ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმებით რუსეთი „ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას“ ახორციელებს და ცდილობს, უკრაინელებისთვის ყოველდღიური ცხოვრება აუტანელი გახადოს.
„რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს. ის ცდილობს, ყოველდღიური ცხოვრება აუტანელი გახადოს უკრაინელებისთვის, რომელთაც მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება სურთ“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, უკრაინის მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად ევროპა მხარდაჭერას აძლიერებს და სხვა პარტნიორებსაც დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს.
„ადამიანებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად ევროპა ძალისხმევას აძლიერებს. სხვებმაც უნდა გააძლიერონ დახმარების ძალისხმევა“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ფონ დერ ლაიენი ასევე გამოეხმაურა რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან 20 წლის გასვლას და მის საქმიანობასა და მემკვიდრეობაზე ისაუბრა.
„20 წლის წინ ანა პოლიტკოვსკაია მოკლეს პუტინის რუსეთში ხელისუფლებისთვის სიმართლის თქმის გამო. მან გამოავლინა ომის სისასტიკე. მან ხმა მისცა ომის მსხვერპლ ადამიანებს და უარი თქვა დაშინებასა და გაჩუმებაზე. ეს მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა. თუმცა მის ხსოვნას დღემდე ძალიან ბევრი ადამიანი ატარებს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.