Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

საქართველო მარცხისა და კაპიტულაციისთვის ემზადება?!

ნახვები: 2909 საქართველო მარცხისა და კაპიტულაციისთვის ემზადება?!

ვფიქრობ, ან საერთოდ გამოვთაყვანდით როგორც ერი და საღად აზროვნების ნატამალი არ შეგვრჩა, ან რეალურ საფრთხეებზე საუბარს, მოქმედებაზე ვინღა ჩივის, ისე ვერიდებით, რომ მზად ვართ ყველაფერი დავკარგოთ და გავწიროთ.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველა ერთბაშად - მთელი საქართველო მზად არის კაპიტულაციისთვის და ამას ვერ ხვდება.

დიახ, ამას ვერ ხვდება შეშინებული ხელისუფლება, რომელიც ცდილობს რიხი შეინარჩუნოს და რეალურად ამ ისტორიულ მომენტში საკუთარი ჩრდილისაც ეშინია.

 ორად გაყოფილ გახლეჩილი საზოგადოების - ერთი ნაწილი ბოჩოლასავით შეჰყურებსოცნებას“, მეორე ნაწილი კი ოცნების განადგურებაზე ოცნებობს. საზოგადოება, რომელიც 30 წელია სასარგებლო იდიოტის როლს თამაშობს და საკუთარი სურვილების და ვნების ტყვეობაში იმყოფება.

---

გაგახსენებთ რამდენიმე მომენტს, ვინც ვერ ხვდებით, ან ხვდებით და ჩუმად ყოფნას ამჯობინებთ იმათ. პუტინმა დასავლეთს უკრაინასთან ერთად ვის თაობაზე წაუყენა ულტიმატუმი? შემთხვევით, საქართველო ხომ არ ეწერა იმ ტექსტებში და ხომ არ ითქვა კრემლის მიერ ხმამაღლადაც? რა ქნა ცივილიზებულმა სამყარომ? გახსოვთ თეთრი სახლის და ნატოს მტკიცე(!) პასუხები? და ახლა სად არის პუტინის ჯარი? ახლა სად არის ცივილიზებული სამყარო. განცხადებების მიღმა? სვიფტის გათიშვა და პუტინის, ლავროვისა და შოუგუს, ან ვი-თი-ბი ბანკის თუ გაზპრომის წინააღმდეგ სანქციები შვება კიევის დამცველებისთვის? მილიონებს რომ გამოყოფენ ორგანიზაციები და ქვეყნები - ფული კი არ იბრძვის - ადამიანი.

ზემოხსენებული ულტიმატუმის გათვალისწინებით, ვინმე ფიქრობს იმაზე, რომ დღეს ჩვენც ომში ვართ? ომში ვართ ხალხნო და ამას გააზრება, რეალობის აღქმის უნარი სჭირდება.

ამდენი ლიდერი ჩავიდა მოსკოვში დაგიჟი ვერ დააბეს“... რატომ? უბრალოდ, ღიად და ხმამაღლა ვერ თქვენს პუტინის მოთხოვნა და ვერც შეეწინააღმდეგნენ მას, რომ უკრაინამ, როგორც სახელმწიფომ არ უნდა იარსებოს, ან იარსებებს სხვა საზღვრებში, სხვა პოლიტიკური წესრიგის პირობებში. რამე მოუხერხა ცივილიზებულმა მსოფლიომ ამ სიგიჟეს? ვერ!

----

ახლა ისევ კითხვა - ჩვენს ბედოვლათ ხელისუფლებას და პოლიტიკურ კლასს - ჩვენ რა ვქნათ?

თავი დავანებოთ იმაზე საუბარს, რა უნდა გვექნა - რა ვქნათ?

ნუ გვამშვიდებს პრემიერ-მინისტრი, რომ არაფერი გვემუქრება. იმ ულტიმატუმის მეორე ნაწილი ვართ ჩვენ. რადგან დასავლეთისადმი ულტიმატუმში ერთ პაკეტად იყო - უკრაინა და საქართველო.

ნუ აქვს ხელისუფლებაში ვინმეს იმის იმედი, რომ პუტინი რამეს დაგვპირდება და შეასრულებს. ამ წუთას მას ორ ფრონტზე ომი არ უნდა და სულ ესაა.

ჩემი თვალით მაქვს ნანახი სააკაშვილისა და 5 სანტიმეტრიან პლატფორმებზე შემდგარი მედვედევის ბოლო შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში. საქართველოს პრეზიდენტის საკმაოდ დავარცხნილი და დიპლომატიური ტექსტი, ასევე მედვედევის "მეგობრული" გზავნილები და ამ დროს იქვე - ფანჯარას მიყუდებული ლავროვი, რომელსაც პირზე ხელი ჰქონდა აფარებული და ხითხითებდა. ამ ხითხითმა სისხლი გამიყინა მაშინ და სულ რაღაც თვე ნახევარში რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაწყო.

