მაიკლ როთი - თქვენ მხოლოდ საქართველოსთვის არ იბრძვით, იბრძვით ევროპისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის
Russia’s combat losses in Ukraine up 1,300 in past day
Border guards hit Russian trucks, positions near Bakhmut
By supporting Ukrainian industry, EU can directly finance Ukrainian defenses - Borrell
U.S. working with European allies to increase resilience to Russia's hybrid actions - White House
Ukraine downs 13 Russian kamikaze drones overnight Wednesday
PM Shmyhal, EU leaders discuss provision of air defense systems to Ukraine
EU’s Borrell once again calls on EU countries to unblock military aid for Ukraine

გია ჭანტურია - საქართველოს ისტორიის ნათელი გენია

09.15.2023 | 17:00 ნახვები: 1042

(ჩემს ძვირფას მკითხველს, ვისაც უყვარს კითხვა, აქვს ადეკვატური აღქმა და აზროვნებს “რთულად”)

დიდი გამოვა, მაგრამ რა ვქნა........უპირველესად მათთვის, ვისაც ესმის ისტორიის ყადრი, ვისაც ისტორია სულს უფორიაქებს და ვნებით წვავს, - ამბოხად სამარცხვინო დღევანდელობისად!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

არ მასვენებს კითხვა: როგორ განვითარდებოდა მოვლენები და პროცესები (სხვადასხვა რამაა) ზვიად გამსახურდია რომ დათანხმებოდა გია ჭანტურიას თხოვნას, წინადადებას, მოთხოვნას, იდეას, პროექტს და არ მიეღო მონაწილეობა 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში?

ამ თემაზე ადრეც დამიწერია, ოღონდ ისტორიული მოდელირების გარეშე.....არადა ისტორიული მოდელირება აბსოლუტურად ლეგიტიმური “ინსტრუმენტია” ისევე, როგორც საჭადრაკო ეტიუდი მაგალითად. ანუ შინაგანი ლოგიკა მუდამ აქვს.

ვერ ვეშვები ამ თემას, რაკი კვლავინდებურად ურყევად ვარ დარწმუნებული, რომ ისევე როგორც 1989 წლის 9 აპრილი იყო საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხი, საკვანძო აქტი, ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი, საბედისწერო მოვლენა აღმოჩნდა ის ეპოქალური დისკუსია, რაც ეროვნული მოძრაობის ნამდვილ ლიდერებს შორის (არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, თუმცა იმ მომენტუმისთვის ნამდვილად ეს სამი ლიდერი იყო: ზვიად გამსახურდია, გია ჭანტურია და ირაკლი წერეთელი) განვითარდა 1990 წლის გაზაფხულზე, ფუნდამენტური საკითხით: უნდა მიეღო თუ არა მონაწილეობა ეროვნულ მოძრაობას არჩევნებში = და|ანუ უნდა მოსულიყო თუ არა “ეროვნული მოძრაობა” ხელისუფლებაში?

აქ ტოლობის ნიშანი არის აბსოლუტურად ურყევი და ეჭვმიუტანელი. 9 აპრილის შემდეგ(!) ეროვნული მოძრაობის ლიდერთა არჩევნებში მონაწილეობა უდრიდა ხელისუფლებაში მოსვლას. ამაში ეჭვი არ ეპარებოდათ იმ ეპოქალური დისკუსიის მთავარ მონაწილეებს: არც ზვიად გამსახურდიას, არც გია ჭანტურიას. და ორივე მართალი აღმოჩნდა რასაკვირველია.

. . . . . . . . . . . . . . . . .

უნდა ითქვას, რომ “საოკუპაციო რეჟიმის პირობებში საბჭოური არჩევნების ბოიკოტის” იდეა ეკუთვნოდა არა მხოლოდ გია ჭანტურიას, არამედ ნაწილობრივ ასევე.......თვით ზვიად გამსახურდიას; მე ხომ ძალიან კარგად მახსოვს მისი გამოსვლები სხვადასხვა ფორუმზე 1989 წლის 9 აპრილიდან - 1990 წლის გაზაფხულის შეტაკებამდე, მათ შორის 1989 წლის ზაფხულში გამართულ “სახალხო ფრონტის” ყრილობაზე, მიტინგებზე და ა.შ. მაგრამ......ისტორიის მრისხანე კანონი გვავალდებულებს იდეის ავტორად მივიჩნიოთ მხოლოდ (!) ის, ვინც ბოლომდე უერთგულა ამ ისტორიულად მართალ იდეას. ანუ გია ჭანტურია.

ცალკე დიდი თემაა, რატომ შეიცვალა ზვიადმა დამოკიდებულება, რატომ მიემხრო არჩევნებში მონაწილეობის (ანუ ოფიციალურ ხელისუფლებაში მოსვლის!) პროექტს.....რასაკვირველია განხილვადაც არ ღირს ის ბრალდებები და ცილისწამება, რაც მაშინ ჟღერდა, სამწუხაროდ, თვით გია ჭანტურიას წრიდანაც: “კრემლის აგენტობა”, “შევარდნაძის მსტოვრობა”, “ცოლის გავლენა”. “ცოლისდის გავლენა” და ა.შ.

ჩემი აზრით ზვიადის მოტივაციური კომპლექსი ორი კომპონენტისგან შედგებოდა: ერთი კონცეპტუალური იყო, მეორე უფრო პიროვნული. და აქვე: დიდი ისტორიული ფიგურის პიროვნული მოტივაცია თავისთავად აბსოლუტურად ლეგიტიმური, მათ შორის ისტორიულად ლეგიტიმური მოვლენაა

ა) ზვიად გამსახურდიას გულწრფელად სჯეროდა, რომ საბჭოთა კავშირი არ დაიშლებოდა, თუ არსებულ სისტემაში ინტეგრირებული “ეროვნული ხელისუფლებები” არ გამოაცხადებდნენ ოფიციალურად დამოუკიდებლობას, როგორც ეს გააკეთეს ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა.

