ფრანგი ხალხისადმი მიმართვისას მაკრონმა განაცხადა, რომ ხვალ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს, რომლის მიზანიც რთულ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების მხარდასაჭერად შესაბამისი ზომების მობილიზება იქნება.
„უნდა გავაანალიზოთ, თუ რა გამოხატა საზოგადოებამ. ასობით ათასი ჩვენი თანამემამულე გამოვიდა ქუჩაში სამართლიანი მოთხოვნებით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაიგივოთ დემონსტრაციები მათთან, ვინც ნივთებს ამსხვრევდა, არეულობას იწვევდა და ძარცვავდა“, – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ცხოვრების გაძვირება და საწვავის ფასების ზრდა დაასახელა.
მისი შეფასებით, ეკონომიკური სირთულეები საერთაშორისო გეოპოლიტიკურ ვითარებასაც უკავშირდება, განსაკუთრებით სპარსეთის ყურის რეგიონში მიმდინარე ომს, რომელშიც საფრანგეთი უშუალოდ არ მონაწილეობს, თუმცა მის ეკონომიკურ შედეგებს განიცდის.
„არსებობს სამართლიანი პრეტენზიები ცხოვრების ხარჯებსა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით. ამის მრავალი მიზეზი სპარსეთის ყურის ომს უკავშირდება. საფრანგეთი მასში არ მონაწილეობდა, თუმცა შედეგებს ჩვენ ვიმკით. ჩვენ ვიზიარებთ მათ შეშფოთებას. ეს შეშფოთება ევროპის ბევრ სხვა დედაქალაქშიც არსებობს“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების აღიარება არ ნიშნავს ძალადობრივი ქმედებების გამართლებას.
მისი განცხადებით, სამართალდამცავმა უწყებებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხს, რომლებიც არეულობების დროს ქონებას აზიანებდნენ ან ძარცვავდნენ.
„ჩვენ პროკურატურას მოვუწოდეთ, გამოიჩინოს მაქსიმალური სიმკაცრე. სამართლებრივი რეაგირება უნდა იყოს სამაგალითო“, – განაცხადა მაკრონმა.
პრეზიდენტის თქმით, გამოძიება მაქსიმალური გულმოდგინებით უნდა ჩატარდეს, ხოლო იმ პირებს, რომელთა დანაშაულებრივი ქმედებებიც დადასტურდება, მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ.
„მათ, ვინც ნივთებს ამტვრევდნენ და ძარცვავდნენ, ზარალი უნდა აანაზღაურონ. ისინი პასუხს აგებენ თავიანთ ქმედებებზე“, – აღნიშნა მან.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლების ამოცანაა, ერთი მხრივ, უპასუხოს მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მოთხოვნებს, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ძალადობრივ ქმედებებზე სამართლებრივი რეაგირება.