ჯიპიაი ჰოლდინგი შავ პარასკევს ყველა სადაზღვევო პროდუქტზე დიდ ფასდაკლებას აცხადებს
შენგენის ზონაში მოგზაურობას შეძლებს ყველა, ვინც „კოვიდ-19“ გადაიტანა ან ჯამო-ს ავტორიზებული ვაქცინით არის აცრილი
2021 წლის „თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევრის" ნომინაციები განაწილდა
10 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მოცულობამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა
„მნიშვნელოვანია სააკაშვილის პირადად დასწრება სასამართლო სხდომებზე“ - კარლ ჰარცელი
საქართველო ყველაზე მეტ ხორბალს რუსეთიდან ყიდულობს
„საკუთარ თავს გამოუცხადებს ცოტა ხანში ბოიკოტს“ - „ოცნების“ დეპუტატი ენმ-ზე
„მინდა,გახდეს ძველებური“ - გიული ალასანია

ქართველი პოლიტიკოსების მთვარის ციკლი და პოლიტიკის მთავარი სლოგანი - „სოფლის შენებას რა უნდა"....

11.08.2021 | 12:06

რაღა დროს ესაა? არა და, ზუსტად ესაა მთავარი - პოლიტიკური ძალებისა და პოლიტიკოსების იმპულსურობა! სპონტანურად მოფიქრებული გადაწყვეტილებები და მოვლენებს მიდევნებული ლამპრები.

რეალ პოლიტიკა? რამდენმა იცის რა არის ეს? რომელ სტაბილურობაზე ან რევოლუციაზეა საუბარი? მიშა კარგია ან ცუდია, ბიძინა კარგია ან ცუდია - ეს არის პოლიტიკა?

მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებაზე საუბარი ამ ეტაპზე აზრს მოკლებულია. არა იმიტომ რომ ვერაფერს იტყვი ცუდს ან კარგს ვერ მოჩხრეკავ. უბრალოდ, ამ ვითარებაში, რომელშიც ამჟამად საქართველო იმყოფება, მისი ხელისუფლება შიშველ მეფეს ემსგავსება. და ოპოზიცია? ო, აქაც ცუდად გვაქვს საქმე და თუ სიშიშვლეზე უნდა გაკეთდეს აქცენტი - მაშინ წინ წყალი უკან მეწყერივითაა ქართული პოლიტიკის საქმე - ოპოზიციაც შიშველია.

რაოდენ ალოგიკურადაც უნდა მოგეჩვენოთ, საქართველოში პოლიტიკური პროცესი მეტწილად პოლიტიკანების ხელშია, რომელთაც მეხსიერების პრობლემები აქვთ და რატომღაც ფიქრობენ, რომ ქვეყანაში ყველა მათსავითაა დემენციით დაავადებული.

სწორედ მათ უნდა შევახსენო - პლატონი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ პოლიტიკა ადამიანის მიერ ადამიანთა მართვის სფეროა, რომლის საფუძველი ერთდროულად არის როგორც სამეფო ცოდნა, ისე ხელოვნება... პოლიტიკა თავისი ბუნებით რაციონალური და ინტუიციური ელემენტების ერთობლიობაა. პოლიტიკურის ცნებაში უმთავრესია ადამიანთა სახელმწიფოდ გაერთიანება, ცალკეული, სხვადასხვა ბუნებისა თუ მიდრეკილების მქონე ინდივიდებისგან ერთიანი და ჰარმონიულად მოქმედი საზოგადოების შექმნა.

ვინ იბრძვის ჩვენთან ჰარმონიისთვის? ხელისუფლება თუ ოპოზიცია, რომლებმაც ხალხის საჩვენებლად (!) საკუთარი დაპირისპირება ლამის ქრისტიანობისა და ისლამის დაპირისპირების პრიზმაში წარმოაჩინეს და გავიდნენ მომსახურების ზონიდან?

---

ქართული პოლიტიკური ძალებისთვის კატეგორიულად მიუღებელია კრიტიკა, რადგან როგორც თავად მიიჩნევენ - აპრიორი მართლები არიან ყველაფერში და წარმატებულები.

თურმე, ეს ხალხსაა რომ მათი არ ესმის და პოლიტიკოსების სამეფო სიბრძნეს და მაღალი ხელოვნების პროდუქტს - კრეატიულ აზროვნებას ვერ ეწევა.

მათ არ ესმით, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ან დემოკრატიაზე პრეტენზიის მქონეში, პოლიტიკის პრინციპი ხელისუფლების ცვლაა. შესაბამისად, აპრიორი უნდა დავუშვათ, რომ „ქართული ოცნება" შეიცვლება, ისევე როგორც შეიცვალნენ კომუნისტები, სმკ, ნაციონალები... ცალკე განხილვის საკითხია - როდის, ანუ რა დროში...

და ამ გარდაუვალი ცვლილების გააზრებით ალბათ უპრიანიც არის ოპოზიციას - მომავალ პოტენციურ ხელისუფლებას მივაპყროთ „დაჟინებული" მზერა.
მე არ განვეკუთვნები ადამიანების იმ კატეგორიას, რომლებიც აცხადებენ - „ამათზე ცუდი ვინ უნდა მოვიდეს...", არც ეს ფორმულირებაა ჩემთვის მისაღები - „გამოჩნდება გზა"... ეს ფრაზები პოლიტიკის ზედაპირული გააზრების პროდუქტია.

ქართული პოლიტიკა არის ზედაპირული ანუ მხოლოდ ეგოდან გამომდინარე და არა მტერ-მოყვრის ეგზისტენციალური გააზრების პროდუქტი. აი, ზემოთ ქრისტიანობა და ისლამი რომ ვახსენე - ღირებულებითი დაპირისპირების კონტექსტში.

ქართულ პოლიტიკაში ეგეთი ღირებულებითი დაპირისპირება რეალურად ბლეფია.

ქართული პოლიტიკას პერსონათა ეგოიზმი კვებავს და შედეგად ვინ რა იარლიყს მიიწებებს ან და მიაკრავს სხვას, ეს უკვე ტექნიკის, ანუ PR- ის საკითხია.

ალბათ, კიდევ ერთხელ მკითხავთ - და ღირებულებები? არა! იცით რატომ? თითქმის არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს საქართველოში მწყობრი იდეოლოგია არ გააჩნია.

ენმ-ს პერიოდის ერთმა ყოფილმა თანამდებობის პირმა მითხრა, რომ მისი პარტია ლიბერალური ღირებულებების იყო და არის. მგონი მშვიდობის ხიდი რადგან შუშისაა ამიტომ ჩათვალა ასე.

რაც შეეხება „ოცნებას", მისმა გამორჩეულმა წევრმა მითხრა, რომ მისი პარტია „პროდასავლურია"...

ჩვენთან ისეა ერთმანეთს შეზელილი ლიბერალიზმი და კონსერვატორობა, რომ დიახ, პარტიის წევრების უმეტესობა კი არა, ლიდერებად წოდებული პერსონების უმეტესობა ვერ ჩამოაყალიბებს საკუთარ პოლიტიკურ ღირებულებებს იდეოლოგიურ პრიზმაში.

გახსოვდეთ, ყველაზე დიდი შარლატანია ვინც გეტყვით, რომ მისი პოლიტიკური ძალა „პროდასავლური პარტიაა". ეს ფორმულირება საერთოდ არაფერს ნიშნავს, რადგან არ გახლავთ იდეოლოგია.

წარმოგიდგენიათ, ვის ხელში გვიწევს ცხოვრება, ტიპები პოლიტიკას „აკეთებენ" და ისიც არ იციან, რომ დასავლეთში კომუნისტებისაც აქვთ საკუთარი პარტია. -

---

2 ოქტომბრის შემდეგ რამდენჯერმე დავსვი კითხვა - სად არის, რა არის რეფერენდუმის შედეგი? იცით, რომ „ქართული ოცნება" იმავეს ეკითხება დასავლეთს და სრულიად ლეგიტიმურად? ვინ, ვინ და პოლიტიკური კანონზომიერება მოითხოვს, რომ ენმ-მ აღიაროს რეფერენდუმში დამარცხება. თუნდაც იმიტომ, „ოცნებამ" რომ გაასწრო ამ ხელშეკრულებას მაშინ შეუერთდა და სავალდებულო გახადა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის.

43%ზე ნაკლები რომ აეღო ოცნებას 2 ოქტომბერს, ახლა უკვე გამოცხადებული ექნებოდა ვადამდელი არჩევნების თარიღი და ამას არც მეტი, არც ნაკლები აშშ და ევროკავშირი უზრუნველყოფდნენ. მანდ, გავიწვიე ხელმოწერა, არ მუშაობს... სწორედ ამიტომ, ძნელია დასავლეთმა უთხრას „ოცნებას", - დანიშნე ვადამდელი თუ ძმა ხარ.

ამ 43%-ზე მეტის ლეგიტიმაცია ხომ თავად ოპოზიციამ მოახდინა, როდესაც დამწკრივებული გავიდა მეორე ტურზე? შესაბამისად „ოცნება" დასავლეთს ეკითხება - რა რევოლუციით ემუქრებიან ხელისუფლებას?

დასავლეთში კარგად ესმით, რომ რევოლუცია დიახაც, არის ხალხის ნების გამოხატულება, მაგრამ არ გახლავთ დამოკიდებული პოლიტიკოსების მთვარის ციკლზე. ყველაფერს თავისი კანონზომიერება და წესები აქვს. მათთვის დემოკრატიულ ქვეყნებში მთვარის ციკლის რევოლუციას ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა ჰქვია.

-----

მომკალით და მე არ ვაღიარებ 1%-იან ჭკუის დამრიგებელ პოლიტიკოსებს. საქმე ის გახლავთ, რომ ამ 1%-იანებმა კარგად იციან საკუთარი პოლიტიკური მომავალიც და ჩარჩობის ფინალი. ამიტომ, სულაც არ გამიკვირდება, რომ მიშას მხარდაჭერის პროცესში მორიგი დივიდენდების მოსაპოვებლად, ერთი მეორეს მიყოლებით ჩამოსხდნენ საშიმშილოდ და ნაცებს გადაასწრონ ნაცობაში.

მეორე ტურის წინ იყო იმისი შანსი, რომ ყველა, დიახ ყველა ოლქში მოეგო ოპოზიციას. და რატომ ვერ მოიგეს? გაყალბების გამო? ისე, ოპოზიციაში მუდამ ამ გაყალბებაზე საუბრით არ იღლებით? გაყალბება ხომ თქვენი წევრების თანამონაწილეობის გარეშე არ ხდება?

დიახ, იყო შანსი მხოლოდ გახარიასთან ალიანსით. რატომ არ გააკეთეთ? ა, 20 ივნისი? და 26 მაისი და თქვენებურად „წიოწა ნინო" გახსოვთ? მოსკოვში გაქცეული ოქრუაშვილი? მე ვეძახდი ხაზარაძეს მევახშეს თუ სააკაშვილი? ოქრუაშვილი-ბურჯანაძე ხომ არ არიან ის პერსონები, რომლებმაც ლურსმანი ჩააჭედეს სააკაშვილის პატიმრობას? მაგრამ მათთან შეიძლება საუბარი - გახარიასთან არა?

მაშინ მე გეტყვით. საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე 5%-იან ბარიერს გადალახავს სამი პარტია. რომელს სჭირდებით? „ოცნებას"? - არა! არ მიესვლება ბევრ თქვენგანს თორემ... ოცნებისგან სიკეთეებით ვინ და როდის ისარგებლეთ არც ამის გახსენებაა ძნელი. „ნაცებს"? და რატომ? „თავისუფლება მიშას!" რომ სკანდირებთ და სწორედ ახლა, ამ წუთას და ამ დღეებში ნაცებს გინდათ გადაასწროთ ნაცობაში? ვინ ჭამს ამას? ისე, პრინციპში, გახარიას რატომ უნდა სჭირდებოდეთ? 2024 წლის თუ მორიგი ნებისმიერი არჩევნების ოქროს გასაღები მას უკავია ხელში და რისთვის აიტკივებს თავს? მე მაგალითად არ მიგიღებდით პარტნიორებად...

რა გრჩებათ? მაინც ნაცური შლეიფი. მაშინ ერთი რჩევა - პირდაპირ შედით ნაცებში. ეს არ გინდათ, იმიტომ რომ „შალვას ფანჩატურში" თანაბარუფლებიანი სუბიექტი იყოთ არა? ვერასოდეს ვერ იქნებით და იცით რატომ? სამეგრელოში ამბობენ ებრაელის წყევლააო - „შენი არ იცოდე და სხვისი არ გაგეგოს", ეს წყევლა გადევთ.