თუმცაღა ოპონენტები მას არწმუნებდნენ, რომ ჯერ ერთი, “კომუნისტური ვერტიკალის” დანგრევის შემდეგ სსრკ დაშლა ადრე თუ გვიან იყო გარდაუვალი; მეორეც, ლიტვას და ესტონეთს არ ჰქონდათ ის პრობლემები, რაც ჰქონდა საქართველოს (აფხაზეთი, ცხინვალი....აგრეთვე არაპასსიონარული, ინდიფერენტული, დიდწილად ობივატელური და კორუმპირებული საზოგადოება მყარი ღირებულებების გარეშე...) და მესამეც, თუ მაინცდამაინც ლაპარაკია დამოუკიდებლობის ოფიციალურად დეკლარირებაზე, ამას 9 აპრილის შემდეგ (ხაზს ვუსვამ: 9 აპრილის შემდეგ!) ქართველი კომუნისტებიც აპირებდნენ.

აპირებდნენ კი არა, განახორციელეს კიდეც თითქმის: აბა რას ნიშნავდა თუ არა დამოუკიდებლობის დეკლარირებისთვის მზადებას გივი გუმბარიძის უმაღლესი საბჭოს 1989-1990 წლების გადაწყვეტილებები საქართველოს ტერიტორიაზე 1922 წლის შემდეგ მიღებული სსრკ ყველა აქტის გაუქმების შესახებ? იურიდიულად ეს გადაწყვეტილებები უკვე თავისთავად ნიშნავდნენ სსრკ-სთან იურიდიული ბმის “გაწყვეტას” და აბსოლუტურად ლოგიკურ მზადებას “მთავარი” დეკლარაციისათვის.

ბ) პიროვნული ინტენცია: ზვიად გამსახურდიამ, ჩემი აზრით, ვერ გაუძლო.....სურვილს (ამ დიდ ისტორიულ ფიგურას ვერ ვაკადრებ ტერმინს “ცდუნება”, თუმცაღა ღრმად ქრისტიანული მცნებაა) თავად, პირადად მას და არა ვინმე სხვას, ვისაც ამისთვის არაფერი ან თითქმის არაფერი გაუკეთებია, გამოეცხადებინა საქართველოს დამოუკიდებლობა, რისთვისაც მთელი ცხოვრება გმირულად იბრძოლა, რისთვისაც ევნო და ეწამა როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად და მორალურად.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა, სანამ თვით მოდელირებაზე გადავიდოდეთ, ძალიან მოკლედ გია ჭანტურიას იდეის შესახებ.

გია ჭანტურია მიიჩნევდა, რომ თუ ეროვნული მოძრაობა მიიღებდა მონაწილეობას მრავალპარტიულ არჩევნებში და/ანუ (რაც გარდაუვალი იყო 9 აპრილის შემდეგ(!) და ასეც მოხდა) მოვიდოდა ქვეყნის ხელისუფლებაში, ამით იგი იკისრებდა საზარელ, თანაც აბსოლუტურად უჭირო პასუხისმგებლობას იმ უამრავი ეთნიკური, სოციალური, ეკონომიკური პრობლემისა და “ნაღმისათვის”, რაც 70 წლის მანძილზე ჩადო საქართველოს “სხეულში” მოსკოვმა; ხოლო ამ ნაღმთა აფეთქებაზე პასუხისმგებელი იქნებოდა სწორედ გახელისუფლებული “ეროვნული მოძრაობა” ნაცვლად იმ ძალისა, რომელიც 70 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას და ხსენებულ ნაღმებს სულ უფრო მეტი დენთით ჩურთავდა ნებსით თუ უნებლიედ.

ასეთია მასის, ასევე ელიტათა ფსიქოლოგია და ეს გია ჭანტურიამ კი არ “იცოდა”, არამედ, რაც ბევრად ფასეულია, იგი ამას ემპირიული გამოცდილების გარეშე მ ი ხ ვ დ ა!

მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, გია ჭანტურია გულისხმობდა ე.წ. “ეთნოკონფლიქტებს”. ოღონდ არა მხოლოდ ეთნოკონფლიქტებს, არამედ სოციალურ პრობლემებს, რაც გარდაუვალი იქნებოდა გრანდიოზული იმპერიის ნგრევის პროცესში.

რაც შეეხება დამოუკიდებლობას, გია ჭანტურიამ (ვიმეორებ) ძალიან კარგად იცოდა, რომ ვინც არ უნდა მოსულიყო ხელისუფლებაში 9 აპრილის შემდგომი (!) საქართველოს მოცემულობაში, ის აუცილებლად გამოაცხადებდა დამოუკიდებლობას.

“დამოუკიდებლობის დეკლარირება” 9 აპრილის შემდეგ უკვე “დასწრების” თემა იყო და არა რაღაც პოლიტიკური ნებისა.

ვერც კი წარმომიდგენია ადამიანი, ვისაც ახსოვს 1990 წელს არსებული (გივი გუმბარიძის “ცკ-ს მდივნობის დროინდელი) სიტუაცია, - როცა ქართველმა კომუნისტებმა თვითონ მიუყვანეს “ამწე” ირაკლი წერეთელს ლენინის ძეგლის დასამხობად, - ვინც ამაში არ დამეთანხმება და დაიწყებს მოთქმას, თითქოს ზვიად გამსახურდია რომ არ მოსულიყო ხელისუფლებაში 9 აპრილის შემდეგ (!-ამას მუდამ გავუსვამ ხაზს: 9 აპრილის შემდეგ შექმნილ სიტუაციაში), დამოუკიდებლობის დეკლარირება სათუო იქნებოდა.

მოდელირებისას ავხსნი და შეძლებისდაგვარად აღვწერ, რომ ეს აზრი ძირშივე, ფუნდამენტურად, სისტემურად მცდარია.

გია ჭანტურიამ მისი კონცეპტი ჩამოაყალიბა ძალიან საყურადღებო ნაშრომში “რას უპირებს კრემლი საქართველოს”, რომელიც ორ ნაწილად გამოიცა - 1989 და 1990 წელს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაშ ასე:

წარმოვიდგინოთ, რომ 1990 წლის გაზაფხულზე არ მომხდარა არანაირი განხეთქილება “ეროვნულ კონგრესში”, ზვიად გამსახურდიას, გია ჭანტურიას და ირაკლის წერეთლის “ტრიუმვირატი” არის ძველებურად კონსოლიდირებული და კვლავინდებურად სოლიდარული “ოკუპაციის პირობებში არჩევნებში მონაწილეობის” საწინააღმდეგოდ.

ისინი კვლავინდებურად ერთიანნი არიან იმაშიც, რომ ე.წ. “საბჭოთა არჩევნების” პარალელურად, აუცილებელია აირჩეს “ეროვნული კონგრესი”, როგორც “ქართველი ერის ნების გამომხატველი” ოკუპაციის პირობებში ოღონდ....დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ ამ ყველაფრის პარალელურად, “ტრიუმვირატი” და მათი “კონგრესი” არ არის აგრესიული “საბჭოთა არჩევნებში მონაწილეობის” მოსურნეთა მიმართ; ანუ ისინი არ ცდილობენ ძალისმიერი მეთოდებით ჩაშალონ ის არჩევნები, არ არიან განსაკუთრებით შემტევნი იმ პოლიტიკური პარტიების და იმ “ელიტარული ინტელიგენციის” მიმართ, რომელიც ქმნის საარჩევნო ბლოკებს, ემზადება “ისტორიული არჩევნებისთვის”....აი ისე, - “მოშივებულზე” ქორწილის სუფრისთვის რომ ემზადება მაყრიონი....”კონგრესის” და მისი ლიდერების პოზიცია აქ ჭკვიანურია: “კი ბატონო, არ ვუშლით ხელს, იბურჭალონ (იმერიზმი -. “ითამაშონ”) ბოვშვებმა, ჭკუა არა აქვთ, გონი არ გააჩნიათ, კრემლის სჯერათ, გუმბარიძის სჯერათ...რა ვუყოთ, გაიმასხარავებენ თავს, მაგრამ....კი ბატონო, მიიღონ მონაწილეობა......”

ეს ნარატივი, ეროვნული მოძრაობის სამი ყველაზე გავლენიანი და ყველაზე ავტორიტეტული ლიდერის მხრიდან, ხალხის თვალში ბევრად უფრო სოლიდურად” ჟღერს ვიდრე ძმები ბერძენიშვილების, ძმები ხაინდრავების, ლანა ღოღობერიძის, ელდარ შენგელაიას, ირაკლი შენგელაიას, თუნდაც ნოდარ ნათაძის...... მით უმეტეს გუმბარიძის და უკვე “გაფარჩაკებული” ქართველი კომუნისტების “სიტყვაგაკაფულობა”.

ქართველი ხალხისთვის, კვლავინდებურად, “ეროვნული მოძრაობა” არის მხოლოდ ოთხი ფიგურა: ზვიად გამსახურდია, გია ჭანტურია, ირაკლი წერეთელი და ცხონებული მერაბ კოსტავა.

თუმცა ისევ ის “დაკვირვებული თვალი” ამჩნევს ერთ უცნაურობას: “კონგრესის” იდეის ავტორები არავის მოუწოდებენ (ან თითქმის არ მოუწოდებენ, - ძალიან “ყრუდ” მოუწოდებენ თუ მოუწოდებენ) 28 ოქტომბრის მრავალპარტიული არჩევნების ბოიკოტირებისკენ - თვითონ არ მონაწილეობენ, დასცინიან, მხრებს იჩეჩენ, “უაზრობად” მიაჩნიათ, მაგრამ........”ბოიკოტის” აგრესიულ კამპანიას არ ატარებენ.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ამრიგად, დადგა 1990 წლის 30 სექტემბერი - ეროვნული კონგრესის არჩევის დღე: საქართველოს მოსახლეობის არც თუ მცირე ნაწილი (პირველ რიგში ზვიად გამსახურდიას მოწოდებით) მიდის სახელდახელოდ მოწყობილ საარჩევნო უბნებზე (28 ოქტომბერს ბევრი მათგანი ასევე მივა უმაღლესი საბჭოს არჩევნებზეც) და ხმას აძლევს უმთავრესად 3 პარტიას: ზვიად გამსახურდიას “ჰელსინკის კავშირს”, “ირაკლი წერეთლის “ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიას” და გია ჭანტურიას “ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას”.

დიდი უპირატესობით არჩევნებში იმარჯვებს ზვიად გამსახურდია და მას ირჩევენ ეროვნული კონგრესის თავმჯდომარედ. გია ჭანტურიასა და ირაკლი წერეთელს, მიუხედავად პიროვნული ამბიციებისა, ეს ძალიანაც მოსწონთ, რადგან ზვიადის ქარიზმა ეხმარებათ პოლიტიკურ ლეგიტიმაციასა და “გასოლიდურებაში”. ზვიადს ფეხქვეშ არ ეგებიან, მაგრამ მის ლიდერობას აღიარებენ, პატივს სცემენ და ამ პატივისცემას ღიად გამოხატავენ

1990 წლის 28 ოქტომბერს კი ტარდება უმაღლესი საბჭოს მრავალპარტიული არჩევნები - იმარჯვებს გივი გუმბარიძის “კომუნისტური პარტია”, თუმცა ვერ აგროვებს პროპორციულ არჩევნებში 50%- ზე მეტს; მაჟორიტარულ ოლქებში კი მაინც დიდი უპირატესობა აქვს, ამიტომ ახალ უზენაეს საბჭოში ქართველი კომუნისტები იბევებენ უმრავლესობას.

ოღონდ უზენაეს საბჭოში სოლიდური წარმომადგენლობით ხვდებიან აგრეთვე ბლოკი “დემოკრატიული საქართველო”, ბლოკი “თავისუფალი საქართველო”, რომელშიც გაერთიანებული არიან შედარებით ნაკლებ ცნობილი დისიდენტები, პროფესიონალი “დემოკრატები” ინტელექტუალები და ფსევდოინტელექტუალები, ელიტარული ინტელიგენტები, ელდარ შენგელაიები, ჯანსუღ ჩარკვიანები, ლანა ღოღობერიძეები და ა.შ და ა.შ.