არც იმ სისულელეს მივიღებ პასუხად, რომ ახლა სხვა დროა. არც იმას, რომ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება და ჩვენი თავი არ ექნება. დამარცხების პროცესში რას იზამს ეგაა მნიშვნელოვანი. 

დავიჯერო, დასავლეთის სადაზვერვო ინფორმაციებში არაფერი წერია საქართველოზე? თუ ამ აბზაცებს საჯაროდ არ კითხულობენ?

რა პასუხი აქვს დასავლეთს საქართველოს კითხვაზე - დაგვიცავთ? როგორ? ჩვენ რომ ვიომებთ? სამხედრო ძალას თავი რომ დავანებოთ და მის მოტივაციას, გვაქვს ჩვენ თუნდაც საკმარისი იარაღი საომრად?

კითხვა მაქვს - გვახსოვს, რომ რუსი ყველაზე ახლოს 40 კილომეტრში დგას თბილისიდან და თუ დასჭირდა ოჩამჩირიდანაც კი შეუძლია მოაოხროს ქუთაისი, ბათუმი და მოსწვდეს თბილისს?

---

განვიხილოთ ვარიანტები - იმარჯვებს პუტინი და უკმაყოფილდება მადა საქართველოს გარეშე, რომელიც მის მოთხოვნაში უკრაინასთან ერთად ფიგურირებდა? განა ეს აბსურდი არ არის?

მარცხდება პუტინი უკრაინაში  და ამ მარცხს გააფორმებს ისე, რომ ჩვენ მაინც არ გადაგვყლაპავს? სათუოა, თუნდაც იმიტომ, რომ მა - გიჟს იდეაფიქსი აქვს - უნდა გაიმარჯვოს ნებისმიერ ფასად.

ამიტომ, დღეს ჩვენი მდგომარეობა უკრაინაზე უარესია პერსპექტივის თვალსაზრისით, რადგან იქ საფრთხეები მაინც გაიაზრეს და იბრძვიან, ეხმარებიან ასე თუ ისე. ჩვენ საფრთხეებსაც ვერ ვიაზრებთ და შეშფოთება-აღშფოთების მიღმა ჩვენი დახმარება რაც იქნება კარგად ვიცი, მით უფრო იმ პოლიტიკის პირობებში რასაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს.

უფრო დეტალურად - უკრაინა თუ მალე დაეცა - ან სულაც არ დაეცა და ბოლომდე მედგრად იბრძოლა (ამ ფაზაში განსაკუთრებით), იცით მერე რა ხდება? ღია და დახურული არხებით - ულტიმატუმი საქართველოს - კონსტიტუციიდან ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ მუხლის ამოღება

აქ, ამ ულტიმატუმშიც გვაქვს ორი ვარიანტი. პირველი, ცუდი - ამას ახმოვანებს პუტინი, კრემლი, და მეორე ვარიანტი, უარესი - ამას ახმოვანებს ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება და დამატებით მოითხოვს საქართველოს ტერიტორიებს (იმათ ჩამოვთვლი რაც ადრეც არაერთხელ გაუჟღერებიათ) - ყაზბეგი, გუდაური, თრუსო, ბორჯომი, ბაკურიანი. შემთხვევით კი არ გამოუგზავნია, სწორედ ახლა, კრემლს ცხინვალში ამ მოთხოვნების ინიციატორი - პირძაღლი კოკოითი.

ორივე ვარიანტის დროს, თუ ამ ულტიმატუმებს არ ვაკმაყოფილებთ, გაგრძელება არის სამხედრო მოქმედება, ანუ შემოჭრა საქართველოში, ანუ ომი. არის სხვა მომენტიც - სულაც არ გამოვრიცხავ, უკრაინაში ომის პარალელურად, მისთვის საჭირო მომენტში - მოსკოვმა და ცხინვალმა ისეთი ხელშეკრულება გააფორმონ, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შერწყმა მოხდება. დამოუკიდებელ ავტონომიად თუ ორ "ალანიას" გააერთიანებენ ამას მნიშვნელობა არ აქვს. 

აქ დააკვირდით, ხელისუფლების ქმედებაზე არაფერს ვსაუბრობ, რადგან წინასწარ მესმის განცხადებები, რომ ეს ყველაფერი "2008 წლის სააკაშვილის ავატიურის შედეგია". ნუ შესაძლოა უფრო მძიმე ფორმულირებაც მოიფიქრონ და "გვითხრან" - ჩვენ დანარჩენი ტერიტორიები დავიცავითო. მათ დროს მცოცავი ოკუპაციის დროს დაკარგულზე არავინ არაფერს იტყვის. 

მოკლედ, საუკეთესო პერსპექტივა არის ერთადერთი - უკრაინამ მოსკოვი აიღოს ან ამის გარეშც რუსეთმა გამოაცხადოს კაპიტულაცია. ამ შემთხვევაში მართლაც არაფერი გვემუქრება. სხვა შემთხვევაში, უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი შეთანხმებით შეწყვეტილი ომი - ჩვენთვის არის კატასტროფა - ანუ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის.

არ მინდა პასუხად ათასი იდიოტობები - შევაკვდებით, არ დავთმობთ. განსაკუთრებით მშობლებისგან, რომლებიც როცა ამბობენ „შევაკვდებით“ სხვისი შვილების შეკვდომას გულისხმობენ. უარესსაც ვიტყოდი აქ, მაგრამ შვილებს დავინდობ.

30 წელია ყველა ომი წაგებული გვაქვს, პირველ რიგში საკუთარ თავთან, მხოლოდ იმიტომ, რომ კარგსა და ცუდს შორისაც კი არ ვაკეთებთ არასოდეს არჩევანს, არამედ ცუდსა და უარესს შორის, ვირჩევთ მუდამ უარესს.

----

გამოსავალი? რომ არ თქვათ, თითქოს მხოლოდ ვმსჯელობ და გამოსავალს ვერ ვხედავ.

დღემდე საუკეთესო გამოსავალი იყო აშშ-სთან სამხედრო პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება და საქართველოში აშშ-ს ბაზების განთავსება. ამაზე ვაშინგტონი თავს იკავებდა და ახლა მით უფრო. ცხადია, რომ აშშ-ს არ სურს რუსეთის წინააღმდეგ პირისპირ დარჩენა და ამას არ იზმას. ამ გადაწყვეტილებისთვის საუკეთესო პერიოდი იყო 2010-2014 წლები. მაგრამ არა - არ გაკეთდა. ამას ვერ და არ გააკეთებს არც ერთი ევროპული ქვეყანა, მით უფრო ახლა.

მაშინ რა გვრჩება? დღეს გამოსავალია თურქეთი და აზერბაიჯანი. ჩვენ გვაქვს ამ სახელმწიფოებთან სტრატეგიული თანამშრომლობა, თუმცა აუცილებელია დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები - სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, თურქეთი მხრიდან შესაბამის ვალდებულებებზე.

ცხადია ანკარა სანაცვლოდ არ მოითხოვს ტერიტორიებს. მაგრამ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიახიდიაზერბაიჯანთან. (და ბარემ, ესეც რომ იცოდეს იმან, ვინც არ იცის - ყარსის ხელშეკრულების ამოქმედება და აჭარის დაკავება თურქეთისთვის თვითმიზანი არ არის, რომ სდომებოდა ამას 2008 წელსაც გააკეთებდა მყისიერად. მაგრამ რუსეთის მადის გაღვიძების შემთხვევაში ის ამას აუცილებლად გააკეთებს - იმიტომ რომ მოუწევს.)

ახლა თურქეთის დასაყოლიებლად საკმაოდ ხელსაყრელი მომენტია - ერდოღანის ბოლოდროინდელი განცხადებების გათვალისწინებით.

ვიმეორებ საუკეთესო ვარიანტია რუსეთის კაპიტულაცია, კრემლის დაცემით, ან თანამშრომლობა თურქეთთან.  სხვა შემთხვევაში მოგვიწევს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის.

----

ჩვენ უმძიმეს ისტორიულ ვითარებაში გვიწევს ცხოვრება. შეგნებულად მოვერიდე, რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ფაქტორზე საუბარს.

არასწორი გადაწყვეტილებების შემთხვევაში უმძიმესი იქნება შედეგებიც.

ემოციები ნაკლებად მაინტერესებს. იფიქრეთ და იმოქმედეთ. თუმცა უკვე აღარ ვიცი, ამ ქვეყანაში ვინმე ფიქრობს, ან უფრო სწორად - ფიქრობს ცივი გონებით, საკუთარი სურვილების, „მინდას“ და მერკანტელური მიზნების მიღმა?

ახლა ყოველი წუთი ძვირფასია, რომელსაც ერთი - შეუძლია შეგვინარჩუნოს იდენტობა და მეორე - დაგვაშოროს მას.

ამ წუთას რასაც ვხედავ, საქართველო - კაპიტუალციისთვის ემზადება... ვიმეორებ, არ ვსაუბრობ მხოლოდ ხელისუფლებაზე, ვსაუბრობ ყველაზე.

ვნახოთ, გვეყოფა გამჭრიახობა და ცივი გონება ამ ვითარებიდან გამოვიდეთ მინიმალური დანაკარგებით, ან სულაც გამარჯვებულები? თუ ეს გვინდა - სხვა რეცეპტი გარდა უკრაინის გამარჯვებისა და მეორე ვარიანტად - თურქეთისა, ახლა არ არსებობს.

ავტორი: გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

"ნეიშენ ჯორჯია"

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა