ნორმალურ გარემოში სილის გაწვნა არავის აზრად არ მოუვიდოდა. უბედურებაც ყველას საერთო გვაქვს. უფრო სწორედ, ვართ აბსურდში, რომელიც ერთმა კაცმა და მისმა მომსახურე პერსონალმა შექმნა ამ ქვეყანაში , - ამის შესახებ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებით დაკავებულმა პოეტმა, ზვიად რატიანმა საბოლოო სიტყვის წარმოთქმის დროს განაცხადა.
მისი თქმით, მის მიერ პოლიციელისთვის სილის გაწვნა სიმბოლური ჟესტი იყო.
"მადლობა, რომ ერთგულად მოდიოდით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამხნევება იყო. მორალურადაც, მატერიალურადაც, დიდი მადლობა ყველაფრისთვის. როგორიც არ უნდა იყოს განაჩენი, თხოვნაა ჩემი, რაც შეიძლება ჩუმად გავიდეთ. ნუ აჯაჯგურებთ ამ მანდატურებს, გარეთ რაც გინდათ, ის აკეთეთ. მადლობა ადვოკატებს, ამხელა გული რომ ჩადეთ უშედეგო და უნუგეშო საქმეში.
ამბავს აღარ მოვყვები და გარემოებებზე გადავალ, თუ რამ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. ნორმალურ გარემოში სილის გაწვნა არავის აზრად არ მოუვიდოდა. უბედურებაც ყველას საერთო გვაქვს. უფრო სწორედ ვართ აბსურდში, რომელიც ერთმა კაცმა და მისმა მომსახურე პერსონალმა შექმნა ამ ქვეყანაში. თავდაყირა დააყენა ყველაფერი - სამოქალაქო აბსურდზე ვლაპარაკობ, როცა მსხვერპლია დამნაშავე. ეს უკვე აბსურდია. ისიც აბსურდია, რომ აქ ყველამ დიდებულად ვიცით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გაახმოვანოთ, ყველაფერი არის პირობითი და თავდაყირა.
ჩემი მხრიდან სილის გაწვნა სიმბოლური ჟესტი იყო. ტერაქტი რომ დაგერქმიათ, ესეც არ გამიკვირდებოდა ამ საქციელისათვის. ყველაფერს ველოდი, სასჯელსაც. დამძიმებასაც. მე შემეძლო სხვა ადგილი მომეძებნა, სადაც კამერები არ არის და მხოლოდ გულის მოფხანა მნდომებოდა. გარწმუნებდით, არც ახლა მეფხანება ენა და არც მაშინ მეფხანებოდა გული, რომ მოფარებულში ვინმესთვის შურდული მესროლა.
რაც შეეხება სიძულვილს, მე ვიცი სახელები და გვარები პოლიციელების, ჩემი მრავლსერიანი თავგადასავლის გამო, რომლებიც მე მცემდნენ და ამ ადამიანებს ვხედავ რუსთველზე, სხვაგანაც და ბოლოს და ბოლოს მათ შევარჩევდი. მე დღემდე მახსოვს ამ ადამიანების სახელი და გვარები. განსხვავებით თქვენი სახელისგან, ბატონო პროკურორო.
არ მაწყობდა რიგითი პოლიციელი, ასე დაფორმატდა ჩემი ბრაზი და დიახაც, რადგანაც თანამდებობა უნდა ჰქონოდა ალბათ, ხარებას ვამჯობინებდი.
ქართულ ენაში არის ასეთი სიტყვა - „ სინდისი“. შეიძლება არ იცოდეთ, რომ ეს სინდისი პირობითი ცნებაა და ეს სინდისი ზოგიერთ ადამიანებს აწუხებს, თუნდაც ისეთი მოძველებული, როგორიც მე შემომრჩა ამ ასაკში. ეს სინდისი არ რეგულირდება კანონით. ისევე როგორც სიძულვილი და ეს სინდისი მართლა მაწუხებდა, როცა ჩემს სახლში მეძინა. საყვარელი ქალის ზრუნვის გარემოცვაში. ვმეგობრობდი ჩემი ასაკის შვილებთან და ამ ასაკის ახალგაზრდები მიუყვანეს მსხვერპლად ერთ ადამიანს",- განაცხადა ზვიად რატიანმა.
მისივე თქმით, მისი მხრიდან სილის გაწვნა არც საამაყო, არც სათაკილო და არც დანაშაულია.
"ამ სილას არც საამაყოდ ვთვლი, არც სათაკილოდ და არც დანაშაულად, მხოლოდ იმ დათქმით, რომ აბსურდში ვართ.
მზია ამაღლობელი, ერთ-ერთი ყველაზე გაბედული, მებრძოლი და პრინციპული ადამიანი, შეურაცხყვეს, დაამცირეს და ამის შემდეგ ღირსებაშელახულმა და გამწარებულმა პოლიციელს სილა გააწნა. იმ დღიდან კი ვუყურებთ ამ ქალის ვირტუალურ მკვლელობას თქვენი სამსახურების მხრიდან. შემდეგ ნინო დათაშვილი, რომელიც მუჯლუგუნებით ათრიეს, დაამცირეს, დააპატიმრეს და შემდეგ რაც მოხდა, ისიც ვიცით - მისი ფსიქიატრიულში გადაყვანა მოითხოვეს მოითხოვეს, რომელიც დააკმაყოფილეს. 21-ე საუკუნეა. ეს არის არის შუა საუკუნეები.
ალბათ ორი დღით ადრე, ვიდრე ჩემი ამბავი მოხდა, "ბათუმელებმა" მთხოვა მზიას შესახებ წერილის დაწერა და დავწერე და მახსოვს ჩემი განცდა, რომ ვიყავი კმაყოფილი, რომ მოვასწარი, კარგი გაზაფხული დღე იყო, კარგი ამინდი იყო, გავაბოლე და ვიგრძენი უცებ ძალიან დიდი სირცხვილი, დავჯექი ამხელა კაცი, დავწერე, კმაყოფილება ვიგრძენი და ამის მერე გავიდოდი რუსთაველზე და გავიფიქრე, რომ აი, სულ ესა ვარ...
დარწმუნებული ვარ, დგებუაძეს ეს ვითარება არ მოსწონს. ტკივილზე რომ ამახვილებთ ყურადღებას, შეიძლება, პოლიციელს მართლა ეტკინა, მაგრამ ტკივილის მიყენება რომ მდომებოდა, სხვანაირად მივაყენებდი. ეს იყო სიმბოლური კადრი და კადრშივე გავაკეთე ეს. დავუშვათ, ეტკინა, მართლა მრცხვენია, თუ ეს ასეა. ამ პარადიგმაში, როგორიც "ქართული პოლიციელის" ლოყაა, ამაში როგორ უნდა ვიცხოვროთ?
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხადოთ დღეს, ჩემი მომავალი გაცილებით მსუბუქი და სანატრელია, ვიდრე იმ ადამიანების, რომლებიც საქმით ემსახურებიან ან დუმილით ამყარებენ ამ უსამართლობას",- განაცხადა ზვიად რატიანმა.
IPN
გოჩა მირცხულავა: როგორ შეიძლება დავით აღმაშენებლის საქართველო იყოს ბიძინა ივანიშვილის შპს?! ან და პა
გოჩა მირცხულავა: წულუკიანის კომისია ბუნებაში არ არსებობს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ღალატის კომისია