გივი გუმბარიძე გამოდის უზენაესი საბჭოს პირველ სხდომაზე და გულამოსკვნით აცხადებს, რომ ქართველი კომუნისტები, კვლავინდებურად მზად არიან ემსახურონ ქართველ ერს, რომლისთვისაც არასდროს უღალატიათ, მზად არიან აღასრულონ ქართველი ერის ნება, რომლის უპირველესი გამომხატველია ქართველი ერის “თვალის სინათლე”, “დიდი ქართველი ინტელიგენცია”....... ამიტომ, მიუხედავად მანდატების უმრავლესობისა, ქართველო კომუნისტები შემოდიან წინადადებით, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ საბჭომ აირჩიოს ელდარ შენგელაია, რეზო ჩხეიძე ან ნიკო ჭავჭავაძე თუ ლანა ღოღობერიძე თუ...თუ.....თუ......ნიკო ჭავჭავაძე ან ან ან...სხვა ვინმე “თვალის სინათლეთა” ლეგიონიდან, ვინც მონაწილეობდა იმ არჩევნებში....ხოლო ქართველი , ესე იგი თვით გივი გუმბარიძე “მოკრძალებით მზადაა” დაიკავოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა.

მქუხარე ტაში დარბაზში.

“დემსაქართველო” და “თავსაქართველო”, მცირეხნიანი “ურთიერთჭმისა” და გარეთ გამოტანილი მარაზმატული სკანდალების შემდეგ, მაინც ჯერდებიან “ელიტური ინტელიგენტის” კანდიდატურაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ. პერსონას ახლა არა აქვს არავითარი მნიშვნელობა: ელდარ შენგელაია იქნებოდა თუ ნიკო ჭავჭავაძე.

ამ ორომტრიალს “გარედან”, სიცილ-ხარხარით ადევნებს თვალს “კონგრესის “ლიდერშიპი, - ზვიად გამსახურდია, ირაკლი წერეთელი, გია ჭანტურია გულიანად იცინიან ინტერვიუებში, ხუმრობენ (ზვიადს იუმორის გრძნობა არ აკლდა), დასცინიან და ხალხიც მათთან ერთად ჯანსაღად ხარხარებს - - - - “თამაშობენ ბავშვები რა....უაზრობაა მაგრამ....ითამაშონ თუ მოსწონთ”.......ოღონდ....ოღონდაც.....მათ ამ გულიან სიცილში არ არის სიძულვილი, არ არის აგრესია!

ანუ ქვეყანაში მაინც ნარჩუნდება ჯანსაღი ვითარება იმ აზრით, რომ ამ დამცინავი სიცილ-ხარხარის მიუხედავად არ არსებობს არანაირი სასტიკი დაპირისპირება “უზენაეს საბჭოსა” და “ეროვნულ კონგრესს” შორის - ჯაბა იოსელიანი უფრო კონგრესისკენაა, თუმცა უზენაეს საბჭოში მოკალათებული “ ელიტარული ინტელიგენტები” - რეზო ჩხეიძეები და ლაშა თაბუკაშვილები თუ რამაზ ჩხიკვაძეები - მისი მეგობრები არიან......რაც მთავარია, ახალი ხელისუფლება არჩეულია და უკვე ის (არა ეროვნული კონგრესი, არამედ ის) აგებს პასუხს ყველაფერზე.

ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ზ ე რაც ქვეყანაში მოხდება.

საქართველოს უზენაესი საბჭოს (სწრაფადვე გადაარქვეს სახელი) არჩევის შემდეგ ოსი სეპარატისტები აცხადებენ “რესპუბლიკას სსრკ შემადგენლობაში”, იმ საბაბით, რომ არც გუმბარიძე და არც ელდარ შენგელაია რასაკვირველია არ აპირებენ ხელი მოაწერონ ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას და პირიქით, ყველა განცხადებაში, ყველა ინტერვიუში დეკლარირებენ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენისაკენ სწრაფვას; ოღონდ მოსკოვთან მოლაპარაკებით და გარდამავალი პერიოდის გამოცხადებით (თედო პაატაშვილის გონივრული პროექტი).

ამის შემდეგ, საქართველოს ოფიციალური ხელისუფლება (ანუ უზენაესი საბჭო და გივი გუმბარიძე) აღმოჩნდებიან უმძიმესი არჩევანის წინაშე: ან გააუქმონ “სამხრეთ ოსეთის~ ავტონომია, ან შეურიგდნენ იმას, რომ “სამხრეთ ოსეთი”, უკვე როგორც “რესპუბლიკა, ხელს მოაწერს ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, რაკი გორბაჩოვ-ლუკიანოვის “მოკავშირე რესპუბლიკათა ავტონომიებთან გათანაბრების” იურიდიული კონცეპტის ფარგლებში, ავტონომიებს კანონით (!) მიენიჭათ უფლება, მოკავშირე რესპუბლიკისგან დამოუკიდებლად მოაწერონ ხელი სამოკავშირეო ხელშეკრულებას, რომელიც მზადდება ნოვო-ოგარიოვოში, - გორბაჩოვის ქალაქგარე აგარაკზე.

ცხინვალის გადაწყვეტილებას მძვინვარე რეაქცია მოჰყვა საქართველოში. უზენაესი საბჭოს სხდომა მთლიანად ეძღვნება ისტერიულად ემოციურ გამოსვლებს.

ჯანსუღ ჩარკვიანი: “ეს რა გველი მოგვითბია გულზე!”

ლანა ღოღობერიძე: “როგორ არ გრცხვენიათ....”

ქართველი კომუნისტების აბსოლუტური უმრავლესობა: “გავსრისოთ გველი!”

ნოდარ ნათაძეს შემოაქვს ავტონომიის გაუქმების წინადადება. გუმბარიძე წინააღმდეგია, რაკი რეზულტატის მხრივ სრულიად უსარგებლოდ მიაჩნია, თუმცა იმარჯვებს აკაკი ბაქრაძის საჯარო მოწოდება: “ჩვენ სხვა გზა არა გვაქვს, უნდა გავაუქმოთ!!!”

აუქმებენ.

მაგრამ მხოლოდ “გაუქმება” ვითარებას ვერ ცვლის, რაკი ცხინვალში ამ “გაუქმებას” ყურადღებას არ აქცევენ. ამიტომ გურამ მგელაძისა და გვი კვანტალიანის წინადადებით, ცხინვალში შეჰყავთ ქართული მილიციის ქვედანაყოფები; ამავდროულად იმარჯვებს მოსაზრება, რომ ჯერ არ იჩქარონ დამოუკიდებლობის გამოცხადება, იმოქმედონ “ტექნოლოგიურად”, “ჯერ”გასრისონ სეპარატიზმი” და მერე......თუმცა ცხინვალში ოსები შეიარაღებულ ამბოხს იწყებენ........იღვრება სისხლი......შემოჰყავთ სსრკ შინაგანი ჯარის ნაწილები; მის სარდალს უზენაეს საბჭოში ტაშს უკრავენ....მაგრამ ის ჯარი სეპარატისტების მხარესაა რეალურად და რაც მთავარია (ეს ბევრს არ ესმის დღემდე მართლა), რომც მოეწერა საქართველოს ხელი ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულებისთვის, ოსები მაინც გამოაცხადებდნენ იმას, რაც გამოაცხადეს......ანუ ე.წ. რესპუბლიკას სსრკ შემადგენლობაში.

. . . . . . . . . . . . . . . . .

მთელს ამ ორომტრიალს და სისხლიან მარაზმს “გარედან” აკვირდება “ეროვნული კონგრესი”, რომლის ლიდერთა სლოგანი ერთიანია და კონსოლიდირებული: “ხომ გეუბნებოდით?! ხომ გაფრთხილებდით, რომ ამ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა და კრემლის სტრუქტურათა “გაპრავება” უბედურების მეტს არაფერს მოიტანდა?!”, ხომ გაფრთხილებდით, რომ იდიოტიზმია კრემლის ნდობა???

და ქართველ ხალხს, რომელიც დაზაფრულია სისხლისღვრით, ზვიად გამსახურდიას, გია ჭანტურიას და ირაკლი წერეთლის ამ პოზიციის მართებულობისა უფრო სჯერა, ვიდრე “უზენაესი საბჭოს” მმართველ ოქროპირთა მრავალსიტყვიანი “ახსნისა”, თუ რატომ დაიწყო ომი საქართველოში და თუნდაც კრემლის წყევლა-კრულვისა მათი მხრიდან.

მას შემდეგ რაც ცხინვალში ათეულობით მილიციელი დაიღუპა, ქართული მილიცია ცხინვალს ტოვებს (ასე დატოვა რეალობაშიც) იმ თავის მართლებით, რომ “ომი მილიციის საქმე არ არის”.

არ არის.

მარცხი აბსოლუტურად ცხადია. ოსი სეპარატისტები გამარჯვებას ზეიმობენ და ინდოევროპული წესით “მაშხალებით მსვლელობას” აწყობენ ცხინვალის ქუჩებში, რომელიც ქართველებისგან გაწმენდილია.

იწყება შეტაკებები ქართველებსა და ოსებს შორის მიმდებარე სოფლებში.

“ეროვნული კონგრესი” ამ შეტაკებებში პრინციპულად არ იღებს მონაწილეობას: ზვიად გამსახურდია და ირაკლი წერეთელი იზიარებენ გია ჭანტურიას შეხედულებას, რომ ამ “სისხლიან მარაზმში” ნამდვილი ეროვნული მოძრაობა არ უნდა გაისვაროს: “მოხვედით ხელისუფლებაში ჩვენი გაფრთხილების მიუხედავად? გააპრავეთ ისევ კომუნისტები? გააპრავეთ კრემლი? ჰოდა აგეთ ახლა პასუხი ყველაფერზე!” - ეს არის დროის მთავარი სლოგანი.

“კონგრესი” ტრენდულია, ხოლო “უზენაესი საბჭო” - ბანძი და დამარცხებული.

ნოდარ ნათაძე გამოდის სიტყვით უზენაესი საბჭოს საგანგებო სხდომაზე და მოითხოვს დაუყოვნებლივ გამოცხადდეს საქართველოს დამოუკიდებლობა.

მანამდე უზენაესი საბჭოს ლიდერშიპი, პროფესორ ლევან ალექსიძის მეთაურობით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე ოზგანთან (ან ვლადისლავ არძინბასთან - ამას რა მნიშვნელობა აქვს) აღწევენ შეთანხმებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების შესახებ 28-26-11 ანუ 28 აფხაზი, 26 ქართველი, 11 რუსი, ბერძენი სომეხი.

საქართველოში დავრდომილი ატმოსფერო და “დამარცხების მოქანცულობა”, მაგრამ......არ არის მთავარი: არ არის სამოქალაქო დაპირისპირება!

არ არის თუნდაც იმიტომ, რომ ზვიად გამსახურდია, გია ჭანტურია და ირაკლი წერეთელი არ იყენებენ ამ ატმოსფეროს ხელისუფლების დაუყოვნებლივ დასამხობად - აკვირდებიან სიტუაციას და ელიან სწორ “მომენტუმს”.

ამასობაში, ნოდარ ნათაძის და ელდარ შენგელაიას ინიციატივით, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭო აცხადებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. რუსთაველის გამზირზე ნაძალადევი, უგემური ზეიმია....”კონგრესი” აქტს ხვდება თავშეკავებული მოწონებით. “სამეულის” ზომიერი ნარატივია: აქტი ძალიან ლამაზად გამოიყურება ერთი შეხედვით, მაგრამ....მთავარია მისი რეალური შინაარსი ანუ სსრკ-სგან საქართველოს ტერიტორიული გამოყოფა......საეჭვოა შესწევს თუ არა ამდენ მსახიობს, მხატვარს, რეჟისორს, მწერალს, პოეტს და სხვებს, “გადემოკრატულებულ-განაციონალისტებულ კომუნისტებთან” ერთად, ამგვარი დეკლარაციებით მიაღწიონ საქართველოს არა ფორმალურ, არამედ რეალურ დამოუკიდებლობას........ეჭვი კი გვეპარება მაგრამ.....კი ბატონო, თუკი რაიმეს კარგს გააკეთებენ.......ჩვენც მხარს დავუჭერთ. ბოლო ბოლო, მაგათგან განსხვავებით ჩვენ ყოფილი პოლიტკატორღელები ვართ - ეგენი რომ ლენინს და ბრეჟნევს უძღვნიდნენ ლექსებს.....

ეს ყოველივე “ხალხში” აღიქმება აბსოლუტურად ადეკვატურად.

საზოგადოებაში სუფევს გულდაწყვეტა, ხელჩაქნეულობა მოძალებული პრობლემების გამო, მაგრამ.....ისევ და ისევ...... არ არის სამოქალაქო დაპირისპირება! ჯაბა იოსელიანის “მხედრიონი” უფრო კონგრესისკენაა, მაგრამ ისე ვერ “გრიმიტობს”, ვერ საზრდოობს იმ სამოქალაქო დაპირისპირებით, რითაც ისაზრდოვა რეალობაში. არის ერთი ჩვეულებრივი დაჯგუფება, რომელსაც ირაკლი წერეთელი და გია ჭანტურია “ატორმუზებენ”, რათა მეტისმეტი არ გააკეთონ და “კონგრესის” დისკრედიტაცია არ მოახდინონ.

რაკი არანაირი დაპირისპირება არ არის, ეს დისკრედიტაცია უბრალოდ არ უღირთ.

. . . . . . . . . . . . . . . . .

უკვე 1991 წელია. სსრკ აცხადებს ფულად რეფორმას, რასაც ემატება ანაბრების კატასტროფა.

ანუ ადამიანები კარგავენ საბჭოთა შემნახველ სალაროებში შეტანილ ანაბრებს. ეს ანაბრები ჯერ უფასურდება, შემდეგ ნულად იქცევა, რაც საშინელ რეაქციას იწვევს: “კი, დამოუკიდებლობა როგორ არ მინდა, მაგრამ....რაც მე მთელი ცხოვრება ვიშრომე, ვიწვალე.......ეს დამაკარგვინა.......იმან.......

“ვინ დამაკარგვინა? ზვიად გამსახურდიამ? გია ჭანტურიამ? ირაკლი წერეთელმა? ეროვნულმა კონგრესმა? ნუუუუუუუუურას უკაცრავად! ესენი არ არიან ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელიც ყველაფერზე აგებს პასუხს უზენაესი საბჭოა!

სწორედ მისკენ “წავიდოდა” მთელი ამ სიძულვილის ნიაღვარი, რამაც რეალობაში ჯაბას, კიტოვანსა და მათ ბანდებს დიდად “გაუპრავა” სისხლიანი გადატრიალება.

და მაინც, არანაირი დაპირისპირება არ არის - “კონგრესი” კვლავინდებურად დადარაჯებულია, არ იყენებს ამ უკმაყოფილებას “უდროო დროს” და კვლავ ელის ისტორიულ მომენტუმს.

ქართველი კომუნისტები ბოლოს იმ დასკვნამდე მიდიან, რომ მთავარი შეცდომა ჭკუამხიარული “ ელიტარული ინტელიგენციის” აყოლა იყო. ამიტომ კომპარტიის ყრილობაზე გუმბარიძის ნაცვლად პირველ მდივნად გურამ მგელაძეს ირჩევენ. “კონგრესში” ამას ღიმილიანი მხრების აჩეჩვით ხვდებიან - ჯაბას ძმაკაცია ბოლო ბოლო. მგელაძე ხდება მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე,ხოლო პრეზიდენტად ირჩევენ ნიკო ჭავჭავაძეს.

მთლიანობაში გულგრილი, ოდნავ ირონიული, თუმცა თავშეკავებული რეაქციაა ყოველივეზე “კონგრესის მხრიდან”

მესამედ ვიმეორებ: ყველა ამ “პერტურბაციის” მიუხედავად, საქართველოში არ არის არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება! და ამას რომ ხედავენ, როგორც აფხაზი, ასევე ოსი სეპარატისტები შედარებით თავდაჭერილნი არიან. ისინი საზრდოობდნენ საქართველოს მძვინვარე სამოქალაქო ომით!

ბევრი არც არაფერი იცვლება: ცხინვალში სისხლიანი ტაიმ-აუტია; აფხაზეთში მოჩვენებითი კომპრომისი მოქმედებს.

უზენაესი საბჭო ქმნის “ეროვნულ გვარდიას”, მაგრამ მისი სარდალი გამოცდილი მილიციელი გივი კვანტალიანია და არა თენგიზ კიტოვანი; ეს უკანასკნელი შეეთრევა ხოლმე ზოგჯერ კონგრესში (“იმელის შენობაში”) უსაქმოდ და ისევ გამოეთრევა; განსაკუთრებულ ყურადღებას არავინ აქცევს - ისე, უქიცინებს კუდს ზვიადს, ირაკლის და გიას.

. . . . . . . . . . . . . . . . .

დგება ხსენებული ისტორიული მომენტუმი: 1991 წლის 19 აგვისტოს, მოსკოვში, ГКЧП გორბაჩოვს გადაყენებულად აცხადებს და ლიტვა-ლატვია-ესტონეთ-მოლდოვა-სომხეთ-საქართველოში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს. თბილისში ჩამოდის გენერალი ჟურავლიოვი და საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას უყენებს ულტიმატუმს: დაუყოვნებლივ გააუქმეთ “ეროვნული გვარდია”!

დაუყოვნებლივ აუქმებენ რასაკვირველია; უფრო ზუსტად, აბრას უცვლიან და უწოდებენ “შინაგან ჯარს”.

21 აგვისტოს პუტჩი მარცხდება; მსოფლიო აღფრთოვანებულია რუსეთში” დემოკრატი ელცინის” გამარჯვებით და აი მაშინ......მაშინ....ზვიად გამსახურდია, გია ჭანტურია, ირაკლი წერეთელი აქტიურად გამოდიან სცენაზე: რუსთაველის გამზირზე იკრიბება 500 000 ადამიანი, რომლებსაც გამზირი ვერ იტევს და ინაცვლებენ თავისუფლების მოედანზე.

სიტყვით გამოდის ზვიად გამსახურდია; მის გვერდით არიან გია ჭანტურია და ირაკლი წერეთელი; ასევე მერაბ კოსტავას დედა, ქალბატონო ოლღა;

ზვიად გამსახურდია მქუხარედ აცხადებს, რომ ქართველმა კომუნისტებმა მორიგჯერ უღალატეს სამშობლოს, გაყიდეს ქართველი ერი, ჩაიდინეს ისტორიული დანაშაული, “დაუწვნენ” იმპერიულ ხუნტას, შეარცხვინეს ქართველი ერი და უნდა მოშორდნენ, ჩაირეცხონ ისტორიის მოუსავლეთში: დაუყოვნებლივ გადადგეს უზენაესი საბჭო სრული შემადგენლობით, მთავრობა სრული შემადგენლობით, შეიქმნას დროებითი ტექნიკური მთავრობა, მან დანიშნოს ახალი არჩევნები უკვე ოქტომბერში და ა.შ.

მიტინგზე სიტყვით გამოდიან მანანა გიგინეიშვილები, ჯანსუღ ჩარკვიანები, ელდარ შენგელაიები, მზექალა შანიძეები, რობერტ სტურუები....მოთქვამენ, ტირიან, ბოდიშს იხდიან, რომ დაუჯერეს ქართველ კომუნისტებს და იქვე თვითონ ხევენ დეპუტატების მანდატებს; გამოდის გივი კვანტალიანი და ისიც ტირის - სლუკუნებს, შვილებს იფიცებს (აბსოლუტურად გულწრფელად) რომ მზადაა რიგით ჯარისკაცად გამოისყიდოს დანაშაული.

გურამ მგელაძე დაუყოვნებლივ აწერს ხელს საკუთარ გადადგომას და მთავრობის დაშლას.

დროებითი, ტექნიკური მთავრობის მეთაური ხდება თენგიზ სიგუა.

1991 წლის ოქტომბერში ტარდება პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნები. ზვიად გამსახურდია, გია ჭანტურია და ირაკლი წერეთელი თავის პარტიებს აერთიანებენ ერთ საარჩევნო ბლოკში, რომლის ლიდერია ზვიად გამსახურდია. დანარჩენ ორს ზვიადის ლიდერობა დიდად არ ეპიტნავებათ, თუმცა იძულებულნი არიან აღიარონ, რომ იმ გარდამტეხ ისტორიულ მომენტში მათ პრაგმატულად სჭირდებათ ისეთი მაღალი ისტორიული ლეგიტიმაციის ფიგურა, როგორც ზვიად გამსახურდიაა.

რაც მთავარია, საქართველოში აბსოლუტურად დომინირებს აზრი, რომ რაც ბოლო 2 წელიწადში მოხდა, ეს არ არის “ეროვნული მოძრაობის” ბრალი: ომი ცხინვალში არ არის ეროვნული მოძრაობის ბრალი; ანაბრების დაკარგვა, მუდმივი დაძაბულობა, სოციალურის სტრესები არ არის ეროვნული მოძრაობის ბრალი” იმიტომ, რომ........”ეროვნული კონგრესი” არ ყოფილა ოფიციალური ხელისუფლება! ეროვნული მოძრაობა არ მოსულა ხელისუფლებაში, შესაბამისად ყველაფერზე პასუხს აგებს ოფიციალური ხელისუფლება - იმპერია კი იშლება, დგება იმედის ეპოქა, სიახლე, ბერლინის კედელი.....პიროვნული თავისუფლება....

1991 წლის ოქტომბრის არჩევნებზე ტრიუმფალურად იმარჯვებს გამსახურდია-ჭანტურია-წერეთლის პოლიტიკური ბლოკი. იღებს ხმების 70%-ს და იგებს მაჟორიტარული ოლქების დიდ ნაწილსაც.

“ზვიადი..ზვიადი...ზვიადი.....” არავის, დაწყებული “ელიტარული ინტელიგენციიდან”, დასრულებული ქართველი კომუნისტებით, იოტისოდენა ეჭვი არ ეპარება მომხდარის ლეგიტიმურობაში იმპერიის დამხობის შემდეგ. ანუ ახალი ხელისუფლება სოციალურად “კონსენსუსურია” ორივე განმსაზღვრელი აზრით: პოლიტიკურადაც და იურიდიულადაც.

ზვიად გამსახურდიას ირჩევენ საქართველოს პრეზიდენტად; გია ჭანტურია ხდება პრემიერ-მინისტრი.

თანდათან იჩენს თავს წინააღმდეგობაც ამ სამ ლიდერს, ასევე მათ პარტიებს შორის. თუმცა ამ დაპირისპირებას უკვე სულ სხვა კონტექსტი აქვს, - აბსოლუტურად დაცლილი სამოქალაქო დაპირისპირებისაგან.

საქართველო არ აწერს ხელს დსთ-ს შექმნას 1991 წლის დეკემბერში; ახალი პარლამენტი 1992 წლის გაზაფხულზე იღებს ახალ კონსტიტუციას. საპრეზიდენტო-საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუციას. ქვეყნის დამოუკიდებლობა უკვე დეკემბერშივე ცნო აბსოლუტურად ყველა სახელმწიფომ!

თბილისში ჩამოდის ამერიკის ელჩი, ასევე გერმანიის და სხვა ევროპულ სახელმწიფოთა ელჩები. ისინი ფრთხილად კითხულობენ: “და რატომ არ ფიგურირებს აქ ისეთი გამოცდილი პოლიტიკოსი და დემოკრატი, როგორიცაა ედუარდ შევარდნაძე? ის ხომ ქართველია და პუტჩის წინააღმდეგ იბრძოდა.......ასეთი დიდი წვლილი შეიტანა ბერლინის კედლის დანგრევაში.......”

ახალი ხელისუფლება შევარდნაძეს კი უფრთხის, მაგრამ მისი რესურსების გამოყენებას ცდილობს: საგარეო საქმეთა მინისტრობას სთავაზობს, რასაც შევარდნაძე რა თქმა უნდა არ თანხმდება, თუმცა დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს, რაკი ეს აბსოლუტურად ტრენდულია საქართველოში - დიდი და პატარა გამარჯვებას ზეიმობს.

ოღონდ ეს გამარჯვება ილუზორულია იმ მხრივ, რომ ვერც ცხინვალის, ვერც აფხაზეთის პრობლემებს ვერ უვლის: სსრკ დაშლისა და სსრკ ჯარების ცხინვალიდან გასვლის შემდეგ, სისხლიანი დაპირისპირება ათმაგდება; ზვიად გამსახურდია, გია ჭანტურიას რჩევით, ყაზბეგში ხვდება ბორის ელცინს და “ყაზბეგის შეთანხმებით” რეგიონში შემოდიან სამმხრივი სამშვიდობო ძალები; ცხინვალის გარდა, ქართული მოსახლეობა იქ შენარჩუნებულია;

თუმცა მთავარი პრობლემა ხდება აფხაზეთი: სეპარატისტები აცხადებენ 1925 წლის კონსტიტუციის აღდგენას, რომელშიც აფხაზეთი ცალკე სუბიექტია და საქართველოს სთავაზობენ “თანასწორუფლებიან მოლაპარაკებას”.

საქართველოს ხელისუფლება იძულებულია აფხაზეთში ჯარი შეიყვანოს.

იწყება სისხლისმღვრელი ომი.

ოღონდ განსხვავებით 1991 წლისგან, საქართველო უკვე გაეროს სრულუფლებიანი წევრია; და რაც მთავარია, სამეგრელო, - საქართველოს ხერხემალი- “როგორც ერთი კაცი”, დგას პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გვერდით და იბრძვის სეპარატისტების წინააღმდეგ;

ლოთი ქობალია და ჯაბა იოსელიანი მხარდამხარ იბრძვიან;

ედუარდ შევარდნაძე თბილისში ჩამოდის და წერილებს აგზავნის მსოფლიო ლიდერებთან, დაეხმარონ საქართველოს “აგრესიული სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში”.

მიუხედავად ამისა, ძალები უთანაბროა: რუსეთი სეპარატისტებს უჭერს მხარს, ამიტომ სეპარატისტები და ჩრდილო კავკასიელები ახერხებენ სოხუმის აღებას; ხვრეტენ ჟიული შარტავას; გურამ გაბისკირია მასთან ერთად გმირულად იღუპება: «Никогда в жизни»

ლტოლვილები მიაწყდებიან კოდორის ხეობას, რაკი კოდორის შესართავი, სოფელ აძიუბჟასთან და ახალდაბასთან აფხაზურ და ჩრდილოკავკასიურ, ასევე კაზაკურ ფორმირებებს აქვთ დაკავებული...

მიუხედავად ამისა, ქართული ძალები მყარად არიან გამაგრებულნი გალის რიონში; იქ მხარდამხარ დგანან სოხუმიდან გამოსული ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე, გია ჭანტურია, ელდარ შენგელაია, მუხრან მაჭავარიანი, ლანა ღოღობერიძე, გურამ პეტრიაშვილი, გოგა ხაინდრავა.....ყველა, ყველა, ყველა......არ არსებობს არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება.....აფხაზეთში დამარცხება არის საერთო დამარცხება, ხოლო გამარჯვება- საერთო გამარჯვება.

და სწორედ იმის წყალობით, რომ არ არსებობს ყველაზე დიდი უბედურება, - არ არსებობს სამოქალაქო დაპირისპირება და სამოქალაქო ომი, მიუხედავად რუსეთის აგრესიისა, ხერხდება გალის რაიონის მთლიანად შენარჩუნება.

ადგილობრივი მოსახლეობა ქმნის სახალხო ლაშქარს და აკონტროლებს მდინარე ღალიძგაზე ყველა გადმოსასვლელს, ყველა სანტიმეტრს....შესაბამისად საქართველოს სრულ გამგებლობაში რჩება ენგურჰესის არა მხოლოდ კაშხალი, არამედ სამართავი პულტიც გალის რაიონის სოფელ საბერიოში.

ქართული მხარე დაუყოვნებლივ უთიშავს ელექტროენერგიას გენოციდის მომწყობ სეპარატისტებს. იწყება მოლაპარაკება ელცინთან ედუარდ შევარდნაძის მონაწილეობით (“სამშობლოს დახმარება” აბსოლუტური მორალური იმპერატივია იმ ვითარებაში) და ხერხდება სეპარატისტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილობრივ აღდგენის “გაცვლა” მდინარე ღალიძგაზე (და არა მდინარე ენგურზე) დსთ-ს (რუსეთის) სამშვიდობო ძალების შემოყვანაში, რითაც საქართველო “შემოიმტკიცებს” თუნდაც გალის უმდიდრეს რაიონს, რომელიც ყოველმხრივ აფხაზეთის თითქმის ნახევარია.

მანამდე, სოხუმის გადარჩენის მცდელობისას, ზვიად გამსახურდია სოხუმიდან აკეთებს განცხადებას დსთ-ში შესვლის შესახებ. გია ჭანტურია ამბობს, რომ პროტესტის ნიშნად ტოვებს პრემიერ-მინისტრის პოსტს, მისი პარტია გამოდის კოალიციიდან, მაგრამ.....ეს არ არის სამოქალაქო ომის აქტი. დამოუკიდებელ საქართველოში ესაა უკვე ჩვეულებრივი ოპოზიცია-პოზიცია პოლიტიკური ტექნოლოგია.

დამარცხების მიუხედავად, საქართველოში არ არსებობს ცნობიერი ხლეჩა (!), რაც მოხდა რეალობაში.

საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელმაც გადაიტანა ორი ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტი; გარკვეული აზრით ორივეში დამარცხდა, მაგრამ ქვეყანა უკვე გაეროს წევრია! სრულფასოვანი სახელმწიფოა და რაც მთავარია, არ აწევს ყველაზე საზარელი, ყველაზე საშინელი, ყველაზე სულთამხუთავი, მაჯლაჯუნა, რაც კი შეიძლება ერს დაემართოს - ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი!

შესაბამისად, ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისითაც სულ სხვა “საწყისი პოზიციები” აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის თემებზე ხანგრძლივი სტრატეგემის შესამუშავებლად მოსკოვთან, ვაშინგტონთან, მერე უკვე ბრიუსელთან; ნებისმიერ კომპრომისსაც უკვე სხვა ლეგიტიმაცია გააჩნია;

და ამ ისტორიულად ნანატრ “რეალობას”რომელიც, სამწუხაროდ არ აღსრულდა, ჰყავს კონკრეტული ავტორი, ვისმა სწორმა, შორსმჭვრეტელურმა მიგნებამ და რაციონალურმა იდეამ განაპირობა (განაპირობებდა....) ისტორიული ევოლუცია შედარებით (!) ნაკლები დანაკარგით:

საქართველოს ისტორიის ნათელი გენია - გია ჭანტურია.

ავტორი: დათო გამცემლიძე

ისტორიკოსი, ჟურნალიტი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა