აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონი და კიევი მოლაპარაკებებს აწარმოებენ შეთანხმებაზე, რომელიც უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების წარმოების შესაძლებლობას მისცემს.
რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ლიცენზიის მიღება უკრაინისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, თუმცა საჰაერო თავდაცვის რაკეტების დეფიციტის პრობლემას მოკლევადიან პერსპექტივაში ვერ გადაჭრის.
„ახლა ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ეს არ არის მყისიერი გადაწყვეტა. წარმოების გაზრდა, თუნდაც ლიცენზია გქონდეთ, მოითხოვს ქარხნების აშენებას, რასაც რამდენიმე წელი სჭირდება. ეს მაღალტექნოლოგიური იარაღია. შესაძლოა, ეს განხორციელდეს, მაგრამ ნამდვილად ვერ გადაჭრის იმ მოკლევადიან გამოწვევას, რომელზეც ისინი მიუთითებენ“, — განაცხადა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, საჰაერო თავდაცვის ჩამჭრელ რაკეტებზე მოთხოვნა გლობალურად მკვეთრად არის გაზრდილი და ვაშინგტონმა, პირველ რიგში, საკუთარი თავდაცვითი საჭიროებები უნდა უზრუნველყოს.
„მთელი მსოფლიო მეტ საჰაერო თავდაცვის ჩამჭრელ რაკეტას ითხოვს. ეს პლანეტაზე ნომერ პირველი თავდაცვითი საჭიროება გახდა — არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, — აღნიშნა რუბიომ.
უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების შესაძლებლობის მიცემის საკითხი ახალი არ არის — ივლისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიევს მათი წარმოების ლიცენზიას მისცემდა. (reuters.com)