ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს. მისი განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები მიმდინარეობს და გარკვეული პროგრესიც მიღწეულია.
„რუსეთთან დაკავშირებით ჩემი გადაწყვეტილება ძალიან მარტივია. რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომში მშვიდობის დამყარებაზე ვაწარმოებ მოლაპარაკებებს და არ მსურს ისეთი რამის გაკეთება, რაც რუსეთს, სულელურად, მოლაპარაკების მაგიდას მოაცილებს“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
ტრამპის თქმით, ამ ეტაპზე გარკვეულ დოკუმენტზე ხელმოწერამ შესაძლოა მოლაპარაკებების პროცესი დააზიანოს, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ დოკუმენტს გულისხმობს.
„მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, მათ შორის მძევლებთან დაკავშირებულ მიმდინარე მოლაპარაკებებშიც. ამ ეტაპზე აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერა სწორედ ამას გამოიწვევს. მე კი მისი ხელმოწერა შემიძლია მოგვიანებით, ან ნებისმიერ დროს, როცა თავად მოვისურვებ“, – წერს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს რუსეთის პოზიციაზე ირანთან დაკავშირებითაც. მისი მტკიცებით, მოსკოვი ირანის ისლამურ რესპუბლიკას გაცილებით ნაკლებ დახმარებას უწევს, ვიდრე ამის შესაძლებლობა აქვს.
„რუსეთი ძალიან ცოტას, თუ საერთოდ რამეს, აკეთებს ირანის ისლამური რესპუბლიკის დასახმარებლად იმასთან შედარებით, რისი გაკეთებაც შეეძლო. მსურს, ვითარება ასეც დარჩეს“, – აღნიშნავს ტრამპი.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი აკრიტიკებს უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ თავდასხმებს და აცხადებს, რომ ისინი დიზელის საწვავის საერთაშორისო ბაზარზე უარყოფითად აისახება.
ტრამპის მტკიცებით, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები საწვავის ფასებზე გავლენას ახდენს, რის გამოც ზარალდებიან ამერიკელი ფერმერები, მეცხოველეები და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები.
„ზელენსკი რუსეთში დიზელის გადამამუშავებელ ქარხნებს სამიზნედ იყენებს. მან იცის, რომ ეს თავდასხმები სერიოზულ ზიანს აყენებს დიზელის მსოფლიო ბაზრებს, მათ შორის აშშ-ის ბაზარსაც“, – წერს ტრამპი.
მისივე განცხადებით, მიუხედავად თავდასხმებისა, რუსეთი საერთაშორისო ბაზარს კვლავ აწვდის დიდი მოცულობით დიზელის საწვავს შედარებით დაბალ ფასად.
ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დასრულების სურვილის არქონაშიც დაადანაშაულა.
„მას ამ ომის დასრულება არ სურს და, ალბათ, არც არასდროს სურდა. ორი წლის წინ მას შეეძლო, ბევრად უკეთესი შეთანხმებისთვის მიეღწია, ვიდრე ახლა შეუძლია“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
ტრამპის შეფასებით, ომმა უკრაინას მნიშვნელოვანი ადამიანური და ტერიტორიული დანაკარგები მიაყენა, ხოლო სამშვიდობო შეთანხმების პირობები დროთა განმავლობაში ქვეყნისთვის გაუარესდა.
მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინამ ზღვებზე გასასვლელი დაკარგა, თუმცა ეს მტკიცება ფაქტობრივად არაზუსტია: უკრაინა კვლავ ინარჩუნებს შავ ზღვაზე გასასვლელსა და მოქმედ საზღვაო პორტებს.
„მე მინდა, ეს ომი დასრულდეს!“ – წერს დონალდ ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება ვრცელდება იმ ფონზე, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონის მოქმედებები უკრაინის კაპიტულაციაზე დაყოლიების მცდელობას ჰგავს. ზელენსკის თქმით, აშშ უკრაინისგან რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტას მოითხოვს, თუმცა სანაცვლოდ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდების საკითხი მოუგვარებელი რჩება.
ტრამპის განცხადებაში გამოთქმული შეფასებები ზელენსკის განზრახვებისა და რუსეთის ნავთობინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ეკონომიკური შედეგების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციას წარმოადგენს.
წყარო: Donald Trump – Truth Social