---

მოდით, ვითარების გასააზრებლად მივყვეთ „ოცნების" ლოგიკას. სკანდირება - „თავისუფლება მიშას!" რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, „ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს.
(ჩანართად: არ უნდათ ამის გახსენება ენჯეოელ გოგო ბიჭებს და თუ ძალიან გააჩმახებენ მე ამოვუყრი - როგორ სასამართლოს ითხოვდნენ, რა ცვლილებებს კანონში. მათი მოთხოვნების საფუძველზეა სასამართლო ისეთი, როგორიც არის. სწორედ მათმა მოთხოვნებმა გახადა შესაძლებელი ამ მყიფე დემოკრატიის ქვეყანაში სასამართლოს ამ ფორმით დამოუკიდებლობა. მურუსიძე და ჩინჩალაძეა პრობლემა და თავად რომ გამხდარიყვნენ მოსამართლეები მაშინ იქნებოდა სასამართლო სამართლიანი?)

იცით რატომ აწყობს „ოცნებას" „თავისუფლება მიშას!" - დასავლეთს ეუბნებიან პირდაპირ: ადამიანს მისჯილი აქვს და კანონის დარღვევას ითხოვთ? ახსენებენ ისრაელის პრეზიდენტის, იტალიის პრემიერების, საფრანგეთის პრეზიდენტის და სხვათა მაგალითებს... სოუსად მოჰყავთ ფრაზა - გამოიტანოს სტრასბურგმა ვერდიქტი. ამ ფრაზის მიღმაც არის მათთვის მომგებიანი პოზიცია. მერაბიშვილზეც იყო ვერდიქტი - არ დაგავიწყდეთ.

შემდეგი არგუმენტი - დავუშვათ, წინა სასამართლოები იყო მიკერძოებული? ვიმეორებთ, გადაწყვიტოს სტრასბურგმა. აი, ახლა, მან დაარღვია კანონი საზღვრის კვეთის შესახებ? რა ვქნათ, შევქმნათ პრეცედენტი და გავუშვათ სასამართლოს გარეშე?

----

ჰო, ვაღიაროთ, რომ ხელისუფლება არ არის კარგ ვითარებაში. მიშას სასამართლო არ იქნება მხოლოდ სასამართლო - ეს იქნება პოლიტიკური ტრიბუნა... არც საავადმყოფოში გადაყვანა გახლავთ იოლი საქმე. ნებისმიერი სამართლებლივს მიღმა ჩადენილი ქმედება - „გამოვიხსნათ მიშა მართლმსაჯულების კლანჭებიდან", მორიგი სისხლის სამართლის დანაშაულია. პატიმართან მიახლოების დროს ბადრაგს ცეცხლის გახსნის უფლება აქვს, რადგან ვერ გაარკვევს ვის რა ზრახვები ამოძრავებს. აი, ამ დროს რომ დაშავდეს მესამე პრეზიდენტი, ვინ არის პასუხისმგებელი? სხვა რომ დაშავდეს? ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლება! ხომ ასეთია პასუხი?

და ხელისუფლება რომ პასუხისმგებელი იქნება ან უპასუხისმგებლო, ეს თავად ბატონი სააკაშვილის ან სხვა დაშავებულის (უფრო მძიმეს არ ვწერ) ბედს რამეს მატებს? (რა თქმა უნდა, აქ არც პროვოკაციას გამოვრიცხავ და არც უფრო მეტ რამეს - ვისგან ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს შედეგისთვის).

ჰო, ეკლესიამ თქვას რამე და საპატრიარქომო, - ამას რატომ ითხოვთ? ვერასოდეს ხვდებით - საპატრიარქოსაც ეს უნდა, რომ იყოს პოლიტიკური აქტორი და მისი სიტყვა იყოს გადამწყვეტი პოლიტიკურ პროცესში?

პრეზიდენტისგან შეწყალების მოთხოვნა გასაგებია, ჰუმანურიც კი. ცინიზმი ის გახლავთ ამას მარგველაშვილიც რომ ითხოვს, რომელსაც შეეძლო სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შენარჩუნებაც ან თავიდან მინიჭება და შეწყალებაც. (ხშირად მეკითხებიან რას ვერჩი მარგველაშვილს - გავიმეორებ ასჯერ ნათქვამს - კახა ბენდუქიძის სიკვდილს ვერ ვპატიობ.)

დავუშვათ და შეიწყალოს ზურაბიშვილმა, რაც მისი დისკრეციული უფლებაა, საზღვრის კვეთის საქმეზე რას იზამს? ვერაფერს ხო? ანუ ამ საქმეზე სააკაშვილს ან უნდა მიესაჯოს, ან გამართლდეს - ესეც „ოცნების" არგუმენტია დასავლეთთან სალაპარაკოდ და თავად პრეზიდენტ ზურაბიშვილის.

კიდევ გავაგრძელებდი, მაგრამ.... ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია „ოცნების" ლოგიკას ჩავწვდე, მით უფრო „ფაფების სკანდალის" შემდეგ...

----

მოკლედ, რატომ დავწერე ეს ყველაფერი? რასაც ვუყურებ ოპოზიციის თუ ოპოზიციონერების უმეტესობას არსებული პოლიტიკური ვითარება გააზრებული არ აქვს და პროცესისგან ინდივიდუალურ დივიდენდებს უფრო წველიან ვიდრე შედეგს.

შესაბამისად, ამ პირობებში მათი ქცევა აპრიორი გახდება ჩვენი მოქალაქეების მორიგი იმედგაცრუების საფუძველი და მერწმუნეთ, მომავალ - 2024 წლის ან თუნდაც, ვადამდელი არჩევნების დროს „ოცნების" გამარჯვების გარანტია.

იძულებული ვარ, გაგახსენოთ ჩემზე ბევრად გონიერი ადამიანების ნათქვამი.

მაკიაველი პოლიტიკას ახასიათებს, როგორც ,,საშუალებათა ერთობლიობას, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რათა მოხვიდე ხელისუფლებაში, განიმტკიცო ძალაუფლება და სასარგებლოდ გამოიყენო იგი... მაშასადამე, პოლიტიკა არის მიმართება გარემოებებით მოცემულ ძალაუფლებასთან, რომელიც დამოკიდებულია მბრძანებლის ან ხალხის ძლიერებასა და აგრეთვე მიმდინარე სიტუაციებზე".

რთულია გასაგებად?

გავაგრძელებ - მ. ვებერი:

- ,,პოლიტიკა სხვა არაფერია თუ არა მისწრაფება ძალაუფლებაში მონაწილეობისაკენ, ან მის განაწილებაზე ზეგავლენის მოპოვებისაკენ; სულერთია იქნება ეს ძალაუფლების განაწილება თუ სხვადასხვა სახელმწიფოებს, თუ ერთი, რომელიმე სახელმწიფოს შიგნით - ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებს შორის".
- ,,ის ვინც პოლიტიკაშია, ძალაუფლებისაკენ მიისწრაფვის, სულერთია როგორ ესახება მას ეს ძალაუფლება - სხვა, იდეალურ ან მატერიალურ მიზანთა მიღწევის საშუალებად თუ ძალაუფლებად „მხოლოდ ძალაუფლებისთვის", რათა დატკბეს პრესტიჟულობის იმ შეგრძნებით, რასაც ადამიანს იგი ანიჭებს".
- "პოლიტიკის მთავარი საშუალება ძალადობაა".

და როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი იცით (ცხადია უმეტესობამ არ იცის) თქვენ და არავინ იცის ხელისუფლებაში? თუ იმას ფიქრობთ რომ ეს სტანდარტები არ მუშაობს ჩვენთან, ან მუშაობს ნაწილი და ამის შესახებ არაფერი იციან დასავლეთში?

----

მიშამ იშიმშილოსო - ხელისუფლებამ კარგად იშიმშილოსო, ოპოზიციამ იშიმშილოს რა თუ შიმშილობსო... ამას ჰგავდა თავის მართლება და განმარტებები პოლიტიკურ შიმშილობაზე. ლამის ერთსაათიანი სიუჟეტები - როდესაც საკმარისი იყო მხოლოდ ეს ტექსტი, რომელიც დათო გამცემლიძემ დაწერა: - (შიმშილობის) პროტოკოლის შემუშავება და მიღება მოხდა უმეტესწილად გასული საუკუნის 70-იან წლებიდან - „ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის" (მაშინ OSCE-ს „თათბირი" ერქვა და არა „ორგანიზაცია"-დ. ) ფარგლებში. ამ დოკუმენტს ლ. ბრეჟნევმაც მოაწერა ხელი 1975 წელს".

რას ვერჩი ვრცელ სიუჟეტებს? იმას, რომ ვერ ვიგებ რატომ უნდა იმართლო თავი იქ, სადაც ეს საჭირო არ არის.

ჰო, სააკაშვილი შიმშილობს.... მიშას გასაკეთებელი რომ გახლავთ სრულიად ქართული ოპოზიციის საქმე ეგაა პრობლემა და მასზე რომ ხართ ყველანი დაკიდებულები. მან იცის რა უნდა და თქვენ იმაზე მარჩიელობთ „ნეტავ მიშას რა უნდა" და რაც უნდა რამდენად ჯდება „მე მინდა"-ში.

მესმის, რომ ურთულესია, როდესაც ადამიანი შიმშილობის გადაწყვეტილებას იღებს უთხრა - შეწყვიტე! დიახ, ურთულესია მისი გადარწმუნება. რამდენი ფიქრობს - მიაწექი ბოლომდე, სიკვდილამდე და რამდენი შიშობს და შფოთავს მის ჯანმრთელობაზე?

მიშას ჯანმრთელობა რომ დააზიანებს ხელისუფლებას იმას ელოდებით?

ისე, პარლამენტში შიმშილობაც არ არის ახალი ხილი - „ახალი მემარჯვენეები" შიმშილობდნენ ლამის სრული შემადგენლობით და ნინო ბურჯანაძეს ლამის ტერორისტს ეძახდნენ იმის გამო, რომ პლედებს არ აძლევდა მათ.

---

არაფერს დავწერ ხელისუფლების მხრიდან მესამე პრეზიდენტის მიმართ ქილიკზე. აზრი არ აქვს... ის რომ ტუსაღზე არ უნდა იქილიკო ეს მორალურ-ზნეობრივი სტანდარტია. დამნაშავეაო ნიშნის მოგებით მეტყვიან მოქილიკენი. მით უფრო, ისაუბრეთ დანაშაულზე, მაგრამ თქვენ ჯიუტად, 9 წელია საუბრობთ მასზე - მიშაზე და მიშას ცხრა წელზე... 9 წელია ხართ იმის ტვყვე ვინც ახლა თქვენი ტუსაღია...

----

პოლიტიკა არ გახლავთ - „მე მინდა!"

პოლიტიკა - შესაძლებლობების ხელოვნებააო რომ ამბობენ და „მე მინდა!" ჯდება პოლიტიკურ პროცესშიო, არ გახლავთ სწორი. პოლიტიკა პირველ რიგში თანამიმდევრულობას მოითხოვს და არა ერთი ადგილის თამაშს გამუდმებით.

პოლიტიკა მოითხოვს სამართლიან - რაც გულისხმობს კეთილდღეობას - მომავალში საზოგადოების დარწმუნებას.

ჩვენთან პოლიტიკა არის პოლიტიკოსების „მე მინდა!"

„მე მინდა!" გახდა ქართული პოლიტიკის და სახელმწიფოს დაქცევის უმთავრესი მიზეზი. ამ „მე მინდას" მიბაძვა-წაბაძვით 30 წელია ქუჩაში ზის გარემოვაჭრე და როგორც კი მიადგებიან - „გთხოვთ გადახვიდეთ ნორმალურ პირობებში", იმ პერიოდში ოპოზიციაში მყოფი ძალა ხმალამოღებული იცავს გარემოვაჭრეების ინტერესებს. ანუ იმ წამსვე ეუბნება - მე რომ მოვალ ხელისუფლებაში, ისევ აქ ეგდები. აგდიან და ყრიან კიდეც...

„მე მინდა!" ხუშტურის გაგრძელებაა ვარლამების მიერ გაძევებული ინვესტორები. „მე მინდა!" ახირების შედეგია ყველა უსამართლობა რაც ამ ქვეყანაში არსებობს. ქართველი პოლიტიკოსების „მე მინდა" 30 წელია ანგრევს ქვეყანას და ვითომც არაფერი - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მათი გამარჯვების შემთხვევაში დიად მომავალზე კი გვესაუბრება, რეალურად პირად მომავალზე რუდუნებს.

თუმცა უცებ მილიონი სამუშაო ადგილი, ანაბრების დაბრუნება, 5 მილიონი ყველა სოფელს და უპროცენტო კრედიტი გამახსენდა... ასეთი მილიონი სიბრიყვე გვაქვს მოსმენილი და ამ ბლეფს იმეტებდნენ ჩვენთვის ისინი, ვინც ზუსტად იცოდა და იცის რა უნდოდათ და უნდათ თავად.

ახლა? ახლა საერთოდაც არ იწუხებენ თავს არაფრის დაპირებით - „სოფლის შენებას რა უნდა" გახდა ქართული პოლიტიკის მთავარი სლოგანი...

ავტორი: გოჩა მირცხულავა