ ანას."
უფრო მეტის თქმაც შეგვიძლია. საქმე იმაშია, რომ ზემოთმოყვანილი ტიპის ქორწინებათა რიცხვი იმდენად გამრავლდა, რომ კათოლიკეებისა და მართლმადიდებლების შერეული ოჯახებიდან შეძენილი შვილების ცალკე ეროვნებაც კი შექმნილა და მათ ,,გაზმულებს" (Gasmoules) უწოდებდნენ. როდესაც იმპერატორი მიქაელ VIII პალეოლოგი 1264 წელს თავს დაესხა ფრანგებს, რათა არქიპელაგის რამდენიმე კუნძული წაერთმია, მისი არმიის დიდ ნაწილს სწორედ გაზმულები შეადგენდნენ. „[არმია], - მოგვითხრობს ერთი მემატიანე, - შედგებოდა ბერძნებისა და გაზმულებისგან; იმ დროს სწორედ ასე უწოდებდნენ მათ, რომლებიც დაიბადნენ ისეთი ქორწინებისგან, რომელშიც ერთი მეუღლე ფრანგი იყო, ხოლო მეორე - ბერძენი."
ქართველი მკითხველისათვის კარგად ნაცნობი სასულიერო პირი, პროტოპრესვიტერი გიორგი ცეცისი წერს, რომ 1782 წელს, მსოფლიო პატრიარქმა გაბრიელ IV-მ იკონომიით უფლება დართო ინდოეთის მართლმადიდებელ მაცხოვრებლებს, რომ სომხებზე და კათოლიკეებზე დაქორწინებულიყვნენ იმ პირობით, თუ მათი მომავალი შვილები მართლმადიდებელი მღვდლის მიერ მოინათლებოდნენ. 1887 წელს, მსოფლიო საპატრიარქოს დეკრეტით, დიოცეზების ეპისკოპოსებს უფლება მიეცათ, რომ შერეული ქორწინებების ამგვარი შემთხვევები დაელოცათ.
რუმინელი ღვთისმეტყველების მიერ მომზადებულ დოკუმენტში - ,,კითხვა-პასუხი კრეტის წმინდა და დიდი კრების შესახებ" ვკითხულობთ: ,,სხვადასხვა სქესის მქონე ორი ქრისტიანის ქორწინება, რომლიდანაც ერთი მართლმადიდებელია და მეორე სხვა ქრისტიანული აღმსარებლობის (კათოლიკე, ანგლიკანი, პროტესტანტი და ა.შ.), არაა ინოვაცია, მათ შორის არც რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, რომელმაც 1881 წელს, რუმინეთის სამეფოში მცხოვრებ არამართლმადიდებელ ქრისტიანებთან, სხვა აღმსარებლებთან, ან ურწმუნოებთან, რუმინეთის მართლმადიდებელი სასულიერო პირების ეკლესიოლოგიური ურთიერთობების რეგლამენტში აღნიშნა, რომ: „შერეული ქორწინებები მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებლებს, ან სხვა აღმსარებლობის პირებს შორის, დალოცვილია მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, მივყვებით ძველ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც ამგვარი ქორწინების შედეგად მოვლენილი ბავშვები, მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები ხდებოდნენ."
როგორც ზემოთმოყვანილი ფაქტები გვაჩვენებს, ,,შერეული ქორწინების" აკრძალვა დადგინდა მაშინ, როდესაც ჯვრისწერის წესი ჩართული იყო საღვთო ლიტურგიის შემადგენლობაში (სწორედ ამ პერიოდს მიეკუთვნება ტრულის კრების 72-ე კანონი, რომელიც საქართველოს ეკლესიისათვის, საკუთარი პოზიციის გასამყარებლად რეალურად ერთადერთი საბუთია). რამდენადაც ჯვრისწერის წესი ჩართული იყო ლიტურგიაში, ეს იმასაც გულისხმობდა, რომ წყვილი აუცილებლად ევქარისტიული ბარძიმიდან უნდა ზიარებულიყო, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა არამართლმადიდებლისთვის. ხოლო უკვე შემდგომ, როდესაც ჯვრისწერის წესი გამოიყო საღვთო ლიტურგიისაგან, ეკლესია უკვე აკურთხებდა მართლმადიდებლებისა და არამართლმადიდებლების ქორწინებას ზემოთმოყვანილი წესის შესაბამისად. თუმცა, ერთი მნიშვნელოვანი დეტალია აღსანიშნავი, სწორედ იმ კანონის განმარტებაში, რომელსაც საქართველოს ეკლესია თავის ერთადერთ არგუმენტად იშველიებს (ტრულის 72-ე), ცნობილი კანონოლოგი ბალსამონი ჩვენთვის ძალიან ყურადსაღებ ცნობას გვაწვდის. იგი წერს, რომ ქართველი (ივერიელი) მეფეები ძალიან მარტივად ათხოვებდნენ თავიანთ ასულებს აგარიანელებზე. ეს ფაქტი, სამწუხაროდ, საქართველოს ეკლესიის მიერ გადმოცემულ მოსაზრებაში არსად დაფიქსირებულა.

კრეტის კრების მოსამზადებელი შეხვედრები და შერეული ქორწინების საკითხი
მას შემდეგ, რაც ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ვფიქრობთ, საკმაოდ დეტალურად, გადმოვეცით ის რეალობა, რომ ყოველმხრივ აზრსმოკლებულია შერეული ქორწინების დოგმატურ ჭრილში განხილვა, გვსურს შემდეგ საკითხზე გადავიდეთ, რომელიც უშუალოდ კრეტის კრების მოსამზადებელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხება. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ კრეტის კრება არ ყოფილა რაღაც სპონტანური მოვლენა, რომლის ჩატარება და მასზე მისაღები გადაწყვეტილებები დროის მცირე პერიოდში გადაწყდა; პირიქით, იგი ათწლეულების მანძილზე მზადდებოდა და ამ პროცესებში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ეკლესიაც. გავიხსენებთ 1971 წლის მართლმადიდებელთაშორისი კომისიის პირველ შეკრებას, საიდანაც ვიგებთ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, სავსებით მისაღები ყოფილა, იკონომიის პრინციპის გამოყენებით შერეული ქორწინების კურთხევა. დასახელებულ შეკრებაზე, ადგილობრივმა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა ამგვარი პოზიციები დააფიქსირეს:
ა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ეთანხმება მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის ქორწინების კურთხევას მართლმადი დებელი ეკლესიის ჯვრისწერის წესის შესაბამისად. ასეთ შემთხვევებში არამართლმადიდებლური მხარე მართლმადიდებელი ეკლესიის დალოცვის მნიშვნელობას ეთანხმება.
ბ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აფიქსირებს აზრზს, რომ ამგვარი ქორწინებები მკაცრად იკრძალება ტრულის კრების 72-ე კანონით, მაგრამ, ამის მიუხედავად სჯერა, რომ მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის შერეულ ქორწინებასთან დაკავშირებით, დედამიწაზე მსხემ ღვთის ეკლესიას აუცილებლად სჭირდება, დაუბრუნდეს ქრისტიანობის პირველი სამი საუკუნის პრაქტიკას (როდესაც შერეული ქორწინება ნებადართული იყო). ამასთანავე ამატებს, რომ უძველეს კანონებში ამ საკითხის აკრძალვა არ ფიქსირდება.
გ. პოლონეთის ეკლესია შერეულ ქორწინებას ძალმოსილად აღიარებს.
დ. პოლონეთის ეკლესია ინიციატივას იჩენს, რომ მოხდეს განხილვა იმ შემთხვევისაც კი, როდესაც ქორწინებაში მყოფთაგან ერთ-ერთი საერთოდ ურწმუნოა.
ე. კვიპროსის ეკლესიის მიხედვით, მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ქრისტიანის ქორწინება იკრძალება (მეოთხე მსოფლიო კრების მე-14 კანონის თანახმად).
ვ. საბერძნეთის ეკლესიას მიაჩნია, რომ არამართლმადიდებელთან ქორწინების შემთხვევაში წინა საკრებო შეხვედრას შეუძლია დაუშვას და ცნოს იკონომია.
ზ. ჩეხეთ-სლოვაკეთის ეკლესიას არ შეუძლია მართლმადიდებელის არაქრისტიანთან ქორწინება (იუდეველი, მუსლიმი და ა.შ.) აკურთხოს.
გადის დაახლოებით თერთმეტი წელი და იმართება მართლმადიდებელთაშორისი მეორე კომისიის შეხვედრა, რომელზეც დგინდება, რომ მართლმადიდებლისა და არამართლმადიდებლის ქორწინება კანონიკური აკრიბიით იკრძალება, მაგრამ იგი შეიძლება შედგეს კანონის ნორმათა შემსუბუქებითა და სიყვარულით იმ პირობით, რომ ამგვარი ქორწინებისაგან ნაშობი შვილები მოინათლებიან და გაიზრდებიან მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში. ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით იკონომიის გამოყენებით, კონკრეტული შემთხვევებიდან და სამოძღვრო საჭიროებიდან გამომდინარე.

საქართველოს ეკლესიის პოზიცია
ზემოთმოყვანილი განხილვების შემდეგ, ნაშრომის დასკვნით ფაზაში, კიდევ ერთხელ და უფრო ვრცლად დავუბრუნდეთ საქართველოს ეკლესიის პოზიციას. 2016 წლის 25 მაისს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა განაჩინა:
„ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზების" მე-2 ნაწილის მე-5 მუხლის „ა" პუნქტში ვკითხულობთ: „ქორწინება მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან იკრძალება კანონიკური აკრიბიის მიხედვით და არ იკურთხება (ტრულის კრების 72-ე კანონი), თუმცა შესაძლებელია იკურთხოს შემწყნარებლობითა და კაცთ მოყვარეობით, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვები მოინათლებიან და აღიზრდებიან მართლმადიდებელ ეკლესიაში".
აღნიშნულ მუხლში უნდა დარჩეს ტექსტის პირველი ნაწილი, სადაც წერია: „ქორწინება მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან იკრძალება კანონიკური აკრიბიის მიხედვით და არ იკურთხება (ტრულის კრების 72-ე კანონი)", ხოლო მეორე ნაწილი, სადაც ვკითხულობთ, რომ „თუმცა შესაძლებელია იკურთხოს შემწყნარებლობითა და კაცთმოყვარეობით, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვები მოინათლებიან და აღიზრდებიან მართლმადიდებელ ეკლესიაში", უნდა იქნეს ამოღებული, რადგან იგი უპირისპირდება VI მსოფლიო კრების 72-ე კანონს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ არცერთ კრებას არ შეუძლია დაუპირისპირდეს, გააუქმოს ან შეცვალოს მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ დადგენილი ნებისმიერი კანონი."
როგორც ვიგებთ, საქართველოს ეკლესია ითხოვს, რომ კრეტის კრებაზე განსახილველი დოკუმენტიდან ამოღებულ იქნას დასკვნითი ნაწილი, სადაც ბავშვების მონათვლაზეა საუბარი. ვნახოთ, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ამასთან დაკავშირებით კრეტის კრებამ:
,,5. შერეულ ქორწინებებთან დაკავშირებით - მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან ან არაქრისტიანებთან - მიღებულ იქნა გადაწყვეტილება:
ა) ქორწინება მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან იკრძალება კანონიკური აკრიბიის მიხედვით (72-ე კანონი მეხუთე-მეექვსე, იგივე ტრულის კრებისა).
ბ) თითოეული ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდს შეუძლია გამოიყენოს საეკლესიო იკონომიის შესაძლებლობა, დამაბრკოლებელი ქორწინების დროს ეკლესიის წმინდა კანონების პრინციპების გათვალისწინებით და სამოძღვრო განმრჩეველობის სულით, ადამიანის ცხონების მიზნით.
გ) კანონიკური აკრიბიით, მართლმადიდებელსა და არაქრისტიანს შორის ქორწინება
კატეგორიულად იკრძალება."
შესაბამისად ვიგებთ, რომ კრეტის კრებამ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დატოვა ის აზრები, რასაც საქართველოს ეკლესია ეთანხმებოდა და ამოიღო ის, რის ამოღებასაც ჩვენი ეკლესია ითხოვდა; ამასთანავე, კრეტის კრება ნათლად განაჩინებს, რომ თითოეული ეკლესია თავისუფალია ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების დროს და მათ შეუძლიათ საკუთარი მოცემულობებიდან გამომდინარე მიუდგნენ იკონომიის პრინციპს, თუმცა, დიდი და წმინდა კრების მიერ მიღებული ეს ,,კომპრომისი" საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ არ აღნიშნულა.
როგორც საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებიდან ვიგებთ: ,,დოკუმენტების - „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები" და „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში" - შესახებ ისაუბრა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე). ამის შემდეგ კი წმინდა სინოდმა განაჩინა, რომ შამბეზის სინაქსისზე მიღებული გადაწყვეტილებები უნდა შეიცვალოს, რადგან ,,იგი უპირისპირდება VI მსოფლიო კრების 72-ე კანონს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ არცერთ კრებას არ შეუძლია დაუპირისპირდეს, გააუქმოს ან შეცვალოს მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ დადგენილი ნებისმიერი კანონი." გასაკვირია, თუ რატომ მიიჩნევს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი, რომ კრეტის დიდ და წმინდა კრებას არ შეუძლია იკონომიის პრინციპის გამოყენებით დაუშვას ის გამონაკლისი, რაც პრაქტიკულად დიდი ხანია მართლმადიდებელ ეკლესიაში მოქმედებს, თუკი თავად საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს თავისუფლად შეუძლია ტრულის კრების მიერ მიღებული დადგენილი კანონები შეცვალოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ჩვენ მიერ ზემოთხსენებულ მეუფე თეოდორე ჭუაძეს ეხება. მაგალითად, ტრულის კრების მე-14 კანონში ვკითხულობთ: ,,წმინდა და ღმერთშემოსილი ჩვენი მამების შემდეგი კანონიც იქნეს შეწყნარებული: ოცდაათ წლამდე ნურავინ იქნება მღვდლად ხელთდასხმული: თუნდაც კაცი ყოვლად ღირსეული იყოს, მისი კურთხევა მაინც უნდა გადაიდოს დადგენილ ასაკამდე, რამეთუ უფალმა იესუ ქრისტემ ნათელ-იღო ოცდაათი წლისამ და დაიწყო დამოძღვრა. ასევე, დიაკონი არანაკლებ ოცდახუთი წლისა და დედათდიაკონი - ორმოცი წლისა, იკურთხებიან." ახლა კი საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე, მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძის შესახებ განთავსებული ინფორმაცია ვნახოთ. მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა 1967 წელს დაბადებულა, მღვდლად კი 1991 წელს კურთხეულა, რა დროსაც იგი 24 წლის ბრძანდებოდა. მსგავსი შემთხვევები შეგვიძლია წმინდა სინოდის წევრების უმეტესობაზე მოვიძიოთ და ალბათ ლოგიკურია დავუსვა კიდეც მათ შეკითხვა და იქნებ აგვიხსნან, თუ რის საფუძველზე შეგიძლიათ თქვენ მასობრივად დაუშვათ გამონაკლისი ტრულის კრების განჩინებებზე (გარდა მე-14 კანონისა, მარტივად შეგვიძლია სხვა კანონთა მოძიება, რომელიც საქართველოს ეკლესიის სინოდის მიერ არ სრულდება) და რატომ არ შეუძლია იგივე გააკეთოს კრეტის დიდმა და წმინდა კრებამ, რომლის მომზადებაშიც ყველა მართლმადიდებელი ეკლესია მონაწილეობდა და რომლის დადგენილებებიც 14-დან 10-მა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო?
რაც შეეხება 10 ივნისის გადაწყვეტილებას, მასში ვკითხულობთ: ,,მიუხედავად 2014 წლის წინამძღოლთა დადგენილებისა და წმინდა და დიდი კრების რეგლამენტის 8-ე მუხლის მკაფიო მოთხოვნისა, რომ კრებაზე მხოლოდ ერთხმად მიღებული თემები განიხილება, დღის წესრიგში შესულია დოკუმენტი: „ქორწინების შესახებ", რომელზეც ჩვენს დელეგაციას, დოგმატური ცდომილებების გამო, ხელი არ აქვს მოწერილი; ამ ტექსტს ხელი არ მოაწერა ანტიოქიის ეკლესიამაც." ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე რამეს ვიგებთ. უპირველესად იმას, რომ ქორწინების წესს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები დოგმატურ საკითხად განიხილავენ, რაც ორ რამეზე მიუთითებს: უპირველესად იმას, რომ უჭირთ გაიაზრონ, თუ რას ნიშნავს დოგმატური ცდომილება და მეორე- კარგად არ იციან თავად ქორწინების წესის განვითარების ისტორია. მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, ვიტყვით, რომ დოგმატური საკითხი მიემართება მოძღვრებით თემას, რომელიც, თავის მხრივ, წმინდა სამების წევრების შესახებ ეკლესიის მიერ საუკუნეების განმავლობაში აზრობრივად უცვლელად ჩამოყალიბებულ სწავლებას გულისხმობს მაშინ, როდესაც ჯვრისწერის წესი წარმოადგენს თვისობრივად სხვა ისტორიულ მოცემულობას, რომელიც, საუკუნეების განმავლობაში, კონკრეტული პერიოდის რეალობიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე იცვლებოდა (რაც ვიხილეთ კიდეც ზემოთ).
საინტერესოა საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრის 2016 წლის 23 ივნისით დათარიღებული წერილი მსოფლიოს პატრიარქისადმი, რომელშიც ვკითხულობთ: ,,შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკლესიას ხელი არა აქვს მოწერილი პროექტზე „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები" და მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია VI მსოფლიო კრების 72-ე კანონის დოგმატური აკრძალვის შეცვლა და ეკლესიის საიდუმლოებებში არამართლმადიდებელთა მონაწილეობის დაშვება საკრებო განჩინებით. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს დაგმობილი აქვს ჯერ კიდევ 1998 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე, მეორედ კი, - 2016 წლის 25 მაისს. მას ხელი არც მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლთა იანვრის შეხვედრაზე მოვაწერეთ და თუკი ვინმე აპელირებას მოახდენს შამბეზიში კრების რეგლამენტზე (დღის წესრიგზე) ჩვენს ხელმოწერაზე, მათ შევახსენებთ, რომ ეს ხელმოწერა მოხდა მანამდე, ვიდრე განსახილველად იქნებოდა გამოტანილი აღნიშნული დოკუმენტი და ჩვენც იმედი გვქონდა ერთობლივი პოზიციის შემუშავებისა, რაც არ გამართლდა. სამწუხაროდ, მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდა ფანარშიც (ა.წ. აპრილის თვეში), როცა თქვენი მიწვევით საქართველოს ეკლესიის დელეგაცია ამ საკითხზე კონსესუსის მისაღწევად იყო ჩამოსული და რაკი ეს არ განხორციელდა, მათ განმეორებით მოითხოვეს დოკუმენტის კრების დღის წესრიგიდან ამოღება." ჯვრისწერის წესის, VI მსოფლიო კრების კანონისა და საქართველოს ეკლესიის მიერ ამ კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ,,დარღვევაზე'' უკვე ვისაუბრეთ და აღარ გავიმეორებთ, მაგრამ ვიტყვით იმას, რომ ამ წერილით, თავად საქართველოს ეკლესია საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ვარდება. საქმე იმაშია, რომ თუკი კრეტის კრებაში მონაწილე 10-მა ეკლესიამ დოგმატური ტიპის ცდომილება დააკანონა, მაშინ, საქართველოს ეკლესია ვადებულია, გაწყვიტოს მათთან ევქარისტიული კავშირი, სხვა შემთხვევაში იგიც თანამონაწილე ხდება სხვა ეკლესიათა დოგმატური ცდომილებისა.
სხვადასხვა იურისდიქციაში მყოფი ძალიან ბევრი სასულიერო პირი გაკვირვებას ვერ მალავდა, როდესაც საქართველოს ეკლესიის პოზიციის შესახებ შეიტყვეს, რადგან, იმის გარდა, რომ ეს გადაწყვეტილება საღვთისმეტყველო და ისტორიული კუთხით გაუმართლებელია (რაზეც ვფიქრობთ ზემოთ საკმაოდ დეტალურად ვისაუბრეთ), იგი პრაქტიკული კუთხითაც ალოგიკურია. მაგალითად ერთ-ერთი რუმინელი სასულიერო პირი წერს: ,,გვაოცებს ის ფაქტი, რომ წინადადება იმ ხალხისგან და ეკლესიისგან მოდის, რომელსაც ორ მილიონზე მეტი მორწმუნე საქართველოს გარეთ, განსაკუთრებით კი დასავლეთ ევროპაში ჰყავს მცხოვრები." აღნიშნული ციტატა შემთხვევით არ მოვიხმე. მკითხველს შეუძლია თავად გაესაუბროს დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მსახურ ქართველ სასულიერო პირებს და მათგან გაიგოს, თუ როგორი ხშირია მართლმადიდებელი ქართველის არამართლმადიდებელ ქრისტიანთან ქორწინება და როგორი სერიოზული პრობლემის წინაშე დგებიან ჩვენი მღვდლები ასეთ შემთხვევებში.

დასკვნა
სტატიაში გვსურდა მაქსიმალურად მოკლედ და გასაგებად გადმოგვეცა შერეული ქორწინების შესახებ არსებული მოცემულობები. აღნიშნული საკითხი საქართველოს ეკლესიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ჩვენი წმინდა სინოდის განჩინებიდან ვიგებთ, ამ თემას დოგმატურ საკითხად აღიქვამენ, რასაც არ ვეთანხმებით და რის საილუსტრაციოდაც მოვიყვანეთ ისტორიული ფაქტები (რომლითაც დგინდება, რომ შერეული ქორწინება ეკლესიის თითქმის ყველა ეპოქის განუყრელი ტრადიცია იყო). ასევე განვიხილეთ ლიტურგიკული ელემენტები, რომლებიც ცხადყოფენ, რომ ამგვარ ქორწინებას ეკლესია იკონომიით აკურთხებდა და, ამასთანავე, აღვნიშნეთ ის ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი (ქორწინების წესის ევქარისტიიდან გამოყოფა), რომელიც, შეიძლება ითქვას, ერთგვარი გასაღებია ამ თემასთან დაკავშირებული გაურკვევლობების გახსნისათვის.

----
გამოყენებული ლიტერატურა
1- კითხვა-პასუხი კრეტის წმინდა და დიდი კრების შესახებ. თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა, https://www.palamacentre.com/2018/02/22/
2- კობახიძე, ვასილ. შერეული ქორწინებები მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის XI-XIV საუკუნეებში, დიალოგი, აღმოსავლურ-დასავლური ქრისტიანული ჟურნალი N1-2 (6-7).
3- მაღალყოვლადუსამღვდელოესი თეოდორე, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი https://patriarchate.ge/news/167
4- მეიენდორფი, იოანე. ქორწინება და ევქარისტია, თარგმნა ლევან აბაშიძემ, ჟურნალი "დიალოგი", №1-2 (6-7), 2007წ. http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=517%3A2012-10-29-14-18-48&catid=48%3A2010-12-12-19-54-08&Itemid=68&lang=ka
5- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს, 23 ივნისი, 2016 წელი, http://patriarchate.ge/public/news/1601
6- ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები, https://patriarchate.ge/public/geo/kretis-krebis-dokumenti-qorwinebis-saidumlo
7- წმინდა სინოდის სხდომის ოქმი დიდი და წმინდა კრების შესახებ (10.06.2016). http://patriarchate.ge/public/news/1580
8- წმინდა სინოდის სხდომის ოქმი (25.05.2016.). http://patriarchate.ge/public/news/1575
9- Crișan, Alexandru-Marius.Interconfessional (Mixed) Marriage: The Theological Dimension of the "Person" and Pastoral Care in the History of the Holy and Great Council of Crete and Related Documents. გვ. 373-387. Review of Ecumenical Studies Sibiu, Volume 10: Issue 3, December 2018.
10- Patsavos, Lewis J., „Mixed" Marriages and the Canonical Tradition of the Orthodox Church, GOTR 23, 3 and 4 (1978), გვ. 243-256.
11- Perșa, Răzvan. Intermarriage in the Canonical Traditionof the Orthodox Church. გვ. 346-372. An Orthodox Perspective, Interconfessional Marriages, Review of Ecumenical Studies, Sibiu, vol. 10 • issue 3 • December 2018.
12- Streza, Ciprian Ioan.The Mystery of Marriage: Mystery of Human Love Crowned in Glory and Honour. გვ. 388-411. An Orthodox Perspective, Interconfessional Marriages, Review of Ecumenical Studies, Sibiu, vol. 10 • issue 3 • December 2018.
13- Studia Universitatis BABEŞ‐BOLYAI Theologia Orthodoxa, Vol. 62, No. 1, (June 2017),Thematic issue-The Holy and Great Council (2016).
14- Tsetsis, George (Rev. Dr.). The Pastoral Dimension of Mixed Marriages,Ἐκκλησία-Οἰκουμένη-Πολιτική , Αθήνα 2007, σελ. 599-611.
http://www.apostolikidiakonia.gr/en_main/catehism/theologia_zoi/themata.asp?cat=poim&main=SK_texts&file=4.htm
15- Zymaris Philip, Marriage and the Eucharist: From Unity to Schizophreia. The Positive Theology of Marriage and its Distortion from an Eastern Orthodox Point of View. Love, Marriage and Family in Eastern Orthodox Perspective, 2019, გვ. 105-126.
16- Οι Μικτοί γάμοι στην Ορθόδοξη Εκκλησία https://oodegr.com/oode/orthod/praktikes/gamos_miktos_1.htm
17- Σύνταγμα Των Θείων Και Ιερών Κανόνων, Τόμος δεύτερος, Ποτλής, Μ. , Ράλλης, Γεώργιος, Ἀθήνησιν, 1852, გვ. 473.

 

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა